გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი „ჭიაკოკონობის” ტრადიციული რიტუალის აღნიშვნის მსურველ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის ღია წესით დაწვა აკრძალულია.
„1 ტონა რეზინის საბურავის ღია წესით დაწვისას, ატმოსფეროში გამოიყოფა 270 კგ ჭვარტლი და 450 კგ სხვადასხვა ტოქსიკური აირი.
ნარჩენების წვის დროს გამოიყოფა ტოქსიკური, კარცეროგენული ნივთიერებები და აირები, რომლებიც არა მხოლოდ აბინძურებს გარემოს, არამედ საშიშია ადამიანთა ჯანმრთელობისათვის. განსაკუთრებული საფრთხე ექმნება ტრადიციული რიტუალის მონაწილე მოქალაქეების, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას.
ამიტომ ყველა დამრღვევის მიმართ კანონმდებლობით დადგენილ ზომებს გაატარებენ, რაც 500-დან 1500 ლარამდე დაჯარიმებას გულისხმობს“, – აცხადებს დეპარტამენტი.
სინამდვილეში, „ჭიაკოკონა“/ჭიაკოკოლა სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, ჩალით დანთებულ დიდ ცეცხლს ნიშნავს და არაფერი აქვს საერთო რეზინის საბურავთან.
ჭიაკოკონობა უძველესი ქართული რიტუალია — ე.წ. ცეცხლით განწმენდის დღეობა. დამყარებულია უძველეს წარმოდგენაზე ცეცხლის, როგორც ავი სულების საწინააღმდეგო და ყოველგვარი უწმინდურებისაგან განმწმენდ ძალაზე. საქართველოში ჭიაკოკონობა დიდ ხუთშაბათს ან დიდი ხუთშაბათის წინასაღამოს იცოდნენ. ეზოში კოცონს გააჩაღებდნენ, ახალგაზრდები ცეცხლის გარშემო დარბოდნენ, ცეკვავდნენ, ზედ ახტებოდნენ და გაიძახოდნენ „არული კუდიანებსაო“.
გადმოცემის თანახმად, კოცონზე გადახტომის დროს ადამიანი ავი სულებისგან იწმინდება. ჭიაკოკონას ანთება და მასზე გადახტომა ძირითადად იმის საწინდარი იყო, რომ კუდიანები ვერავის ავნებდნენ და დილაც მშვიდობიანად გათენდებოდა. კუდიანების, ავი სულების დასაფრთხობად და განსადევნად ისროდნენ თოფებს. ხალხის წარმოდგენით კუდიანები ამ ან მომდევნო ღამეს გარკვეულ ადგილას იკრიბებოდნენ და ზეიმს მართავდნენ. მსგავსი ჩვეულება გავრცელებული იყო საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში. ხევსურეთში ჭიაკოკონობას „კუდიან წუხრას“ უწოდებდნენ, რაც აშკარად მიუთითებს ამ დღეობის უშუალო კავშირზე ბოროტ ძალებთან, გურიაში „ფაკლობას“ ეძახდნენ, ქართლსა და იმერეთში ჭიაკოკონობას. მესხეთ-ჯავახეთში ჭიაკოკონობა წითელ პარასკევს იცოდნენ. სამეგრელოში ჭიაკოკონა 15/28 აგვისტოს, ღამე იმართებოდა
კომენტარები