აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 13 მარტს კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომაროება გამოაცხადა. ცნობილი ხდება, რას ითვალისწინებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განკარგულება.
1. აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულებით, საგანგებო სიტუაციების ფონდიდან გამოიყოფა 50 მილიარდი დოლარი და ყველა საავადმყოფო გაააქტიურებს საგანგებო სიტუაციების გეგმას.
2. აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტისა და მის ხელმძღვანელის უფლებამოსილება გაფართოვდება და მას ექნება უფლება, გადახედოს სამედიცინო მომსახურების წესებს და შეამსუბუქოს რეგულაციები.
3. გადაიხედება ექიმების ლიცენზირების კანონმდებლობა, რაც ყველა ექიმს მისცემს საშუალებას, იმუშაოს ყველა შტატში. ამავე დროს, კანონი შემსუბუქდება საავადმყოფოებისთვისაც და მათ ექნებათ საშუალება, თავად განსაზღვრონ, როგორ და სად გაუწევენ სამედიცინო დახმარებას პაციენტებს.
4. ასევე, უფრო მეტ მოქალაქეს შეეძლება, ექიმთან კონსულტაცია დისტანციურად გაიაროს.
5. მომდევნო კვირაში ხელმისაწვდომი იქნება კორონავირუსის 500 000 ტესტი, ხოლო ადგილები, სადაც მოქალაქეების ტესტს გაივლიან, კვირას გახდება ცნობილი.
6. აშშ-ის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ერთ თვეში ხელმისაწვდომი გახდება ხუთი მილიონი ტესტი. ასევე, გაიხსნება ექსპრესლაბორატორიები, სადაც მოქალაქეებს მანქანიდან გადმოსვლის გარეშე შეეძლებათ ტესტის გაკეთება. ამასთან, მთავრობა არ ურჩევს ტესტის გაკეთებას მათ, ვისაც კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნება.
7. ტრამპის თქმით, მთავრობა თანამშრომლობს კომპანია „გუგლთან“, რომელიც შექმნის ვებპლატფორმას, სადაც მოქალაქეებს შეეძლებათ, მიიღონ ინფორმაცია, თუ სად შეიძლება ვირუსზე ტესტის გაკეთება.
8. მოხუცთა თავშესაფრებში მნახველების მიღება აიკრძალება.
9. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ სტუდენტურ სესხებზე პროცენტები დროებით გაუქმდება, რადგან აშშ-ში უნივერსიტეტებისა და კოლეჯების ნაწილი დახურულია.
10. ტრამპის თქმით, აშშ ისარგებლებს ნავთობის გაუფასურებით და შეისყიდის მარაგისთვის.
1tv.ge
კომენტარები