ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ეკატერინე ტიკარაძის ხელმძღვანელობით ვაქცინაციის საბჭო გაიმართა.
შეხვედრაზე მინისტრმა მაღალ რისკჯგუფებში ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლეტალობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი 70 წლის ზემოთ მოქალაქეებშია, ასევე, ავადობისა და ჰოსპიტალიზაციის მაღალი მაჩვენებელია 60 წელს ზემოთ მოქალაქეებშიც.
„ამ პროცესში ოჯახის ექიმების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. მათ დაევალებათ, რომ თავიანთ უბნებზე საინფორმაციო ღონისძიებები ჩაატარონ. ჩვენი ძირითადი ამოცანა და ბერკეტი არის, რომ მაღალი ხარისხის ინფორმაციის მიწოდების შედეგად, ნებაყოფლობით მოხდეს მოქალაქეების აცრა.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, სადაც ჩვენ დაშვებას ვაკეთებთ, რომ სწორედ 60 წლის ზევით მოქალაქეებისთვის რთული შეიძლება იყოს რეგისტრაცია, გადაადგილება, ზოგადად, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და ა.შ., პირველი და მნიშვნელოვანი აქტივობა იქნება ოჯახის ექიმების, რომლებსაც დაევალებათ თავიანთ უბნებზე და მათ კონკრეტულად იციან, უბანზე რამდენი მოქალაქე ჰყავთ 60 წელს გადაცილებული და ასევე, ის ადამიანები, რომლებიც არიან სხვადასხვა ქრონიკული დაავადებით, რომ მნიშვნელოვანი სამუშაო, საინფორმაციო ღონისძიებები ჩაატარონ.
გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, ვიმსჯელოთ სხვადასხვა ფინანსურ, წამახალისებელ ღონისძიებაზე, რომელიც შეიძლება, გახდეს მოტივატორი ჩვენი პენსიონერი მოქალაქეებისთვის“,–ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
კომენტარები