ზაზა გახელაძის დედა, ნანა ბუნტური ამბობს, რომ ოჯახს მარტის შუა რიცხვებში არჩილ თალაკვაძე შეხვდა.
ბუნტური ამბობს, რომ მას ჰკითხა, რატომ გაათავისუფლეს 2 ე.წ რუსი მესაზღვრე, რომლებიც გორის სოფელ ხურვალეთში 7 მარტს დააკავეს და რატომ არ მოითხოვეს მათი გაცვლა ზაზა გახელაძეში.
“დავუსვი კითხვა, რატომ არ გაცვალეს ჩემს შვილში, ხომ ყავდათ დაჭერილი. მაგრამ ამის შედეგს სულ მალე დავინახავთ, ქალბატონოო.
თალაკვაძის სულ მალე რამდენია, ნამდვილად არ ვიცი. დღემდე უშედეგოა ყველაფერი. არც ჩემს შვილში, არც სხვაში არ გაცვალეს და არც არაფერი გააკეთეს საიმისო”. – ამბობს ზაზა გახელაძის დედა.
ქალს იმედი ჰქონდა, რომ ოკუპანტების გათავისუფლების შედეგი ერგნეთის გუშინდელი შეხვედრის შემდეგ მაინც დადგებოდა.
“მაგრამ არანაირი შედეგი არ არის.
“ვინმეს რომ პური და ფული ვთხოვო – მე ასე არ მიჭირს. რაც ჩემს ძალებს აღემატება, ჩემი უკანონოდ დაკავებული შვილის გათავისუფლებაა. მარტო ამას ვითხოვ, სხვას არაფერს”. – თქვა მან.
ზაზა გახელაძე თითქმის 10 თვეა, საოკუპაციო რეჟიმს უკანონოდ ყავს დაპატიმრებული. ის 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
მისი ოჯახი ხელისუფლებასთან შეხვედრებს და მისი გათავისუფლების მოთხოვნით აქციებს გეგმავს.
გახელაძის ცოლის, ირმა ბუთხუზის თქმით, ისინი მოქმედებაზე გადადიან – მოითხოვენ შეხვედრას პრეზიდენტთან, პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.
გუშინ, 27 აპრილს ერგნეთში ინციდენტების პრევენციის მექანიზმის რიგით 99-ე შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
ზაზა გახელაძე, ისევე, როგორც გენადი ბესტაევი და ლაშა ხეთერელი კვლავ უკანონოდ არიან დაპატიმრებულები.
წყარო – ფორმულა
კომენტარები