დღეს, ემზარ კვიციანმა, გააკეთა განცხადება, რომ ტოვებს “პატრიოტთა ალიანსს” – “აღმოჩნდა, რომ მე სხვა გზა მაქვს, უფრო უტვინო, მაგრამ ჩემი”
ამ განცხადებამდე ბოლო ინტერვიუ ემზარ კვიციანთან “ალიამ” ჩაწერა, სადაც დეპუტატი, ბევრ სხვა საინტერესოსთან ერთად, ამბობს, რომ სუსის აგენტები არიან ყველა პარტიაში, მათ შორის “პატრიოტთა ალიანსშიც”. თუმცა, ინტერვიუს ჩაწერის დროს, ემზარ კვიციანს ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ მას პარტიის სხვა წევრებიც შემოუერთდებოდნენ.
მანამდე კი ემზარ კვიციანმა, სოციალურ ქსელში, დაწერა, რომ სამართლიანობისთვის აპირებს ბრძოლის დაწყებას, მაგრამ მას ბლოკავენ. სწორედ ამიტომ დაუკავშირდა მას “ალია” და საკმაოდ ვრცელი და სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა:
-„მოგიწოდებთ დამოუკიდებელ პარლამენტარებს, ფრაქციებს მათ შორის ფრაქცია პატრიოტებს! ხელისუფლება და ნაცები აპირებენ არჩევნების გაყალბებას“ – ასე იწყებთ, წერილს, თუმცა, თავად ხართ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი – ეს განცხადება მხოლოდ თქვენია, ერთი ადამიანის? არ არის პარტიის პოზიცია?
-ეს არის ჩემი უშუალოდ, არ ვრევ ასეთ საქმეებში, არც პარტიას, არც ფრაქციას. ყველგან არიან სუს-ისგან ჩანერგილი ადამიანები…
-„პატრიოტთა ალიანსშიც“?
-დიახ, რა თქმა უნდა, ყველგან არიან ჩანერგილი ადამიანები, ვისაც, სწადია, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ მივატოვო და წამოვიდე, მაგრამ არ გამოუვათ. სახელებს და გვარებს ვერ დავასახელებ. მე პარტიას ამ საქმეებში არ ვრევ, თავად თუ მოვლენ და დამიდგებიან გვერდით, კარგი იქნება, თუ არადა, არც დავემდურები არავის.
მთელი მსოფლიო წამესია მაშინ, გადაწყვეტილი რომ ჰქონდათ, რომ აფხაზეთი გადაეცათ რუსეთისთვის, ჩვენ ვიყავით ცოტანი, მაგრამ პარტიზანული ბრძოლა შედეგს გამოიტანდა. ამის გამო ხელი შეუწყვეს სააკაშვილის, მერაბიშვილის, ოქრუაშვილის მოყვანას ხელიუსუფლებაში რუსებმა. აგერ თქვა მოქმედმა თავდაცვის მინისტრმა, ფაქტები არსებობს, რომ „გრუს“ ჯაშუში ოქრუაშვილი ჯგუფს ამზადებდა შემოსასვლელადო!
მე კოდორში დავიძახე დაუმორჩილებლობა, სამი კაცი ვიყავით, ამ სამიდან 2 გაამართლეს ამბოხში, 12 მთის იქით, ზეპირად რაღაცა დავიმუქრე, ამის გამო გამასამართლეს და ოქრუაშვილი აგერ დაესხა თავს პარლამენტს. არც სააკაშვილის, არც მერაბიშვილის, არც ოქრუაშვილის წინააღმდეგ არ აღძრულა სამშობლოს ღალატის მუხლით საქმე, რუსეთის სპეცსამსახურებს რომ შეეკრნენ, არც მიდის ძიება. სხვა რაღაცებზე ედავებოდნენ და ამიტომაც მიაკერეს პოლიტიკური სარჩული. ეს შეგნებული ღალატია.
ხალხი რომ ოფშორებში ინახავდა ფულს, მე ვშრომობდი და კამეჩებს დავსდევდი, დამცინოდნენ ამის გამო – ისიც არ შემარგო საქართველოს ხელისუფლებამ.
1997 წელს მოღალატე სააკაშვილის დახმარებით, სპეციალურად შეიქმნა ისეთი კანონი (426 მუხლი), რომლის მიხედვითაც, წინასწარ დაიგეგმა ქართველი ხალხის რეპრესიები.
ეგონათ ცოცხალს აღარ გამომიშვებდა რუსეთი უკან, მაგრამ მე არ დამირღვევია ომის კანონი, არც დაწერილი, არც დაუწერელი, არც ერთი ტყვე არ მიწამებია, ვერტმფრენები რომ ჩამოვაგდეთ, ავედი, საფლავები გავთხარე და ჯვარი დავასვე. წკიპურტიც არ მოხვედრია არავის, ვინც ჩემთან ტყვედ იყო – იმიტომ, რომ აფხაზები და ჩვენ, ოსები და ჩვენ, რუსები და ჩვენ, ჩეჩნები და ჩვენ, ყაზახები და ჩვენ – ერთ სამშობლოში დავიბადეთ სუყველა, გადაგვამტერეს – მაგრამ მოვა დრო და დავსხდებით სალაპარაკოდ, არ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ თვალებში შეხედვის შეგვრცხვეს.
მოსკოვის 1994 წლის მაისის შეთანხმებით, საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდა კოდორის ხეობაში შესვლის უფლება, კაპიტულაციას მოასწერეს ფაქტიურად მაშინ ხელი, ჩვენ ვთქვით, ადგილობრივმა მოსახლეობამ, რომ არ მივიღებთ ამ კაპიტულაციას და გამოვაცხადეთ, რომ არც მოსკოვს, არც სოხუმს, არც თბილისს და არც არავის ვექვემდებარებით. შეხვედრა გვქონდა აფხაზებთან და მაშინ ფაქტებით ვთქვი, რამდენი ტყვე გავუშვით საღსალამათი და ჩემი ბიძაშვილი, რომელიც ტყვედ აიყვანეს ისე დამიბრუნეს, რომ არც გული, არც ყური, არც ცხვირი, არაფერი ჰქონდა, ყველაფერი ამოაჭრეს… და კიდევ ქართველები ვიქცევით ცუდად? – მოკვდნენ, თავი ჩახარეს – რუსი გენერალი იაკუშევი ესწრებოდა ამ შეხვედრას და თქვა, შენს წინაშე ვდებ პირობას, არც ერთი გასროლა არ იქნება ჩვენგან კოდორის ხეობაშიო – მართლაც ასე იყო.
2006 წელს პუტინი და სააკაშვილი ერთმანეთს შეხვდა, სოჭში, გემით გავიდნენ ზღვაში, ერთი-ერთში ისაუბრეს, ჩამოვიდა და ერთ თვეში თავს დაგვესხა მიშა კოდორში.
ჩემი საქმე გამოსაძიებლად თავდაპირველად იმ ხალხს მისცეს, ვინც საქმე შემიკერა. დაჭრილები მოიყვანეს პროცესზე, 2 კაცი და დავამტკიცე სასამართლოზე, ვეკითხები მოწმეს, მდინარე კოდორი შენგან სროლის დროს რომელ მხარეს იყოთქო. მარჯვენა მხარესო, ანუ, შენებისკენ იყავი შეტრიალებული და იქედან მოგხვდა ტყვია-თქო? კიო, იქედან, ჩემებისგან მომხვდა ტყვიაო. პირველი ტყვია ისროლა ლევან გვაზავამ. ესეც დამტკიცდა სასამართლოზე. ეს იყო ოქრუაშვილის მიერ დაგეგმილი სპექტაკლი, ქიბარ ხალვაშის სახლში დაიგეგმა – ჩალით ყოფილა ქვეყანა დაფარული და რა უნდა ვქნა.
ერთს გეტყვით კიდევ, სასამართლოზე რომ ფირები წარადგინეს, ქართულ პოლიციასთან ერთად დავინახე ჩეჩნები, გავაჩერებინე კადრი და ვინ ახლდათ იცით, კოდორში? – ჩატაევი, ახლა რომ მოკლეს ტერორისტობისთვის, ის ჩატაევი ჩემ წინააღმდეგ ჰყავდათ შემოყვანილი სპეცსამსახურებს – რა უნდა ვთქვა მეტი?
რამდენჯერ დავსვი დახურულ სხდომაზე პარლამენტში კითხვა, როდის შემოვიდა საქართველოში ჩატაევი? – ცოცხალი თავით არ მიპასუხეს, 2001 პირველ წელს უკვე შემოსული იყო და გილაევს ახლდა.
ოქრუაშვილმა რომ ბრძოლები დაიწყო და ქართველებს და ოსებს ერთნაირად ესროდა, 17 ქართველი რომ დაიღუპა ოქრუაშვილის ხელიდან – მაშინ ოქრუაშვილის ჯგუფში იყვნენ თუშები და მაგათ მომიყვნენ. რამაზაშვილიც იქ იყო, გულანთებული კაცი და მერე ჩასვეს ციხეში, რადგან, რამაზაშვილი ის კაცი იყო, ვისაც შეეძლო ჯგუფი შეექმნა და ებრძოლა რუსების წინააღმდეგ, ტანკებით რომ შემოხრიგინდნენ 2008 წელს და ეგ არ უნდოდათ.
-თქვენს სასამართლო პროცესებზე რაც ხდებოდა, კარგად იცის „ალიას“ მკითხველმა. ერთდერთი გამოცემა ვიყავით, რომლის ჟურნალისტი, ნანა სულავა ესწრებოდა ყველა პროცესს და დეტალურად აშუქებდა… „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ თქვენს წერილს დავუბრუნდეთ. თქვენ ახლა რაც დააანონსეთ, თქვენი წერილით, ისე ჟღერს, როგორც ომის გამოცხადება
-ომის გამოცხადებას ვერ დავარქმევ, ეს არის ბრძოლა სამართლიანობისთვის. 70 ათასი ქართველია რეპრესირებული. 2006 ხომ წამართვეს ქონება. 2014 წელს, ამ ხელისუფლების პირობებში ჩამოვედი, ჩამსვეს ციხეში, ერთი წელი მაყურყუტეს, 800 კოდორელი დაკითხეს, მართალი ვიყავი, გავმართლდი. ის საფუძველი, რომელიც ედო ჩემი ქონების წართმევას, გამოეცალათ, ქონებას მაინც არ მიბრუნებენ. მოსამართლე ეხვეწება პროკურატურას, მოურიგდით, არ ხართ ამ კაცთან მართალიო.
ქვისლად მეკუთვნოდა მთავარი პროკურორი, შალვა თადუმაძე, პროკურორი რომ გახდა, გამიხარდა, სიტყვით გამოვედი, მხარი დავუჭირე, მეგონა სამართლიანობას აღადგენდა. შევხვდი, მოვუყევი ყველაფერი, რას ამბობო, მართალი კაცი ხარო… გავიდა დრო, მივწერე მესიჯი, მოსამართლემ მორიგება გვითხრათქო, არ მიპასუხა, რამდენიმე დღეში დავურეკე, გადმომირეკა, არ მოგირიგდებითო, რატომ-თქო? – მოსამართლემ გააუქმოს, მაგათ უნდათ, რომ ჯოხი ჩემზე გადატყდესო. ოპააა, რა ჯოხი მეთქი, ვისი ჯოხი უნდა გადაგატყდეს დამოუკიდებელი ქვეყნის მთავარი პროკურორი ხარ, ვისი ჯოხი უნდა გადაგატყდეს, ბიჭო-მეთქი?
-6 ივნისს, კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელეთ, სადაც თქვენ აშენებულ სახლზე ისაუბრეთ, რომელსაც დღემდე არ გიბრუნებენ და თქვით, რომ ყველაფერს ბიძინას აბრალებენ, თორემ არ არის ბიძინას ბრალიო…
-ბიძინას აბრალებენ, მაგრამ ბიძინას დანაშაული მარტო ისაა, რომ ხმას არ იღებს, ამითი ის იბრალებს, ამისთვის ჰყავთ, რომ დააბრალონ, მეტი არაფერი, თორემ, ყველაფერს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები კურირებს. კგბ-ს მეთოდია, ხოცავენ ქურდებს სპეცსამსახურები, ტარიელ ონიანის მხარეს, კალაშოვის მხარეს მაგალითად და მერე აბრალებენ ქურდებს. ქურდი იძახის, ქურდი ვარ და არ შეიძლება ჩემი ლაპარაკიო – მორჩა. იგივე ხდება აქაც.
ჩემი ხელით გავიტანე იმ ადგილიდან ტონობით ნაგავი, ხეები დავრგე, სახლი ავაშენე, ვშრომობდი, ახლა იქ ვიღაცა ოქრუაშვილის ზონდერი ცხოვრობს, ოქრუაშვილმა მაჩუქაო, მაგისი იყო, რომ აჩუქა? იმას მამადლის ჩემ აშენებულ სახლში 6 შვილი რომ დაბადა ქალმა, მე მამადლის. პირიქით, მადლობა უნდა ეთქვა. მივედი, ატეხეს წივილი და კივილი, ტელეფონით დამალაპარაკეს ქმარი, შეხვედრა ვთხოვე და უწმაწური სიტყვა მითხრა და ერთი ეს ვუთხარი, არ დავმალავ, დედას გიტირებ-თქო. ახლა ამბობენ, ომის ვეტერანს შეუვარდა სახლშიო, ჩემს გაშენებულ ეზოში შევედი ჯერ ერთი და მეორე – იმან 5 დღე იომა და ომის ვეტერანია – მე 15 წელი ვომობდი და მე არა ვარ ომის ვეტერანი?
-არაფერი შეცვლილა, ხართ თუ არა დამნაშავე, ქონება მაინც წასართმევი ყოფილა, ასე გამოდის.
-არაფერი შეცვლილა, როგორც გვდევნიდნენ ქართველებს, ისე გვდევნიან ახლაც და თუ არ დავდექით ფეხზე და თუ არ დავდექით ერთად არაფერი გვეშველება. ვითხოვ სავალდებულო არჩევნებს, ეს არ არის ჩემი მოგონილი, ათეულობით ქვეყანაშია და მათ შორის ბელგიაში. ყველა რომ გამოვა, სუსი ვეღარ გააყალბებს ისე. ვერ ეტყვის, არ მოხვიდე არჩევნებზეო. სოფელ ჭუბირში ჩემი მომხრეები 300 კაცი არ გამოვიდა, დაურეკეს, არც შენი მოცემული ხმა არ გვინდა, საერთოდ არ გამოხვიდე არჩევნებზეო. ჩემ სოფელში, 8 ხმით მოვიგე არჩევნები, რატომ? – სუსი მუშაობდა. არ უნდა მივცეთ საშუალება ძალოვნებს, რომ პოლიტიკაში ჩაერიოს.
-წერთ, რომ გბლოკავენ, გიბლოკავენ წერილებსაც კი – ვინ და როგორ? რამდენიმე ათასი კაცია სუსი და ჩვენ 3 მილიონი ხო ვართ? სულ როგორ გვჯობნიან?
-რა თქმა უნდა, სუსი, სხვა ვინ ბლოკავს ქართველებს? არ დამთავრდება ასე მარტივად, სუსს ხელმძღვანელობს უცხო ქვეყნის სამსახურები და სუსი ხელმძღვანელობს დანარჩენს ყველაფერს აქ. ბორდერიზაცია რომ დაარქვეს, ტერიტორიებს რომ ვკარგავთ – დაისაჯა ვინმე? – არაა სუსის ბრალი? გავრილოვის შემოყვანაზე დაისაჯა ვინმე? სუსმა არ შემოიყვანა? დავით გარეჯიდან იჩუკიძე რომ აიყვანეს, პატრიოტი ბიჭი, ხელის გულზე სატარებელი ბიჭია, თავი გაწირა სამშობლოსთვის და დაიჭირეს… რატომ აქვთ ასე დიდი გული აზერბაიჯანელებს, იციან, რომ აგერ შიგნით ჰყავთ ქართული სუსი, რომელიც ეგრევე დასჯის ქართველს.
გახსოვთ 1 კილომეტრით და 800 მეტრით შემოიჭრნენ 2016 წელს რუსები, ჩავედით რამდენიმე ადამიანი, ორმეტრიანი ბიჭები იყვნენ მესაზღვრეები, ავუტეხე მთელი ამბავი – გადმოვიდნენ საზღვარს, იარაღით დგახარ, რატომ არ ესროლე, მაჩვენეთ დებულება, იცით, როგორ უნდა მოიქცე, როცა საზღვარს არღვევს მოწინააღმდეგე? რატომ არ ესროლეთ-მეთქი? – თავები ჩახარეს, მე თვითონ შემრცხვა, ბატონო ემზარ, ჩვენ რას გვერჩი, ყველაფერი ზემოდან მოდისო… საიდან მოდის? – მოდის სუსიდან…
ადრე შეიარაღებული იყო ადგილობრივი მოსახლეობა და ვერ ბედავდნენ ასე გადმოსვლას. „ჯორო“ რომ იყო, „ჯორო“, მართლა გმირი, ერთი მაგივრად ხუთს უბრუნებდა აფხაზებს და რუსებს, ჩამოიტყუეს თბილისში სპეცსამსახურებმა, დააძინეს და ისე გადასცეს მტერს და ცოცხლად დაწვეს ის საცოდავი.
დღეს გახარიას ვუსმენდი, ისე მესიამოვნა, ისე მესიამოვნა, მაგის გულისთვის წამსვლელი ვარ ყველაფერზე, რურუას გათავისუფლებაზე თქვა, ეს არის საქართველოს მართლმსაჯულებაზე ზეწოლაო, პირდაპირ თქვა, რომ გარედან გვაძალებენო…
ან კობახიძემ რომ თქვა მანამდე, ეგაც იყო გმირობა – თქვა, უცხოელი პარტნიორები, გვაძალებენ, გვაიძულებენ, ცუდი წარსულის მქონე ოპოზიციის, „ნაციონალების“ მხრებით ტარებასო – რა თქვას მეტი, რა ქნას მეტი ამ კაცმა? დაავალეს ბოკერიას და ნაციონალების მხრებით ტარება…
-კი ატარებენ მერე…
-კი, ბატონო, ატარებენ, მაგრამ მან ეს თქვა, ივაჟკაცა და გააჟღერა, დღეს რომ თქვა გახარიამ გვაიძულებენო, მხარში უნდა დაუდგეს გახარიას ყველა…. ყველა ერთად უნდა დავდგეთ, რადგან ახლა არასამთავრობოები შეუტევენ მაგრად – რადგან უკვე თქვა, რომ გარედან არის ზეწოლაო…
-რომც მოუნდეს ხალხს გვერდით დადგომა, როგორ აპირებთ? გამოვლენ და თავად ის ხალხი დაარბევს ისევ, ვის დასაცავადაც გამოვლენ…
-ეროვნული სუსი რომ გყავდეს, დაუშვებდნენ ხალხის გარეთ გამოსვლას, ეს სუსი, ამას არ დაუშვებს. გავრილოვი, ეს ათეისტი რომ გამოუშვეს მართლმადიდებლების შეკრებაზე – რატომ? ვინ დასვა სავარძელში? არავის წინააღმდეგ არ უნდა გამოსულიყო ხალხი, უნდა გამოსულიყო სუსის წინააღმდეგ, რატომ დაუშვა სუსმა? კობახიძე და ქუცნაშვილი იყვნენ მძევლები… პროტოკოლი შეადგინა სუსმა.
-ახლაც აპირებს ხალხი გამოსვლას 20 ივნისს.
-ახლა იმდენი ხალხი არ გამოვა, მაშინ უამრავი გულანთებული ახალგაზრდა ერთად გამოვიდა….
-დავუბრუნდეთ სუსს. ხალხს თუ ვეტყვით, რომ ბიძინა კარგია და სუსია ცუდი – მოდი სუსის წინააღმდეგ გამოვიდეთ – გამოვლენ? დაიჯერებენ, რომ არავის არაფერი ეკითხება ქვეყანაში სუსის გარდა?
-ბიძინას წინააღმდეგ გამოდიან ვინ? – ვისაც ბიძინა აფინანსებს? იმდენი რაღაცა მაქვს გაშიფრული, ვერც წარმოიდგენთ. გახსოვთ, 2005 წელს, ანტისოროსული მოძრაობა რომ იყო, იგორ გიორგაძე რომ აფინანსებდა მოსკოვიდან, ჯერ კარგად მოძლიერდნენ და მერე ბრახ და გაქრნენ. მაშინ იგორ გიორგაძის პირიდან გავიგე, რომ სოროსი აფინანსებდა მაგათ. თავის საწინააღმდეგო ჯგუფებს თავად აფინანსებდა. ნახე, რა ჭკვიანურად მართავდნენ?
-ანალოგიურად იქცევა ახლა ხელისუფლება.
-რა თქმა უნდა. ახლა ჩანაცვლება ხომ უნდა მოხვდეს? – იმის გამო, რომ არ დაბრალდეს სუსს, ბიძინა, ბიძინას გაჰყვირიან, რომ მთელი ყურადღება წავიდეს ბიძინასკენ და არა ნამდვილი დამნაშავისკენ.
-გადააბარებენ ხელისუფლებას?
-გადაბარება შეიძლება დავარქვა, რომ 80 პროცენტი ნაციონალები ეყოლებათ სიებში, აბა, რა დავარქვა? რატომ იკლავენ უცხოელები თავს პროპორციულზე? მათი „დავერბოვკებული“ ხალხი იქნება სიებში. რატომ ითხოვდნენ ქალები იყოს 50 პროცენტიო? კვოტირებით თან და არა არჩევით. მისაღები უნდა იყოს კანდიდატი, რა შუაშია ქალი და კაცი. მე შენ გეტყვი და ტრადიციულ ქართველ ქალს შეაყვანინებენ სიაში?
-ისევე როგორც კაცსაც… ბევრი უპატიოსნო კაცი ვიცი მთავრობაში და ბევრ უპატიოსნო კაცს დამატებით რუსეთში ბიზნესი აქვს და რუსული ფულით ირჩენს თავს…
-ერთადერთი ადამიანი, ვინც შანტაჟი გადალახა და მოშანტაჟეებს დედა უტირა, ეს არის ეკა ბესელია, შანტაჟი შეუბრუნა უკან, მაგარი უბედურება გადაიტანა, მაგრამ იმათზე რამდენი თავით უფრო მაღლაა, ვინც აშანტაჟებდა, გადალახა შანტაჟის ენა, მაგარი მაგალითი მისცა ყველას, მაგრამ სხვები ვერ აკეთებენ, ვერ ბედავენ მსგავსის გაკეთებას.
-სუსის ამჟამინდელი უფროსით, ლილუაშვილით შეცვლიან გახარიასო, ამასაც ამბობენ…
-შეიძლება, გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად ვმუშაობდი, კოლეგები ვიყავით, წესიერი პიროვნებაა….
-სუსზე ასეთ რამეებს ამბობთ და სუსის უფროსი წესიერი პიროვნება როგორ შეიძლება იყოს?
-სუსი არის მანქანა, დიდი მანქანაა და სუსის უფროსი თუ გგონიათ სიტუაციას მართავს, ძალიან ცდებით. ვერც გომელაურს ეტყვი შენი ბრალიაო, ვერც ლილუაშვილს.
-მაგაშია მთელი უბედურება, არავისი ბრალი არ არის კონკრეტულად და ყველაფერი „მანქანის“ ბრალია და „მანქანას“ ვერ დავაპატიმრებთ…. რას აპირებთ?
-სისტემაა შესაცვლელი. რას ვაპირებ და უნდა ვაჩვენო მთელ მსოფლიოს ტრანსფარანტი, „ამერიკელებო, დაგვიბრუნეთ თქვენ მიერ წართმეული თავისუფლება“, ასე მივადგები ამერიკის საელჩოს იმ კვირაში. თავი დაანებონ თითის ქნევას და ზეწოლას.
-ხალხმა არ ვქნათ, ხალხმა, აქეთ რუსეთი ოკუპანტი, იქეთ დავით გარეჯს ვკარგავთ, ამდენი წელია დეპუტატი ხართ და თქვენც კი ვერ იპოვნეთ სამართალი, პრემიერია და ხელფასს იღებს ქვეყნის მართვაში და გვეუბნებით, ეგ სულაც არ მართავს ქვეყანასო…
-მაგალითი გვაქვს კოდორის ხეობა, სადაც არ იმართებოდა უცხო ქვეყნის სამსახურების მიერ, იქ ყველგან გამარჯვებული ვიყავით ქართველები, უნდა მოვაშოროთ უცხო ქვეყნის აგენტურა ხელისუფლებიდან და ეროვნული ხალხი მოვიყვანოთ, დაინახავთ როგორ კარგად წავა საქმეს. როცა რუსი ან ამერიკელი დაჯდება სალაპარაკოდ თავის აგენტთან, ის თავისი ქვეყნის სასარგებლოდ გადაწყვეტს და არა საქართველოს. არიან პატიოსანი ხალხი, ვინც განზე ჰყავთ ახლა გაწეული. მეცნიერები მაგალითად, გააუქმა აკადემიები სააკაშვილმა და მოიცილა.
-სააკაშვილმა რომ გააუქმა, ამჟამინდელ ხელისუფლებას აღედგინა…
-აი, რატომ არ აღადგინა? იმიტომ რომ სააკაშვილმა რაც გააუქმა და რაც ცუდი გააკეთა, თურმე, იმის დავალებით აკეთებდა, ვინც ახლა თითს გიქნევს, ამიტომაც არავის უნდა მისი ციხეში ჩასმა. საპარლამენტო მარათონი არ უნდა იყოს, შენი განვლილი უნდა იყოს შენი მარათონი, აი, მაშინ, ყველა ყოველდღიურად იმუშავებს. იმის იმედი, რომ სადღაც ფული იშოვნა, მოვიდა, იყიდა ადგილი და ხალხის ხმები ფულით მიიღო – არ უნდა არსებობდეს. არ უნდა ჰქონდეს ფულიან კაცს საშუალება პარლამენტში ადგილი იყიდოს იმ ფულით და დაიჩაგროს პროფესიონალი. აი, მერე შეიცვლება ქვეყნის საქმე უკეთესობისკენ.
თამო კეშელავა, ალია №19
კომენტარები