ანი დვალიშვილი
რას აპირებს ოპოზიცია… რეალურად, მთავარი აქცენტი ახლა სააკაშვილის გათავისუფლებაზე კეთდება. საქმე ის გახლავთ, რომ მიშა დასავლეთს არამარტო საქართველოში, არამედ უკრაინის მიმართულებითაც სჭირდება, რადგან პროპაგანდის და აგიტაციის თვალსაზრისით, მიშას ბადალი არ ჰყავს და ახლა, ციხიდან გათავისუფლებული, ნამდვილ მესიად მოევლინება უკრაინას…. საუბარი იმის შესახებ, რომ ახალი პარტია იქმნებოდა, რომელიც დასავლეთის ფულით დაფინანსდებოდა და მისი დამფუძნებლები საზღვარგარეთ მოღვაწე წარმატებული ქართველები იქნებოდნენ, საერთოდ მინელდა. როგორც გვეუბნებიან, რეალურად მონახაზი და სურვილი არსებოდა, თორემ 300 მილიონი დოლარის (ლამის მილიარდი ლარის) მობილიზება არც ისე მარტივი აღმოჩნდა და არც იმ წარმატებული ადამიანების სურვილი იყო ისე მძაფრი, საყვარელ საქმეს შეშვებოდნენ და თავი ამ სიბინძურეში გაეყოთ. პოლიტიკა ბინძური რომ არის, ყველაზე კარგად სწორედ საქართველოში ჩანს. ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის „ოცნებამ“ და ამიტომ სურს, პარტერში გადაყვანილი ოპოზიცია მტკივნეული ილეთით, საბოლოოდ გაგუდოს.
ისევ მიშას დავუბრუნდეთ. დასავლეთი, ყველანაირად ეცდება, რომ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაუშვას. ხელისუფლებამ ამის სანაცვლოდ რაღაც უნდა მიიღოს, მაგრამ რა? თავისტკივილი, რომელსაც სააკაშვილის გარეთ ყოფნა ჰქვია, აგერ ერთი წელია მოხსნილია და დასავლეთი მმართველ გუნდს კანდიდატის სტატუსსაც რომ დაჰპირდეს, დაყოლიება მაინც ძნელი იქნება. რეალურად, „ოცნებას“ კანდიდატის სტატუსი დიდად არაფერში სჭირდება, რადგან ფიქრობენ, რომ მოსახლეობამ ორთქლი უკვე გამოუშვა.
არის კიდევ ერთი ვარიანტი (მისი განხილვა აქტიურად მიმდინარეობს) – მმართველი გუნდი მზად არის, სააკაშვილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „დათმოს“, ანუ სამკურნალოდ გაუშვას, მაგრამ ყველა ხვდება, რომ თუ მიშა კიდევ ორი წელი იქნება გისოსებს მიღმა, ეს იმას ნიშნავს, რომ არანაირი საზღვარგარეთ მკურნალობა მას არ ესაჭიროება და ეს ყველაფერი პოლიტიკურ გარიგებას უფრო დაემსგავსება. აგერ, ამერიკიდან ექიმიც კი ჩამოვიდა, რომლის დასკვნაც ჯერ არ დებს, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ ჯეიმს კობი ხმამაღლა და გამოთქმით იტყვის – სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობა აუცილებელია. ეს დასკვნა წესით „ოცნებისთვის“ უნდა გახდეს მყარი საფუძველი მიშას სასჯელი გადაუვადოს, თუმცა…
„ივანიშვილი თანახმაა ყველაფერზე, გარდა იმისა, რომ სააკაშვილი ახლა გაათავისუფლონ. ეს მმართველი გუნდის ლიდერებმა კარგად იციან და ბატონმა ბიძინამ ყოველგვარი მინიშნებების გარეშე, ეს პირდაპირ თქვა ტერმინით – „დამნაშავე ციხეში უნდა იჯდეს“. ამიტომ, სასწაული უნდა მოხდეს, თუნდაც ნობელიანტი ექიმის დასკვნამ, მმართველ გუნდს გადაწყვეტილება შეაცვლევინოს“, – გვეუბნება ჩვენი წყარო.
კომენტარები