თამო კეშელავა
„ალიას“ ესაუბრება უშიშროების ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც ვინაობის საჯაროდ გამჟღავნებისგან, ამ ეტაპზე თავი შეიკავა, იგი გვიყვება კარტელურ გარიგებებზე ქართულ პოლიტიკაში.
– და მაინც როგორ წარმოგიდგენიათ მიშას ციხიდან გამოსვლა?
– ერთი ანეგდოტია, გურულებმა თქვეს, მოდი, რევოლუცია მოვაწყოთო და კი, ძამა, მარა რომ მოვიგოთ, მერე რა ვქნათო? მიშას ქვეყანაში შემოსვლით ჯინი ამოუშვეს ბოთლიდან… ახლა რაღაცა უნდა უქნან ამ კაცს, აღარ გამოვა სხვანაიარად. რამდენიმე სცენარია სულ მიშას გარეთ გამოსვლის, ერთ-ერთი სცენარია, ხელისუფლებამ გამოუშვას, მაგრამ ეს „ოცნების“ თვითმკვლელობა იქნება, ცალსახად. მეორე და აქვე ვიტყვი, ამ სცენარის ნახვა უნდა სწორედ მიშას მომხრეებს – მივიდეს ხალხი ციხესთან, დაიწყოს შეძახილები, გვანახეთ ლიდერი, მიაწვებიან კარს და… გაიღება… როგორ გაიღო 2003 წელს მიშასთვის კარი? ვინ გაუღო მაშინ კარი? ერთმანეთს აბრალებენ და მე არავის დავადებ ხელს, მაგრამ, ფაქტია, ვიღაცამ გაუღო, ხომ? და ახლა რატომ ვერ მოხდება იგივე? გამოვა მიშა ციხიდან, გამოლაყუნდება ფეხით თბილისისკენ ისე სწრაფად, რომ შეიძლება მაქანებს ჩამოასწროს და ზღვა ხალხი გამოვა ქუჩაში. ნაწილი ცნობისმოყვარეობის გამო, ნაწილი მისი მომხრე და ნაწილიც კი ისინი, ვისთვისაც სულ ერთია ვის მხარეს იდგებიან, მთავარია გამარჯვებულის მხარეს იდგნენ. და რომელი პოლიცია და ჯარი დაუდგება წინ? ვიღაცამ ხომ უნდა გასცეს ბრძანება? რომელს აქვს ორი თავი? რას იტყვიან, არ გამოუშვათ, მოკალითო? გახსოვთ რა მოხდა უკრაინაში? დაააკავეს მიშა, დაადეს ხელბორკილი, ჩასვეს პოლიციის მანქანაში და უცებ რამდენიმე წუთში, მიშა მოულოდნელად ისევ ქუჩაშია, ხალხშია, ეს ბორკილები ცალ-ცალკე აქვს ჩამოკიდებული მაჯებზე სამაჯურებივით და როგორ მოხდა ეს უკრაინაში? უკრაინაში თუ მოხდა, აქ რატომ ვერ მოხდება? და მესამე სცენარი – მიშა ყველას გვგონია ციხეში, თაფლის ქილაში ჩამძვრალი და უცებ ეს თაფლნაჭამი კაცი შუა რუსთაველზე დგას – დაესევა ხალხი, გამოვა უამრავი ადამიანი გარეთ – ამ შემთხვევაში უკვე იტყვიან, ბადრაგმა გამოაპარაო. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ქარდავაა იგივე ციხეში, ის ქარდავა, აღარავინ რომ არ ახსენებს და გარდა იმისა, რომ ის ადგილზე იცავს მის უსაფრთხოებას, ციხიდან გამოსვლის შემთხვევაში, მისი პირველი დაცვაც იქნება.
– და ეს იქნება რევოლუცია? ვისი სცენარით?
– ახლა მიდის დალაგების პროცესი და ლაგდებიან… ოღონდ ეს არ იქნება გადაბარება, ეს იქნება იგივე კოჰაბიტაცია ახალი სახელით – კოალიცია. ახლა კიდევ მეორე წრეზე კოჰაბიტაცია ქვეყანას შეიწირავს. ახლა რასაც ვუყურებთ ეს პოლიტიკური პროსტიტუციის კლასიკური გამოვლინებაა. ამ ორი ძალის კოალიციის სცენარი დაანგრევს ყველაფერს რაც დარჩა, მერე მართლა მარტო ერთი გზა გვექნება, გაიქცეს ქვეყნიდან ყველა, ვისაც სიარული შეუძლია. იმ შემთხვევაში, თუ ნაცების და ქოცების კოალიცია შედგა, საქართველოში იქნება ორი ძალა, რომელთაგან ერთი ღიად იქნება ნატოში შესვლის მომხრე, მეორე კი – არა. ნაცების და ქოცების საჯილდაო ქვა იქნება – „ნატო“, შესაბამისად მათი მორიგების და ჩხუბის მიზეზიც ეს იქნება. ეს იქნება ვარდების რევოლუცია 2 – სახელით, კოალიცია. ამჯერად აღარ ექნება ისეთივე მხარდაჭერა მიშას, როგორც 2003 წელს, მაშინ ეს პირველი ფერადი რევოლუცია იყო პოსტსაბჭეთის ქვეყნებიდან და ყველამ მისცა „დაბრო“, ყველამ აუნთო მწვანე. სხვათა შორის, 2012 წელსაც ვარდების რევოლუციის მოდერნიზებული ვარიანტი ვიხილეთ. 2012 წელს, მაშინ, როცა ჯერ კიდევ არავინ იყენებდა სიტყვა „ცოცხს“ იმ დატვირთვით, როგორც მერე აიტაცეს, ერთი არაფრით გამორჩეული რუსი ოფიცრისგან გავიგე პირველად „ცოცხზე“ და იმ დეტალებზე, რისი განვრცობაც მერე საქართველოში მოხდა. საიდან უნდა მისულიყო ერთ რუს ოფიცრამდე ეს ინფორმაცია? ეს იმის ნიშანი იყო, რომ ეს სცენარი გავლილი იყო რუსეთშიც და ოკეანის გაღმაც. ამიტომ იყო ორივე მხარე მშვიდად. ახლაც მშვიდად არიან და მათი სიმშვიდე მაფიქრებს ახლაც, რომ დღევანდელი სცენარიც შეთანხმებულია ორივე მხარესთან. რუსეთის სიმშვიდე და უმოქმედობა განსაკუთრებულად მაფიქრებს, დაააკვირდით, რუსეთი როგორ ახალისებს პროცესებს, როგორ აშუქებენ რუსი ჟურნალისტები მიშას დაკავებას. აქტიურობს უკრაინაც, გორდონმა პირდაპირ ეთერში წაიკითხა ციხიდან მიშას გაგზავნილი წერილი.
– კოალიცია არ გვინდა, ჯინი ბოთლიდან ამოსულია, რევოლუცია უკვე მოხდა თითქმის და რევოლუციის მერე რას ვშვრებით, ჯერ არ გადაგვიწყვეტია, თაკო, ნიკა, ბიძია თემური, ბიძია ბიძინა, სანდრა და ლიზა, აქეთ ჩხარტიშვილი, იქეთ სხვა წვრილი მოთამაშეები – სადაა გამოსავალი?
– შეთანხმებული იყო 2003 წელს ამერიკელეებთან, რომ ჟვანია უნდა ყოფილიყო პირველი პირი და მიშა მესამე, ან მაქსიმუმ მეორე – მაგრამ ჩაიცვა მიშამ ტყვიაგაუმტარი ჟილეტი და გავიდა და გავიდა… რატომ? იმიტომ რომ პირველი დარტყმა, რისკი აიღო თავზე. ბიძინას და მიშას თამაშს წლებია ვუყურებთ, მაგრამ ახლა ბიძინა გაჩუმებულია, რადგან, ისევე, როგორც 2003 წელს, მიშამ თავის თავზე აიღო პირველი დარტყმა და რისკი, ადგა, ჩამოვიდა, ციხეში ჩაჯდა. ბიძინას გაიწევა, მაგრამ სრულ ნდობას მიშა ვეღარ მიიღებს, სწორედ ამისთვის სჭირდებათ კოალიცია და ახლა ჩვენ იმაზე უნდა ვიმარჩიელოთ, ამ როქის შემდეგ, რომელი იქნება ცენტრისგან მეტად დაშორებული, მიშა, თუ ბიძინა? ზემოთ ვისაუბრე, რა საფრთხის შემცველია ამ ორი ძალის კოალიცია, თუმცა, აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ეს როგორ 50/50-ზე არ უნდა დააკომპლექტოს ამერიკამ, რუსეთმა და ევროპამ, სრულად კოალიციური არ იქნება და ნაციონალები მაინც დაუდებენ კვანტს, რა შეთანხმებაც უნდა არსებობდეს, რადგან ისინი ბევრად უფრო ჭკვიანები არიან, ვიდრე „ოცნების“ წევრები. ჩვენთვის, ხალხისთვის, ორი გამოსავალი იყო, ერთი – ამდგარიყო ბიძინა და თქვა, რომ ჩემი ასე და ისე, ეს რა გავაკეთე, ვის ვანდე ქვეყანაო, აწი პირადად გამოვასწორებ ყველაფერსო, მაგრამ, ამჯერად ეს უკვე ძალიან დაგვიანებული და რთული იქნება, მიშამ უკვე ჩაიცვა ტყვიაგაუმტარი ჟილეტი და შემოაბიჯა, ახლა, რეალურად, ერთი გზაა დარჩენილი, მიშა გამოვიდეს გარეთ და ეს ნაგავი გაიტანოს, რომელიმე ერთმა ძალამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, ერთმა ძალამ უნდა გაიტანოს ქვეყნიდან ნაგავი, ერთმა ძალამ უნდა დაიწყოს საქმის გაკეთება, თორემ, ამ გარიგებით, ამ ჩუმი რევოლუციით, ქვეყანა გადაყვება ამათ კინკლაობას.
კომენტარები