“ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსი, გიორგი ბუნტური ესაუბრა:
დღეის მდგომარეობით, პორტალზე დაახლოებით საქართველოს 95 771 მოქალაქეა რეგისტრირებული. რაც შეეხება რეგისტრირებულებიდან დასაქმებულების რაოდენობას, ეს დამოკიდებული იქნება გერმანელი დამსაქმებლების მიერ მოწოდებული ვაკანსიების რაოდენობაზე. ვაკანსიების მიღება დაწყებულია და პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელდება. 2017-2018 წლებში, როდესაც გერმანიასთან ამ სფეროში თანამშრომლობაზე დავიწყეთ საუბარი, შევთავაზეთ, რომ თავდაპირველად საპილოტედ 500 ადამიანი გაგვეშვა, თუმცა ამის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, სისტემები ბევრად დავხვეწეთ, შესაბამისად, მასშტაბებიც გაიზარდა და გერმანიასთან უკვე 500 კაცზე საუბარი აღარ იყო. ხელშეკრულებით არავითარი კვოტა არაა განსაზღვრული, რომელიც დასაქმებულების რაოდენობას შეზღუდავდა. შესაბამისად, როგორი მოთხოვნაც იქნება, იმის მიხედვით მოხდება დასაქმება. ზუსტ ციფრს ცხადია, ვერ ვიტყვით, თუმცა დასაქმებულების რაოდენობა აუცილებლად ათასები იქნება. ამასთან, რა თქმა უნდა, ვინც რეგისტრირებულია, წელს ყველას დასაქმება ვერ მოხდება. ლოგიკურია, რომ მსურველი ყოველთვის მეტია, ვიდრე სამუშაო ადგილი.
საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში წასვლის პროცესი დაიწყება გერმანიაში სეზონის დაწყებისთანავე. ესაა დაახლოებით აპრილის პირველი ნახევარი. გარკვეული რაოდენობის ვაკანსიები უკვე შემოსულია და შერჩევის პროცესი რეგისტრირებულთა ბაზიდან დაწყებულია. ეს პროცესი პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელდება.
-შეთანხმებით განსაზღვრულია სავალდებულო კრიტერიუმები. კერძოდ, საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს 18-დან 60 წლამდე, ფიზიკურად ჯანმრთელი, რის დასადასტურებლადაც უნდა წარადგინოს ფორმა 100, ასევე უნდა ჰქონდეს გამოცდილება, იცოდეს უცხო ენა, არ უნდა იყოს ნასამართლევი. წასვლამდე სავალდებულოა PCR ტესტის გაკეთება, რომლის ხარჯსაც თავად მოქალაქე ანაზღაურებს. ამასთან, არის ინდივიდუალური კრიტერიუმები, რომლებიც გერმანელი დამსაქმებლების მიერ გამოგზავნილ კონკრეტულ შეთავაზებებშია. ეს შეიძლება იყოს კონკრეტული ენის ცოდნის მოთხოვნა ან რომელიმე მოსავლის აღების გამოცდილება და სხვა.
რაც შეეხება შერჩევის პროცედურას, კრიტერიუმების გათვალისწინებით, პირველადი შერჩევის შემდეგ, ყველა შერჩეულ კანდიდატთან ხდება გასაუბრება. მოქალაქეს ეგზავნება შეტყობინება და შემდეგ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს თანამშრომლები უკავშირდებიან და აცნობენ დეტალურ ინფორმაციას სამუშაოს და პირობების შესახებ. მოქალაქის მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში, ხდება დაბარება გასაუბრებაზე და ამის შემდეგ კანდიდატურა გერმანელ დამსაქმებელს ეგზავნება. საბოლოო გადაწყვეტილებას გერმანელი დამსაქმებელი იღებს.
ეს პროგრამა არაა გათვლილი მოკლე ვადაზე. ესაა ორ მხარეს დადებული შეთანხება, რომელიც დადებულია განუსაზღვრელი ვადით და იქნება იქამდე, სანამ რომელიმე მხარე არ გადაწყვეტს, რომ ამ სფეროში ერთმანეთთან თანამშრომლობა აღარ უნდათ. შესაბამისად, ისევე როგორც წელს, ასევე მომავალ წლებში, მთელი სეზონის განმავლობაში იქნება გერმანიაში დასაქმება შესაძლებელი. 15 თებერვლიდან დაიწყო რეგისტრაციის პროცესი და აღარ შეჩერდება. როგორც რეგისტრაცია, ასევე ვაკანსიების მიღება მუდმივად იქნება. ერთი ადამიანი რომ წავა გერმანიაში, მაქსიმუმ 3 თვის განმავლობაში იმუშავებს კონკრეტულ დამსაქმებელთან. თუმცა ამ 3 თვის განმავლობაში არ ვჩერდებით, 3 თვის გასვლას არ ველოდებით, რომ მეორე და შემდეგი ნაკადები გავუშვათ.
გერმანიაში სეზონი დაახლოებით 6-7 თვის განმავლობაში გრძელდება. ევროკავშირის დირექტივითა და გერმანიის კანონმდებლობით, სეზონური სამუშაოები მიბმულია ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის დღეებთან, შესაბამისად, როდესაც ადამიანი 3 თვით გაემგზავრება გერმანიაში სამუშაოდ, შემდეგი 3 თვე უფლება აღარ აქვს შენგენის ზონაში იმყოფებოდეს. ამიტომ, სეზონზე ერთხელ მოუწევს ადამინს დასაქმება, თუმცა ასეთი შესაძლებლობა ყოველ წელს ექნება. ამასთან, გერმანელ დამსაქმებელს აქვს უფლება, რომ თუ მოეწონება დასაქმებული და დასაქმებულისგანაც მზაობა იქნება, მომდევნო წელს სახელმწიფო უწყებების ჩარევის გარეშე, პირდაპირ მოიპოვოს ამ ადამიანის დასაქმების ნებართვა.
ანაზღაურება იქნება საათში 9.5 ევრო, რომელიც თვეში 5%-იანი საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრება გერმანიაში. არავითარი დაბეგვრა ქართული მხარის მიერ არ მოხდება.
რაც შეეხება ხარჯებს, საქართველოს მოქალაქეს ევალება, რომ ორივე მიმართულებით შეიძინოს თვითმფრინავის ბილეთი, რის ხარჯსაც თავად ანაზღაურებს, ასევე მოქალაქე ფარავს კვების და საცხოვრებლის ხარჯებს, თუმცა მოქალაქეს ბინის პოვნაში დამსაქმებელი ეხმარება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ გერმანიაში მინიმალური სტანდარტებია განსაზღვრული, რასაც შრომითი მიგრაციის დროს დამსაქმებლის მიერ შეთავაზებული საცხოვრებელი უნდა აკმაყოფილებდეს. დამსაქმებელმა მოქალაქეს ცუდი საცხოვრებელი პირობები რომ შესთავაზოს, საქართველოს მოქალაქე მარტივად გაასაჩივრებს და დამსაქმებელს დიდი ჯარიმების გადახდა მოუწევს. საცხოვრისის ხარჯი საკმაოდ მიზერული იქნება, თვეში დაახლოებით, 200-250 ევრო.
გერმანია პირველი ქვეყანაა, რომელთანაც ოფიციალურად დავიწყეთ ცირკულარული მიგრაციის სფეროში შეთანხმების განხორციელება. გერმანიის გარდა 3 ხელშეკრულებაა გაფორმებული, რომელთა ამოქმედებაზეც ვმუშაობთ. ეს ქვეყნებია საფრანგეთი, ისრაელი და ბულგარეთი. სავარაუდოდ, ამ ქვეყნებიდან პირველი ისრაელი იქნება და შეიძლება, საფრანგეთიც, სადაც წელს დაიწყება დასაქმების მსურველების რეგისტრაცია. დიდი იმედი გვაქვს, რომ წელს ისრაელიც დაემატება. მინდა აღვნიშნო, რომ თითოეულ ქვეყანასთან მოლაპარაკების საგანი ინდივიდუალურია. ისრაელის და საფრანგეთის შემთხვევაში სხვადასხვა სექტორებზეა საუბარი. საფრანგეთის შემთხვევაში 50 პროფესიაა განსაზღვრული. ბულგარეთშიც არანაირი შეზღუდვა არაა. სამომავლოდ შესაძლოა, გერმანიასთანაც მოხდეს სხვა სექტორების დამატება. ასევე, ვაგრძელებთ ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებებს, რომ მსგავსი ტიპის შეთანხმებებს მივაღწიოთ და საქართველოს მოქალაქეებმა ლეგალურად შეძლონ დასაქმება.
კომენტარები