ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველი, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა, სახლში განიკურნა. ზაზა მესხმა ვირუსი მეუღლეს და ოთხს შვილსაც გადასდო. როგორც იგი „მთავარ არხთან“ საუბრისას ყვება, ოჯახის წევრებს ექიმები კონსულტაციას ტელეფონის საშუალებით უტარებდნენ.
ზაზა მესხი ვირუსის დაწყებას და განვლილ ეტაპებს იხსენებს.
„თავიდან სისუსტეს ვგრძნობდი, ენერგია საერთოდ არ მქონდა. სიცხე არ მქონდა, მაგრამ თავს ცუდად ვგრძნობდი, პირველ მარტს უკვე დამეწყო მაღალი სიცხე, ციება, სუნთქვის გართულება, მშრალი ხველა. 3 დღე 40-ზე მეტი სიცხეც მქონდა.
პირველად სიცხე დაეწყო ჩემს მეუღლეს, მაგრამ ვფიქრობ, ოჯახში ვირუსი ჩემი შემოტანილი იყო. შემდეგ უკვე ბავშვებსაც გადაედოთ.
პირველი ფაზა იყო სანამ სიცხე მექნებოდა, მეორე კვირა მაღალი სიცხე და ციება, მესამე ფაზა, რომელიც ორ კვირას გაგრძელდა იყო ხველება. ასევე, ვერ ვგრძნობდი გემოს და ყნოსვას“,- ამბობს იგი.
მისივე თქმით, ჰოლანდიაში ექიმები თავს არიდებენ პაციენტების სამედიცინო ცენტრებში მოთავსებას და თუ საგანგაშო მდგომარეობა არ არის, ამის აუცილებლობას ვერ ხედავენ.
„გამოკითხვა ხდება, თუ ასკვნიან, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმე არ არის, რომც უთხრა, რომ 40 გაქვს სიცხე, ექიმი ამაზე არ რეაგირებს. როდესაც ოჯახის ექიმთან წავიყვანე ჩემი გოგონა, არცერთი პაციენტი არ იყო. ამით ალბათ იმ სიტუაციის თავიდან აცილება უნდათ, რაც სხვა ქვეყნებში ხდება“,- ამბობს ზაზა მესხი.
იგი ყველას მოუწოდებს, რომ არ შეშინდნენ და რაც მთავარია, სახლში დარჩნენ.
„ეს არის მძიმე გრიპი, ხალხს მინდა ვუთხრა, რომ არ შეშინდნენ. მედიკამენტს არაფერს ვიღებდი, ინჰალატორს ვიღებდი და პარაცეტამოლს. ჩემი გოგონა სვამდა ანტიბიოტიკს, რადგან პნევმონია ჰქონდა. ყველაზე ცუდი რა შეიძლება მოხდეს, ეს არის პანიკა. დარჩით სახლში, დაიცავით მოხუცი ხალხი. ნუ დაატერორებთ ექიმებს და დანიშნულების გარეშე ნუ მიიღებთ ანტიბიოტიკებს“,- აღნიშნავს ზაზა მესხი.
„პრაიმტაიმი“
კომენტარები