გიორგი ჯავახაძე, ალია
გოგო აფთიაქში შედის და ფარმაცევტს ეკითხება:
– ტესტი გაქვთ?
– რამდენი ტესტი გინდათ? როგორი? -გადახედა ფარმაცევტმა კოვიდ ტესტებს…
– ერთი ტესტი მინდა და თუ არჩევანია, მაშინ ისეთი ტესტი რომ მომცეთ, რომელიც ბავშვის მამის ვინაობასაც დამიწერს…
ასეა, მგონი, ჩვენი საქმე, დედა არ გვყავს და მამა იძებნება… ვერც ერთი ტესტით, რომ ვერ დადგინდება ჩვენი დიაგნოზი ის გვჭირს.
პრემიერი ღარიბაშვილი თვლის, რომ ყველაფერი იდეალურადაა, ღამის სამი საათია და ყველაფერი იდეალურადაა, შუადღის სამი საათია და ყველაფერი იდეალურადაა, ფინანსურადაც ყველაფერი იდეალურადაა, შუადღით სამ საათზე ერთ ძვირადღირებულ საათს დახედავს და ღამის სამ საათზე მეორე ძვირადღირებულ საათს.
აქეთ, რევოლუციას რომ აწყობდა იმ ოპოზიციურმა ძალამ, მე ჯერ არ მცალია, პარტია მაქვს ასაშენებელიო. ჩემი კოლეგა წერდა დღეს, ქალთან მივიდა მაჭანკალი და ურიგებდა კაცს, რომელსაც სახლი გაურემონტებელი ჰქონდა, ეზო მოუწესრიგებელი, ბიზნესი მხოლოდ რეესტრში გატარებული, ავეჯი საყიდელი. მაჭანკალმა ქალს უთხრა, ახლა ჩამოვიდა საზღვარგარეთიდან, ცოლის მოყვანა და ბიზნესის დაწყება ერთად უნდა, ცოლის გემოვნებით გაარემონტებს სახლს, გაალამაზებს ეზოს და იყიდის ავეჯსო. ქალმა მიუგო – ასაშანებელ-დასამშვენებელი ჩემი თავი მეზარება, შენი ჭირიმე, თავი გამანებეო.
ხოდა, ასაშენებელ-დასამშვენებლები ვართ ქვეყანაში ყველა და ან 2020 წლის არჩევნებზე რას ბაქიბუქობდით და ან 2021 წლის არჩევნებზე? ზოგ რეგიონში იმიტომ წავაგეთ, რომ პარტია სტრუქტურულად ასაშენებელიაო, ცოლის მოყვანა და ბიზნესის დაწყება, ცოლის მოყვანა და სახლის გარემონტება ვერ მოახერხა ერთდროულად ფულიანმა კაცმა და თქვენ, ფულიც არა გვაქვსო, რომ იძახით, არჩევნების მოგებას და პარტიის აშენებას რანაირად მოასწრებდით, თქვენი ჭირიმე? პარტიის სტრუქტურებმა 2012 წელს დაიწყეს ნგრევა და ახლა, 2022 წელს ვიწყებთ აშენებასო, სანამ ააშენებთ, ჯერ ამ 9 წელში რაც დაშენებებია ის უნდა მოანგრიოთ, არა? რაც მაგ პარტიას ამ წლებში კანონიერი, თუ უკანონო მიშენებები აქვს, მაგის აშენებას მიშენებების დანგრევის გარეშე როგორ აპირებთ? ნგრევას და მიშენებების მოხსნას – ანუ, ხალხის გათავისუფლებას თუ დაიწყებთ, ყველა ვარიანტში უკმაყოფილებას მიიღებთ, საკუთარი უკმაყოფილო მომხრეების ფონზე, თან პარტიას ააშენებთ და თან ხელისუფლებას შეცვლით?
ამასობაში, ვადამდელი არჩევნები თუ შეგხვდება, მზად ვიქნებით და თუ არა 2024 წლამდე მზად ვიქნებით და მზად ვიქნებითო. მშენებლობის დროს, ვადამდელი არჩევნები სად უნდა შეგხვდეთ? რა ვიცი, რა გითხრათ…
და კიდევ ერთხელ მახსენდება ისტორია, რომელიც “ალიას” მკითხველს ცოტა ხნის წინ გიამბეთ, გარკვეული სოციალური ჯგუფები, სადაც “ენმ”-ის მომხრეთა მასალები ზიარდებოდა, არჩევნების წინ გარუკვეველ პირებს ჩაუვარდა ხელთ, თავიდან იძახდნენ, ამ ჯგუფებში “ენმ”-ის მომხრეთა მასალები აღარ გაზიარდება, მხოლოდ სააკაშვილზე გვაქვს აქცენტიო, მერე თქვეს, ყოველ დღე სააკაშვილის თემა უნდა იყოს მთვარიო, მერე დაწერეს, სააკაშვილს მალე გამოვიყვანთ ციხიდან და ივანიშვილს კუდით ქვას ვასროლინებთო, მერე განაცხადეს, ვაიმეეე, გუნდში მიშას მოღალატეები ჰყოლიაო, კაი, კაცოო, რას ამბოობთ… მერე დაანონსეს, მიშა უეჭველად უნდა წავიდეს უცხოეთში სამკურნალოდო და ბოლოს თქვეს, ხალხო, აღარაფერი გამოდის ამ ნაცი და ქოციდან, მოდი, 2024 წლის არჩევნებისთვის მოვემზადოთო…
წლებია ამათ ჩხუბს და გამიშვი-გამატრეს ვუყურებთ, წლებია ერთი მხარე იქადნება, ნახე, რა გიყო, გადაგაგდებ სკამიდანო და მეორე მხარე პასუხობს, აბა, ბიჭოს, მოდი და გადამაგდე, შე კუანაო… შენი კუანა ვინ არიო? მა, ჰაერი ვინ გააფუჭაო…
ხო, ახლა ისე გამოვიდა, რომ ახლა ჰაერის გაფუჭებაც ხალხს ბრალდება, ეგენი არ გამოვიდნენ გარეთო… სად გარეთ, უამრავი ადამიანი გამოვიდა 14 ოქტომბერს ქუჩაში და სამ საათში უკან გააბრუნეს და მეტი სად გარეთ უნდა გასულიყვნენ? ამაზე მეტად გარეთ სადღა გასულიყვნენ? ხალხი გვწერდა საჭმელ-სასმელით, კარვებით ჩამოვედით რეგიონებიდან და უკან მიგვაბრუნესო და მეტად გარეთ როგორ გასულიყვნენ? მესტიიდან ჩამოვიდნენ ადამიანები მარშრუტკებით, გრამი საწვავი არ მოუთხოვიათ და უკან მიაბრუნეს და მეტი გარეთ, სად უნდა წასულიყვნენ? იქნება რამე კონკრეტულ ადგილს ქვია “გარეთ” და არ ვიცით?
მოკლედ, წლებია ამათ ჩხუბს ვუყურებთ, აქეთ ერთი იძახის, მე ეგენი რევოლუციას ვერ მომიწყობენო და მეორე პასუხობს, მე რევოლუციის მოწყობის უფლება მაქვსო, მაგრამ ახლა ნამდვილად დგება ახალი ეტაპი ქართულ პოლიტიკაში – 2024 წლის ლოდინის ეტაპი, ახლა მომზადების და პარტიის შენების ეტაპებს უნდა ვუყუროთ. ქალთა ორგანიზაცია “ქართულმა ოცნებამ” შექმნა პირველმა, დაგასწროთ… ზემოთ რომ ვახსენე, ის ასაშენებლ-დასამშვენებელი კაცი, იმასაც კი არ დასჭირვებია 3 წელი ასაშენებელ-დასამშვენებლად და მაქსიმუმ ერთ წელიწადში ბიზნესიც დაიწყო, სახლიც გაარემონტა, ცოლიც მოიყვანა და ავეჯიც იყიდა…
ამასობაში, სანამ ნაცი და ქოცი 2024 წლისთვის ემზადება, ადამიანები ახალ “ბომბებს” აანონსებენ, 2012-იანელები გულხელდაკრეფილნი არ ვისხდებითო, ციხეშიც რომ ჩაგვსვან, არ გავჩუმდებით, რადგან ვწყდებით და ასაშენებელიც აღარაფერი დაგვრჩა, რაზე უნდა დავაშენოთ, 2012 წლის “ოცნებიდან” აგურიც აღარ დაგვიტოვესო. როგორც “ალიას” ორი სხვადასხვა წყარო კულუარულად უყვება, მათ იმაზე მეტი იციან, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია:
“მილიონობით ბომბზე ზის ხელისუფლება, რომელიც უკვე ისე გავიდა თავს, რომ მხოლოდ ერთი დღით ფიქრობს. იციან, რომ მათი ბოლო ვადაა, ყველა ვარიანტში და იჯიბავენ და იჯიბავენ, ასტრონომიულ თანხებზეა საუბარი, ასტრონომიულად დიდი თანხების მითვისების მტკიცებულებები გვაქვს უკვე. ათასობით დოკუმენტი გამოდის “ქართული ოცნების” სამინისტროებიდან, თუ პარტიიდან, ადამიანები ხედავენ, რომ პარტიას მათი გაწირვა ნებისმიერ დროს შეუძლია, ხედავენ, რომ მათივე მეგობრების შვილებს არ სცემენ პატივს, ხედავენ, რომ ხელფასსაც კი არ უყოფენ თავისი გუნდის წევრებს და მხოლოდ თავისთვის და თავისთვის უნდათ ყველაფერი. ბევრი რამის მომსწრენი ვართ, დაწყებული, ე.წ. კასრში მოთავსებული მასალების “განადგურებისა”, თუ ნაწილობრივი განადგურებისა, უკანონო თვალთვალისა, მუქარისა და შანტაჟისა, კორუფციისა. აქამდე თავს ვიკავებდით, რადგან, ვთვლიდით, რომ სახელმწიფოებრივად ასე იყო სწორი, სანამ მეორე, საპირისპირო მხარეს ნაციონალური მოძრაობა დგას, მაგრამ იმასაც ვაცნობიერებთ უკვე, რომ თუ ასე გაგრძელდა, ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება ასე იდგებიან ერთმანეთის პირისპირ და მხოლოდ ხალხი დაზარალდება, ამიტომაც, ახლა სიჩუმე სახელმწიფოებრივი კი არა, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა. ვაცნობიერებთ ჩვენ პასუხისმგებლობას და ვიცით, რომ შესაძლოა, შეუტყობინებლობის მუხლით დაგვიპირონ დაჭერა, რათა გაგვაჩუმონ, მაგრამ ჩვენ არ ვართ ერთი და ორი, ერთს დაიჭერენ, მეორე ამოიღებს ხმას, მეორეს დაიჭერენ, მესამე ილაპარაკებს და თან დოკუმენტაციას, რომელსაც ვერც კი გავეცანით ჯერ ბოლომდე, იმდენად მასშტაბურად მოედინება მმართველი პარტიიდან, საელჩოებში გადავაზღვევთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო ის დოკუმენტაცია იქნება თავზარდამცემი, რაც პანდემიის დროს თანხების მითვისებას, მოპარვას, ჩაჯიბვას ეხება! ხალხი წყდება, შიმშილით, სიცივით, ბანკის ვალების გადამკიდე, მეტ და მეტ ვალს იდებენ, ტოვებენ ადამიანები სამშობლოს და ეგეც უხარით, რადგან მეტი ემიგრანტი, მეტ გამოგზავნილ ფულს ნიშნავს დღეს ქვეყანაში. თუმცა, გავა წლები და იმ ადამიანებს აღარავინ დარჩებათ ქვეყანაში დასახმარებელი, ზოგი დაიღუპება, ზოგს წაიყვანენ. ისეც არ იფიქროს ვინმემ, რომ მხოლოდ ღატაკი და უქონელი ქართველის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ოჯახია დღეს დაუცველი ქვეყანაში – ყველა დაუცველია, მდიდარის შვილიც შეიძლება მოკლას არაპროფესიონალმა ექიმმა და არავინ მოსთხოვს პასუხს, მდიდრის შვილიც შეიძლება მოკლან ქუჩაში, ან შეუვარდნენ საკუთარ სახლში. საშინელი მდგომარეობაა გეოპოლიტიკური კუთხით, წარმოუდგენელი სითავხედით გვეპატიჟებიან რუსეთსა შინა, აფინანსებენ პრორუსულ პარტიებს. აქეთ, ოპოზიცია “ოცნების” ვერაგ ქცევას თავისებურად “აპრავებს”, ეგენი, მმართველი გუნდის წევრები, არგაღიზიანების პოლიტიკას აწვებიანო. არგაღიზიანების პოლიტიკაა პრორუსული ძალების გააქტიურება? თუ არ გაღიზიანება და სიჩუმე უნდათ, არც იმ ძალებს არ გააქტიურებდნენ, ამდენ ოფისს ყიდულობენ ამ ძალებისთვის, ამდენი ფინანსი ჩადო მასში ვიღაცამ და ამ ფულის წარმომავლობას რატომ არ არკვევს სუს-ი? არაფერი საერთო ამას არ აქვს არგაღიზიანებასთან, ეს არის რუსეთისთვის საქართველოს ჩაბარების გეგმა. ჩუმად არიან ევროპასთან და ამერიკასთან, ჩუმად არიან უკრაინასთან, თორემ, რუსეთთან სად ხედავთ სიჩუმეს? სიჩუმის ნიშანია პრორუსული ძალების თავზე წამოჯდომა? დასავლეთი რომ ამდენ ფულს აგზავნის ქვეყანაში ინსტიტუტების განვითარებისთვის და ამ ინსტიტუტებს ჯიბეზე იხევენ, პირდაპირი მნიშვნელობით, პროდასავლურ ძალებს შექმნიდნენ ამ ფულით. მაგრამ, არ უნდათ დასავლეთი, არა, მეტიც, არავინ უნდათ რუსეთის გარდა და არ მოგვიყვანია ჩვენ ეგენი 2012 წელს რუსეთში დაბრუნების პირობით. ვფიქრობთ, დადგა დრო, ჩვენი მკვდარი თავად გადავათრიოთ, თორემ, აყროლდა ქვეყანა.” – გვიყვება ორი წყარო.
კომენტარები