ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი ადასტურებს, რომ ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონი ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი, ნარეკვავში გამართულ იმ წვეულებაზე იმყოფებოდა, რომელი წვეულების შემდეგაც, გიორგი შაქარაშვილი გარდაიცვალა.
“კურიერთან” ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი საუბრობს:
“დაველოდებით შესაბამის უწყებებს, ექსპერტიზას და გამოძიება იტყვის ობიექტურ ჭეშმარიტებას. ის ვიცი უბრალოდ, რომ ვესაუბრე მის პირად მწვრთნელს და გიგა საკუთარი ავტომობილით იმყოფებოდა იქ. ამ ეტაპზე სხვა ინფორმაციას არ ვფლობ. მწვრთნელმა მითხრა, რომ შენიშვნასაც არ ვაძლევდი, ისეთი განვითარებული და ჭკვიანი ბავშვიაო”
ტატიაშვილის წვეულებაზე ყოფნასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ერთი ვერსიით, ის იყო ნარეკვავში დაბადების დღეზე და თავად დაურეკა “ნახალოვკელ” უბნელებს, რომ მის დასახმარებლად ჩასულიყვნენ, მეორე ვერსიით კი ის წვეულებაზე არ ყოფილა, დაურეკეს და იმ ადამიანებთან ერთად ჩავიდა მცხეთაში, რომლებიც “ტოიოტას” მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ.
რაც შეეხება ტატიაშვილის პირად მწვრთნელს, ლევან ნოზაძე ადასტურებს, რომ ძიუდოისტი დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდა: “ვიცი რომ კლასელის დაბადების დღე ყოფილა. ვინ რომელ მანქანაში იჯდა და ასეთი დეტალები ნამდვილად არ ვიცი”
კომენტარები