რესტორნებისა და კაფე-ბარების გახსნის მოთხოვნით, ბულგარეთში საპროტესტო აქცია გაიმართა.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, აქციაში რესტორნებისა და კლუბების მფლობელები, ასევე მიმტანები და ბარმენები მონაწილეობდნენ.
დაახლოებით 1 500 ადამიანი დღეს მთავრობის შენობის წინ შეიკრიბა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მათთვის მუშაობის შესაძლებლობის მიცემისა და დაგვიანებული კომპენსაციების გადახდისკენ მოუწოდა.
ბულგარეთში ინფიცირების მაჩვენებლის შემცირების ფონზე, საშუალო სკოლების, სავაჭრო ცენტრებისა და სავარჯიშო დარბაზების თებერვლიდან გახსნის გადაწყვეტილება მიიღეს. თუმცა, მთავრობის გადაწყვეტილებით, რესტორნების, ბარებისა და კაფეების გახსნა კიდევ ერთი თვით გადაიდო. ქვეყანაში ღამის კლუბები შესაძლოა, მარტის შუა რიცხვებიდან გაიხსნას, თუ ინფიცირების დაბალი მაჩვენებლი შენარჩუნდება.
„ჩვენ ორ არჩევანს ვხედავთ: ერთი არის მუშაობა და მეორე -საკმარისი კომპენსაციის მიღება დახურული ბიზნესისთვის. ფულის გარეშე დარჩენის შესაძლებლობა არ არსებობს“, – განაცხადა ერთ-ერთი კლუბის მფლობელმა.
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, კორონავირუსის მესამე ტალღის თავიდან ასაცილებლად, რომელმაც შესაძლოა, კიდევ უფრო მკაცრი კარანტინი გამოიწვიოს, შეზღუდვები ამ დროისთვის ძალაში უნდა დარჩეს.
„ჩვენ თანდათან ვამსუბუქებთ შეზღუდვებს, რიცხვების მიხედვით. მე ეს ნათლად ავხსენი. ჩვენ გვესმის მომიტინგეების, ამიტომაც მოვიფიქრეთ მხარდაჭერის განსხვავებული სქემები“, – განაცხადა ბოიკო ბორისოვმა.
კომენტარები