საქარველოს თავდაცვის ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე, “ალიასთან” ამბობს:
–ვატყობ, პოლიტიკოსები, რომლებსაც აქვთ რამდენიმე ბერკეტი, არ აპირებენ მათ გამოყენებას.
პირველი ბერკეტია ქუჩა – პერმანენტულად, ყოველდღიურად, კი, ბატონო არ დავრჩენილიყავით ღამით, რათა დაგვენახევია მთელი მსოფლიოსთვის, ჩვენ არ ვეგუებით და არ შევეგუებით, თუ ოცნება ახლა გადავიდა წყნარ რეჟიმში და მას თუნდაც ცრუ იმედი გაუჩნდა, რომ ქართველი ხალხი შეეგუება, ის ბევრ სისულელეს ჩაიდენს უკვე. ამიტომ ზეწოლის ეს ბერკეტი უნდა ყოფილიყო მუდმივი.
მეორე – ეს არის ტექნიკური თემა. თუ პოლიტიკური ძალები თვლიან რომ არჩევნები გაყალბდა – გამოძიებას კი არ ელოდებიან, ისინი პოლიტიკოსები არიან, დაინახეს რა არის ქართველი ხალხის ნება? დარწმუნებულნი არიან რომ გაყალბდა? უამრავი მაგალითი აქვთ, გამოძიოების გარეშე! თუ მათ მიაჩნიათ რომ არ აღიარებენ ამ არჩევნებს, ისე უნდა მოიქცნენ, როგორც დავით აღმაშენებელი დიდგორის ბრძოლისას, როცა უკან ხევი ჩახერგა. მას ეჭვი კი არ ეპარებოდა, რომ ქართველები კარგად არ იომებდნენ, არა, მაგრამ უკანდასახევი გზა მოიჭრა. ზუსტად ასე, პირველ რიგში უნდა გაეკეთებინათ განცხადება რომ ისინი არ შედიან პარლამენტში, არ აპირებენ თანამშრომლობას და მერე დაეწყოთ 38–ე მუხლის ამოქმედება.
–ახლა გეტყოდნენ პასუხად, ხომ ვთქვით, რომ არ შევდივართ პარლამენტშიო…
–ასე მარტივად არ არის საქმე. 38–ე მუხლი კონსტიტუციის გვეუბნება: “პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან.” – ესე იგი, თუ არ იქნება ორი მესამედი – უბრალოდ აღარ შედგება პარლამენტი, ყოველგვარი კამათის გარეშე და დაინიშნება კანონში გაწერილი რეგლამენტის თანახმად ახალი არჩევნები.,
ასე არ ხდება პარლამენტში არ შესვლა. 120–ე მუხლი საარჩენო კოდექსის არეგულირებს რას ვერ აკეთებენ და რისი გაკეთება შეუძლიათ პოლიტიკურ პარტიებს. მათ სიების ჩახსნის უფლება აღარ აქვთ, მაგრამ კოდექსი არ უკრძალავს დეპუტატების კანდიდატებს დაწერონ ინდივიდუალური განცხადებები და უარი თქვან სტატუსზე. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ 3 დღეში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუ არ მიიღო 3 დღეში გადაწყვეტილება, ისინი ავტომატურად ითვლებიან კანდიდატის სტატუსშეჩერებულებად. თუ ოთხმა პარტიამ, რომელმაც გადალახა 5 პროცენტიანი ბარიერი, მოახერხა თავისი სიის წევრების ორგანიზება, მისვლა და განცხადებების დაწერა, სანამ დაიწერება შემაჯამებელი ოქმი, მაშინ ამ შემაჯამებელ ოქმში, ფიზიკურად ვეღარ აღმოჩნდება სხვა ვინმე დეპუტატობის კანდიდატი, რომელიც პარლამენტში მივა უფლებამოსილების ცნობისთვის.
აქედან გამომდინარე, პარლამენტის პირველ სხდომაზე, ოცნებას ექნება შესაძლებლობა მხოლოდ 89 დეპუტატის უფლებამოსილების აღიარების და რაკი ეს ვერ იქნება ორი მესამედი პარლამენტის (100 ადამიანი) შესაბამისად, ეს პარლამენტი არ შედგა, ასეა კონსტიტუციის და კანონის მიხედვით. ამის შემდეგ პრეზიდენტმა და ცესკომ უნდა დანიშნონ ახალი არჩევნები.
ახალი არჩევნების ჩატარებამდე, არსებული ხელისუფლება იქნება, როგორც დროებითი მთავრობა, რომელსაც აღარ ექნება პირდაპირი და უშუალო გავლენა ბევრ პროცესზე, შესუსტებული იქნება მათი გავლენები და ახალ არჩევნებზე გათვალისწინებული იქნება ყველა ის შეცდომა, რაც დავუშვით.
–ვფიქრობ, ოპოზიციამ იჯიუტა, მინიმუმ და ბევრის აზრი არ გაითვალისწინა, მაგალითად, ანა წითლიძე წერდა, რომ პირადობის მოწმობების წართმევებზე როცა საუბრობდა, უთხრეს, რომ ოპოზიციას პოზიტიური წინასაარჩევნო ქონდა დაგეგმილი და გვერდით არავინ დაუდგა. მე რაც ვნახე, არ იყვნენ კარგად გადამზადებულნი პარტიების წარმომადგენლები, არ ჰქონდათ ინფორმაცია ფარულობის დარღვევაზე წინასწარ (არადა, ჯერ კიდევ 2021 წელს ჰქონიათ ამაზე ინფორმაცია და ცესკო გაუფრთხილებიათ, გამოესწორებინა), ისევე, როგორც არ ვრცელდებოდა ინფორმაცია ამ ელექტრონულ მანქანებზე და მათი მუშაობის პრინციპზე.
–მე აღარ მინდა ოპოზიცია გავაკრიტიკო იმისთვის, რომ ის ტექნიკური მხარე, რომელიც არჩევნებს ახლდა, თურმე, შესწავლილი არ ჰქონდათ. მეგონა, იმ ადამიანებს, რომლებიც დაკავებულნი იყვნენ ამ არჩევნებში პარტიის ხმების დაცვით, ეცოდინებოდათ მუშაობა. ბევრი კითხვა მაქვს, თუმცა, ახლა მთავარი ორი თემაა რომელზეც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები არ საუბრობენ. რომ გამოდიან და მჯიღს ირტყამენ გულზე, გასაგებია, – ასეთი ემოციის უფლება მაქვს მე, მოქალაქეს, პოლიტიკური პარტიის აქტივს არ აქვს უფლება, მხოლოდ ემოციის დონეზე დარჩეს – გეგმები და ორგანიზაციული საკითხები უნდა შესთავაზონ მოსახლეობას.
–იტყვიან, ოთხპუნქტიანი მოთხოვნა წამოვაყენეთო…
–იყო მოთხოვნები, ეს გასაგებია, მაგრამ რა გეგმაა, როგორია აღსრულების მექანიზმი? აქ ჩნდება ეჭვი – როცა ამბობ, რომ არ აღიარებ, ახლა, იმას, რაზეც ხელი მიგიწვდება, რატომ არ აკეთებ? მხოლოდ შენი სუბიექტური სურვილი კი არ იყოს, რომ არ შეხვიდე, ჩაჭრილი იყოს ყველა გზა, რომ არ შეხვიდე. პარლამენტში შესვლის ყველა გზის ჩაჭრა რატომ არ ხდება? მარტო მე ხომ არ ვამბობ ამას, იურისტები საუბრობენ და ხსნიან ძალიან კარგად. როგორ ფიქრობთ, მხოლოდ მე მაქვს ეს კანონები წაკითხული, პოლიტიკური პარტიის იურისტებმა ეს არ იციან?
გადაწყვეტილებები რომ გვიანდება, ეს მაშფოთებს. რუსული კლანჭებიდან თავის დახსნის მთელი სიმძიმე და ტვირთი, გადავა ამ შემთხვევაში, არა პოლიტიკურ ძალებზე, ახალგაზრდებზე და ხალხზე, როგორც იყო აქამდე. ეს არ არის სამართლიანი და სწორი.
შემოგაქვს რაღაც მეათეხარისხოვანი თემები – ეს გამოძიება მაგალითად, გამოძიება არ არის პოლიტიკური პარტიების საქმე, გამოძიებას უნდა მიხედონ სპეციალისტებმა. ეს არ არის დღეს მთავარი მნიშვნელოვანი პროცესი, მაგრამ უნდა იყოს ფონად და ყოველდღიურობაში. მთავარი პოლიტიკური ჭიდაობაა.
–რატომ არ ჭიდაობს პოლიტიკურად ოპოზიცია?
–არ მინდა წინასწარ ვისაუბრო ეჭვებზე. რამდენიმე პოლიტიკოსისგან მოვისმინე, მთავარია დასავლეთმა არ სცნოსო. ეს არის მიზეზ–შედეგობრივი კავშირი, დასავლეთმა უნდა დაინახოს, რომ ხალხის ნება არის სხვა და არჩევნების შედეგი არის – სხვა და ამის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტია, ქუჩაში, ბევრი ადამიანის პერმანენტული პროცესი. სწორედ ამან უნდა აიძულოს დასავლეთი, არ შეარბილოს თავისი პოზიცია. თუ ეს არგუმენტი არ მივეცით, და პოლიტიკურმა პარტიებმა თუ პასუხად პაუზა გამოაცხადეს, რას ელოდებიან ვერ ვხვდები, ეს შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ დასავლეთის განცხადებები შერბილდეს. სწორედ ამის იმედი აქვს ოცნებას.
–ხმის ფარულობა დაირღვა მასშტაბურად, იურისტები ამბობენ, რომ ეს არის ახალი არჩევნების ჩატარების საფუძველი.
–ვინ უნდა გააუქმოს? შედეგი ხომ ოცნებამ უნდა გააუქმოს? ის გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მან ეს უკვე თქვა. რაც უნდა არგუმენტი დაუდო, ის ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. 100 დანაშაული გამოვლინდება, თუ ათასი, ჩვენი ემოცია არ წავა ამაზე ზემოთ. ემოციასაც აქვს თავისი ზედა ზღვარი. ჩვენი ემოცია დღეს არის მზად იმისათვის, რომ ოცნება გავუშვათ პოლიტიკურ მოუსავლეთში. ამ ემოციას თუ არ გამოვიყენებთ, ახალგაზრდები წავლენ უცხოეთში, ვინც დარჩება, მას შეიძლება ბუნებრივად დაემართოს რაღაც 10–20 წელში. რუსეთმა რატომ დაარქვა ბიძინა ივანიშვილის ორგანიზაციას ოცნება – იმიტომ რომ ეს არის რუსული ოცნება, რუსები ოდითგანვე ოცნებობენ საქართველო ქართველების გარეშე. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველო არის წალკოტი და უნდათ, ოღონდ ქართველების გარეშე. ეს მათი ოცნებაა. ამ ოცნებას აისრულებენ თუ ასე გაგრძელდა, რადგან, არც ერთი ნორმალური ახლგაზრდა, ვისაც უნდა ნორმალური ცხოვრებით იცხოვროს, არ დარჩება აქ, რათა ათეულობით წლები ბრძოლაში გაატაროს, წავა უცხოეთში, ხელგაშლილნი დახვდებიან, ისინი თავიანთ გზას იპოვნიან, წარმატებებსაც მიაღწევენ, ოღონდ არა საქართველოში, ეს გვინდა?
“არჩევნები არაკონსტიტუციურია” – გაყალბების 5 მეთოდი – “ეს არჩევნების დღეს გავიგეთ” – ვახუშტი მენაბდე
კომენტარები