„ალიას“ ესაუბრება ზაზა წერეთელი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ჩრდილოეთის განზომილების ჯანდაცვის პარტნიორობის საექსპერტო ჯგუფის კოორდინატორი, ბარენც-ევროარქტიკული საბჭოს „ახალი ტექნოლოგიების და ჯანდაცვის სისტემის მოწყობა მცირედ დასახლებულ ტერიტორიებზე“ პროგრამის კოორდინატორი.
– რა არის კარანტინი და რას ემსახურება, როგორი უნდა იყოს მოწყობილი?
– კარანტინი არის ერთ–ერთი საშუალება, რომ დავიცვათ ვირუსის და ინფექციის გავრცელება და ამისათვის, უნდა მოეწყოს იმ პრინციპის მიხედვით, რომელიც მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციას აქვს დადგენილი. შესაბამისად, საქართველოც მიჰყვება მათ რეკომენდაციებს.
– მგონია, რომ კარანტინი არ უნდა იყოს მოწყობილი საერთო ვენტილაციის სისტემის მქონე შენობაში – როგორიცაა, მაგალითად, სასტუმრო.
– კორონავირუსი, როგორც ვიცით, ერთი ინფიცირებულიდან გადადის დაახლოებით ორ ადამიანზე. ამიტომ, ჯანდაცვის მთავარი ამოცანა არის ის, რომ ეს გადაცემა არ მოხდეს, შესაბამისად, ცდილობენ ადამიანს ჰქონდეს ნაკლები კონტაქტი სხვა ადამიანთან, რომ არ მოხდეს ვირუსის გადაცემა.
მიმდინარეობს კვლევები ამ ვირუსთან დაკავშირებით. ზუსტი მონაცემები, რა და როგორ არის, მსოფლიოში ჯერ არ არსებობს, რადგან ეს ახალი ვირუსია. შესაბამისად, ვთქვათ გადაწყვეტილად, რომ აუცილებელია ბოქსში იზოლაცია, ჯერჯერობით არავის განუცხადებია.
თუმცა, ყველა ვთანხმდებით, გავრცელების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია იმ ადამიანის იზოლირება, ვისზეც არის ეჭვი და ამისათვის ალბათ, უკეთესი იქნება მოხდეს სამედიცინო დაწესებულებაში მათი იზოლაცია, რომ იყვნენ მედიცინის მუშაკების თვალყურის ქვეშ. თუ ვიღაცას ათავსებენ სადმე, იზოლირების მიზნით, ვფიქრობ, იქვე სამედიცინო პერსონალიც არის და მათი თვალყურის ქვეშ ხდება ეს ყველაფერი. თუმცა, სამი დღის წინ იყო ასეთი შემთხვევა, ტაილანდიდან იყო ჩამოსული ერთ–ერთი სტუმარი, რომელიც ლივერპულში სასტუმროში ცხოვრობდა და რომ მიხვდა ამ ვირუსის სიმპტომები ჰქონდა, ტემპერატურამ აუწია, მან სასტუმროში თვითიზოლაცია გააკეთა, სასტუმროს ნომრიდან არ გამოდიოდა და იყო დაკავშირებული სამედიცინო პერსონალთან, ისინი მიდიოდნენ და აკვირდებოდნენ მის ჯანმრთელობას. ასე რომ, ასეთი შემთხვევა მარტო საქართველოში არ არის.
– იყო შემთხვევა ესპანეთშიც, თავის სახლში გააკეთა ადამიანმა იზოლაცია და მთავრობამ ურჩია, ანალიზის პასუხამდე სახლში დარჩენილიყო.
– მთავარია, ეს ყველაფერი ხდებოდეს სამედიცინო პერსონალის თვალყურის და მათი რეკომენდაციების მიხედვით, თვითშემოქმედება, როდესაც ასეთი ვირუსია და არის საშიშროება მისი გავრცელებისა, არ არის კარგი გამოსავალი.
– ჩინელმა ექიმმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეიძლება ერთმა დაინფიცირებულმა ადამიანმა, 14 ადამიანს გადასდოს ვირუსი.
– არ ვიცი ჩინეთის წყარო. აქ პრობლემა ისიცაა, რომ სოციალურმა მედიამ და გადაუმოწმებელი ინფორმაციების დენადობამ ძალიან მოიმატა, ამიტომ, დადგენა იმის, რომელია სიმართლე და რომელი არა, რთული ხდება. მე შემიძლია გითხრათ ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ინფორმაცია, რომ ერთი ადამიანიდან ორ ადამიანზე გადაცემა ხდება.
– რეციდივზე რას იტყოდით?
– რაც შეეხება რეციდივს, გამოჩნდა ერთი–ორი ინფორმაცია ამის შესახებ, თუმცა როგორც თავიდან აღვნიშნე, ეს არის ახალი ვირუსი, ამიტომ მისი შესწავლა მიმდინარეობს და რა და როგორ იქნება, ჯერჯერობით არ იციან. შეიძლება მოხდეს რეციდივიც. ზუსტი პასუხი დღეს, არ აქვს არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას და არც ევროპის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს.
– ესპანურ მედიას ჰქონდა ინტერვიუ ჩაწერილი მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის დირექტორთან, რომელიც ამბობდა, რომ ყველა ქვეყანამ, ისევე, როგორც იტალიამ და ესპანეთმა, უნდა შეიმუშავოს საკუთარი ინდივიდუალური გეგმა ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად.
– ცხადია, არსებობს სტანდარტები, რომელიც მსოფლიოს ჯანმრთელობის ორგანიზაციას აქვს დაწესებული. გარდა ამისა, როგორც გითხარით, არსებობს სტოკჰოლმში ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, რომელიც ევროკავშირში შემავალი ქვეყნებისთვის არის შექმნილი და ის ცენტრიც იძლევა რეკომენდაციებს, თუმცა ეს რეკომენდაციებიც არის შეთანხმებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან.
გარდა ამისა, გაცემული რეკომენდაციების შესრულება დამოკიდებულია იმაზე, ამა თუ იმ ქვეყანას როგორ აქვს მოწყობილი ჯანდაცვის სისტემა. აქ მთავარია ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა არის თუ არა მზად გაუმკლავდეს ამ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლად. შესაბამისად, როცა ისინი იძლევიან რეკომენდაციას, ცხადია, თითოეულმა ქვეყანამ უნდა მოარგოს იმ პირობებს, თუ რა პირობებიც გააჩნია მას თავის ქვეყანაში, ზოგან არის პირველადი ჯანდაცვა, ზოგან არ არის, ზოგან ჰოსპიტალები კერძოა, ზოგან არ არის, ამიტომ, ცხადია, ქვეყანამ უნდა დაგეგმოს თავის ღონისძიებები იმის მიხედვით, თუ როგორი სისტემა აქვს მას ამ მიმართულებით.
ზოგადი რჩევები მიცემულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან, უბრალოდ ქვეყანამ უნდა ნახოს თავის შესაძლებლობები და ამ შესაძლებლობების მიხედვით დაგეგმოს ის ღონისძიებები, რომლის გატარებაცაა აუცილებელი. ეს მხოლოდ ამ ვირუსს არ ეხება, ზოგადად, ყველა ვირუსს ეხება.
საქართველოში არის პრობლემა, რომ ჩვენ ძალიან ხშირად ვაკოპირებთ მსოფლიო გამოცდილებას ისე, რომ არ ვიღებთ მხედველობაში, თუ ჩვენ რა გაგვაჩნია, ეს ბევრ შემთხვევაში ზიანის მომტანიც კი არის. ყველა ქვეყანას აქვს თავისი კულტურული და ისტორიული თავისებურებები, რომლებიც უნდა იყოს მხედველობაში მიღებული, როდესაც რაიმეს გეგმავ.
– რაც შეეხება ანალიზს, ანალიზის პასუხში პირველივე ეტაპზე ჩანს ვირუსის გაქვს თუ არა? მაგალითად, კარანტინში გადაყვანილი ადამიანები ამბობენ, რომ მათ ანალიზი არ გაუკეთდათ ჯერ, არც ჯანდაცვა უარყოფს ამ ფაქტს და რატომ არ უკეთდება, არ ჩანს პირველივე დღეებში?
– ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც ვირუსის მიმდინარეობა არის ასიმპტომური, ადამიანს არანაირი სიმპტომი არა აქვს, ამიტომ, მე და თქვენ რომ ვინმემ გვითხრას ნაცხის აღება გვინდა თქვენგანო, შეიძლება უარი ვუთხრათ…
– კარანტინში მყოფებზე მაქვს საუბარი.
– კარანტინში როდესაც ადამიანი მიგყავს, ესე იგი შენ გაქვს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება მას ჰქონდეს ვირუსის დაავადება. შესაბამისად, როდესაც კარანტინში გადაგყავს, ცხადია, ყველას უნდა აუღონ ანალიზი, რადგან ამ პასუხზეა დამოკიდებული მათი მკურნალობა. ადამიანს რომ ამყოფებ კარანტინში იმის გამო, რომ ეჭვი გაქვს, ჯერ ამის დასაბუთება უნდა გააკეთო.
– საჩხერის კლინიკის დირექტორმა გააკეთა კომენტარი, რომ კი კარანტინში გვიწევს 34 პაციენტი, (იმ დროისათვის 34 ადამიანი ეწვათ კარანტინში, ამჯერად 31 ადამიანი უწევთ, სამმა სახლში წასვლა მოისურვა) მაგრამ აქედან არათუ დაინფიცირებული არ გვყავს, არც ერთისთვის ანალიზიც კი არ ჩამიტარებია, რადგან ამის საბაბი არ არსებობსო.
– როცა ექიმი თვლის, რომ თქვენ ხართ საეჭვო, არის იმის ეჭვი, რომ შეიძლება აქ შეიძლება იყოს კორონავირუსი, მაშინ აუცილებელია ანალიზის აღება.
– საინტერესოა, თქვენ როგორ ინფორმაციას ფლობთ, რატომ მიჰყავთ კარანტინში ხალხი, რომლებზეც გვეუბნებიან, რომ მათი ანალიზის პასუხი კორონავირუსზე არის უარყოფითი. რეციდივის შიშით?
– თქვენ გაქვთ ამის შესახებ ინფორმაცია?
– რა თქმა უნდა, გამოდის ექიმი და გვეუბნება, რომ აუღეს ანალიზი, არ დაუდასტურდა კორონავირუსი და ეს ხალხი გადაგვყავს კარანტინში. ეს არ არის საიდუმლო ინფორმაცია, ამას თვითონ ამბობენ.
– ამ ვირუსზე დაკვირვების პერიოდი არის 14 დღე. აკვირდები ადამიანს, მოხდება თუ არა სიმპტომების გამომჟღავნება. როგორც გითხარით, იყო მსოფლიოში რამდენიმე შემთხვევა, როდესაც საერთოდ ასიმპტომური იყო ადამიანი და როდესაც აუღეს ნაცხი ყელიდან, ამ ნაცხში აღმოჩნდა კორონავირუსი. ვვარაუდობ, რომ ექიმები აკვირდებიან, 14 დღის განმავლობაში შეიძლება გამოვლინდეს სიმპტომები და მათ ურჩევნიათ ეს ადამიანები იყვნენ დაკვირვების ქვეშ, რომ არ გამოეპაროთ შემთხვევა.
ერთ–ერთი პრობლემა, რაც ამ ვირუსს აქვს, რატომაც გავრცელდა ასე სწრაფად – ძალიან ბევრი ასიმპტომური შემთხვევა დაფიქსირდა. ადამიანებმა არც კი იციან, რომ აქვთ ასეთი ვირუსი და აგრძელებენ ნორმალურ ცხოვრებას, ხვდებიან უამრავ ხალხს და ხდება ამ ვირუსის გავრცელება. ამიტომ ვვარაუდობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ აღმოჩნდათ ვირუსი ლაბორატორიულად დადასტურებული, მაინც ცდილობენ დააკვირდნენ მათ რათა არ გამოეპაროთ ვირუსი. მით უმეტეს ისეთ ქვეყანაში, როგორიც ვართ ჩვენ, სადაც სამწუხაროდ, პანიკის ფაქტორი დიდ როლს თამაშობს.
– სხვათა შორის, ბევრი ამბობს, საქართველოში პანიკააო, სინამდვილეში მე ვერ ვხედავ პანიკას. უმეტესობა ხუმრობს, ნაწილი ავრცელებს ინფორმაციას, რომ სულ არ არის ეს ვირუსი საშიში და არც სიფრთხილისკენ მოუწოდებს ხალხს – სოციალურ ქსელებს ვგულისხმობ. პანიკა რომ იყოს, მეტი სიფრთხილე იქნებოდა, ალბათ.
– სახლში შეიძლება ჩვენ ვხუმრობთ, მაგრამ როცა მთელი მსოფლიო უყურებს დაავადების გავრცელებას, ხუმრობა, თანაც ასე ფართო მასებში, არ შეიძლება. ძალიან ბევრს დაკარგული აქვს რეალობის შეგრძნება, ზოგი არც კითხულობს ინფორმაციას და კითხულობს სულ რაღაც ორ ფრაზას და ამ ორი ფრაზით გამოაქვს დასკვნები. ამიტომ, მე და თქვენ რომ ვიხუმროთ, ვისაც მივაჩნივართ სერიოზულ ადამიანად, მათ შეიძლება ჩათვალონ რომ სერიოზულად ვამბობთ. არის რაღაცები, რაზეც არ შეიძლება ხუმრობა. როდესაც არის ვირუსი, რომლის შესახებაც მსოფლიომ ჯერ არაფერი იცის და ასე სწრაფად ვრცელდება, ამ შემთხვევაში, სჯობს ხუმრობისგან თავი შევიკავოთ და უფრო სერიოზულად შევხედოთ ამ საქმეს. დავეყრდნოთ ფაქტებს და იმის მიხედვით ვიმოქმედოთ.
– ამბობენ, რომ სეზონური გრიპისგან მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე კორონავირუსისგან. მიუხედავად ამისა, ამდენი არც ერთ ვირუსზე გვისაუბრია ერთად მთელ მსოფლიოს. კორონავირუსი იმიტომ არის საფრთხილო, რომ შეიძლება უცებ, ერთ დღეს, ბევრი ადამიანი აღმოჩნდეს დაავადებული, ისინი ვისთანაც უსიმპტომოდ მიმდინარეობს და არცერთი ქვეყნის ჯანდაცვა არ იყოს მზად ამდენი ავადმყოფის მიღებისთვის? ამის შიშია რეალურად?
– კი, გეთანხმებით, აი, ეს ასიმპტომურობა არის სიახლე და ამაშია პრობლემა, რომელის წინაშეც არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო დგას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, როდესაც ვირუსი გამოვლინდა ჩინეთში, რატომ არ გამოცხადდა პირველივე დღიდან საგანგებო მდგომარეობა, იმიტომ, რომ ისინი აკვირდებოდნენ, შეიძლება ეს ყოფილიყო მხოლოდ სეზონური გრიპი და ამით დამთავრებულიყო. რადგანაც ასე სწრაფი გავრცელება დაიწყო, მერე ნელ–ნელა მიხვდნენ, რომ უფრო სერიოზულ ვირუსთან ჰქონდათ საქმე. რატომ არის მეტი პრობლემები ირანში, იმიტომ, რომ მათი ჯანდაცვის სისტემა მოუმზადებელი შეხვდა.
სამწუხაროდ არის ბევრი ქვეყანა და თუ დააკვირდებით, ჩვენც ვართ იმ ქვეყნების ნაწილშიც, სადაც ჯანდაცვას ნაკლები ყურადღება ექცევა, სანამ ვინმე პოლიტიკოსი ავად არ გახდება, მანამ პოლიტიკოსებისთვის ჯანდაცვა ყოველთვის არის მეორე პლანზე. ეს სამწუხარო რეალობაა, თუ ვინმე გახდება ავად, მერე ცხადია, ყველას ახსენდება, რომ გვჭირდება ჯანდაცვა. ესეა ბევრ ქვეყანაში, ირანიც ამის ერთ–ერთი მაგალითია, ამიტომაც არის იქ პრობლემები, როდესაც სისტემა მოუმზადებელი გვაქვს, როდესაც არ გვაქვს კავშირები ჰოსპიტალსა და პირველად დახმარებას შორის, როდესაც შენი ექიმები და ექთნები მოუმზადებლები არიან, ცხადია, საშიშროება იზრდება, რადგან შენ ისედაც არ იცი ერთი – გამოვლენა ვირუსის და მეორე, როგორ მოუარო ამ პაციენტს. ამიტომ დადგა ეს პრობლემა ბევრ ქვეყანაში და ამიტომ ამბობენ, რომ ეს არის დიდი გამოწვევა მსოფლიოს ჯანდაცვის სისტემისადმი, თუ როგორ აღმოჩნდა მზად სისტემა ასეთი ვირუსის გავრცელებასთან საბრძოლველად.
– ამბობენ, რომ დათბება და ვირუსი უკან დაიხევს, თუმცა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტმა თქვა: როცა დათბება და სეზონური გრიპი უკან დაიხევს, ჩვენ გვექნება მეტი დრო და შესაძლებლობა კორონავირუსს ვებრძოლოთ. ეს მითია, თუ რეალობაა? თუ არც ეგ არ არის გამოკვლეული?
– ეპიდემიოლოგი, ყოველთვის ფაქტებით საუბრობს. თუ ჩვენ დავაკვირდებით, ბევრ ქვეყანაში წელს იყო ძალიან თბილი ზამთარი, იმდენად თბილი, რომ თითქმის ქვეყანაში თოვლი საერთოდ არ მოსულა. ამიტომ იმის თქმა, რომ დათბება და გაქრება, ეს აზრი ცოტა შორსაა მეცნიერებისგან.
მეორეა ის, მეცნიერები ფიქრობენ, რომ რადგან კორონავირუსიც გრიპის ერთ–ერთი ნაირსახეობაა, ესეც ჩაივლის და აპრილიდან დაწყებული რაოდენობა შემცირდება. რასაც ჩვენ ვუყურებთ, იმდენად სწრაფად ვრცელდება ვირუსი, იმის თქმა ზუსტად, აპრილში შემცირდება დაინფიცირების რისკი, თუ მაისის დასაწყისში, ცოტა ძნელია.
ყოველ შემთხვევაში, როცა სეზონური გრიპები ჩაივლის, ნამდვილად შემცირდება დატვირთვა ჯანდაცვის სისტემაზე და მეტი დრო და საშუალება გვექნება ზუსტად გამოვიკვლიოთ ვირუსი, გაგრძელდეს მუშაობა წამალზე ან ვაქცინაზე, მომავალი წლისთვის.
ცხადია ეს ვირუსი არ გაქრება, მომავალ წელსაც იქნება და იმიტომაც იძახიან, რომ ადრე იყო კორონავირუსის ოთხი ტიპი და აწი გვექნება გრიპები და კორონავირუსის მეხუთე ტიპი. ასევე ამბობენ, რომ დაახლოებით მსოფლიოს 80 პროცენტი მოსახლეობისა მომავალ წლამდე ამ ვირუსით დაინფიცირდება. არ არის აუცილებელი გამოვლინდეს სიმპტომებში, მაგრამ ვირუსი გააგრძელებს არსებობას.
– პირბადე იცავს, თუ არ იცავს?
–როდესაც გამოვლინდა კორონავირუსის შემთხვევები, ყველა გადავიდა პირბადეებზე, რაც ისედაც მიღებულია აზიაში, კორონავირუსი არც იყო გავრცელებული, რომ აზიელები მაინც პირბადეებით დადიოდნენ და თვითმფრინავში ამას ხშირად ნახავდით. მოხდა ისე, რომ რადგანაც ვირუსი გავრცელდა, მასობრივად შეისყიდეს პირბადეები და მთელ მსოფლიოში და არა მხოლოდ საქართველოში, აღმოჩნდა დეფიციტი. თუმცა, ბოლო ორი დღეა დაიწყო მსჯელობა და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმაც თქვა, რომ პირბადე იმდენად არ გიცავს, როგორც ხელის დაბანა, რადგან როცა პირბადის მოხსნა ხდება, ამ პირბადიდან ვირუსი გადადის ხელზე. ამიტომ დაიწყეს მსჯელობა, რომ პირბადეები კარგია, მაგრამ მაინც ჰიგიენის წესების დაცვა, ხელების დაბანა უფრო ეფექტურია.
– იტალიამ გამოაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი სიმპტომები გექნებათ, არ წახვიდეთ პირველადი ჯანდაცვის ობიექტებში, არ დარეკოთ სასწრაფოში, დარეკეთ სპეციალურ ხაზზე, მოვალთ და წაგიყვანთ. საქართველოში გვეუბნებიან, რომ მიბრძანდით ოჯახის ექიმთან. რამდენად სწორი მიდგომაა? რიგში დგომა ხალხმრავალ ადგილზე რამდენად მართებულია?
– თქვენ ეხლა მტკივნეულ საკითხს შეეხეთ. როგორც წეღან აღვნიშნეთ, ამ ვირუსის ერთ–ერთი გამოწვევა არის ის, თუ როგორაა მოწყობილი ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა და როგორაა მზად გაუმკლავდეს დაავადებას. მსოფლიოში და ზოგადად, წესია, რომ ქვეყანაში წესრიგი იწყება პირველადი ჯანდაცვის სისტემით, პირველ რიგში უნდა გქონდეს განვითარებული პირველადი ჯანდაცვა. მართალი გითხრათ, არ წამიკითხავს იტალიის ეს განცხადება და მიკვირს, რომ ასეთი განცხადება გააკეთა, მე პირიქით წავიკითხე, რომ ბევრ ქვეყნებში ეუბნებიან პირველად ჯანდაცვას მიმართეთო. ყველა ადამიანი რომ მიაწყდეს ჰოსპიტალებს, ეს იქნება კიდევ უფრო დიდი დარტყმა ჯანდაცვის სისტემისთვის. ამ შემთხვევაში, უკეთესი იქნება ჯერ მიმართონ პირველადი დახმარების ექიმს და მერე მან გადაგამისამართონ იმ დაწესებულებაში, სადაც უფრო დეტალურად და ღრმად გამოიკვლევენ. საქართველოში ერთი პრობლემა ის გვაქვს, რომ თბილისის გარდა, რეგიონებში, პირველადი ჯანდაცვა ნაკლებად არის განვითარებული და ზოგადად ჩვენ ყველანი რატომღაც პირველადი ჯანდაცვის ავლით მივმართავთ ჰოსპიტალებს, რაც არის არასწორი და არის ძალიან ცუდი. მე მომხრე ვარ პირველადი ჯანდაცვის სისტემა იყოს ძლიერი და თუ ექიმი ჩათვლის საჭიროდ, რომ წახვიდე ჰოსპიტალში, მერე მიმართოთ ჰოსპიტალს. თუმცა, მეორე მომენტია, როგორ განვითარდება სიტუაცია, იქნებ, დრო რომ არ დაიკარგოს, პირდაპირ ურჩიონ ინფექციური საავადმყოფოში მისვლა. მით უფრო, რომ სამწუხაროდ, საქართველოში ჩვენ პირველადი ჯანდაცვა არ გვაქვს.
– არსებობს მოსაზრება, რომ ბავშვებში თუ ემართებათ კორონავირუსი, მიმდინარეობს ძალიან სუსტი ფორმით. რას ამბობენ მეცნიერები, რითია ეს განპირობებული?
– ამის შესახებ ზუსტი მეცნიერული დასკვნა არ არსებობს, სტატისტიკაზე დაყრდნობით, შეიძლება იმის თქმა, რომ ლეტალური შემთხვევები დგება ძირითადად იმ შემთხვევაში როდესაც ადამიანი ასაკშია ან როდესაც აქვს ქრონიკული დაავადებები, ფილტვის, ან გულ-სისხლძარღვთა. ცხადია, ასაკის მომატებასთან ერთად ჯანმრთელობა სუსტდება. ბავშვებს კი, უფრი ძლიერი იმუნური სისტემა აქვთ, თუნდაც იმიტომ, რომ მათ ახალ ჩატარებული აქვს აცრები და მათი ორგანიზმი უფრო ძლიერია. თუმცა, როგორც ზემოთ ბევრჯერ აღვნიშნე, ჯერ ზუსტად არავინ არაფერი არ იცის. ამას დასჭირდება დრო.
– საზღვრის შემოწმებაზე უნდა შეგეკითხოთ, იყო შემთხვევები, რომ ჩამოსული ჯგუფი პირდაპირ კარანტინში გაუშვეს, იყო შემთხვევა, რომ იტალიიდან 97 ადამიანი ჩამოფრინდა და ყველანი სახლში გაუშვეს, როგორ ხდება ამის მართვა? როგორ უნდა გადაწყვიტო, რომელი ჯგუფი სად გაუშვა?
– ადამიანის თვითშეგნებაზე ყველაფერი დამოკიდებული, ორი დღის წინ ჩამოვფრინდი შვედეთიდან, სადაც დაფიქსირდა ორი შემთხვევა, თუმცა აეროპორტში არანაირი შემოწმება არ გამივლია და არავის არაფერი უკითხავს, არც შესაბამისი ღონისძიებები გაუტარებიათ. როცა ჩაფრინდები სტოკჰოლმში, ასეთი შემოწმებები არ ხდება. უბრალოდ არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არსებობს ასეთი ვირუსი და თუკი გაქვთ სიმპტომები, ან მოდიხართ რისკის ჯგუფის ქვეყნიდან, გთხოვთ, მოგვმართეთ. აქ არის განსხვავება ჩვენსა და ამ ქვეყნების ხალხების თვითშეგნებას შორის. ჩვენ მეტად ვფიქრობთ საკუთარ თავზე, ვიდრე სახელმწიფოზე. ეს ხალხი უფრო ფიქრობს სახელმწიფოზე, ვიდრე საკუთარ თავზე. ამიტომ, როცა სახელმწიფო აცხადებს, რომ მსოფლიოში არის რაღაც პრობლემა და ასე უნდა მოვიქცეთ, ეს ხალხი იქცევა სახელმწიფოს ინტერესების მიხედვით. საერთოდ, სამხრეთელებს გვახასიათებს, ვაკეთებთ ისე, როგორც გვაწყობს და არა ისე, როგორც საჭიროა. რაც შეეხება თქვენ კითხვას, როცა ქვეყანამ დააწესა შემოწმდეს ყველა ვინც ჩამოდის იმ ქვეყნებიდან, რომლებიც არის სარისკო ქვეყანა, მაშინ ყველას შემოწმება უნდა მოხდეს. როგორც თქვენ იძახით, ვიღაცას ამოწმებენ და ვიღაცას არა, თუკი ეს რეალობაა, ყოველთვის გამოიწვევს იმას, რომ მე, როგორც უბრალო მოქალაქეს, მიჩნდება დაუცველობის გრძნობა.
–ხომ არ ჯობდა რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულები პირდაპირ წაეყვანათ კარანტინში?
– ეს არის ნებაყოფლობითი, რადგან ნიშნავს გადაადგილების შეზღუდვას. საქართველოს კი არა, ვერცერთი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუმკლავდება, ასი ათასობით მგზავრი მიადგეს და უთხრას ანალიზი ამიღეთო, ეს შეუძლებელია.
– ეს ანალიზი თუ იცით, ძვირადღირებულია?
– ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ფასს მნიშვნელობა არა აქვს. წარმოიდგინეთ, 4 მილიონი რომ მიადგეს ჯანდაცვას, როგორც პირბადეების დეფიციტი არის, ისე იქნება ყველაფრის დეფიციტი, ამდენი საწოლიც კი არ იქნება და ექიმი. ამიტომ ამბობენ, ვისაც აქვს სიმპტომი მიმართეთ შესაბამის სამსახურებს, ვისაც არა აქვს, ნუ აჰყვებით პანიკას და ნუ ეცდებით ზედმეტი დატვირთვა მიაყენოთ ისედაც დატვირთულ ჯანდაცვის სისტემას.
– ვთქვით, რომ ასაკობრივი ზღვარი აქვს ამ ვირუსს. სამწუხაროდ, ევროპაში მცხოვრები 70-80 წლის ასაკოვანი ადამიანი შესაფერისი ჯანმრთელობის მდგომარეობით შეიძლება საქართველოში გვყავდეს 50-55 წლის ადამიანი, ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებიც, საქართველოში ისე ვერ აქცევენ თავს ყურადღებას. ამის გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი ადამიანი გვყავს კარანტინში, ორ კვირაში, და უნდა ველოდოთ თუ არა დაინფიცირების რიცხვის მატებას?
– არა მგონია კარგი იყოს დავიწყოთ იმაზე მარჩიელობა, რა შეიძლება მოხდეს ორ კვირაში. სამი თვის წინ არავინ იცოდა კორონავირუსის შესახებ. როგორც თავიდან ვთქვით, ეს ვირუსი არის ახალი და ძალიან უცნაური, რაღაც მომენტებში აღენიშნება მომატება და რაღაც მომენტებში – კლება. ზუსტად იმის თქმა, რა იქნება ორი კვირის შემდეგ საქართველოში, ძნელია. თუმცა, ერთი თვის წინაც, ალბათ, უკვე იყო ცხადი, რომ ეს ვირუსი საქართველოშიც გამოჩნდებოდა. რაც უნდა დავკეტოთ საზღვრები, ამ ვირუსს საზღვარი არ სჭირდება, ვირუსებს და ინფექციურ დაავადებებს საზღვრები არ გააჩნიათ, თავისუფლად გადაადგილდებიან. ამიტომ, ადრე თუ გვიან ეს ვირუსი საქართველოში გამოჩნდებოდა და გამოჩნდა კიდეც. ამიტომ იზრდება ყოველდღე ინფიცირებულთა რაოდენობა. ნორვეგიაში, სადაც მე ვმუშაობ, ეხლა უკვე 7 შემთხვევა დაფიქსირდა, მაგრამ ნორვეგიაში არ ატეხილა პანიკა და არ დაუწყიათ, რომ დღეს თუ 7 არის, ხვალ 200 იქნება. ყველაფერი ნორმალურად იქნება, მთავარია ჩვენი ჯანდაცვის სისტემა როგორ გაუმკლავდება. ეხლა დაავადებათა კონტროლი მშვენივრად მუშაობს, ნამდვილად პროფესიონალები არიან და იციან როგორ მოიქცნენ, ვენდოთ მათ და გავყვეთ, უბრალოდ, საქართველოში ჯანდაცვა გადაყვანილია კერძო რელსებზე, ჩვენთან ძალიან ცოტა არის სახელმწიფო ჰოსპიტალები და ხომ ხედავთ, ერთადერთი სახელმწიფო ჰოსპიტალია რესპუბლიკური და იმის გადაყვანა ხდება სატრანზიტო ჰოსპიტალად, რადგან სხვა პუნქტები, სადაც მთავარია შემოსავალი, ამას არ გააკეთებენ. ამიტომ ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ არის მომზადებული პრევენციისთვის თვითონ სახელმწიფოს ჯანდაცვის სისტემა.
– რაიმე რჩევის მიცემა თუ შეგიძლიათ მოსახლეობისთვის?
– თუ იგრძენით პატარა სიცხის მომატება, ან ხველა, სუნთქვის გაძნელდება და ამ დროს იცით, რომ იყავით იქ, სადაც ეს ვირუსი იყო, მიმართეთ ექიმს.
– და იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ქრონიკული დაავადებები გულ–სისხლძარღვთა ან ფილტვის, როგორი ყურადღება უნდა გამოიჩინონ?
– როდესაც ასაკში ხარ, ან გაქვს ქრონიკული დაავადებები, შეგიძლიათ სახლიდან გახვიდეთ მაგრამ მოერიდეთ დიდი თავშეყრის ადგილებს, ასეთ ადგილებში უფრო მეტია ავადობა და შეიძლება აღმოჩნდეს ისეთი ადამიანი, ვისაც ეს ვირუსი აქვს და ვინაიდან იმუნიტეტი გაქვთ სუსტი, გადმოგედოთ, მაგრამ მთელი თვე ვერავინ დავსხდებით სახლში, ყველა მუშაობს და სადღაც დადის. აქ კიდევ ერთი მომენტია გასათვალისწინებელი, რომ ამ ვირუსს ზოგადად მთელი მსოფლიოში აქვს ძალიან დიდი ეკონომიკური უკუეფექტი, ამას ნელ–ნელა ყველა ქვეყანა ნახავს, ჩინეთი უკვე ხედავს და საფონდო ბირჟებმაც ნახეს, როგორ ვარდება საფონდო ბირჟების მაჩვენებლები. ამ ვირუსს აქვს ძალიან დიდი ეკონომიკური დარტყმა. ჩვენ რომ ყველა სახლში დავსხდეთ და არ ვიმუშაოთ, ისედაც გაჭირვებულ ქვეყანას კიდევ უფრო სიდუხჭირეში ჩავაგდებთ.
თამო კეშელავა
ალია №8
კომენტარები