„ალიას“ ესაუბრება გიორგი შაქარაშვილის ბიძა, ადვოკატი, პარტია “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის” პოლიტ. საბჭოს წევრი, მირიან ნიკოლაძე:
-ბატონო მირიან, თქვენ ამბობდით, რომ „ტოიოტას“ მგზავრებიდან ექვსივე პირი უნდა დასჯილიყო განზრახ მკვლელობის მუხლით, ბრალი დაუმძიმდა 5 პირს, და მეექვსეს – მძღოლს – არა! ახლა რას ფიქრობთ, უნდა დაისაჯოს თუ არა ექვსივე განრახ მკვლელობის მუხლით?
-ჩვენ როდესაც ვამბობდით, რომ ექვსივე მგზავრს დაუმძიმდებოდა ბრალი, იმავდროულად ვიძახდით, რომ მძღოლის საკითხი ირკვეოდა. მღოლის საკითხი გაირკვა და შესაძლოა გარკვეული ეჭვი არსებობდეს მის მიმართ, მაგრამ არასაკმირისი საფუძველია მისთვის ბრალის წაყენების და შესაბამისად ჩამოვყალიბდით 5 ადამიანზე.
-მღოლისთვის ბრალის დამძიმების საკითხი აღარ განიხილება?
-აღარ განიხილება. გარმოებები აღდგენილია წამებში და წუთებში. როდესაც მივიდა „ტოიოტა“, მღოლი ჯერ თავიდან ტრილადება, თუ არ ვცდები 2 წუთში, ისევ მიდის და ისევ ტრიალდება 4 წუთში, 6 წუთში თავიდან ბოლომდე ორჯერ ტრიალდება – ამან განაპირობა მისი გამორიცხვა.
-საერთო ჯამში ეს მკვლელობა 6 წუთში მოხდა? (პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეოს თანახმად, “ტოიოტა” 6 წუთით ჩერდება ხიდის ქვეშ ჩასახვევთან)
-დადგენილია, რომ ეს დანაშაული თავისი გაქცევით, გაკიდებით, არაგვისპირზე ჩასვლით – შეიძლებოდა ჩაედინათ 8-9 წუთში და მანქანა დადგენილია, რომ გაჩერებულია 13-15 წუთი, თუ არ ვცდები.
-და სად არის გაჩერებული?
-ორჯერ მოტრიალდა, მერე არის მეორე მხარეს, შემდგომში ხომ დაიძრა ამირხანაშვილი რომ ჩასვეს.
-ამირხანაშვილი რომ ჩასვეს, უკვე გიორგი მოკლულია?
-დიახ, იმიტომ რომ ამირხანაშვილი მანქანაში ჩასვეს მას შემდეგ, რაც გიორგი მოკლეს. ამირხანაშვილი მათ მერე იპოვნეს.
-იმ ვიდეოში მეექვსე წუთზე ჩანს, რომ მძღოლს მანქანის მოტრიალებამდე ვიღაცეების უსხდება მანქანაში, რა თქმა უნდა, არ ჩანს ვინ უსხდება.
მკითხველს, აქვე შევახსენებთ ამ ვიდეოს, რომელიც თავის დროზე, სწორედ “ალიამ” გაასაჯაროა:
-ეს კამერა, რომელიც პირველ კონფლიქტებს ხედავს, ეს ხომ ბოლომდე ვერ წვდება იმ 400-500 მეტრზე, აქედან გამომდინარე, დადგენილი ფაქტია, რომ „ტოიოტა“ იქ იყო მძღოლის მობრუნებიდან, ამირხანაშვილის ჩასმამდე. „ტოიოტამ“ ხიდის ქვეშ ჩაუხვია, როცა ამირხანაშვილი ჩაისვეს, წამოსვლისას ჩაუხვია და იმავე ხიდებთან ამოტრილადა. მანამდე არ ჩასულა, მანამდე ფიზიკურად ვერ ჩაუხვევდა, რადგან იმ „პროწივამდე“ რომ მისულიყო, ავტობანის მონაკვეთზე ხიდი უნდა გამოევლო, ისიც „პროწივია“ და იქ უკვე ინტენსიური მორაობა იყო.
-რას ამბობს პროკურატურა, დაახლოებით რამდენი წუთის მერე ჩაუსხდა ის 5 მგზავრი მღოლს მანქანაში?
-ამირხანაშვილის ჩასმას თუ გავითვალისწინებთ, დაახლოებით 15 წუთში.
-გგონიათ, რომ მძღოლმა არ იცოდა, რომ მკვლელობა მოხდა?
– იცოდა, არ იცოდა, წინასწარ იყვნენ ამ მკვლელობაზე შეთანხმებულნი, თუ სპონტანურად გადაწყვიტეს, როგორ მოხდა, ამის დადგენა შეუძლებელია, სანამ თვითონ არ იტყვიან. ეს ფიზიკურად ვერ დადგინდება. სახეზე გვყავს მხოლოდ დანაშაულის ჩამდენი პირები, აღარა გვყავს ბავშვი და ამის მთქმელი დედამიწის ზურგზე აღარავინ აღარ არის. არაგვისპირზე რაც ხდებოდა, არც ვიდეოთვალზეა ასახული, არც რამე ხელშესახები მტკიცებულებაა. მაგრამ მძღოლს რომ ედავო, იურიდიულად, როცა გაქვს კამერის მონაცემები, რომ ჯერ 2 წუთში ტრიალდება, მერე 6 წუთში კიდევ ტრიალდება – 6 წუთში ორჯერ რომ ტრიალდება, უკვე გიჭირს, რომ ედავო.
-თუ საჭესთან ისევ მახარაძე ზის ამ დროს და არა ვინმე სხვა.
-რა თქმა უნდა, იქ ხომ ჩანს, კარს რომ აღებს.
-სახე არ ჩანს.
-როცა მოგაქვს ზუმით ახლოს, ჩანს, რომ მძღოლი გადმოდის და ისევ მძღოლის მხარეს ჯდება.
-როგორ გგონიათ პროკურატურა შეძლება ამ ხუთი პირისთვის წაყენებული ბრალის დამტკიცებას სასამართლოში?
-რა თქმა უნდა, რაც თვითონ შექმნა, რაც მოიპოვა, გამოიძია, რატომ უნდა გაუჭირდეს?
-ხშირად გასჭირვებია, ბევრ წაგებულ საქმეს გავიხსენებდი.
-შესაძლებელია რაღაც მომენტში სისუსტე გამოავლინო, შესაძლებელია ძიება იყოს სუსტი, ბრალდება იყოს სუსტი და ასე შემდეგ, ხდება, კი. მაგრამ ისიც შესალებელია, რომ არც ერთი არ იყოს სუსტი.
-ამ შემთხვევაში, არის სუსტი ბრალდება, თუ არ არის? რამე კიდევ იპოვნეს? მაგალითად, ტანსაცმელზე, ან ფჩხილების ქვეშ დნმ-ის კვალი? რამე კიდევ აქვს ხელჩასაჭიდი გამოძიებას?
-არა. ბრალდება არ არის სუსტი ნამდვილად. რაც შეეხება დნმ-ს, ჯერჯერობით დნმ-ის პასუხი არ მოსულა.
– ღმერთმა არ ქნას, მაგრამ თუ სასამართლოზე ვერ დაამტკიცა ბრალი პროკურატურამ?
-არ ვფიქრობთ ამაზე, ოჯახი დარწმუნებულია, რომ მკვლელები დაისჯებიან. არც კი გაგვივლია გულში მსგავსი. ღმერთმა ნუ ქნას რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგეს, თუ მოხდება მერე განვიხილავთ.
-მერსედესის მგზავრებს გამორიცხავთ, როგორც მივხვდით, მკვლელობის ეპიზოდში.
-ფიზიკურად ვერანაირი გადაანგარიშებით ვერ იქნებოდნენ იქ, ვიდეო კამერებით, მოწმეთა ჩვენებით, მერსედი იქ აღარ არის. შესაბამისად, მერსედესის ხალხი უკვე ამ დროს სხვა ადგილასაა. არაფერი დროში არსად გარღვევა არ არის, მობილური ტელეფონები, ანძები, კამერები ერთმანეთთან თანხვედრაშია.
-არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამა, ბატონა თამაზმა გაავრცელა ვერსია, რომ შეიძლება ამირხანაშვილი და გიორგი ერთად იყვნენ, როცა „ტოიტა“ მივიდა ადგილზე…
-გამორიცხულია ეს ვერსია. გადამოწმებულია არაერთხელ და პირადად მეც მთელი კვირა ვსწავლობდი, ამირხანაშვილის სწორს იძახის თუ არა.
-ამირხანაშვილის ჩვენებას ენდობით?
-კი, ვენდობი.
-რატომ შეცვალა ჩვენება ამდენჯერ?
-არ შეუცვლია არაფერი, შეავსო.
-ერთხელ თქვა ჩემი ნებით ჩავჯექიო, მეორედ თქვა ძალით ჩამსვესო…
-მესამედ თქვა ასევე რომ ძალით ჩამსვესო, მეოხედაც თქვა ძალით ჩამსვესო… ერთადერთი ჩვენებაა, რომელშიც გეთანხმებით მეც, რომ გაბუნდოვნებულია ავტომანქანაში ჩასმის საკითხი, მაგ დროს სხვა მომენტი უფრო აინტერესებდა გამომძიებელს და აქ აღარ გაუმახვილებია ყურადღება, დანარჩენ შემთხვევებში ის აფიქსირებს, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა თავისუფლების უკანონო აღკვეთას.
-მანქანაში მასზე ძალადობა, დაშინების მცდელობა იყო? თუ ამირხანაშვილის დაშინების მცდელობა იყო უკანა გზაზე?
-ძალადობა ორნაირია ფსიქოლოგიური და ფიზიკური.
-იყო მასზე მანქანაში ფსიქოლოგიური ძალადობა?
-ნუ, ახლა 6 კაცი რომ გეუბნება, დაჯექი და უნდა წამოხვიდეო – ძალადობაა თავისთავად, ეგ იყო. დანარჩენები ჩვენებებშია და ყველასთვის ხელმისაწვდომია. (აქვე გეტყვით, რომ ამირხანაშვილი მანქანაში ჩასმის შემდეგ, რამე სახის ძალადობაზე არ საუბრობს და ამბობს, რომ იგი ჩამოსვეს თბილისში თ.კ.)
-რას ამბობს, ამირხანაშვილი ოჯახს რატომ არ დავუკავშირდიო?
-ვეძებდი ჯერ გიორგისო და როდესაც გიორგის კარტა გავააქტიურეთ, იქ ვნახეთ რომ მართლაც ურეკავდა. ფიქრობდა, რომ გიორგი სახლში მივიდოდა და დაუკავშირდებოდა. როდესაც აღარ მივიდა, მერე დარეკა უკვე ოჯახის წევრებთან.
-თქვენ პირველ დღეებში თქვით, ღამის 1 საათზე დედა ესუაბრა გიორგისო… რაც ძალიან უცნაურია, რადგან, პროკურატურის მტკიცებით, ღამის 1 საათამდე მოხდა მკვლელობა.
-კი, მე მშობლისგან ვიცოდი გადმოცემით საათი. აღმოჩნდა, რომ ეს იყო პირველამდე პერიოდი და არა პირველი. თუ არ ვცდები, პირველის 15 წუთზე ესაუბრა, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ფაქტია, რომ მომხდარ ფაქტამდე რამოდენიმე წუთით ადრე ელაპარაკა ამირხანაშვილის ტელეფონის საშუალებით. თავად გიორგი ესაუბრა და უთხრა, რომ ყველაფერი წესრიგშიაო. თუ არ ვცდები, ეს ის პერიოდია, როდესაც უკვე გამოდიან აგარაკიდან.
-გიორგის საქმეში დაკავებულები არიან ორგანიზატორები. გგონიათ, რომ ყველა საქმეში ასე უნდა იყოს? სარალიის საქმეში ყველამ ვიცით ვინ იყო ორგანიზატორი, მაგრამ დღემდე დაკავებული არ არის.
-გეთანხმებით, მე დეტალებს არ ვიცნობ საქმის, მაგრამ ის რომ ორგანიზატორი მთავარი მოქმედი პირია და პირველ რიგში უნდა დააკავო – ცხადია. კონკრეტულად ხორავას საქმეზე ვერ ვიტყვი, მაგრამ ზოგადად, ორგანიზატორზე გასვლა არის რთული. სასამართლო გეუბნება, რომ უნდა იყოს ორი პირდაპირი მტკიცებულება და ეს ორი პირდაპირი მტკიცებულებაც უნდა იყოს ურყევი. ძალიან მაღალი სტანდარტია სასამართლოში და დღევანდელი ქართული სასამართლოს სტანდარტი, ჩემი აზრით, თამამად გაუტოლდება ყველა ევროპულ სტანდარტს.
-მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეები არ შეცვლილან?
-ხო, ეგ სასამართლოს ძალიან დიდი ხინჯია, რაც გააკეთეს სასამართლოს ხელში ჩაგდებაზე, მაგრამ მე ვერ გეტყვით, სად ჰპოვებს ასახვას, შესალებელია, გავლენიან საქმეებში, შესალებელია, სადაც დიდი ბიზნესია გარეული, იმ გადაწყვეტილებებში, შესაძლებელია, იქ სადაც სახელმწიფო ინტერესებია, თორემ, ჩვეულებრივ, რიგით საქმეში, იქ, რასაც ვუყურებ, ჩარევის ფაქტები მე პირადად არა მაქვს. რაც შეეხება პროკურატურას და შსს-ს – კატასტროფული მდგომარეობაა სისტემაში, ძირეულადაა შესაცვლელი, გამოიებაშიც ურთულესი მდგომარეობაა, სხვანაირი მუშაობის პრინციპი უნდა იყოს, შერჩევის სხვა პრინციპი უნდა დაინერგოს, წარმოუდგენელია… უნიჭო კადრს თუ მიიღებ სისტემაში, ის ისე დაბერდება, არც წლები უშველის და არც გამოცდილება. ეს არის ბუნებრივი მოცემულობა.
-თქვენ, მოცემულ შემთხვევაში. გაგიმართლათ?
-მოცემულ შემთხვევაში კი, ძალიან კარგი, კვალიფიციური ჯგუფი შეიკრიბა. ყველა კითხვაზე ვიღებდი ამომწურავ პასუხს.
-თუ გაქვთ ვერსია როგორ მოხვდა ჩანთა ხიდის ფეხზე, ვინ დადო და რატომ არ იქნა ფეხსაცმელი ნაპოვნი?
-ჩანთაზე პასუხი არ არის, რაც შეეხება ფეხსაცმელს, წყლის ჭავლი ხდის ამ ფეხსაცმელს და 100-იდან 99-ს, წყალში ნაპოვნ ცხედარს ფეხსაცმელი არ აცვია.
-მაია ნიკოლეიშვილთან გვქონდა წინა ნომერში ინტერვიუ, ამბობს, ექსპერტიზის დასკვნა რომ წავიკითხე, მე გამიჩნდა ჩემი აზრი, რომ ეს დაზიანება შეიძლებოდა სხვანაირად წარმოქმნილიყო, სხვა გზით და არა ისე, როგორც გახმოვანდაო…
-დასასრულისკენ წავედით უკვე და რა ვერსიებიც იყო, ყველაზე ვიმუშავეთ, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ თუნდაც ერთი დღით ადრე სასამართლოში გაშვებამდე გამოიკვეთოს ხელშესახები ინფორმაცია და თუ ასეთი რამ მოხდა, ისიც იქნება ამოწურული ბოლომდე. არ დატოვებს ოჯახი უპასუხო კითხვას. გუშინაც ერთად ვისხედით და ვსაუბრობდით.
-ოჯახს კითხვები დარჩა?
-არა, ახლა არა აქვს.
ინტერვიუ ჩაწერილია კვირას, 16 აგვისტოს.
დღეს, ცნობილი გახდა ამირხანაშვილის მეხუთე ჩვენების სრული ვერსია, რომლის მიხედვითაც, გურამ ამირხანაშვილი ჰყვება, რომ მას “ტოიოტას” მგზავრებმა ჰკითხეს, ისე კარგად იცის თუ არა გიორგიმ ცურვა, როგორც სირბილი, ასევე ჰყვება, რომ თუ არ სცდება, გაიგონა, როგორ თქვეს, რომ დავადეთ, უკვე დამკაში იქნება გასული.
ეს მეხუთე ჩვენება, “რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, 2 აგვისტოსაა ჩაწერილი.
11 აგვისტოს გამოძიებამ ბრალი 5 პირს დაუმძიმა.
დღესვე პროკურატურამ გააკეთა განცხადება, რომ გამოიძიებენ, ვინ გაავრცელა ეს კონკრეტული ჩვენება. სხვა ჩვენებების გავრცელებაზე პროკურატურას არ გამოუთქვამს პრეტენზია, როგორც ჩანს, ფიქრობენ, რომ ამ ჩვენებაში რაღაც მნიშვნელოვანი დევს გამოძიებისთვის – რამდენად სარწმუნო იქნება სასამართლოზე იმ მოწმის ჩვენება, რომელიც ამბობს, თუ სწორად მახსოვს და თუ არ მეშლება, ასე თქვესო – ამაზე იურისტები გააკეთებენ განცხადებას.
მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება აპირებს თქვას, რომ გურამ ამირხანაშვილმა უკვე მანქანაშივე ჩაჯდომისას იცოდა, რომ გიორგი გარდაცვლილი, ან ძლიერ ნაცემი და “დამკაში გასული” იყო, მაშინ რატომ არ შეატყობინა იმ ღამესვე ოჯახს? და რატომ ელოდა იმ მეგობრისგან ზარს, რომელი მეგობარიც მცხეთაში დატოვა და რომელ მეგობარსაც, იცოდა, რომ თან ტელეფონი არ ჰქონდა?
და მეორე, ამ შემთხვევაში, გამოძიებას იმის ახსნაც მოუწევს, თუ გურამ ამირხანაშვილმა მანქანაშივე გაიგო გიორგის ცემის ან გარდაცვალების შესახებ, როგორ მოხდა, რომ ამ დროს მძღოლს არაფერი ესმის და არაფერი იცის და მხოლოდ ორგანიზატორობისთვის როგორ აქვს მუხლი წაყენებული?
“ალია” მირიან ნიკოლაძეს პოლიტიკაზეც ესაუბრა და ინტერვიუს ეს ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ აქ.
და ბოლოს კიდევ ერთი დეტალი, ვიდეო, რომელიც მასალაშია განთავსებული, “ტოიოტას” მისვლის, გაჩერების და წამოსვლის ამსახველი ვიდეო, “ალიას” 2 ივლისს მოგვაწოდეს – ეს ის ვიდეოა, რომელიც საქმის მასალებში დევს და რომელიც მოგვიანებით, თავად პროკურატურამაც გაასაჯაროა. “ალია” მაშინ დაუკავშირდა იმ ადამიანს, რომელსაც წვდომა ჰქონდა საქმეში არსებულ მთლიან ვიდეოზე და მან გვითხრა:
“სრულ ვიდეოში, პირველი საათნახევრის მანძილზე კამერას არა აქვს წყვეტა – აი, როგორც კი მანქანა ჩნდება კადრში, ორჯერ აქვს წყვეტა ვიდეოს, მაქსიმუმ 5 წამიანია, რაც ძალიან უცნაურია, კამერის დეფექტის შემთვევაში, ეს წყვეტა სხვაგანაც უნდა შემხვედროდა.”
თამო კეშელავა, ალია
კომენტარები