განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე დაკავებულ, ყინწვისის მონასტრის ერთ-ერთი მღვდელმსახურს, კ.კ.-ს ბრალდება წარედგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2020 წლის 20 აპრილს, საღამოს საათებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რიეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, კ.კ.-მ ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღიდან, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა, ავტომანქანით მოძრავ ს.ჟ.-ს მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. შემთხვევის ადგილიდან ს.ჟ.-მ გარიდება შეძლო.
სამართალდამცველებმა კ.კ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2020 წლის 28 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით წარედგინა.
უწყების ცნობით, ჩატარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები. კ.კ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, სულ რამდენიმე დღის წინ, არქიმანდრიტი, საბა ჟღენტი, ტვ 1 -ის ეთერით ამბობდა, რომ არ იცის, რა იარაღი ამოიღო შსს-მ – “არანაირი ოპერაცია არ ჩატარებული და არანაირი იარაღი არ ამოუღიათ…”
კომენტარები