საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
“5 სექტემბრის შეჯამება უკრაინაში:
– დონეცკის რაიონში გუშინ გათავისუფლებული სოფელი ოზერნეს შენარჩუნება უკრაინელებმა წარმატებით შეძლეს და გარშემო ტერიტორიებზე შეტევაც წამოიწყეს. დამატებითი დანაყოფები მდინარე ჩრდილოეთის დონეცის აღმოსავლეთ სანაპიროზე გადავიდნენ და დაკავებული სოფლის გამაგრება მოახერხეს. ამ ეტაპზე, ლიმანი-იამპილის მიმართულებით უკრაინელებს აქვთ ინიციატივა.
– დონეცკის რაიონშიც ამუშავდა უკრაინული “ბაირაქტარები”. რეალურად, მიუხედავად იმისა, რომ რუსული შეტევის ბირთვი სწორედ ამ რაიონში რჩება, უკრაინელები მაინც ახერხებენ გადაადგილებას ჰაერში. როგორც ჩანს HARM რადარსაწინააღმდეგო რაკეტები ძალიან ეფექტურად არიან ჩართული საბრძოლო მოქმედებებში.
– დონეცკის რაიონში რუსების ქალაქი ბახმუტის სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან ერთდროულად ცდილობენ ინტენსიური შეტევის წამოწყებას, მაგრამ ჯერჯერობით ქალაქის საზღვრების შიგნით შეღწევას ვერ ახერხებენ. სიტუაცია გარკვეულწილად უფრო მძიმეა სოლედარში. მიუხედავად უკრაინელთა ლოკალური კონტრშეტევისა რუსებმა დღეს დასახლებაში შესვლა აღმოსავლეთიდან ისევ სცადეს. უკრაინელებს ჯერჯერობით პოზიციები საკმაოდ კარგად აქვთ გამაგრებული, მაგრამ აშკარაა, ეს მრავალფლანგიანი შეტევა რუსული მობილიზებული ცოცხალი ძალით დაწოლასთანაა დაკავშირებული და გრძელვადიანად ქალაქისათვის ბრძოლა უფრო ინტენსიური გახდება.
– მძიმე ბრძოლა გრძელდება ქალაქი დონეცკის მომიჯნავედ – პისკისა და ავდიივკას მიმართულებით. პისკის შემოგარენში რუსული შტურმი კვლავ აქტიურია. თუკი რუსული დაწოლა ამ ინტენსივობით გაგრძელდა დიდი ალბათობით უკრაინელებს რამდენიმე ასეული მეტრით უკან დახევა მოუწევთ, რადგან რუსული დანაყოფები პისკის გარეუბანს არამხოლოდ ცენტრიდან და სამხრეთიდან არამედ ახლა უკვე ჩრდილოეთიდანაც უტევენ. ოღონდ რეალურად ეს შეიძლება იყოს 200-300 მეტრი, რადგან ამის მიღმა უკრაინელთა თავდაცვის ახალი პოზიციებია გზის გასწვრივ მოწყობილი.
– ლუგანსკის რაიონში უკრაინელებმა აღმოაჩინეს და გაანადგურეს რუსული სამხედრო ძლების შტაბი კრემინაში, სევეროდონეცკის ჩრდილოეთით. რთული სათქმელია რეალურად რამდენი დაიღუპა და დაშავდა, მაგრამ უკრაინელები 400 რუს სამხედროზე საუბრობენ.
– სტრატეგიული თვალსაზრისით კუპიანსკი ხარკივის რაიონში ერთ-ერთი საკვანძო ქალაქია. მასზე გადის რაიონის რკინიგზისა და სახმელეთო მაგისტრალის კვანძები. სწორედ კუპიანსკის გავლით ხდება იზიუმის მომარაგება რუსების მიერ. დღეს უკრაინულმა არტილერიამ მნიშვნელოვანი იერიშები მიიტანა რუს სამხედრო ნაწილებსა და სამხედრო ტვირთზე, რომლებიც კუპიანსკში იტვირთებოდნენ და სამხრეთით, იზიუმისაკენ მიემართებოდნენ. დაღუპულების სახით უკრაინელები 100 რუს სამხედროზე საუბრობენ.
– ზაპორიჟიას რაიონში, ენერჰოდარიდან სამხრეთით, მდინარე დნეპრის სანაპიროზე, კამიანკა-დნიპროვკაში უკრაინელებმა რუსული სამხედრო საწყობი და ეფ-ეს-ბეს ერთ-ერთი ცენტრი დაბომბეს.
– ხერსონის რაიონში, ეფ-ეს-ბეს ცენტრალური შტაბი უკრაინებმა HIMARS-ების მეშვეობით გაანადგურეს. ეს ადგილობრივების დევნის, დამუშავებისა და პროპაგანდის პროცესს შეაფერხებს.
– ხერსონი-მიკოლაივის კონტრშეტევის ნაწილში უკრაინულმა არტილერიამ დაიწყო სნიჰურივკაში რუსული პოზიციების ინტენსიური დაბომბვა. ქალაქი ინჰულეცის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს და ცენტრალური შემტევი ჯგუფის ერთ-ერთი საკვანძო სამიზნე იქნება.
– ჩრდილოეთის შემტევი დაჯგუფება ვისოკოპილიას სამხრეთით ტერიტორიების გათავისუფლებას აგრძელებს. როგორც მოსალოდნელი იყო ურბანული ცენტრების სიმცირე და უკრაინული არტილერიის ინტენსივობა რუსებისათვის პოზიციების ნაწილის მიტოვების მიზეზი გახდა. ამასთან, რუსებს საკვების, საწვავისა და მძიმე ტექნიკის თვალსაზრისით, უკრაინელებთან შედარებით, უპირატესობა აღარ აქვთ და ლოჯისტიკური ხაზების დაბომბვის ფონზე სერიოზულ პრობლემებს აწყდებიან. მიუხედავად იმისა, რომ რუსული საჰაერო-სადესანტო ძალები, რომელთაც ამჯერად დიდი ტექნიკური მხარდაჭერა აქვთ (თუმცა მედესანტეები თავისთავად მობილური, ხშირ შემთხვევაში მსუბუქად შეიარაღებული ელიტური შემტევი რაზმია და თავდაცვისათვის იდეალურ ძალას არ წარმოადგენენ) უკრაინულ შეტევას ყველა მიმართულებით ვერ გაუმკლავდებიან.
– ნოვა კახოვკასთან უკრაინელებმა ნავთობმზიდები დაბომბეს. საწვავის დეფიციტი უკვე დაეტყო რუსულ ტექნიკას, რომლის მიტოვებაც გახშირდა. რუსული ზოგადი უკანდახევის ფონზე უკრაინელებმა სასანგრე პოზიციებიდან თუ მდელოებზე მიტოვებული ტექნიკის სახით დიდი რაოდენობით რუსულ შეიარაღებას მოუყარეს თავი.
– ბრიტანეთის პრემიერი ლიზ ტრასი ხდება. რუსები ხუმრობენ რომ თუკი ბორის ჯონსონი უკრაინის დასახმარებლად იარაღს არ იშურებდა ლიზ ტრასი რუსეთთან საომრად არ დაიშურებს მას. ლიზ ტრასი გამორჩეულად გაბედული პოლიტიკოსია, რომელსაც მისი კოლეგები როგორც მიზანსწრაფულს ისე ახასიათებენ. ასევე დიდი ალბათობა, რომ პოსტს შეინარჩუნებს ბრიტანეთის მოქმედი თავდაცვის მინისტრიც.”
კომენტარები