დღეს “ალიას” დაუკავშირდა სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ექიმი და რამდენიმე ექიმის სახელით, გადმოგვცა ინფორმაცია, რომ ისინი სპეციალური აღჭურვილობის გარეშე, არ დადგებიან აეროპორტში ფორმალურად და მოუწოდეს სახელმწიფოს და კერძო კლინიკებს დახმარებისთვის.
გთავაზობთ ჯანდაცვის სამინისტროს კომენტარს ჩვენს წერილთან დაკავშირებით:
“მოგეხსენებათ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედიკოსები საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრებს “კორონავირუსის” გავრცელების პრევენციისთვის ამოწმებენ. ცენტრის თითოეული თანამშრომელი მზადყოფნას გამოთქვამს აეროპორტში მიმდინარე ღონისძიებებში მონაწილების მიღებასთან დაკავშირებით. ჩვენთვის უპირველესი ღირებულება თითოული ადამიანის სიცოცხლეზე ზრუნვაა და ამ მიზანს ემსახურება ჩვენი სამსახურიც. შესაბამისად, არ შეესაბამება სიმართლეს, რომ თითქოს რომელიმე სამედიცინო პირის სურვილი არ არის ადგილზე ყოფნა. ცენტრს ინტენსიური კომუნიკაცია აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და ყოველი ჩვენი ქმედება სწორედ მათ მიერ მოწოდებული რეკომენდაციის შედეგად იგეგმება. ამ ეტაპზე, თქვენ იცით, რომ ვირუსის გავრცელების მხრივ, საქართველო იმყოფება დაბალი რისკის ქვეშ მყოფ ქვეყნებს შორის. შესაბამისად, ყველა პრევენციული ღონისძიება, რომელიც გატარებული იქნა ამ დროის განმავლობაში, არის საერთაშორისო ნორმების სრული დაცვით მობილიზებული. თქვენ იცით, რომ ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილია შესაბამისი პირებით დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას უწევს აღნიშნულ პროცესს.
რაც შეეხება მედიკოსთა აღჭურვილობას, ისინი უზრუნველყოფილი არიან ყველა საჭირო პერსონალური დაცვის საშუალებით, რაც ამ ეტაპისთვის რეკომენდირებულია. მათ სპეციალურ აღჭურვაში შედის დისტაცნიური თერმომეტრები, პირბადეები და ასევე, C დონის ბიოლოგიური დაცვის უსაფრთხოების ტანსაცმელი.
გარდა იმისა, რომ საქართველო მწვანე ზონაშია და დაბალი რისკი ქვეშ მყოფ ქვეყნებს მიეკუთვნება, ქვეყანაში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა ჯერ დაფიქსირებული არ არის და ამ ეტაპზე, პანიკის საფუძველი არ არსებობს”
ფოტო, რომელზედაც ასახულია ორი ექიმი, ერთი მგზავრი და კიდევ ერთიც საბაჟოს თამამშრომელი, პირბადის გარეშე, მგზავრის გვერდით – მოგვაწოდა ჯანდაცვის სამინისტრომ!
ალია
კომენტარები