მაშინ, როცა მსოფლიოსთვის კორონა-ვირუსი ნამდვილ გამოწვევად და ძალიან დიდ უბედურებად იქცა, საქართველოს ხელისუფლება მიმდინარე პროცესებს სათავისოდ აქტიურად იყენებს. შეიძლება ითქვას, რომ ამ ვირუსით მმართველ გუნდს ტუზი დაეცა და თან ისე, საერთოდ რომ არ ელოდა.
გარდა იმისა, რომ პოლიტიკისთვის არავის სცალია, ჩვენი ქვეყანა აუცილებლად მიიღებს სამ მილიარდ დოლარამდე დახმარებას, რაც 9 მილიარდ ლარზე მეტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ეკონომიკას არაფერი დაეტყობა. რატომ? იმიტომ, რომ ქვეყნის ბიუჯეტის ნახევარზე მეტს დახმარების სახით მივიღებთ, ანუ შეიძლება ითქვას, ეს იქნება პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, ეროვნული ვალუტაც გამყარდება და როცა ეკონომიკას მალე წამოწევენ, იმასაც იტყვიან, ჩვენი ეფექტური მუშაობის შედეგიაო. ანუ, ზუსტად ისე მოხდება, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საერთაშორისო დახმარებების ხაჯრზე ფეხზე მალე რომ დავდექით. უფრო ზუსტად, იმ ნიშნულს რომ დავუბრუნდით, რომელზეც მანამდე ვიყავით, თორემ საქართველოს ფეხზე დადგომა გვარიანად გრძელვადიანი პერსპექტივა გვგონია.
მაშინაც, ზუსტად იმდენი მოგვცეს, რამდენიც საკმაარისი იქნებოდა აზრზე მოსასვლელად და ზოგადად, ექსპერტების საუბრიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კორონა-ვირუსის პანდემიის გადავლის შემგდომი კრიზისული პერიოდი დიდ სახელმწიფოებს დაარტყამს და არა ისეთებს, როგორიც ჩვენ ვართ. ამიტომაც არის, სკანდინავიის ქვეყნებმა და არაერთმა ევროპულმა ქვეყანამ აკრძალვების შემსუბუქება რომ დაიწყო. მათ ყველაზე კარგად იციან, რომ სხვა შემთხვევაში, ეკონომიკა ჩამოეშლებათ და მის აღგდენას ეგებ ათეული წელი დასჭირდეს.
საქართველოზე რაც მოგახსენეთ, სამომავლო პერსპექტივაა, მაგრამ რა ქნას მოსახლეობამ ახლა, როცა შიმშილის რეალური პერიოდი დაუდგა. საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძილვებას პლუს ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვის კიდევ ერთი კვირით გაგრძელებამ, ხალხი მძიმე დღეში ჩააგდო. მათ არანაირი რესურსი აღარ გააჩნიათ იმისა, რომ თავი ირჩინონ და მთავრობის ომახიანი განცხადება, ნუ ნერვიულობთ, პროდუქტების მარაგი გვაქვსო, პრაქტიკულად არაფრისმთქმელია. პროდუქტების მარაგი არის, მაგრამ მყიდველი არ ჩანს, რადგან მოსახლეობას ფული არ აქვს.
სხვათა შორის, 21 აპრილს, როცა ირაკლი ჩიქოვანმა და ამირან გამყრელიძემ აკრძალვების გახანგრძლივების შესახებ განცხადება გააკეთეს, უმრავლესობის დეპუტატებმა შიდა ჩატში ხმაური ატეხეს. რადგანაც, არჩილ თალაკვაძეს ჩართვა ჰქონდა, დეპუტატებს ხელში მამუკა მდინარაძე შერჩათ, რომელსაც ძალიან მკაცრად მოსთხოვეს, რომ აკრძალვები უნდა გაუქმდეს, რადგან რეგიონებში უმძიმესი სიტუაციაა.
„თქვენ შეიძლება არ იცით, და ხალხი უკვე ბიუროებში გვივარდება და ფულს კი არა, პროდუქტს გვთხოვს. მათ თან შვილები მოჰყავთ, მშიერი შვილები და გვეუბნებიან, რომ საჭმელი უნდათ. არ ხდება არაფერი ისეთი, რის გამოც ეს აკრძალვები უნდა გაგრძელდეს და ხვალ მხარს არ დავუჭერთ დადგენილებას“,-ასეთი იყო დეპუტატების ძირითადი პათოსი.
დეპუტატთა უმრავლესობა იმდენად კატეგორიული იყო, რომ 21 აპრილის ღამეს და 22 აპრილის დილას, მათთან მოლაპარაკებებს ლამის მთელი სამთავრობო ელიტა აწარმოებდა. დეპუტატები არ მალავენ, რომ მათთვის ახლა მთავარი ავტორიტეტი ივანიშვილის შემდეგ გიორგი გახარიაა და სწორედ გახარია ცდილობდა მათ გადარწმუნებას. პრემიერი წერდა, რომ არ არის ახლა კინკლაობის დროს, რომ ასე სჭირდება ქვეყანას და მმართველ გუნდს, თუმცა…
„მოდით, გამოვიდეთ და პირდაპირ ვთქვათ, რომ გვკიდია ევროპაც და ამერიკაც და არ ვაპირებთ კონსტიტუციის შეცვლას. ეს არის სიმართლე, რომელსაც აკრძალვებით ვფუთავთ და არ გვინდა ახლა რაღაცეების მოგონება. ერთხელ ხომ ვთქვით არა, ვთქვათ მეორედაც და რაც იქნება, იქნება. სხვაგვარად, სოციალური აფეთქება გველოდება და არ იქნება იმის საჭიროება, რომ მოსახლეობას ქუჩაში ოპოზიციამ დაუძახოს, მშიერი ხალხი თავისით გამოვა და პასუხს მოგვთხოვს“,-ესეც შიდა ჩატიდან ამონაწერია.
ის, რომ მმართველ გუნდს არ სურს კონსტიტუციის შეცვლა, ახალი ამბავი არაა. დეპუტატებმა კარგად იციან, რომ კონსტიტუციის ცვლილება ივნისის ბოლომდე თუ არ განხორციელდა, მაშინ არჩევნები იმავე სისტემით ჩატარდება, როგორიც ახლაა. ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლებას გასამართლებელი საბუთი ექნება დასავლელ პარტნიორებთან, რომ ცვლილება სწორედ აკრძალვების გამო ვერ მოახერხა. სხვათა შორის, დღევანდელ სხდომამდე უმრავლესობა არჩლ თალაკვაძის კაბინეტში შეხვედრას გეგმავს, რათა პარტიის ლიდერები დარწმუნდნენ, რომ უშუალოდ სხდომის დროს მწვავე განცხადებას არავინ გააკეთებს. სხდომის რა გითხრათ, მაგრამ თალაკვაძის კაბინეტში მძიმე საუბარი რომ იქნება, თქმა არ უნდა.
ანი დვალიშვილი, “ალია”
კომენტარები