ნათია ნიაური–გაისტერი წარმოშობით ახალგორიდან არის. თბილისში დაამთავრა უნივერსიტეტის გერმანული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი და მერე, 2001 წელს გერმანიაში წავიდა სასწავლებლად. ერთის ნაცვლად, სამ უნივერსიტეტში ისწავლა, არის გერმანისტიკის, პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის მაგისტრი და ახლა პედაგოგიკაში სადოქტორო დისერტაციის დაცვას აპირებს. ჰამბურგში გათხოვდა და ახლა იქ ოჯახთან ერთად ცხოვრობს, სკოლაში კი გერმანელ ბავშვებს გერმანულს ასწავლის.
რა ხდება კორონავირუსთან დაკავშირებით გერმანიაში? როგორ შეცვალა ამ ვირუსმა ევროპის ყველაზე დიდი ქვეყანა? როგორ არიან გერმანიაში მყოფი ქართველი ემიგრანტები? რას ამბობენ გერმანელები ქართველ ექიმებზე? ამის და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ, შესახებ, „ალიას“ ნათია ნიაური–გეისტერი ესაუბრა.
– ნათია, გერმანიაში ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით კიდევ ნორმალური სიტუაციაა. დაავადებულები არ არიან ცოტა, მაგრამ სიკვდილიანობა ნაკლებია. ამას რით ხსნიან გერმანელი ექიმები?
– გერმანია საკმაოდ მობილიზებული შეხვდა კორონავირუსს. სამედიცინო დაზღვევაა მაღალ დონეზე და ეს საშუალებას აძლევს ხალხს, ვირუსის სიმპტომების გამოვლენისთანავე, მიაკითხონ ექიმს და გამოკვლევა, სწრაფი ტესტები და ანალიზები ჩაიტარონ. ექიმები ძალიან კვალიფიციურები არიან და აქ სამედიცინო აღჭურვილობაც მაღალი დონისაა. ეს ყველაფერი რომ არა, უარესი მდგომარეობა იქნებოდა. მინდა, აქვე აღვნიშნო ქართველი ექიმების, მე ვიტყოდი, მართლა გმირული და თავდადებული მუშაობა, მაღალი პროფესიონალიზმი, რომლითაც მთელი მსოფლიო გააოცეს და აქაც ლაპარაკობენ მათზე. გერმანულ მედიაში არაერთხელ ითქვა ქართველი ექიმების იმ გასაოცარი შედეგების შესახებ, რაც კორონავირუსთან ბრძოლაში აქვთ. ამ დროისთვის, გერმანიაში, კორონავირუსის სულ 60,659 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 9200 გამოჯანმრთელდა და სამწუხაროდ, 482 გარდაიცვალა (ინტერვიუ ჩაწერილია კვირას, 29 მარტს, საღამოს. – ლ.ჯ ). ჰამბურგში დაინფიცირებულთა რიცხვი საკმაოდ მაღალია. გერმანიაში ევროპის სხვა ქვეყნებიდან გავრცელდა ვირუსი. მარტის დასაწყისში სასწავლებლებში იყო საგაზაფხულო არდადეგები და ძალიან ბევრი ადამიანი წავიდა ავსტრიაში – სამხრეთ ტოროლში, შვეიცარიასა და იტალიაში, ძირითადად ზამთრის კურორტებზე დასასვენებლად თუ გასართობად. ძალიან ბევრი ოჯახი იყო წასული და ამ ხალხმა დაბრუნება რომ დაიწყო, ამას დაემთხვა ვირუსის აფეთქება გერმანიაში. მანამდე ნამდვილად არ იყო საგანგაშო მდგომარეობა. კი, ეს ხალხი მერე კარანტინში მოათავსეს, მაგრამ ბევრი მათგანი ჩამოსვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ბევრ ადამიანთან ჰქონდათ კონტაქტი. ასევე, მოძრაობდნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, იყვნენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და ამ გზით გაავრცელეს ვირუსი.
– გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა და ჯანდაცვის მინისტრმა, იენს შპანმა განაცხადეს, რომ ჩვენი მოსახლეობის 60–70% კორონავირუსით დაავადდებაო. რა მონაცემებზე დაყრდნობით გავრცელდა ეს ინფორმაცია? ესეთი შემაშფოთებელი პროგნოზი არც ერთი ქვეყნის ხელისუფლებას არ გაუკეთებია.
– ეს პროგნოზი რობერტ კოხის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა გააკეთა, რომლის გვარსაც ახლა ვერ ვიხსენებ და რატომღაც, ზოგიერთმა მედია საშუალებამ გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლებს მიაწერა. არც მერკელს და არც შპანს ეს არ უთქვამთ. თუმცა, შპანმა მართალია, ციფრები არ დაასახელა, მაგრამ მაინც შემაშფოთებელი განცხადება გააკეთა, გრიგალი და შტურმი ჯერ კიდევ წინ არის, უარესისთვის მოემზადეთო. ვირუსის პიკს სააღდგომოდ ელოდებიან, აქ აღდგომა 12 აპრილს არის, ერთი კვირით ადრე მართლმადიდებლურ აღდგომაზე. ვნახოთ, რა იქნება. იმედია, ეს პროგნოზები არ გამართლდება.
– გერმანიაში ყველა ობიექტი არ დახურულა?
– სხვა და სხვა ღონისძიებები გატარდა. საზღვარი ყველა ქვეყანასთან ჩაიკეტა, დაიკეტა საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტები, რესტორნები, ბარები, კაფეები, დისკოთეკები, ფიტნეს–კლუბები… ყველა სპორტული ღონისძიება აიკრძალა. მარკეტები, აფთიაქები, სწრაფი კვების ობიექტები მუშაობენ, თუმცა, თუ იქ შეიძენ საკვებს, 50 მეტრის რადიუსში არ შეგიძლია მიირთვა. ამაზე ჯარიმაა 50 ევრო. ორ კაცზე მეტის შეკრება იკრძალება. მუშაობს სამრეწველო ობიექტების გარკვეული კატეგორია, მაგრამ თანამშრომელთა შორის მანძილი უნდა იყო 1.5– 2მეტრით დაშორება. იგივე, 2 მეტრიანი დისტანციაა მარკეტებსა და აფთიაქებში. მე გერმანულს ვასწავლი საჯარო სკოლაში, სკოლები დახურეს, მაგრამ მაინც ვმუშაობ. სკოლები ვალდებულები არიან ასწავლონ მათ ბავშვებს, ვინც, ასე ვიტყოდი, კორონავირუსთან ბრძოლაში არიან ჩართულები და წესრიგს იცავენ ქვეყანაში, არ გაჩერებულან და მუშაობენ – ექიმებისა და ექთნების, აფთიაქების, პოლიცილების, სამაშველო სამსახურების, ჯარისკაცებისა და მარკეტების თანამშრომელთა შვილებს. დღეში 2 ან 3 მასწავლებელი მივდივართ სკოლაში. ბოლოს 3 ბავშვი და 2 მასწავლებელი ვიყავით. ცხადია, თითო მერხზე თითო ბავშვი ზის და თან ერთმანეთისგან მოშორებით. მაქსიმალურად ვიცავთ სკოლაში ყველა რეკომენდაციას, რაც განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებიდან მივიღეთ. ამ რეჟიმში ვიმუშავებთ მთელი ეს სასწავლო წელი.
– ხელფასები შეუმცირდათ გერმანიაში საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს. შენც შეგეხო ეს?
– კი, მეც შემეხო და ჩემს მეუღლესაც. ორივენი ხელფასის 65% –ს ავიღებთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ჩემს შვილს, გიორგის 60%–მდე შეუმცირეს ხელფასი. ასეა, ზოგს ხელფასის 35% და ზოგს 40% დააკლეს. ეს როდემდე გაგრძელდება, არავინ იცის. ხელისუფლება ორი მიმართულებით აქტიურობს – თან ცდილობს ვირუსის შეჩერებას, თან ცდილობს, რომ ამ პანდემიიდან მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეს, ხალხი და ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად არ დაზარალდეს.
– რის მიხედვით მოხდა ხელფასები შემცირების დიფერენცირება?
– დიდ საწარმოებში დასაქმებულებს 65%–მდე შეუმცირეს ხელფასი და ეს ჩვენ, საჯარო სამსახურში დასაქმებულებსაც შეგვეხო. მცირე მეწარმეებს, ვისაც 10 კაცზე მეტი არ ჰყავს დასაქმებული, ეს დასაქმებულები ხელფასის 60%–ს აიღებენ. თუმცა, ვისაც არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, ისინი ნებისმიერ შემთხვევაში, ხელფასის 67%–ს აიღებენ, სადაც არ უნდა მუშაობდნენ.
– საგანგებო აკრძალვების დარღვევის შემთხვევაში რა სახის ჯარიმებია დაწესებული?
– ორ ადამიანზე მეტი თუ შეიკრიბა ქუჩაში, თითო კაცზე 200 ევროა ჯარიმა. საავადმყოფოში ან მოხუცთა თავშესაფარში თუ მიხვალ მაშინ, როდესაც არ არის დაშვებული მისვლა, 800 ევროა ჯარიმა, პიკნიკი და გრილი – 250 ევრო, აკრძალული სპორტული ღონისძიების ორგანიზაცია 1000 ევროთი ჯარიმდება და მასში მონაწილე პირები, 200–200 ევროთი, რადგან ეს უკვე ორ კაცზე მეტის შეკრებაა. რესტორანში ერთი კაციც რომ შევიდეს, 20 000 ევროა ჯარიმა, ფიტნეს კლუბი – 5000 ევროთი ჯარიმდება. 10 ადამიანზე მეტის შეკრება კი 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს თითოეულისთვის.
– არც წირვა–ლოცვები ტარდება ეკლესიებში?
– ტარდება, მაგრამ ხალხის შეკრება აკრძალულია და ხალხი არ დადის, ხალხის გარეშე ტარდება ყველა ეკლესიური რიტუალი. ჰამბურგის ცენტრალურ ეკლესიაში ჩატარდა წირვა და ჰამბურგის ტელევიზიით გადაიცა, ასეა სხვა რეგიონებშიც. აღდგომას რა იქნება, ჯერ არ ვიცით. 10 კაცზე მეტი შეკრება ეკლესიებშიც აკრძალულია.
– გერმანიაში ბევრი ქართველია არალეგალურად და მათი მდგომარეობა როგორია?
– ყველა არალეგალის მდგომარეობა მძიმეა, რადგან ისინი უმეტესაც ოჯახებში მუშაობენ დამლაგებლებად ან ბავშვის მომვლელებად და მას შემდეგ, რაც ხალხი სახლში დაჯდა, სახლსაც თავად ალაგებენ და ბავშვებსაც თავად უვლიან. გარდა მაგისა, ყველა ერიდება დამლაგებლისა და ძიძის სახლში შეშვებას კი არა, ყველაზე ახლობელ ადამიანებთან აღარ კონტაქტობენ. ფაქტობრივად, ეს ხალხი დარჩა უმუშევარი. ამას ისიც დაამატეთ, რომ ხელფასები შემცირდა მთელ გერმანიაში და ეს ბევრ ისეთ ოჯახს შეეხო, სადაც არალეგალები მუშაობდნენ. შესაბმისად, თუ ისინი დაბრუნდებიან იმ ოჯახებში, სადაც მუშაობდნენ ან ნებისმიერ სხვა ოჯახში, მოუწევთ ბევრად დაბალ ანაზღაურებაზე მუშაობა. ყველა ოჯახს შეუმცირდა ბიუჯეტი და ცხადია, შეამცირებენ ხარჯებსაც. ზოგიერთები მუშაობდნენ რესტორნებში, ბარებში და მათაც შეეხებათ ეს კრიზისი. ჯერ უმუშევრები არიან, რადგან ეს ობიექტები დახურულია და მერე, როდესაც ამუშავდება, მათ ხელფასებს შეუმცირებენ, სავარაუდოდ. ამას ის მაფიქრებინებს, რომ ქვეყანაში, სადაც 35 და 40%–ით შეუმცირდა ხელფასი ყველა დასაქმებულს. ბარებში, რესტორნებში, გასართობ ადგილებში, შედარებით ნაკლებად ივლის ხალხი. ამ ობიექტებს შემოსავალი შეუმცირდებათ და მათი მეპატრონეები ხელფასებს შეუმცირებენ თანამშრომლებს, არალეგალებსაც და ადგილობრივებსაც. თუმცა, ეს ერთი პრობლემაა და ღმერთმა დაიფაროს, თუ კორონავირუსით დაავადდნენ არალეგალები, ისინი აქ მკურნალობასაც ვერ შეძლებენ. აქ თუ დაზღვევა არ გაქვს, კლინიკები და საავადმყოფოები არ გღებულობენ სამკურნალოდ. არის საქველმოქმედო ორგანიზაციები, რომლებიც ეხმარებიან არალეგალებს მკურნალობაში, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია.
– ვინც თავშესაფრის მაძიებელი ლტოლვილია ან უკვე მიიღო თავშესაფარი გერმანიაში, მათი საქმე როგორ იქნება?
– მათ გერმანიის ხელისუფლება ყოველთვიურად უხდის თანხას, ზოგიერთ შემთხვევაში, თანხას და სოციალურ პაკეტსაც აძლევენ. რამდენადაც ვიცი, მათთვის ჯერ არაფერი შეცვლილა, დახმარებას ყველას უწევენ. ერთ ბავშვზე 1400 ევროს უხდიან და დარწმუნებული ვარ, ბავშვებს არ შეუმცირებენ ამ თანხას. რა და როგორ იქნება, გაირკვევა.
– თვითიზოლაციის დარღვევის ფაქტები თუა გერმანიაში.
– კი, აქაც არის დაუდევარი ხალხი. რამდენიმე კაცს მიაკითხა პოლიციამ და არ დახვდათ სახლში. ასეთ დროს უკვე არც ჯარიმა მოქმედებს და არც კარანტინში გადაჰყავთ. მოძებნეს ის ხალხი და ეგრევე ციხეში გადაიყვანეს. რამდენია სასჯელი არ ვიცი, მაგრამ რაღაც ვადას მოიხდიან ციხეში.
ბოლოს იმას ვიტყვი, რომ ქმარ–შვილი კი აქ მყავს, მაგრამ დედა, დები, დის შვილები, სიძეები საქართველოში, წეროვანში არიან. მთელი სანათესაო, თან ძალიან დიდი, საქართველოში მყავს და რომელი ვიდარდო, აღარ ვიცი. ინტერნეტში რომ შევდივარ, ჯერ საქართველოში რა ხდება, იმ ინფორმაციებს ვკითხულობ და მერე გერმანიის ამბებს ვგებულობ. აქ ცუდი ამბებია, მაგრამ ის მახარებს, რომ საქართველოში უმკლავდებიან კორონავირუსს და ღმერთმა ქნას, ბოლომდე ასე იყოს. იმედია, გადავრჩებით და პანდემია რომ გადაივლის და ფრენები აღდგება თუ არა, მეორე დღესვე ავიღებ ბილეთს და ჩამოვალ საქართველოში.
ალია №12, ლევან ჯავახიშვილი
კომენტარები