მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე, “ტვ პირველთან” ჟურნალისტ დიანა ტრაპაიძის კითხვებს პასუხობს.
დიანა ტრაპაიძე:
-ინტოქსიკაციასთან, მოწამვლასთან დაკავშირებით რა წერია დასკვნაში? საუბარია იმაზე, რომ ტოქსიკოლოგიურ დასკვნაში წერია – “ტესტირებამ გამოავლინა მძიმე მეტალების და სხვა აგენტების – ვერცხლისწყლისა და დარიშხანის არსებობა თმისა და ფრჩხილების ნიმუშებში… შეუძლებელია ამ აგენტებიდან ბევრი მათგანი მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში წარმოადგენდეს სამედიცინო მკურნალობის შედეგს” – ეს ჩანაწერი არსებობს ამ დასკვნაში?
შალვა ხაჭაპურიძე:
-კი, არსებობს.
დიანა ტრაპაიძე:
-თუ ეს ჩანაწერი არსებობს, მაშინ რა არ არსებობს? დასკვნაში არ დევს ტოქსიკოლოგიური კვლევის დაკვნა?
შალვა ხაჭაპურიძე:
-კი, დევს.
დიანა ტრაპაიძე:
-მაშინ რას ეფუძნებოდა თქვენი განცხადება, სადაც ამბობდით, რომ მოწამვლის ვერსიასთან დაკავშირებით, არაფერი კონკრეტული არ წერია დასკვნაში?
შალვა ხაჭაპურიძე:
-3 დოკუმენტია ტოქსიკოლოგიასთან დაკავშირებით, ერთია თმის ნიმუშის კვლევა, სადაც მითითებულია, რომ ამოვიდა 3 ნივთიერება, 3 მეტალი, მეორეა ფრჩხილებიდან გაკეთებული, სადაც საუბარია დარიშხანთან მიმართებაზე, მესამე იყო უჯრედისი – ბიოფსია გაუკეთდა და ამ ბიოფსიის პასუხი ვერ იქნა მოპოვებული, იმიტომ რომ საკვლევი მასალა არ იყო საკმარისი. ეს ორი ტოქსიკოლოგიურ-ლაბორატორიული კვლევის შედეგი გადაეგზავნა ექსპერტს და ახლა მოვიდა პასუხი, როდესაც მე მეკითხბეოდნენ, იმ პერიოდში ეს დოკუმენტი არ არსებობდა, ეს დოკუმენტი ჩამოგვივიდა გუშინ საღამოს. დღეს (2 დეკემბერს) იქნა მიღებული ნათარგმნი, ნოტარიულად დამოწმებული წესით. “ემპათია” ცალკე იკვლევდა ამ საკითხს და პარალელურ ვითარებში, გაგზავნილი იყო ტოქსიკოლოგთან და დღეს უკვე გვაქვს ამერიკელებიდან ეს დასკვნა.
დიანა ტრაპაიძე:
-საუბარია იმაზე, რომ სააკაშვილი შეიძლება მოწამლეს, საუბარია კონკრეტულ ნივთიერებებზე. შემდეგ გამოდის სააკაშვილის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ ამ თემაზე პოლიტიკური სპეკულაციები არ უნდა იყოს და მას არასდროს უთქვამს რომ ის მოწამლეს, შემდეგ მისი დედა ამბობს, რომ ხელისუფლება მას ვერ მოწამლავდა, არ მოწამლავდა, გადასარევად უვლიან და თუკი ვინმემ ეს გააკეთა, ეს შეიძლება იყოს მისი მტერი და სხვა ქვეყნის სამსახურები. შემდეგ ირკვევა, რომ მთავარი დასკვნა საერთოდ არ აქვს დართული ამ დიდ კონფიდენციალურ დოკუმენტს და დღეს ირკვევა, რომ რაღაც მესამე დოკუმენტი დააწიეს ამ მთავარ დოკუმენტს – რა გაიგოს მაყურებელმა, მე ძლივს ვიგებ. პარალელურად ჩნდება წერილები მედიაში, რომ ის შეიძლება მოწამლული იყოს. არის თუ არა ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები?
შალვა ხაჭაპურიძე:
-არა, არაფერია ურთიერთსაწინააღმდეგო. მარიამ ჯიშკარიანის ჯგუფში მუშაობდნენ სხვადასხვა დარგის ექიმები, მათ შორის, 2 სასამართლოს სამედიცინო ექსპერტი, მათ ამ დასკვნის გაკეთების საშუალება და შესაძლებლობა ჰქონდათ. ქალბატონმა მარიამმა კარგად განმარტა, რომ საექსპერტო ჯგუფი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჭიროებს კიდევ ტოქსიკოლოგიურ კვლევასო – ამაში იგულისხმებოდა, არ გააჟღერა და სწორიც გააკეთა, ის რაც ამერიკელებისგან უნდა ჩამოსულიყო,. ჩამოვიდა, სურათი უკვე ნათელია.
დიანა ტრაპაიძე:
-აი, თქვენ ადვოკატი ხართ, უნდა დაიცვათ მისი ინტერესები სასამართლო პროცესზე, გეკითხებიან, მოწამლეს თუ არა სააკაშვილი – რას უპასუხებთ ამ კითხვაზე?
შალვა ხაჭაპურიძე:
-მოწამლეს თუ არა სააკაშვილი, ეს კითხვა ჩვენ სასამართლო პროცესზე უნდა დავუსვათ ამ დასკვნის გამცემ ადამიანს. ჩვენ მისთვის კითხვა, მოწამლეს, თუ არა, არ დაგვისვამს. ჩვენ მას ვკითხეთ, არის ეს, ეს, ეს და რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული და ჩამოვიდა პასუხი – მძიმე მეტალებისგანო და ის დაავადებები, რომლებიც მას განვითარებული აქვს, და ეს რომელი დაავადებებია, სასამართლოზე გაჟღერდება, ექიმი პირდაპირ წერს, რომ ეს დაავადებები შესაძლებელია გამოწვეული იყოს იმ ტოქსიკური ნივთიერებებისგან, რომელიც აღმოჩნდა მის ორგანიზმში.
დიანა ტრაპაიძე:
-ეს ნივთიერებები სამედიცინო პრეპარატებია, თუ…
შალვა ხაჭაპურიძე:
-წამლებზეც საუბრობს და ამბობს, რომ გარკვეული წამლები არასწორად იყო დანიშნული, მაგრამ წერს, მიუხედავად იმისა, რომ ვთვლი ესა თუ ის წამალი არასწორად იყო დანიშნული, ეს ამ ტოქსინების დაგროვებას არ გამოიწვევდაო… გუშინ ერთ-ერთი ექიმი საუბრობდა, კუჭი რომ შეუმოწმეს ბარიუმის ხსნარი დაალევინეს და შეიძლებოდა ამას გამოეწვიაო, მაგრამ ექსპერტები კატეგორიულად ამბობენ, არა, კატეგორიულად არ შეიძლება ბარიუმის ხსნარმა დატოვოს კვალი, რომელიც შემდგომ გამოვა თმის ღერებში. ამ დოკუმენტს ახლავს ძალიან დიდი განმარტებითი ბარათი, რა და რანაირად.
დიანა ტრაპაიძე:
-მოწამლეს თუ არა სააკაშვილი, თქვენ დღეს პასუხი არ გაქვთ.
შალვა ხაჭაპურიძე:
-ამაზე, ექსპერტმა უნდა გასცეს პასუხი, რომ დაიკითხება, მე ექსპერტი ხომ არა ვარ.
დიანა ტრაპაიძე:
-სააკაშვილი შემონათვალს რომ აკეთებს, რომ ხელისუფლება არ მოწამლავდა, შესაძლოა, ეს სხვა ტიპის გზავნილია და მისი სტრატეგიის ნაწილია?
შალვა ხაჭაპურიძე:
-სააკაშვილი რა განცხადებას გააკეთებს, ეს მისი საქმეა, მაგრამ ამ ტიპის საქმეებში, როგორ წესი, იღძვრება სისხლის სამართლის საქმე, იწყება გამოძიება და გამოძიებამ უნდა დაადგინოს – საიდან მოხვდა ეს ნივთიერებები მის ორგანიზმში და რას გამოიწვევს ეს. დიაგნოზებს რაც შეეხება, 3 დიაგნოზია, რომლის გასაჯაროებისგან თავი შევიკავეთ, ბუნებრივია, სასამართლო პროცესზე მოგვიწევს ამის გასაჯაროება. დაცვას თავისი სტრატეგია აქვს. თვითონ, რომ გითხრათ სიმართლე, სააკაშვილმა თავიდან მითხრა, გაასაჯაროეო, მაგრამ მერე მე ვუთხარი, მოდი, მე ნუ შემიშლი ხელს, ამ ეტაპზე, სჯობს არ იყოს საჯაროდ გახმაურებული, სასამართლო პროცესების მსვლელობების დროს, ეს ნაწილიც იქნება გასაჯაროებული.
კომენტარები