„ალიას“ ესაუბრება ქართველი ებრაელი ექიმი ანა კოლ-შიმშილაშვილი
– რა ხდება ამ მომენტისათვის ისრაელში? რამდენია დაინფიცირებულია?
– ისრაელში ამ წუთში ასეთი მდგომარეობაა, არის სულ 22 ავადმყოფი, იყო 25 და სამი უკვე გამოჯანმრთელებულია სახლში გაშვებული. ძირითადად ყველანი არიან გარედან შემოსულები, შემოიტანეს ვირუსი ძირითადად იტალიიდან.
მათ შორის არის ერთი, რომელიც არ იყო საზღვარგარეთ, მაგრამ მუშაობდა ბერძნების გიდ-მძღოლად, იმას გადაედო და ესაა ერთი აქ შეძენილი შემთხვევა. ყველა სხვა შემთხვევაში, დასნებოვნება მოხდა საზღვარგარეთ. თითქმის მთელ ევროპასთან დაკეტა ისრაელმა საჰაერო გზები, ბელგუნიონის აეროპორტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღარ არის ფრენა ევროპის მიმართულები, ამერიკის ზოგიერთ ქალაქებთანაც ასევე. კალიფორნიის მიმართულებით აღარ არის ფრენა დაკეტა რამდენადაც ვიცი, მაგალითად და კიდევ რამოდენიმე ქალაქი, საქართველო თავისუფალი ზონაა, კანადაა კიდევ თავისუფალი ზონა.
– ემიგრანტები საქართველოდან თავს გრძნობენ თუ არა დაცულად, უსაფრთხოების მხრივ როგორი სიტუაციაა?
– აქ ყველა დაცულად გრძნობს თავს, ამ ქვეყანაში აბსოლუტურად არ არის პანიკა, შეიძლება ეს გამოიწვია იმანაც, რომ აქ სულ საომარი მდგომარეობაა და მიჩვეული ვართ საგანგებო მდგომარეობას, კაფე–რესტორნები სავსეა, ყველაფერი მიდის ჩვეულებრივად, ქალაქში რომ გახვალ, თუ რამე ხდება – არ იგრძნობა. ინფორმაცია ვრცელდება, რომ 30 ათასი ადამიანი კარანტინში გადაჰყავთო. 30 ათასიც გადაჰყავთ და ბევრად მეტიც, ყველა, ვინც ჩამოფრინდა ქვეყნიდან, რომელიც არის მაღალი რისკის ჯგუფში მიდის კარანტინში. არავინ იტყვი – მე აქ რატომ ვარ, როცა კარგად ვგრძნობ თავს. მოვალეობის გრძნობა თითოეულ მოქალაქეს აქვს მაღალ დონეზე – მე თუ შემოვედი ქვეყნიდან, რომელიც რისკფაქტორია, უნდა ვიყო ორი კვირა სახლში და არა მხოლოდ მე, ვინც იყო ჩემს ირგვლივ.
– რისკქვეყნებიდან ყველა შემოსული გადის კარანტინს?
– ყველა შემოსული გადის კარანტინს.
– საკარანტინე სივრცეები ჰქონდა ქვეყანას, თუ მოაწყვეს?
-როგორც იცით, ამ ქვეყანას ხშირად აქვს საომარი სიტუაცია კი ისედაც მზად იყო.
–ასევე ვრცელდება ინფორმაცია მოხალისეებზე, რომლებიც საკმაოდ ბევრი ჰყავს ქვეყანას, მათი გადამზდება როდის მოხდა, თუ გაქვთ ინფორმაცია?
– მაგ თემაზე მომიწევს ქალბატონ ტიკარაძის ხსენება, გინდა მოეწონოს ხალხს და გინდა არა. ქალბატონი ტიკარაძე ისრაელში მოხალისეების პროგრამას უკვე გაეცნო და უნდა საქართველოში დააკოპიროს ისრაელის სახელმწიფოსთან თანამშრომლობით.
– საიდან იცით, რომ გაეცნო?
– ვიცი.
– ჩვენც ვითხოვთ, რომ დანერგოს, ჩვენ არ გვყავს მაგდენი სამედიცინო პერსონალი სამწუხაროდ, რომ ასეთ ეპიდემიას ვებრძოლოთ, თუ სიტუაცია გამძაფრდა და დაინფიცირებულთა რიცხვმა იმატა.
– ქალბატონი ტიკარაძის მოწვევით, ნოემბრის ბოლოს, საქართველოში იყო ჩამოსული ისრაელის საგანგებო მდგომარეობისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი და ამ თემაზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს.
– როდის?
– ნოემბრის ბოლოს.
– მაგ დროს ხომ ვირუსზე საუბარი არც ყოფილა?
– მაგ დროს არ იყო ვირუსზე საუბარი, მაგრამ მას ზოგადად უნდა მსგავსი სისტემა დანერგოს. აღფრთოვანებული დარჩა ამ პროგრამით, რომლის ფარგლებშიც ჩვენთან 14 წლის ასაკიდან ხდება მომზადება მოხალისეების.
– თქვენ ამბობთ, რომ მიჩვეული ხართ საგანგებო ვითარებას, ისიც თქვით, რომ კაფე-რესტორნებში ჩვეულებრივად დადიხართ – ამ მომენტისთვის საგანგებო მდგომარეობა ისრაელში არის გამოცხადებული?
-კი.
– და რესტორნებში მაინც დადიხართ?
– ჩვენ ბომბების დროსაც ვსხედვართ რესტორნებში.
– ისრაელის პრემიერმა გააკეთა განცხადება, სადაც ამბობს, რომ სიცხე, მზის სხივი და ტენიანობა ამ ვირუსს არ შეამცირებს და ზაფხულის იმედი არ უნდა გვქონდეს. ვირუსი ხელოვნური ჰგონიათ ისრაელ მეცნიერებს? ამიტომ გაკეთდა ამ ტიპის განცხადება?
– ვირუსი რომ ახალ გავრცელებული იყო, ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა ასეთი რამ თქვა: მე მხოლოდ ღმერთის და შაბაკის (შაბაკი არის ჩვენი უშიშროება) იმედი მაქვსო. ამ სიტყვებით მთელმა ისრაელმა გავიგეთ, რომ რაღაც ხელოვნურზეა საუბარი, ხელოვნურად შექმნილ ვირუსზე. შაბაკს ეგ არ იტყოდა ტყუილა, არ თქვა – ექიმების იმედი მაქვსო, დაუკვირდით რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრი? შაბაკის იმედი მაქვს.
– აქ რომ ეთქვათ სუს-ის იმედი მაქვსო, დაახლოებით ეგ არის?
– დიახ, დიახ, ზუსტად იგივე იყო. ამით უკვე ყველაფერი ნათქვამია ჩვენი ხალხისთვის, ჩვენ არ ვეძებთ პასუხს მედიცინაში, ვეძებთ პასუხს ძირითადად ბიოტექნოლოგიაში, ბიოლოგიაში, ეძებენ ვაქცინას, ცდილობენ წამალი გააკეთონ. ექიმებს დღეს, ბევრი არაფერი შეუძლიათ! უნდა მოხდეს ჰიგიენის წესების დაცვა და მეორე, ეცადო არ გაავრცელო. მე რომ იტალიაში ვიყავი, რა უფლება მაქვს მერე პანაშვიდზე წავიდე, იტალიაში კი არა კანადაში და ამერიკაში ვიყავი, რომელიც რისკ-ფაქტორის ქვეყნებში არ არის, მაგრამ ორი კვირა ვერიდები 100-ზე მეტი კაცის თავყრილობაში მისვლას. ფაქტიურად, თვითიზოლაციაში ვარ.
– და თუ არ დაემორჩილა კარანტინში გადაყვანის მოთხოვნას ისრაელის მოქალაქე?
გაკოჭავენ. მაგრამ ისრაელის მოქალაქე ვერ გაიგებს, რატომ არ უნდა დაემორჩილოს, მართლა, მენტალურად ვერ გაიგებს.
– ისრაელმა აუკრძალა მედიცინის მუშაკებს ქვეყნის დატოვება…
– იმიტომ, რომ ექიმების მობილიზაციაა, მედ-პერსონალია საჭირო ადგილზე, ეპიდემიაა ქვეყანაში, როგორც ომი, ისეა. თუ ომის დროს ჯარისკაცი მიგყავს საზღვარზე, ეპიდემიის დროს ექიმია ქვეყანაში საჭირო.
– უნდა გკითხოთ ჯარისკაცებზე, ხდება თუ არა პოლიციის და ჯარისკაცების გამოყენება, თუ ხდება რა ფორმით?
– სრული ჩართვაა ჯარის და პოლიციის.
– და როგორი ფორმით – პირბადეებით და სპეციალური ფორმებით?
– ერთი კვირის წინ შემოვედი საზღვარზე, აეროპორტში არც გასვლისას და არც შემოსვლისას აბსოლუტურად არავის უკეთია პირბადე. აი, ხელთათმანები უკეთია ყველას, პირბადე სჭირდება არა ჯანმრთელს, არამედ ავადმყოფს, მაგრამ რაც შეეხება იმას, ვისაც კონტაქტი აქვს იზოლატორში, ისინი თავიდან ბოლომდე აღჭურვილი არიან.
– მესაზღვრეები?
– მესაზღვრეებს არა. ერთ რამეს აგიხსნით, საქართველოში ცოტა სხვანაირადაა, მესაზღვრეებთან კონტაქტი გაქვთ. ჩვენთან უმეტესად გვაქვს ბიომეტრიული პასპორტები, ამიტომ უშუალო კონტაქტი გაქვს არა მესაზღვრესთან, არამედ კომპიუტერთან. იგივე სიტუაცია იყო კანადაში, დავდებთ პასპორტს აპარატზე და უკვე აპარატით ხდება თვალების და სახის გადაღება, ამოცნობა, მერე შეკითხვებია, კანადაში კითხვებსაც კომპიუტერი სვამს – სად იყავი, რომელ ქვეყნებში… ისრაელში არა, იმიტომ, რომ ისრაელის მოქალაქეში იმდენად არის გაცნობიერებული, თავად იტყვის და არ დამალავს, თუ იყო რისკჯგუფის ქვეყნებში.
– თქვენ იმაზეც დაწერეთ, რომ ისრაელში შემოაქვთ გაყინული კორონავირუსი და ლაბორატორიებში იკვლევენო, მედიაში გაჟღერდა ეს ინფორმაცია?
– კი… რა თქმა უნდა, გაჟღერდა, რომ ერთი კვირის განმავლობაში მინუს 80 გრადუსზე გაყინული თერმოსებით შემოიტანეს ეს ვირუსები და უკვე მუშაობენ ვაიცმანის ბიოტექნოლოგიურ ინსტიტუტში ვაქცინაზე. ახლა კიდევ ერთხელ თქვა პრემიერ–მინისტრმა, რომ ამაზე მარტო ისრაელი არ მუშაობს, მასთან ერთად მუშაობენ მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები, ერთობლივი გუნდური მუშაობა აქვთ მსოფლიოს თავკაცებს, მათ წამყვან ბიოლოგებს და ბიოტექნიკოსებს.
– როგორც მივხვდი, სწორედ ამ კვლევების შედეგად განაცხადა, რომ სიცხე არ იმოქმედებს ვირუსზე…
– დიახ, მაგ კვლევების შედეგებით განაცხადა, რომ სიცხე არ იმოქმედებს და მგონი ეს უკვე დამტკიცდა კიდეც, უკვე არის აფრიკაში, ავსტრალიაში ვირუსი და ეს უკვე არის ამის მაჩვენებელია, რომ სიცხე არ მოქმედებს. ისრაელში არავინ ელოდება, რომ ჯანდაცვის სამინისტრო დაიცავს, ამას პრემიერიც ხმამაღლა ამბობს, აქეთ გვთხოვს მოსახლეობას, დაიცავით საკუთარი თავი და დაგვიცავით ჩვენ, რადგან წამალი არ არსებობსო!!!
–აპლიკაცია გაქვთ, როგორც ვიცი, რომლითაც ხედავთ კორონავირუსით დაავადებულთა წინა 14 დღის მარშრუტზე…
-კი, შეიქმნა ხალხისთვის, რომ ვიცოდეთ, დიანფიცირებულის ბოლო 14 დღის მარშრუტი თავიდან ბოლომდე. ეს მარშრუტი ქვეყნდება პრესაში, ტელევიზიაში, ყველგან, – სად გადაადგილდებოდა, რა დაწესებულებებში იყო და ვისთან იმყოფებოდა კონტაქტში.
დაინფიცირებული ვალდებულია მოყვეს სად იყო ბოლო 14 დღის განმავლობაში და მისი კოორდინატები თავიდან ბოლომდე ვრცელდება, ეს აისახება ამ აპლიკაციაშიც. მე უკვე ვიცი აპლიკაციის მიხედვით, სად არის დაინფიცირებული ზონები და თუ იმ საათებში იქ მეც ვიმყოფებოდით, მივმართავ შესაბამის უწყებებს. შესანიშნავია ტაივანის მიდგომა ზუსტად მაგ თემაზე, მან თავის მოქალაქეებს განუცხადა, რომ ისინი მათი პირადი მონაცემების შესახებ ინფორმაციასაც გაასაჯაროებენ მოქალაქეებისვე საკეთილდღეოდ და ამიტომ, მათი ლოკაციის შესახებ ყველაფერი ეცოდინებათ.
– იმუნიტეტის ასამაღლებლად რაიმე რეკომენდაციას თუ გაძლევენ, ან რაიმე პროდუქტზე თუ არის აქცენტი?
– აბსოლუტურად არანაირი, აქ მხოლოდ და მხოლოდ საუბარია პირად ჰიგიენაზე, თვითონ პრემიერ-მინისტრი გვეუბნება – ხელით ნუ გააღებთ სადარბაზოებს, ეცადეთ იდაყვი მოიხმაროთ, ან ხელთათმანი, კარის კოდი არ აკრიფოთ თითით, ხელები დაიბანეთ დღეში 100-ჯერ. 5000-ზე მეტი ადამიანის თავყრილობები აიკრძალა ჯერჯერობით, ქორწილები ჯერ კიდევ დაშვებულია, მაგალითად ჩვენ ოჯახში არის ქორწილი 15-ში, პატარძლის ძმა ცხოვრობს ამერიკაში, არკვევენ წამოვიდეს თუ არა, თუ მოხვდება ამერიკის ის ქალაქი იმ ზონაში, რომელიც რისკ-ფაქტორია ეს ბიჭი არ მოდის საკუთარი დის ქორწილში, ხვდებით რამხელა თვითშეგნებაა?! ამაზე მეტი რა უნდა იყოს, იმიტომ გავბრაზდი იმ ექიმზე, რომელმაც მოისეირნა იტალია და შემდეგ პანაშვიდზე წავიდა.
– იმაზე არ გაბრაზდით, მთელმა სამსახურმა რომ იცოდა და არავინ უთხრა, არ მოხვიდეო? არცერთმა რომ არ განაცხადა ჯანდაცვის ცხელ ხაზზე თუნდაც ინკოგნიტოდ?
– ისრაელის ერთ–ერთი აეროპორტის თანამშრომელი, ქართველი გოგონა, ახლა იმყოფება საქართველოში, მან მიიღო ისრაელიდან მესიჯი, როცა ქვეყანაში ჩამობრძანდები ორი კვირა დაჯექი სახლში, არ მოხვიდე სამსახურშიო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის რისკ-ფაქტორში, მაინც.
ჩვენთან ექიმიც არ უნდა ჩააყენო რისკის ქვეშ, როდესაც პირველი სიმპტომები გაქვს, აქ არის სპეციალური ცხელი ხაზი, არ მიდიხარ შენს პირად ექიმთან, რეკავ კორონას ცხელ ხაზში და მოდიან და გადაჰყავხართ თუ სახეზეა სიმპტომი. თუ არადა, მოდიან და გიკეთებენ ადგილზე ანალიზს – ასე არ ხდევბა, რომ ადგე და მიხვიდე შენ თავად კორონავირუსის სიმპტომით ექიმთან.
– იტალიამაც გამოაცხადა, არ მიხვიდეთ ოჯახის ექიმთანო. საქართველოში პირიქით, გვეუბნებიან რომ უნდა მივიდეთ პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში, ინფექციურს ამხელა რესურსი არა აქვს და ჯერ ოჯახის ექიმმა მოუსმინოსო.
– ამის რესურსი ჩვენთან არის და ზუსტად მაგით აღფრთოვანდა ტიკარაძე და ზუსტად მაგის დაკოპირება უნდა საქართველოში.
– ძალიან მეეჭვება, რადგან მან 1 იანვრიდან თბილისსა, ქუთაისში და ბათუმში, პოლიკლინიკას, რომელსაც 13 ათასზე მეტი დაზღვეული ჰყავს, აუკრძალა საყოველთაო დაზღვევით პაციენტების მიღება. ვერც ერთ ამ ქალაქში ვნახე კლინიკა, რომელსაც 13 ათასზე ნაკლები დაზღვეული ჰყავდეს.
– მაგაზე ვერ გიპასუხებთ, მაგრამ ჩვენი სისტემით აღფრთოვანებული იყო და ძალიან მკვეთრი ნაბიჯები გადადგეს და უნდათ დაკოპირება. ერთ ამბავს გეტყვით, რასაც ჩემი და (ისიც ექიმია) მიყვებოდა გუშინ: მასთან მივიდა ისტერიაში მყოფი ავადმყოფი და ჩემმა დამ პირდაპირ უთხრა – რატომ მოხვედი, ხომ იცი რომ მარტო არა ვარ და აქ უამრავი პაციენტია. მიაწოდა პირბადე და გაუშვა გარეთ, დაგველოდეო. სავარაუდო ინფიცირებულთან ურთიერთობის მაქსიმუმი უნდა იყოს 15 წუთამდე, თორემ მერე უკვე არის გადადების საფრთხე, ამიტომ გაუშვა გარეთ, შემდეგ დარეკა ცხელ ხაზზე, იქიდან მოვიდნენ თანამშრომლები და ეს ადამიანი წაიყვანეს.
ჩვენთან ინფექციური საავადმყოფო არ არსებობს, ყველა საავადმყოფოს აქვს ინფექციურის განყოფილება, ყველგან გვყავს ინფექციონისტები, ვირუსოლოგები და ეპიდემიოლოგები.
– მოხალისეები ბევრი გყავთ?
– ძალიან, ისრაელი საერთოდ ცხოვრობს მოხალისეებით. გეტყვით, საიდან ვიცი, რომ ამ საკითხით დაინტერესებული ტიკარაძე, შარშანწინ, ის დაინტერესდა აქაური სასწრაფო დახმარების სისტემით, მისი მოწვევით ჩვენ ვიყავით ჩასული და ტრენინგები ჩავუტარეთ საჩხერის საავადმყოფოს, თვითონ იქ არ იყო. მაშინ ჯერ მინისტრიც არ იყო. ახლა კი, მინისტრის რანგში, კიდევ ერთი შეხვედრა გამართა, როგორც გავიგე ამ თემაზე.
ჩვენი პარამედიკები საჩხერეში ტრენინგებს უტარებდნენ ექიმებს, რომლებიც პირდაღებული უყურებდნენ და არ სჯეროდათ, რომ ეს ადამიანი პარამედიკია და არა ექიმი, მინიმუმ პროფესორი და მეცნიერებათა დოქტორი ეგონათ. ვერცერთ კითხვაში ვერ ჩააგდეს პარამედიკი. მეორე და მთავარი, ჩვენთან არის 25 ათასი პარამედიკი, ანუ სასწრაფო დახმარების თანამშრომელი, მათგან 2500-ია მხოლოდ შტატიანი, რომელიც ხელფასს იღებს. დანარჩენი ყველა მოხალისეა.
– მოხალისე იქნება, ალბათ, რამდენიმე საათით და სხვაგანაც მუშაობს, ხო? ისე თავს ხომ ვერ ირჩენს?
– პარამედიკი არ არის აუცილებელი იყოს ექიმი ან ექთანი, შეიძლება მუშაობდეს მაღაზიაში, მანდ მთელი სისტემაა, ვერც აგიხსნით. შეგიძლია იმუშაო მაღაზიაში გამყიდველად, მაგრამ იყო კვირაში ორჯერ მოხალისე სამშობლოსთვის, სრულიად უანგაროდ.
– როდესმე თუ გიგრძვნიათ, რომ ისრაელის სახელმწიფო რამეს გიმალავთ, მაგალითად ინფიცირებულთა რიცხვს?
– არა, რა თქმა უნდა, არაფერს გვიმალავს სახელმწიფო და დამალვის აზრი რაში მდგომარეობს? პირიქით, ტელეფონში სპეციალური აპლიკაციებია, ყოველი პაციენტი ფიქსირდება და ტელეფონი იმ წუთას ყვირის, რომ ახალი დაინფიცირებულია.
თამო კეშელავა
ალია №9
კომენტარები