რას შეცვლის ჯო ბაიდენის პრეზიდენტობა მსოფლიო პოლიტიკაში? რას მოუტანს ამერიკის ახალი პრეზიდენტი საქართველოს? რას უნდა ელოდოს ხელისუფლება ამერიკის ახალი მმართველისგან?
ამ და სხვა საკითხების შესახებ, „ალია“ ექსპერტს საერთაშორისო საკითხებში, სოსო ცინცაძეს ესაუბრა.
– ბატონო სოსო, დიდი აურზაურის თანხლებით ჩატარდა აშშ-ს არჩევნებიც. იყო გაყალბების ფაქტები ბაიდენის სასარგებლოდ. ტრამპი არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, მისი მომხრეები არეულობით იმუქრებიან.
– ჯო ბაიდენმა მოიგო ეს არჩევნები. ამერიკაში ამხელა უპირატესობით არც ერთ მოქმედ პრეზიდენტს არ წაუგია არჩევნები. კი, გაასაჩივრა ტრამპმა რამდენიმე შტატის შედეგები, ზოგან ხელახლა ითვლიან ხმებს, მაგრამ ეს ბევრს არაფერს შესცვლის. უკეთეს შემთხვევაში, შესაძლოა, სხვაობა შეამციროს ბაიდენთან. თან ჯერ ისიც გასარკვევია, იმ სამ შტატს – ჩრდილოეთ კაროლინას, ალიასკას და ჯორჯიას მოიგებს თუ არა ტრამპი. ოთხ შტატში სასამართლომ არ მიიღო ტრამპის საჩივარი, უკან გადმოუყარეს ის მტკიცებულებები, რაც მისმა ადვოკატებმა წარადგინეს – ეს მტკიცებულებები არ სცნო სასამართლომ არჩევნების გაყალბების ადეკვატურ ფაქტებად. ვეღარაფერი უშველის ტრამპს. ვერც საჯაროდ დანიშნული 400-კაციანი ბანკეტი თეთრ სახლში, ვერც ხმების ხელახლა დათვლა და ვერც სასამართლო. რომც მოიგოს რამდენიმე შტატში და სასამართლომ გამარჯვებულად სცნოს, რომ შემოატრიალოს რამდენიმე შტატში სიტუაცია, სადღეისოდ, 76 ხმით იგებს ბაიდენი და ამერიკის ისტორიაში ჯერ არ მომხდარა, ამხელა უპირატესობა „ამოექაჩოს“ აუტსაიდერ კანდიდატს. არც ამჯერად მოხდება, დამიჯერე. აგერ, ტრამპის მეგობარი ტელევიზია „ფოქს ნიუსიც“ კი დიდად არ აპროტესტებს ამ შედეგებს.
– რამ განაპირობა ტრამპის მარცხი?
– ტრამპმა პრეზიდენტობის პერიოდში ბევრი გადაიკიდა. ამ „გენიოსმა“, გაპრეზიდენტების შემდეგ, პირველი, რაც გააკეთა, მედია და ჟურნალისტები გალანძღა, მთელი ამერიკული მედია გადაიკიდა და დარჩა „ფოქს ნიუსის“ იმედად. ეს იყო სიბრიყვე.
– ისე, ჩვენმა ხელისუფლებამაც გადაიკიდა მთელი მედია, ჟურნალისტების ლანძღვის მეტს არაფერს აკეთებენ და ტელეკომპანია „იმედის“ იმედად დარჩნენ.
– კი, ამაში ჰგავს ჩვენი ხელისუფლება ტრამპს, „იმედია“ მათი „ფოქს ნიუსი“ და ასე შორს ვერ წავლენ. ამერიკის არჩევნებს დავუბრუნდეთ. პირდაპირ ვიტყვი, ტრამპის მხარდამჭერები იყვნენ, უმეტესად, პატრიოტი, მაგრამ გაუნათლებელი ამერიკელები, კოვბოები, კონსერვატორები, რომლებიც ჩაკეტილ ამერიკას უჭერდნენ მხარს. უმთავრესად იმ შტატებში მოიგო ტრამპმა, სადაც რასიზმი ზღვარზეა. უმაღლეს განათლებულთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ბაიდენს მისცა ხმა. მათ ხმა მისცეს პროგრესს და ძლიერ ამერიკას, ღია და არა კარჩაკეტილ ამერიკას. ტრამპმა, ლუკაშენკოსი არ იყოს, მოაბეზრა ხალხს თავი. ლუკაშენკომ თავისი დიქტატორული მართვით, ტრამპმა მართვის ექსტრავაგანტული მეთოდებით. ხალხს ამერიკაში უნდოდა ცვლილებები და მოახდინეს კიდეც ეს ცვლილებები. ახლა დარბიან ტრამპის მომხრეები იარაღით და არეულობით იმუქრებიან, მანამდე, დამარცხების შემთხვევაში, ნიუ–იორკის გადაწვით ბაიდენის მომხრეების იმუქრებოდნენ. ასეთი მძიმე არჩევნები არ ყოფილა ამერიკაში. თუმცა, ახლა აღარაფერი შეიცვლება. იქ არც ხავერდოვანი რევოლუცია მოხდება და არც სხვაგვარი. არც სამოქალაქო ომი იქნება, როგორც ზოგიერთი ვარაუდობს.
– 2000 წლის ისტორია ხომ არ გამეორდება, როდესაც დემოკრატი ელ გორი 45 დღე ზეიმობდა არჩევნებში გამარჯვებას და ბოლოს რესპუბლიკელ ჯორჯ ბუშთან მაინც დამარცხდა?
– საინტერესო ამბავი გაიხსენე. ელ გორი იგებდა არჩევნებს, მაგრამ ფლორიდაში მოხდა ხმების ხელახლა გადათვლა და ჯორჯ ბუშმა მოიგო. ფლორიდის გუბერნატორი მაშინ ბუშის ძმა, ჯეფ ბუში იყო და არავის აზრად არ მოსვლია ეთქვა, რომ ძმა დაეხმარა ჯორჯ ბუშს ხმების გადათვლისას და შედეგებზე გავლენა მოახდინა. ამგვარი რამ არ მოხდება.ელ გორი მცირე უპირატესობით უგებდა ბუშს. მართალია, ელ გორმა სახალხო არჩევნები მოიგო, თუმცა ჯორჯ ბუშმა ის ამომრჩეველთა კოლეგიაში დაჯაბნა. არჩევნებიდან სამ კვირაში ფლორიდაში გამარჯვებულად ჯორჯ ბუში გამოცხადდა, რომელმაც ამომრჩეველთა კოლეგიაში დამატებით 25 ხმა მიიღო. ამით კი მან მთლიანად საარჩევნო კოლეგიაში 271 ხმა მოაგროვა. თუმცა, ასეთი რამ აღარ მოხდება, იმდენად დიდი უპირატესობა აქვს ბაიდენს. შეუძლებელია, ეს სიტუაცია შემოტრიალდეს. წარმოუდგენელია, რომ მოქმედი პრეზიდენტი, ტრამპი ამბობს, ოპოზიცია ხმებს მიყალბებსო. ცოტა კომიკურიც არის.
– რა შეიცვლება ბაიდენის გაპრეზიდენტებით თავად ამერიკაში და მსოფლიოში?
– ამერიკაში ბევრი არაფერი შეიცვლება, რადგან, როგორც ჩანს, სენატში უმრავლესობას შეინარჩუნებენ „რესპუბლიკელები“ და კონგრესი იქნება გახლეჩილი. ეს რადიკალური ცვლილებების განხორციელების საშუალებას არ მისცემს ბაიდენს. თუმცა, მას ხელ–ფეხი ექნება გახსნილი საგარეო პოლიტიკაში. ბაიდენმა უკვე განაცხადა, რომ გახდება თუ არა პრეზიდენტი, იმავე დღეს აღადგენს ამერიკის წევრობას პარიზის გარემოს დაცვის ორგანიზაციაში. ბირთვული განიარაღების პროცესსაც განაახლებს ბაიდენი, რასაც ტრამპი, გამოეთიშა. ეს არ არის პატარა ამბავი, რაც ნაკლები ბირთვული საფრთხე იქნება, მით უკეთესი. აგრეთვე, ტრამპის მიერ მიღებულ კანონებს შეცვლის, მექსიკის კედლის აშენებასთან დაკავშირებით, შეარბილებს ტრამპის მიერ გამკაცრებულ საიმიგრაციო კანონებს, რასისტული ტენდენციები შესუსტდება მისი პრეზიდენტობის პერიოდში და ამას კანონებით გაამყარებს ბაიდენი. ამერიკის შავკანიანი მოსახლეობა, ვფიქრობ, გარკვეულ შეღავათებს მიიღებს. სავარაუდოდ, პირველ ეტაპზე, განათლების მიმართულებით. რაც მთავარია, ბაიდენი დაუბრუნდება ევროპასთან ახლო მოკავშირეობას, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ევროპა როგორც კი მარტო დარჩა, ტრამპის პოლიტიკის გამო, ვეღარავისთვის ვეღარ იცლიდა, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ვეღარ იღებდნენ ევროპის ქვეყნები ცალკე და ევროკავშირი – ცალკე. ევროპა თავის პრობლემებში ჩაერთო და იმასაც ძლივს უმკლავდებოდა. შეიძლება ითქვას, მსოფლიო ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა ტრამპმა. ტრამპი იყო ლირიული გადახვევა, ფასეულებების და ღირებულებების ფონზე, არ იყო ნაღდი ამერიკელი. ამერიკის არც ერთი პრეზიდენტი არ უყურებდა ისე ცინიკურად ამერიკის დამფუძნებელი მამების, ჯეფერსონის, ჰამილტონის, გრანტის, ვაშინგტონის იდეებსა და ფასეულებებს, როგორც ტრამპი. ჩვენთვის და ჩვენნაირი ქვეყნებისთვის, ბაიდენი უკეთესია.
– რატომ არის უკეთესი, ბატონო სოსო, რას მოგვიტანს ბაიდენის პრეზიდენტობა?
– უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს ჩვენნაირ ქვეყნებს, თან, სტრატეგიული პარტნიორები ვართ და ტრამპის პრეზიდენტობისას, ამას გრძნობდა ვინმე? ცხადია, არა. მივიწყებული ვიყავით ამერიკისგან, ისევე, როგორც ბევრი სხვა ქვეყანა. პირდაპირ ვთქვათ, ტრამპისთვის ისრაელის გარდა, არ არსებობდა გარე სამყარო. არავის რომ არ უფიქრია, ადგა და იერუსალიმი აღიარა ისრაელის დედაქალაქად, სამი რელიგიის ფუძემდებელი ქალაქი და ამით, სამომავლო კონფლიქტებს დაუდო სათავე.
– მსხვილ ფინანსურ დახმარებას აღგვიდგენს ამერიკა? კიდევ ის მაინტერესებს, ანაკლიის პორტის საუკუნის პროექტი ხომ არ გაცოცხლდება?
– ანაკლიის პორტი მართლა საუკუნის პროექტია საქართველოსთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი გაცოცხლდება, ეს მეც მადარდებს. ამას არ ველოდები ბაიდენის პრეზიდენტობის პირველ წელს, მერე კი ეს საკითხი გააქტიურდება. ვინც არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებაში, ამერიკის ახალი პრეზიდენტი, მისი ადმინისტრაცია, პირდაპირ ვთქვათ, აიძულებენ დააჩქარონ პორტის მშენებლობა. ტრამპს რომ არ მოეგო 2016 წლის არჩევნები და ჰილარი კლინტონს მოეგო, დღეს ეს პორტი აშენებული იქნებოდა. კი, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, ამერიკას საკუთარი სტრატეგიული და სამხედრო ინტერესები აქვს, მაგრამ ეს პორტი ქართული ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. პორტი როდესაც აშენდება, ჩვენი ეკონომიკა მყარად დადგება ფეხზე. ფინანსური დახმარებები, დარწმუნებული ვარ, გაიზრდება. ამერიკას უზარმაზარი რაოდენობის თანხა აქვს მოცემული ჩვენთვის და ეს გაგრძელდება. მართალია, დღეს ამერიკასაც უჭირს, ეკონომიკურ კრიზისშია, მაგრამ ნეტავ, ჩვენ გვაცხოვრა ეგეთ კრიზისში. კი, არ ულხინთ, მაგრამ არა ისე, რომ ჩვენ არ დაგვეხმარონ. თუ ეს პანდემია გაგრძელდა, ამაშიც დაგვეხმარებიან, ფინანსურადაც, სამედიცინო–ტექნიკური საშუალებებითაც და თუ ვაქცინა ან წამალი გამოიგონეს, არც მას დაგვამადლიან. ყველაფერს თავი დავანებოთ, ბოლო მოეღება ამერიკის იზოლაციონიზმს. ეს, იზოლაციონიზმის კანონები, 6 კანონი, რომლებიც ქადაგებდა ლოზუნგს – „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“! – გააუქმა რუზველტმა, მე–2 მსოფლიო ომის დაწყების წინა პერიოდში და ტრამპმა გააცოცხლა. ტრამპმა ამერიკას დაუკარგა ის ფუნქცია, რომელიც რუზველტმა, ტრუმენმა და ეიზენჰაუერმა მოუპოვეს ამერიკას. ეს იყო მსოფლიოს ლიდერი ქვეყნის ფუნქცია.
– ჩვენი ლიბერალი პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერები, ზეიმობენ ბაიდენის გამარჯვებას. იმედი აქვთ, რომ „დემოკრატები“ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას აიძულებენ, წავიდეს და მათ მოიყვანს ხელისუფლებაში.
– არა, არა, ეგრეც არ იქნება საქმე. მელას რაც ესიზმრებოდა, ის ელანდებოდაო, ეგრეა მაგათი საქმე. მთავარი ავიწყდებათ. ლიბერალურ იდეებზე დამყნობილი „ნაცმოძრაობა“ სწორედ მაშინ წავიდა ხელისუფლებიდან, როდესაც ბარაკ ობამა იყო პრეზიდენტი, ვიცე–პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კი, საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას პირდაპირ უთხრა მიხეილ სააკაშვილს, რომ ხელისუფლება მშვიდობიანი გზით სხვას უნდა გადააბაროო. მანამდე, იგივე ობამას სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა უთხრა სააკაშვილს, აჭარაში თუ არ ვცდები. ზაფხულამდე ამერიკა ვერ მოიცლის ჩვენთვის. ჯერ ხელისუფლება აქვს დასაკომპლექტებელი და სხვა უამრავი საზრუნავიც აქვს ბაიდენს. ჯონ კენედი რომ გახდა პრეზიდენტი, ის ჩიოდა, სად ვიშოვნო 100 პატრიოტი, წესიერი და გონიერი ამერიკელი, რომ მათთან ერთად ვმართო ქვეყანაო. მართლაც, პოლიტიკაში ბევრი ვერ მოძებნა ასეთი და სამეცნიერო ინტელიგენციაში აღმოაჩინა ასეთები, უნივერსიტეტის პროფესორებს ჩააბარა უამრავი საკვანძო თანამდებობა. ეს პრობლემა ბაიდენსაც უდგას ახლა და უფრო მეტი სიმწვავით. გარდა მაგისა, ამ 4 წელიწადში ტრამპმა ბევრი ნაგავი დააგროვა და მისი გატანა უნდა დაიწყოს ბაიდენმა. თუმცა, სამხრეთ კავკასია და საქართველო კვლავ რჩება ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებში და ჩვენთვის მალე მოიცლიან. არა მგონია, დაუპირისპირდეს ივანიშვილის მთავრობას ბაიდენის ადმინისტრაცია. ვფიქრობ, ამერიკა მოსთხოვს ჩვენს ხელისუფლებას, პოლიტიკური და სხვა სახის რეპრესიების შეწყვეტას, რაც პოლიტიკური პერსონების დაჭერებში, პოლიტიკური ოპონენტების დევნაში, მოსმენებში გამოიხატება. ამას აქამდეც აკეთებდნენ ცალკეული „რესპუბლიკელი“ და „დემოკრატი“ სენატორები და კონგრესმენები, მაგრამ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას თავი არ გამოუდია მათსავით. ბაიდენის ადმინისტრაციას ამგვარ ფაქტებზე მკაცრი რეაქცია ექნება. შეიძლება ითქვას, მეტ დემოკრატიულობას მოსთხოვს ჩვენს ხელისუფლებას ამერიკის ახალი ხელისუფლება. კარგი, რა, ლევან, ელექტროშოკერებით სახელმწიფო გადატრიალებისა არავის არ სჯერა, ისევე, როგორც „საბურავების რევოლუცია“ იყო გამოგონილი და სისულელე. კაცი დავბერდი პოლიტიკის სწავლაში და ჯერ არ გამიგია, სადმე, ვინმეს ელექტროშოკერებით სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოს. ჩვენი ხელისუფლების ასეთ სულელურ ბრალდებებზე, ამერიკას ადეკვატური და მკაცრი პასუხი ექნება. ესენი იმდენს ვეღარ გაბედავენ, რამდენსაც ბედავდნენ. ამერიკა გამოდის იზოლაციიდან და კვლავ დაიბრუნებს მსოფლიოში დემოკრატიის დამკვიდრებლისა და მფარველის სტატუსს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ამერიკას მსოფლიოს პოლიცია დაარქვეს. ამ სტატუსსაც დაიბრუნებს. პოლიცია კი წესრიგს ამყარებს. რუსეთის გავლენის გაძლიერებას საქართველოში, ამერიკისა უნდა გვერჩიოს. რუსეთი გართმევს და სანაცვლოდ არაფერს გაძლევს, ამერიკა კი, თუ რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივი ინტერესებით ვმოქმედებთ, გვეხმარება და რაღაც კომპენსაცია გვაქვს. თან, იმ რუსეთის დასუსტება, ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის. ჰო, არ არის გამორიცხული, ელჩი შეცვალოს ამერიკამ საქართველოში. ბევრია იქნება იმაზე დამოკიდებული, ვინ იქნება ამერიკის სახელმწიფო მდივანი და მისი მოადგილე, რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიას გაუწევს კურატორობას. თავის დროზე, ამ პოსტზე დენიელ ფრიდი რომ იყო, მან ბევრი გააკეთა ჩვენთვის.
– ბაიდენი ცნობილი რუსოფობია და საქართველოს ხომ არ გამოიყენებს ამერიკა რუსეთთან დასაპირისპირებლად? რუსეთთან ხელახალი კონფრონტაცია კარგს არაფერს მოგვიტანს.
– არა, დაპირისპირების მუხტი შემცირდება და სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვაზე გადავა მთავარი აქცენტი. არა მგონია, საქართველოში, რუსეთთან მიმართებაში, რადიკალურად შეიცვალოს რაიმე. ამას უფრო უკრაინაში ველოდები. ბაიდენი უშუალოდ კურირებდა უკრაინას, იქაურ რევოლუციას და შემდგომ პროცესებს.
– ამ არჩევნების გაყალბებაზე, ბაიდენის არჩევის შემდეგ, უფრო ხისტ პოზიციას ხომ არ დაიკავებს ამერიკა?
– არა, ახლა აღარაფერი შეიცვლება, ბაიდენს ჯერ ქვეყნის შიგნით აქვს პრობლემები დასალაგებელი. თუმცა, თავის დროზე, ჰილარი კლინტონს რომ მოეგო საპრეზიდენტო არჩევნები და არა ტრამპს, ამას ვერ გაბედავდა ივანიშვილის ხელისუფლება. ერთსაც ვიტყვი – დღეს ნატო–სთან ბევრად უფრო ახლოს ვიქნებოდით.
ლევან ჯავახიშვილი, ალია
კომენტარები