–„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, გია ხუხაშვილი, რომელთან საუბარიც ბოლო კვლევებით დავიწყეთ. შეგახსენებთ, რომ კითხვაზე -საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ჩატარდეს, ვის მისცემდით ხმას? შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ქართული ოცნება — 39%;
მოსახლეობის 20% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — 16%;
ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები — 5%;
ლეიბორისტული პარტია — 3%;
ლელო — 3%;
ახალი საქართველოსთვის (გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი) — 3%;
პატრიოტთა ალიანსი — 3%;
გირჩი — 2%;
მოქალაქეები (ალეკო ელისაშვილი) — 2%;
დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო (ნინო ბურჯანაძე) — 1%;
გამარჯვებული საქართველო (ირაკლი ოქრუაშვილი) — 1%;
სამართლიანობისთვის (ეკა ბესელია) — 1%;
თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა) — 1%.
– ბატონო გია, ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით, კვლევითმა ორგანიზაციამ „ედისონ რისერჩმა“ პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების რეიტინგები გაზომა. ამ კვლევის შედეგები თქვენც კარგად მოგეხსენებათ. ერთი უცნაურობა მომხვდა თვალში. „ევროპულ საქართველოს“ 5% უჭერს მხარს. არადა, მათი ლიდერი, გიგა ბოკერიას, სხვა ლიდერების რიტორიკას რომ ვუსმენ, მართლა ვფიქრობდი, რომ მათ ბევრად მეტი მხარდამჭერი ჰყავდათ. რამდენად ახლოა რეალობასთან ამ კვლევის შედეგები?
– მე პროცენტებზე დეტალური საუბრისგან თავს შევიკავებ. ვფიქრობ, ტენდენცია საკმაოდ ობიექტურია. კონკრეტული პროცენტები, ციფრები ანგარიშგასაწევია, მაგრამ არჩევნებამდე საკმაო დროა დარჩენილი და ნებისმიერი პარტიის თუ პოლიტიკოსის პროცენტში ლუფტი, პოტენციური მარაგი შეიძლება იყოს. ხელისუფლებას ხელი შეუწყო ამ პანდემიამ, სიკვდილის შიშით გამოწვეულმა ლოიალობამ. ცნობილია, როდესაც საზოგადოებაში სიკვდილი საფრთხე არსებობს, ამ საზოგადოების დიდი ნაწილი იმედით უყურებს ხელისუფლებას, შემწედ და მშველელად მიაჩნია. მით უმეტეს, პანდემიასთან ბრძოლაში ხელისუფლებას ჰქონდა წარმატებები და ამ ხალხის ეს განწყობა გარკვეულწილად საფუძვლიანია. მათ შორის ის ხალხიც არის, კორონაპანდემიამდე ხელისუფლება გულზე რომ არ ეხატებოდა.
მეორეს მხრივ, ოპოზიციის მხრიდან დაშვებულმა შეცდომებმაც განაპირობა „ქართული ოცნების“ ეს 39%. „ევროპულ საქართველოს“ რაც შეხება, ეს პარტია და „ნაცმოძრაობა“ ერთ ელექტორატს იყოფენ, „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველთა ყოფილი ნაწილი დღეს გიგა ბოკერიას პარტიის მხარდამჭერია, მათ შორის რაღაც პროპორციით გაიყო ამომრჩეველთა რაოდენობა. დიდი განვითარებისა და ზრდის პოტენციალი, ამ სეგმენტს არ აქვს. მე არ ვფიქრობ, „ევროპული საქართველოს“ შედეგი არჩევნებზე 5% იქნება, გაცილებით მაღალი იქნება, 10%–ის ფარგლებში ველოდები საარჩევნოდ. ამ არჩევნების პარადოქსი ის არის, რომ ვითარება ჯერ კიდევ ბუნდოვანი და ნაკლებად პროგნოზირებადია. გამომდინარე იქიდან, რომ სიკვდილის შიშის ფაქტორი თუ მოიხსნა საარჩევნოდ და შიმშილის შიში წამოვიდა წინა პლანზე. აი, ეს თუ მოხდა, მაშინ ეს უკვე ოპოზიციის სასარგებლოდ იმუშავებს. შესაბამისად, ეს პროცენტული მაჩვენებელი კარდინალურად შეიცვლება არჩევნების შედეგების მიხედვით.
– „ლელოს“ 3% პროცენტიც მეცოტავა, რადგან ამ პარტიის ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის უკან, „თი–ბი–სი“ ბანკი დგას თავისი ათეულ ათასობით ადამიანითა და მათი ოჯახებით. მარტო ეს ხალხი მოუტანს 3%–ზე მეტს „ლელოს“, სხვა რესურსებს თავი რომ დავანებოთ, მათ შორის, იმავე ხაზარაძე–ჯაფარიძის სხვა კომპანიებს, სადაც ასევე ხალხის სოლიდური რაოდენობაა დასაქმებული.
– კი, მათ აქვთ სერიოზული ინფრასტრუქტურა აწყობილი, ტექნიკურად, ტექნოლოგიურად საკმაოდ კარგად განავითარეს პარტიული ინფრასტრუქტურა რასაც ქვია. ოფისები გახსნეს, მოსახლეობასთან შეხვედრებს აწყობენ… თუმცა, მათ ჯერ არ ჰყავთ ორთქმავალი, გამწევი ძალა, რომელიც ამ პარტიას სადღაც მიიყვანს. ვფიქრობ, „ლელოს“ შედეგებიც 3%–ზე უფრო მაღალი უნდა იყოს არჩევნებზე.
– ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის, იმ ხალხის რაოდენობა, ვინც ჯერ კიდევ არ იცის, ვის მისცემს ხმას, 20% დაფიქსირდა. როგორ ფიქრობთ, საით წავა ეს ხალხი, რომელ პარტიას მეტი შანსი აქვს, მათი მიმხრობისა?
– თუ არჩევნებამდე ჩვენ დაგვრჩა ისევ ორპოლუსიანი პროცესი, „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“, თუ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრები არ ჩამოყალიბდა, ეს „გადაუწყვეტელი ამომრჩეველი“ ან არ წავა არჩევნებზე, ან წავა და ნეგატიური არჩევანის პირობებში, იძულებული გახდება აირჩიოს არა კარგი, რომელიც პოლიტიკურ სუბიექტად არც იქნება არჩევნებზე წარმოდგენილი, თუ არჩევანის გაკეთება მოუწევს ცუდსა და უარესს შორის, ამ შემთხვევაში, ხმას მისცემს იმას, ვინც სხვაზე უკეთ, სხვაზე მეტს გადაუხდის. მე ფული არ მაქვს მაინც და მაინც მხედველობაში. საამისოდ სხვა ფორმებიც არსებობს. მაგალითად, გზა გამიყვანე, წყალი და გაზი შემომიყვანე და მოგცემთ ხმას. ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლებას აქვს მეტი შანსი, რომ ამ მეთოდით, ერთჯერადად იყიდოს ამომრჩეველი. მით უმეტეს, ხელისუფლებას შეუძლია, რაც ჩამოვთვალე, ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რასაც ხალხი მოსთხოვს თბილისში თუ რეგიონებში, არჩევნებამდე დაიწყოს და ხალხს დაანახოს, რომ უკვე არჩევნებამდე დაიწყეს მათი მოთხოვნების შესრულება. ცხადია, ყველგან ვერ შეძლებენ ამის გაკეთებას, მაგრამ ბევრგან გააკეთებენ და ეს, სხვა წინა არჩევნებზეც გაუკეთებიათ.
– ამ კვლევების მიხედვით, კოალიციური მთავრობის შექმნა გამორიცხულია. „ქართული ოცნება“, რომელსაც 39% აქვს, „ნაცმოძრაობასთან“ (16%) ერთად არ შექმნის კოალიციას. სხვა პარტიებს კი ისეთი დაბალი რეიტინგი აქვთ, ეს შედეგები ან მასთან მიახლოებული თუ მართლა დაფიქსირდა, მათი მანდატები კოალიციის შესაქმნელად არ ეყოფა „ქართულ ოცნებას“.
– კი, ჯერჯერობით ასეთი ვითარებაა, მაგრამ ამ კვლევების შედეგები, პროცენტების განაწილება იმდენად მყიფეა, არჩევნებამდე სიტუაცია, შესაძლოა, ისე შეიცვალოს, ძალიან გაკვირვებულები დავრჩეთ. ასე იქნება თუ ისე, კოალიცია მაინც შეიქმნება. რა ტიპის პარტიები გაერთიანდებიან კოალიციაში, ჯერ ადრეა მაგაზე ლაპარაკი. ძალაუფლების ხიბლი ისეთი რამეა, რომ სხვა და სხვა იდეოლოგიის პარტიებს ვიხილავთ კოალიციაში. შეიძლება გაოცებულებმა ვთქვათ კიდეც, ამათ ერთად რა უნდათო. ეს ვითარება შეიცვლება, ეს პროცენტები შეიცვლება არჩევნებზე და არა ხელისუფლების სასარგებლოდ.
– „ქართლმა ოცნებამ“ 30 მაჟორიტარი უნდა წარადგინა შესაბამის ოლქებში…
– მე არ ვფიქრობ, რომ რაიმე მნიშვნელობა აქვს ამას, გვარები საერთოდ არ მაინტერესებს. „ქართული ოცნება“ ეს არის ერთი კაცის პარტია. ის არ არის პიროვნებებისა და პოლიტიკური ფიგურების პარტია. ბიძინა ივანიშვილი პარტია „ქართული ოცნების“ აქციების 100%–ის მფლობელია. საკუთარ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე ფიგურებს როგორ განალაგებს, მისი შეხედულებების მიხედვით ხდება და მისივე რესურსებით ხდება შედეგის მიღება. არ არიან ის ადამიანები, რომლებიც კლასიკური პოლიტიკოსები იქნებიან. ფაქტიურად, ყველგან კენჭს იყრის ბიძინა ივანიშვილი და არა პეტრიაშვილი თუ პავლიაშვილი.
– გავრცელებული ინფორმაციით, კახი კალაძეს სერიოზულად შემოსწყრა ბიძინა ივანიშვილი და ეს აისახება „ქართული ოცნების“ პროპორციულ და მაჟორიტარულ სიებზეც, საიდანაც კალაძის ხალხი ამოყარა ივანიშვილმა.
– ბიძინას პოლიტიკა ასეთია, ის ბალანსებზე მუშაობს და არავის აძლევს გაჯეჯილების საშუალებას, იმაზე მეტის უფლებას, ვიდრე თვითონ უკანონებს საკუთარი გუნდის წევრებს. ეს ბუნებრივია, ეს მუდმივი თანმდევი პროცესია. შიდა სახელისუფლებო ინტრიგები ხომ დაუსრულებელი პროცესია. ვიღას მიაჩოჩებენ, ვიღაცას მოაჩოჩებენ… ეს მუდმივად ხდება. ერთადერთი, ვისი პრობლემაც გადასაწყვეტი აქვს ივანიშვილს, ეს გიორგი გახარიაა. დღეს ბიძინას ძალიან სჭირდება გახარია, მხოლოდ მას შეუძლია „გაქაჩოს“ საარჩევნოდ ურთულესი სამუშაოები. თუმცა, მეორეს მხრივ, გახარია ბიძინასთვის არის რაღაცნაირად გამაღიზიანებელი ფაქტორი, რადგან ის ივანიშვილის აბსოლუტურ ძალაუფლებაში ეკალივით არის. ბიძინას მთავარი საფიქრალი ის არის ახლა, რომ გახარიამ ეფექტურად შეასრულოს შავი სამუშაოები, ხოლო დივიდენდები მთლიანად მან წაიღოს. დაახლოებით ამ მიმართულებით მიჰყავს საქმე. რა გამოუვა აქედან, რას უპირებს გახარიას, მალე ვნახავთ.
– გიორგი გახარიას და კახი კალაძეს უფრო მაღალი რეიტინგი აქვთ, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს. ესეც ხომ არ არის კალაძის მიმართ ივანიშვილის დამოკიდებულების შეცვლის მიზეზი?
– კახი კალაძეთან, ვფიქრობ, სხვა პრობლემებიც უნდა ჰქონდეს ივანიშვილს, მაგრამ ძირითადი პრობლემა ეს არის – კალაძის მაღალი რეიტინგი. ბიძინას რომ არ სიამოვნებს საკუთარი გუნდის წევრები მასზე პოპულარულები თუ არიან, ეს ყველამ კარგად ვიცით. წარსულში ვისაც მასზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა, არც ერთი პოლიტიკური ფიგურა აღარ არის მის გვერდით და მათი „ქართული ოცნებიდან“ ჩამოშორებისა თუ დაქვეითების პროცესი სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც მათ ბიძინას რეიტინგით გადაუსწრეს. შესაძლოა, არც კახი კალაძე იყოს გამონაკლისი.
– რამდენად მოსალოდნელია, რომ თავად ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგეს „ქართული ოცნების“ სიას სათავეში და რეალურად დაბრუნდეს პოლიტიკაში?
– გამორიცხული არაფერია. თეორიული შანსი არის ამისა. თუმცა, ჩვენი გამოცდილებით, რაც გვინახავს დღემდე, როდესაც მას ამის ობიექტური აუცილებლობა ედგა, ეს ნაბიჯი არ გადაუდგამს. მას დღეს იმდენად ძალაუფლების შენარჩუნების პრობლემა არ უდგას, რამდენადაც უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისა. ჩრდილოვანი მმართველობის მოდელი, რომელსაც ჩაბღაუჭებულია, რისკის ქვეშ აყენებს მის აქტივებს, ფინანსებს. დღეს ივანიშვილს აქვს პოლიტიკაში ფორმალურად დაბრუნების აუცილებლობა, რათა შეიქმნას იმუნიტეტი, საკუთარი თავის ინსტიტუციონალიზაცია მოახდინოს. ოლიმპოდან უკან დაბრუნება ძალიან ძნელია ადამიანისთვის. ოლიმპზე რომ ადიხარ და იქ კომფორტულად გრძნობ თავს, ურთულესი გადასაწყვეტია უკან დაბრუნება. აქედან გამომდინარე, უფრო არა, ვიდრე – ჰო. თუმცა, ვიმეორებ, არაფერს გამოვრიცხავ. ჩვენ ბიძინა ივანიშვილის სახით, საქმე გვაქვს უკიდურესად არაპროგნოზირებად პიროვნებასთან და ასეთივე საგარეო და საშინაო პოლიტიკურ ვითარებასთან.
ლევან ჯავახიშვილი, ალია №24
კომენტარები