გუდაურში 28 წლის თაზო გორთამაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 39 წლის მერაბ კობიაშვილი ყოფილი სამხედრო და აგვისტოს ომის მონაწილეა. შემთხვევა 16 თებერვალს მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, მეორე კი მძიმედ დაიჭრა..
„ჰოთნიუსმა“ აღნიშნული საქმის ექსკლუზიური დეტალები მოიპოვა. წყარო გვიყვება, რომ კონფლიქტი მკვლელობამდე რამდენიმე ხნით ადრე დაიწყო:
„ამ ფაქტამდე გარკვეული ხნით ადრე, გუდაურში მოხდა კონფლიქტი. ამ ადამიანებს მოუვიდათ კონფლიქტი ბელარუს ტურისტებთან. ტურისტებმა პროტესტი გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან ძვირი დაუფასეს და ძალიან არარეალური თანხა გადაახდევინეს. ბიჭებმა ტურისტები სცემეს და ბრალდებულმა ეს რომ დაინახა, უთხრა, ქართველები არ ხართ, როგორ შეიძლება, ტურისტების ასე უმოწყალოდ ცემაო?! ამის შემდეგ, მასაც დაემუქრნენ, შენც დედას გიტირებთო. დაახლოებით, ორი კვირის შემდეგ, ბრალდებული იმავე ბარში მივიდა და ის გაიყვანეს გარეთ და დაუწყეს ცემა. ის წავიდა და ასე ცემა-ცემით გაჰყვნენ. ბრალდებული წავიდა თავისი მანქანისკენ, რომელიც სახლთან იყო, რათა ამოეღო იარაღი და შეენახა სახლში, ღამე იყო. ისინი მანქანასთან მივიდნენ, თავს დაესხნენ და ამ დროს ბრალდებულმა გააკეთა გამაფრთხილებელი გასროლა ფეხის მიმართულებით. ტყვია ერთ-ერთ მათგანს ხვდება ფეხის თითში. ამის შემდეგ მან ფეხი აწია და მივარდა ბრალდებულს, სხვებიც დაესივნენ და ამ დროს მოხდა დანარჩენი გასროლა“.
საქმის დეტალებში უკეთ გასარკვევად, „ჰოთნიუსი“ ბრალდებულის ადვოკატს, ტარიელ კაკაბაძესაც ესაუბრა:
– ბატონო ტარიელ, პროკურატურამ დანაშაულის მოტივად შურისძიება დაასახელა, ეთანხმებით ამას?
– პროკურატურის მიერ მიცემული ეს კვალიფიკაცია არის არასწორი და არ შეესაბამება რეალობას. ეს, რა თქმა უნდა, არ იყო შურისძიება, ეს ყველაფერი მოხდა მის სახლთან, სადაც ეს ადამიანები სახლამდე ცემით მიჰყვნენ.
– ანუ, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოხდა გასროლა?
– მას მოკვლის განზრახვა არ ჰქონია და კვალიფიკაცია არის არასწორი. ნებისმიერ ადამიანს აქვს კანონით მინიჭებული უფლება, დაიცვას თავი და გადაარჩინოს საკუთარი სიცოცხლე და საკუთარი ჯანმრთელობა. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა გარდაიცვალა, რაც ჩემთვის და მთლიანად ერისთვის უდიდესი ტრაგედიაა, ყველამ ერთად ვნახეთ ვიდეოკამერის ჩანაწერები და ის, რომ ეს ადამიანი მიდოდა და ისინი მიჰყვებოდნენ და სცემდნენ მას. ცემა მიდიოდა სასტიკად და კადრებში ხედავთ, როგორ დაუნდობლად ურტყამენ მას, ერთ-ერთ მათგანს რაღაც საგანი უჭირავს ხელში, როემლსაც თავის არეში ურტყამს. ასევე ნახეთ, როგორი მძიმე დაზიანებები აქვს მას. ექიმებმა გუშინ გვითხრეს პასუხი, რომ ერთი თვალი დიდი ალბათობით, გადარჩება. საერთოდ, გადარჩებოდა თუ არა, ისიც არ ვიცოდით. ასევე მას აქვს დაზიანებები ხელის არეში, ფეხებზე და კიდევ არაერთგან სხეულზე.
_ საინტერესოა, რატომ არ მიმართა მან პოლიციას, როცა მას თავს დაესხნენ?
_ ეს ადამიანი ცდილობდა მათ გარიდებოდა და სახლის მიმართულებით წავიდა იმიტომ, რომ ამ ადამიანებისგან შორს ყოფილიყო და თავი დაეცვა, უსაფრთხოდ ეგრძნო თავი. თუმცა, იქაც მიჰყვნენ. ის ვერსია, რომ თითქოს მან შურისძიების მიზნით ამოიღო იარაღი, არის სრული აბსურდი იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ხდება არა მისი სახლიდან მოშორებით, არამედ მის სახლთან. წარმოიდგინეთ, ცემით მიჰყვებიან და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევენ, უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენეს ეს ადამიანი. ალბათ, ნებისმიერი ადამიანი ამდენსაც კი ვერ მოითმინა, რაც მან რეალურად მოითმინა. კარგად ნახეთ კადრებში, რომ ყველა მხრიდან ესხმის თავს რამდენიმე ადამიანი მას ერთდროულად.
_ ანუ, იმიტომ არ მიმართა პოლიციას, რომ მას არ უნდოდა სიტუაციის გართულება და სურდა, გარიდებოდა მათ?
_ როგორც ჩანს, მისი მთავარი მიზანი იყო ის, რომ გარიდებოდა სიტუაციას, მოშორებოდა ამ ადამიანებს და თავი უსაფრთხო გარემოში გადაეყვანა. პოლიციაში მისვლის საშუალებაც კი არ ჰქონდა. ძალიან რთულია, როცა დაახლოებით 5 კაცი გცემს და ტვინის შერყევა გაქვს მიღებული, ხარ უმძიმეს მდგომარეობაში, განჭვრიტო სწორად, პოლიციაში როგორ, რა მომენტში უნდა მიხვიდე. ძალიან რთულია, ასეთ ექსტრემალურ ვითარებაში მიიღო ადეკვატური, სწორი და აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილებები და არ დაუშვა შეცდომა.
_ ბატონო ტარიელ, ბრალდებულს იარაღის ტარების უფლება ჰქონდა?
_ მას ჰქონდა კანონით იარაღის ტარების უფლება. ის არის ცნობილი სამხედრო, აგვისტოს ომის გმირი. ნამყოფია მისიებით ერაყსა და ავღანეთში. ის ყოველთვის იდგა საქართველოს ინტერესების სადარაჯოზე. არის უდიდესი პატრიოტი თავის ქვეყნის. აგვისტოს ომში დაზიანებული ფეხით იბრძოდა და აკეთებდა ყველაფერს, რომ დაეცვა სამშობლოს ინტერესები. ასეთ ღირსეულ ადმაიანთან გვაქვს საქმე. ეს ადამიანი მკვლელი, კრიმინალი და დანაშაულისკენ მიდრეკილი ნამდვილად არ არის. როდესაც მან დაინახა საფრთხე, რომ ეს ადამიანები მას მიჰყვებოდნენ, გააკეთა ერთი გამაფრთხილებელი გასროლა. თვითონ, სამწუხაროდ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ახლაც კი უჭირს საუბარი ყველა დეტალთან დაკავშირებით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და მთელს ქვეყანას ამ უდიდეს და სამწუხარო ტრაგედიას.
ჰოთნიუსი
კომენტარები