ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოკითხეს. პროკურატურის მიერ შედგენილი გამოკითხვის ოქმიდან ირკვევა, რომ ღარიბაშვილი 2014 წლის გაზაფხულიდან, მისი პრემიერობის პერიოდიდან არის დაინტერესებული ამ საქმით.
ღარიბაშვილის მონათხრობით, თემის გარკვევა თავდაცვის მინისტრის რანგშიც გააგრძელა, ბოლოს კი ძველი რუკების მოძიებაში დახმარება რუსეთში მომუშავე ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა შესთავაზა.
იგი ყვება, რომ ამ თემაზე პირველად მამა კირიონთან, თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფებთან, ნოდარ ხორბალაძესთან და თედო გორგოძესთან, მინდია ჯანელიძესთან და იმდროინდელ შს მინისტრთან ალექსანდრე ჭიკაიძესთან ერთად გამართა შეხვედრა. ღარიბაშვილი არ ახსენებს კომისიის თავმჯდომარეს, ივერი მელაშვილს, რომელიც მამა კირიონის ჩვენებით, ასევე ესწრებოდა შეხვედრას.
“თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა, ნოდარ ხორბალაძემ და თედო გორგოძემ აღნიშნეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სახელმწიფო კომისიის წევრები იყვნენ, საკითხის სრულყოფილად გაანალიზებისთვის შესაბამის კარტოგრაფიულ მასალაზე და დოკუმენტაციაზე ხელი არ მიუწვდებოდათ.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს მინდია ჯანელიძეს დავავალე, რომ შეექმნა საკითხის შემსწავლელი ჯგუფი, თავდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით დეტალურად შეესწავლათ, თუ რასთან გვქონდა საქმე და შემდეგ ჩემთვის მოეხსენებინათ.
გარკვეული პერიოდის შემდეგ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა აღნიშნულ და ასევე საქართველოს და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, სიტყვიერად მაცნობეს, რომ 1938 წელს საბჭოთა კავშირის პერიოდში სახალხო კომისართა საბჭოების მიერ შედგენილ რუკებზე საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფოებს შორის დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე საზღვარი ასახული იყო ქედის ძირში აზერბაიჯანის მხარეს, თუმცა კარტოგრაფიული მასალის დედნები საქართველოში ვერ მოიძიეს და სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სამთავრობო კომისიას ასლებზე დაყრდნობით მსჯელობა შეუძლებლად მიაჩნდა.
მათვე აღნიშნეს, რომ საჭირო კარტოგრაფიული მასალის დედნების მოძიება რომლებზეც შესაძლებელი იქნებოდა სათანადო კვლევის ჩატარება და სრულყოფილი ანალიზი, საქართველოში არსებულ ვერცერთ უწყებასა და საარქივო დაწესებულებაში ვერ შეძლეს”.
ღარიბაშვილი ყვება, რომ 1938 წლის რუკების მოძიება თავდაცვის მინისტრობის შემდეგაც, 2019 წლიდანაც გააგრძელა. თავის ჩვენებაში იგი სრულად ეყრდნობა თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფების ინფორმაციას. მისი მტკიცებით, კარტოგრაფებმა ამ პერიოდისთვისაც ვერ შეძლეს არქივებში ძველი რუკების მოძიება.
იგი, ხორბალაძე-გორგოძეზე დაყრდნობით, ამბობს, რომ საზღვრის დამდგენი კომისია 1938 წლის 1:500 000-იანი რუკის ამონახაზით სარგებლობდა, რაც წვრილმასშტაბიანი და გამოუსადეგარი იყო, 1:200000-იანი და 1:500 000-იანი რუკის დედნები კი საარქივო დაწესებულებებში ვერ იპოვეს.
“[ნოდარ ხორბალაძემ და თედო გორგოძემ] ამიხსნეს, რომ ისევ იმ პრობლემის წინაშე იდგნენ, და კარტოგრაფიული მასალის დედნების მოძიება მცდელობის მიუხედავად ვერ შეძლეს. მათი განმარტებით, კომისია სარგებლობდა 1938 წელს სახელმწიფო აზერბაიჯანის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიერ ორმხრივად შეთანხმებული საზღვრის ხაზის ამსახველი 1:500 000 მასშტაბის რუკის ამონახაზით. ასეთი რუკის დედანი არ ჰქონდათ.
ამასთან ეს კარტოგრაფიული მასალა რუკის წვრილმასშტაბისა და არასრულყოფილი ინფორმატიულობის გამო გამოუსადეგარი იყო. მათზე აღნიშნეს, რომ როგორც წესი, წვრილმასშტაბიანი რუკა კარტოგრაფიულად შედარებით მსხვილმასტაბიანის საფუძველზე იქმნებოდა და 1938 წლის პერიოდისთვის არსებული 1:200 000 მასშტაბის რუკის დედნების მოძიება ვერ შეძლეს”, – წერია ღარიბაშვილის ჩვენებაში.
ამასთან, დაკავებული კარტოგრაფების ადვოკატი გიორგი მახარაძე ფორმულასთან საუბარში აღნიშნავს, რომ ხორბალაძემ და გორგოძემ არათუ ვერ იპოვეს ძველი რუკები, არამედ, 2017 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში გამოიყენეს ისინი.
“პირდაპირ ჩანს, რომ ბატონმა ღარიბაშვილმა ბევრი არაფერი იცის იმ საკითხებზე, რაზეც ჩვენებაში საუბრობს. მაგალითად, ის ამბობს, რომ კომისიის წევრებს უმალავდნენ ბრალდებულები კონკრეტულ, 1:200 000-იან რუკებს. ამ დროს, თავისივე თანამშრომლებს, ბატონ ხორბალაძესა და თედო გორგოძეს 2017 წელს გამოქვეყნებული აქვთ ნაშრომი, სადაც გამოყენებული აქვთ ზუსტად ის რუკები, რაზეც ღარიბაშვილი ამბობს, რომ 2019 წლამდე ის ვერ მოიპოვეს”, – ამბობს ადვოკატი.
ირაკლი ღარიბაშვილი ჩვენებაში, ასევე ახსენებს ბიზნესმენ დავით ხიდაშელს, რომელმაც, მისივე თქმით, 2019 წლის შემოდგომის პერიოდში შეპირდა რუკების მოძიებაში დახმარებას.
“2019 წლის შემოდგომის პერიოდში ქართველმა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა მითხრა, რომ მას კარტოგრაფიული მასალის კვლევისა და მოძიების გამოცდილება ჰქონდა და შეეძლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი რუკების მოძიებაში დახმარებოდა.
მე იგი დავაკავშირე ნოდარ ხორბალაძესთან, რადგან ის უფრო ზუსტად აუხსნიდა დავით ხიდაშელს, თუ რა სახის და რომელი კარტოგრაფიული მასალის დედნების მოძიება იყო საჭირო”.
ღარიბაშვილი იხსენებს, რომ დავით ხიდაშელმა 2020 წლის 3 აპრილს და ამავე წლის 30 ივლისს გადმოსცა მათ რუსეთის ფედერაციის არქივებში მოძიებული 1937-38 წლების 1:200 000 მასშტაბის რუკების დედნები, რომლებზეც ასახულია იმ პერიოდისთვის არსებული საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო ხაზი.
ამავე ჩვენებაში, ირაკლი ღარიბაშვილი არ ახსენებს ბიძინა ივანიშვილს, რომელზეც ბიზნესმებმა ხიდაშელმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ რუკების მოძიება თავად ქართული ოცნების თავმჯდომარემ დაავალა.
ღარიბაშვილის გამოკითხვის პარალელურად, დავით ხიდაშელმა 2020 წლის 25 აგვისტოს მიცემულ ჩვენებაში განაცხადა, რომ რუკების მოძიება მისმა მეგობარმა ბეჟან მაისურაძემ 2019 წლის ოქტომბერში სთხოვა.
მომდევნო თვეში რუსთავი 2-სთვის მიცემულ ინტერვიუში კი ამბობს, რომ რუკების მოძიების თხოვნით, მას 2019 წლის სექტემბერში ბიძინა ივანიშვილი დაუკავშირდა.
განმეორებით ჩვენებაში იგი განმარტავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა რუკების მოძიების თხოვნით დაურეკა, თუმცა დეტალური ინფორმაცია ამ რუკების შესახებ არ მიუწოდებია. ხიდაშელის მტკიცებით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ იგი საქართველოში არ იმყოფებოდა, ადგილობრივ უწყებებთან, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროსთან უშუალო კომუნიკაციას მისი მეგობარი ბეჟან მაისურაძე ამყარებდა.
წყარო – ფორმულა
კომენტარები