ანი დვალიშვილი, ალია
„თუ წევრობის კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ, „ოცნება“ ამ ყველაფერს დაიბრალებს. თუ არ მოგვცემენ, „ოცნება“ იმ ჩანაწერებს დადებს, რომელიც უკვე აქვთ და სადაც ქართული ოპოზიციის წევრები ევროპარლამენტარებს ღიად სთხოვენ საქართველოს მთავრობის გაშავებას და სტატუსზე უარს“, – გვეუბნება საკანონმდებლო ორგანოს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი.
ეს ჩანაწერები მართლაც რომ არსებობს, სხვებმაც დაგვიდასტურეს და უარის შემთხვევაში, მათ საზოგადოებას ირაკლი კობახიძე წარუდგენს, როგორც დაანონსა კიდევაც. მმართველ გუნდში ახლა იმაზე საუბრობენ, უარი მხოლოდ ქართულ ოპოზიციას დააბრალონ თუ ევროპარლამენტარებსაც. უკვე ცხადია, რომ რუსეთ-უკრაინის ომი დღეს და ხვალ ნამდვილად არ დასრულდება და რუსეთმა კლანჭები ევროპასაც დაანახა, როცა უცხო ქვეყნის სამ მოქალაქეს დონბასურმა სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. აი, თუ ეს ადამიანები (ორი ბრიტანელი და ერთი მაროკოელი) სიკვდილით დასაჯეს, პირდაპირი მინიშნება იქნება იმისა, რომ რუსეთი ყველაფერზეა წამსვლელი და არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, მას საქმე ბრიტანეთთან ექნება თუ ევროპის ქვეყნებთან, ბოლომდე იბრძოლებს და არაფერს დათმობს. ცალკე საუბრის თემაა აზოვსტალის იმ მებრძოლების ბედი, რომელიც რუსეთს ტყვედ ჰყავს. რუსეთში მცხოვრები ქართველები გვიყვებიან, რომ რუსულ ციხეებში მათ ნამდვილ ჯოჯოხეთს უწყობენ და ისინი ძალიან, ძალიან ცუდ დღეში ჰყავთ.
და მთავარი – მაშინ, როცა ევროპა იტყვის, გვანიჭებს თუ არა კანდიდატის სტატუსს, პარლამენტი დასვენებისთვის მოიცლის, ანუ საკანონმდებლო ორგანო პოლიტიკური დებატების პოლიგონად ვერ იქცევა და ესეც, საუბედუროდ, ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს და კრება ისეთივე მხიარული დარჩება, როგორც ეს ბოლო პერიოდშია.
კომენტარები