თუ გახსოვთ, აქტიურად ვწერდით, რომ გამორიცხული იყო, ახალ წლამდე პურის ფასი არ გაზრდილიყო. შესაბამისად, ხელისუფლებამაც აღიარა, რომ პურის დღევანდელი ფასი ხორბლის თვითღირებულებასთან შეუსაბამო იყო და პურის მწარმოებლებმაც ერთხმად აღნიშნეს, გაძვირება მოგვიწევსო. ჰოდა, სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი პურის მწარმოებლებს შეხვდა და დაუდასტურა, რომ ხელისუფლება მზად არის, ფასნამატი დაასუბსიდიროს. მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში, პურის ფასი იგივე იქნება, ხოლო ხელისუფლება ბიუჯეტიდან ყოველთვიურად სუბსიდიისთვის 2.5 მილიონ ლარს გამოყოფს, საერთო ჯამში, ამ საქმისთვის 10 მილიონი დაიხარჯება, მაგრამ ადვილი მისახვედრია, რომ ეს გამოსავალი არ არის და პური მომავალში მაინც გაძვირდება, მაგრამ…
ოფიციალური მონაცემებით, ბოლო პერიოდში პურის მოხმარება 30%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს,რომ მოსახლეობას გაუჭირდა და ისედაც ძირითად საკვებად ქცეული „პური ჩვენი არსობისა“ უფრო ფართოდ მოიხმარება. ამიტომ, შესაძლებელია, ხელისუფლებას ის 10 მილიონი არ ეყოს და დამატება მოუხდეს, თუმცა, როცა სუბსიდიაზე მიდის საუბარი და კონკრეტულ პროდუქტზე ფასი არ ძვირდება, არავინ ამბობს, რომ ეს თანხა ბიუჯეტიდან, ანუ ისევ ჩვენი გადასახადებიდან იხარჯება და მოსახლეობისთვის რეალურად დიდი ვერაფერი შეღავათია.
როგორც გვეუბნებიან, სწორედ პურის ფასმა შეარყია გიორგი გახარიას ერთი შეხედვით ურყევი სკამი. ყველამ იცის, რომ პრემიერმინისტრს რუსეთის ბიზნესწრეებში დიდი სანაცნობო ჰყავს და მათ შორის, პურ-პროდუქტების მიმართულებითაც. ჰოდა, სწორედ პრემიერს უნდა დაელაგებინა ეს თემა, ანუ საქართველოს რუსეთისგან ხორბალი იაფად უნდა მიეღო, მაგრამ გახარიას ჩარევის შემდეგ… რუსეთმა ტონაში 250 დოლარის ნაცვლად, 253 დოლარი მოითხოვა და შესაძლოა, ბევრისთვის ეს 3 დოლარი სასაცილო ციფრია, მაგრამ როცა საქმე იმ მასშტაბებს ეხება, რომელიც 4 მილიონანი ქვეყნის გამოკვებას გულისხმობს, გვერწმუნეთ, ფასნამატი სერიოზულია. ვერ გეტყვით, რატომ შეაწმინდეს ხორბალზე ხელი გახარიას (კულუარებში ამბობენ, რომ ამ თემას რუსეთში გახარიას უახლოესი მეგობარი და ბიზნესპარტნიორი კურირებს, მაგრამ იქ ხორბლის ფასი პრეზიდენტის დონეზე წყდება და გახარიამ უბრალოდ ვერ გაქაჩა), მაგრამ ფაქტია, რომ მისი შესაძლო გადაყენების შესახებ პირველი ინფორმაცია სწორედ ამის შემდეგ გავრცელდა.
„როცა გახარიას სკამი შეირყა, მის შემცვლელად წულუკიანი გუნდის შიგნით ითქვა, რადგან რეალურად, სხვა არავინაა, ვინც ამ დონეს აწევს და გაქაჩავს. თუმცა, სანამ პანდემია ისევ მართვადი არ გახდება, გახარიას არავინ შეეხება. ხელისუფლებას აქვს მოლოდინი, რომ პანდემიის შედეგები კატასტროფული იქნება და ეკონომიკა ბოლომდე ჩამოიშლება. შემდეგ კი ეს ყველაფერი ვინმეს უნდა დაბრალდეს და ის ვინმე პრემიერი იქნება“, – გვეუბნება „ოცნების“ მაღალჩინოსანი.
მისივე თქმით, თუ გახარია მოახერხებს და თანამდებობაზე მაისამდე დარჩება, ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე აღარსად წავა, რადგან ასეთ მნიშვნელოვან არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე პრემიერის ცვლილება, უშუალოდ გუნდზე იმოქმედებს ცუდად, რადგან ახალ პრემიერს საკუთარი ხალხის მოსაყვანად დრო და სიტუაციაში გარკვევა დასჭირდება, რაც არჩევნებამდე ვერანაირად ვერ მოესწრება და ისედაც ქაოტური სიტუაცია ბოლომდე აირევა.
ანი დვალიშვილი, ალია
კომენტარები