გიორგი ჯავახაძე, ალია
სანამ მიხეილ სააკაშვილი ციხეში ეკონომიკურ გეგმას წერს და ბიძინა ივანიშვილი უხმოდ დადის გამოჩენილ პირთა სამძიმარზე სამებაში, 16 იანვარს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირმა თავი მოიკლა. ის სანატორიუმ “ქართლში” ცხროვრობდა სხვა დევნილებთან ერთად. შეგახსენებთ, დევნილების თქმით, პირდაპირი გაგებით, ჭერი ენგრევათ თავზე და რამდენიმე პირს თავშიც კი მოხვდა უკვე. მათ სახლებში ღამის გათევის ეშინიათ. 30 დეკემბერს დევნილებმა გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა, მათ პოლიციამ ამის უფლება არ მისცა. მოგვიანებით, არაერთი აქცია გამართეს, ითხოვდნენ ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას, თუმცა, ჯანდაცვის ახალმა მინიტრმა, აზარაშვილმა, მათთან მოადგილეები გაუშვა მოსალაპარაკებლად.
რა უნდა ეთქვათ მინისტრის მოადგილეებს დევნილებისთვის? – ცოტაც მოითმინეთო? ისედაც წლებია ითმენენ, ჯერ კიდევ 2016 წელს, წინასაარჩევნოდ, ქართული ოცნების მაშინდელი კანდიდატი, მიხეილ ყაველაშვილი დაპირდა დევნილებს, აი, ახლა დეპუტატად მოვალ და გეშველებათო…
ისე, ეშველოს ჩვენ მტერს…
ხოდა, რა უნდა მოესმინათ ახალი დევნილებს მინისტრის მოადგილისგან? ყველა დაპირება მოსმენილი აქვთ, ამიტომ სრულიად კანონზომიერად ითხოვდნენ მინისტრთან შეხვედრას. მოგვიანებით, მინისტრის მოაგდილემ განაცხადა, მე მათ დავპირდი წლის ბოლომდე ბინებს, მანამდე კი ქირით გაყვანა შევთავაზეო… არ დათანხმდნენ დევნილები ქირით გაყვანას, რადგან ამდენი ტყუილის მერე, აღარ სჯერათ, რომ ან ქირას გადაუხდის ვინმე, ან ბინის გარეშე არ დატოვებს. მოითხოვეს პრემიერთან შეხვედრა და როგორც ჰყვებიან, პრემიერის ადმინისტრაციას მათთვის უბრძანებია, წერილი უნდა დაწეროთ პრემიერი სახელზეო. თავად სოციალური ქსელით, პოსტებით ავრცელებენ განცხადებებს – ხელმოუწერელს და ბეჭედდაურტყმელს, თან ბუსტავენ და ხალხმა, თურმე, განცხადება უნდა დაუწეროს და ხელი მოუწეროს, ისე ვერ შეხვდება.
ხოდა, ეს წერილი იქნება პრემიერ ღარიბაშვილის სახელზე:
საქართველოს პრემიერ-მინისტრს,
ირაკლი ღარიბაშვილს
(პირდაპირ ხელში)
ბატონო ირაკლი, არ გცოდნიათ თქვენ და დევნილებს ჭერი ენგრევათ თავზე, თქვენი დანიშნული მინისტრი კი მათთან შეხვედრასაც არ/ვერ ახერხებს. არც ის გეცოდინებათ, მოსულნი რომ იყვნენ 14 იანვარს, კალანდას დევნილები თქვენ სანახავად და კარიც არ გაუღეთ, წერილი დამიწერეთო, შეუთვალეთ. არც ის გეცოდინებათ, დღეს რომ ადამიანმა, რომელმაც რუსის ჩექმას გამოასწრო, თბილისში, მთავრობის უმოქმედობით გაბეზრებულმა, ცოცხლად დამარხვის “პერსპექტივით” დაშინებულმა, იმედების მსხვრევის მერე, თავი რომ მოიკლა. არც ის გეცოდინებათ, სანამ ამას გააკეთებდა, მანამდე რომ აანონსებდა სიმაღლიდან გადმოხტომას, თუ კიდევ უსახლოდ და უჭეროდ დარჩებოდა. არც ის გეცოდინებათ, არც სოციალური სამსახური, არც ფსიქოლოგი რომ არ მისულა ადგილზე და უმუშავია. აბა, მართლაც და რა იცით, თქვენმა მზემ?
ის იცით, ბატონო ირაკლი, ჯანდაცვის სამინისტროში “ღარიბას სასტავი” შედისო, რომ საუბრობენ უკვე ღიად? ტიკარაძის მიყვანილ ხალხს პანტა-პუნტად ხსნისო, რომ ყვებიან, ეგ იცით? ჯანდაცვის სამინისტროს ღარიბაშვილის კლანი ეპატრონებაო, ეგეც არ იცით, ხო? ა, თქვენ კლანი სად გყავთ, ბატონო ირაკლი, თქვენ და სასამართლოს კლანი სად გყავთ – ნწუ, ნწუ, ნწუ.
თურმე, ნუ იტყვით და, ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს თავისი კადრებისთვის, უკვე მოხსნილი, თუ მოსახსნელად გამზადებულებისთვის, შეუთვლია, ცოტაც მოითმინეთ, 3 თვე მომეცით, ახალ სამინისტროს ჩავუდგები სათავეში და ყველას წაგიყვანთ, არ დაგტოვებთ უპატრონოდო, სიტყვა-სიტყვით რომ ვთქვათ, “ღარიბაშვილის “ხიშნიკების” ხელში არ დაგტოვებთო”, მართლა ისე კი არ არის საქმე, რომ ივანიშვილმა უმუშევარი დამტოვოსო. გარდა ამისა, როგორც ასევე კულუარულად გვაცნობეს, ისე მოხდა, რომ ჯანდაცვა კი დაიმორჩილეთ, თურმე სუს-ი არაა თქვენ მხარეს, არ მოსწონხართ სუს-ს და ნეტა რატომ? როგორც გვიყვებიან, ტიკარაძე თავის მომხრეებში ამბობს, თურმე, რომ სუს-ი მის მხარესაა და სულაც არ გაუჭირდება თქვენი დარწმუნება, რომ თქვენივე ხელით აიყვანოთ ეკატერინე, რომელიმე სამინისტროს, მაგალითად, იუსტიციის სამინისტროს კვარცხლბეგზე. არც ის იცით, ბატონო ირაკლი, სუს-ს რა გზით შეუძლია თქვენი დარწმუნება? ბოროტი ხმები ამბობენ, რომ თქვენზე და თქვენ კლანზე კომპრომატებია ოხრად – არ არის ასე? ხო, ისიც ვიცით, რომ სუს-ის უფროსის შეცვლა გსურთ, მაგრამ სუს-ის უფროსები მიდიან და მოდიან და კომპრომატები, როგორც ვნახეთ, არსად ქრება. ვნახოთ, ვნახოთ.
იკითხავს ახლა მკითხველი, რად უნდა ღარიბაშვილს ჯანდაცვის სამინისტრო, რა თავში იხლისო, საქმე ისაა, რომ მომდევნო ორი წლის მანძილზე სამინისტროს მილიარდი ლარის გაცემა შეუძლია – მშენებლობებში. 13 000 ბინა უნდა ააშენოს დევნილებისთვის, აქედან 7 000 თბილისში და 6 000 რეგიონებში. როგორც კულუარულად გვიყვებიან, იქნება ატკატებიც (თუ ბინის მშენებლობა დაჯდება 30 000, ხარჯი დაითვლება 60 000-ად და 30 ათასს უკან მოაცუნცულებს მშენებელი) და + იქნება სამშენებლო კომპანიები, რომელთა უკანაც მაღალჩინოსნები იდგებიან. ასე გვიყვებიან ბატონო პრემიერო და არ არის ასე? გიგონებენ?
შეგიძლიათ პასუხი თქვენც წერილობით გვაცნობოთ, ბეჭდით, ხელმოწერით, როგორც სხვისგან ითხოვთ და არა სოციალურ ქსელში, პოსტად.
კომენტარები