20 ივნისის აქციის დარბევიდან 1 წელი გადის. 20 ივნისს ისევ იგეგმება თბილისში აქცია, ამჯერად უკვე გასული 20 ივნისის გამო, იმის შესახსენებლად, რომ ჩვენ გვახსოვს დარბევა, გვახსოვს უამრავი დაზარალებული ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება საუბრობს ამბოხზე, მან სამართლებრივად ეს ფაქტი ვერ დაამტკიცა, ისევე როგორც ვერ და არ დასაჯა სპეცრაზმელები, რომლებმაც ადამიანებს სახის არეში ესროლეს და ესროლეს მაშინაც კი, როცა ისინი დაშლას და სახლში წასვლას ცდილობდნენ.
მაკო გომურს ყველა იცნობს, მან 20 ივნისს თვალი დაკარგა. რა შეიცვალა მისთვის ბოლო წელიწადში და რა ახსოვს იმ ავბედითი 20 ივნისიდან – „ალიას“ მაკო გომური ესაუბრება:
– შეგიძლია, ის დღე დეტალურად რომ გაიხსენო?
– დღე დაიწყო ჩვეულებრივ, დილით წავედი სამსახურში, 8 საათზე დავიწყე მუშაობა და დავასრულე ღამის 11 საათზე, მაგ დროს ვმუშაობდი, „ორი ნაბიჯის“ აღმაშენებლის ფილიალში. რომ მოვრჩი სამსახურს და ტელეფონი ვნახე, ჩემ უფროს დებს ჰქონდათ მოწერილი, რომ აქციაზე იყვნენ, მე მაგ დროს არ ვიცოდი აქციის შესახებ, მაღაზიაში ძირითადად დამსვენებლები და ტურისტები შემოდიოდნენ და არავის უთქვამს, რა ხდებოდა გარეთ, ვიყავი ინფორმაციულ ვაკუუმში. არც ის ვიცოდი, რას აპროტესტებდნენ, ტელეფონისთვისაც ვერ მოვიცალე იმ დღეს. ჩემი ძმა სამსახურში იყო და სახლში რომ წავსულიყავი, იქ მარტო უნდა ვყოფილიყავი, რაც არ მინდოდა – გადავწყვიტე, ჩემი დებისთვის გამევლო და ერთად წამოვიდოდით სახლში. მეტროთი წავედი და დაახლოებით პირველის ნახევარი იყო, რუსთაველზე რომ გავედი და ჩემი ერთი და ვიპოვნე, მეორე დას ვეძებდით, ტელეფონზე არ გვპასუხობდა. ამასობაში სიტუაცია უკვე მშვიდი იყო, პირველი დარბევა უკვე დასრულებული იყო. 2 ის ნახევრისთვის დაიწყო უკვე მეორე დარბევა და სროლა. გამოვიქეცით თავისუფლების მეტროს მხარეს, იქედანაც მოდიოდნენ რობოკოპები, უკან მოვტრიალდით და მემორიალთან ახალგაზრდებს ვაფრთხილებდით, რომ ქვემოდანაც მოდიოდნენ რობოკოპები. ამ დროისთვის უკვე ძალიან ცოტა ადამიანი იყო პარლამენტთან, ვინც იყო…
– მაგ დროს მეც ვიყავი რუსთაველზე და ჩემი თვალით ვნახე, რომ არც ერთი გზა არ დატოვეს წასასვლელად, მაგრამ მაინც ვიკითხავ, ხომ არ ყოფილა მოწოდება, რომ რომელიმე ერთი გზით წასულიყავით, დერეფანი ხომ არ მოუციათ?
– არა, არა, რა სისულელეა, ასეთი მოწოდება, რომ ვისაც გინდათ, აი, გზა და წადით, არ ყოფილა, პირიქით, მოგვამწყვდიეს ისე, რომ ვერც ერთი გზით ვერ მივდიოდით, ქაშუეთამდეც ვერ მივაღწიეთ, მემორიალთან ვიყავით მე და ჩემი დები, როცა ვიღაც კაცი წაექცათ ახალგაზრდებს ჩვენ წინ და ჩემი უფროსი და მივიდა მასთან დასახმარებლად, მეორე და მედგა მარჯვენა მხარეს და მარცხენა მხრიდან არავინ მედგა და სწორედ მაგ მხრიდან მომხვდა ტყვია. არ გვაცდიდნენ არც გაქცევას და თან ისროდნენ.
– ვიცი, რომ ვერ დაინახე ვინ გესროლა…
– არა, ისე სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი, ქუჩა თითქმის ცარიელი იყო, მაგ დროს არ იყო ბევრი ადამიანი უკვე და ნამდვილად არ წარმოვადგენდით საფრთხეს შეიარაღებული სპეცრაზმელებისთვის. მთელი ყურადღება მქონდა ჩემი დისკენ, რომელიც ვიღაც კაცს ეხმარებოდა, თუმცა, რაღაც მომენტში, გავშეშდი, მივხვდი, რომ მარცხენა მხარეს არავინ მედგა და მივხვდი, რომ რომელიღაცას უეჭველი მოხვდებოდა ტყვია და მე აღმოვჩნდი ის, ვისაც ტყვია მოხვდა, შეიძლება საბედნიეროდაც, რადგან სხვას არაფერი დაემართა.
-მაგ მომენტში ფეხზე იდექი, ხო? დახრილი არ იყავი, როგორც ვიცი და ვერ იტყვის სპეცრაზმელი, რომ ფეხში გესროლა და თავში მოგხვდა.
– ფეხზე მდგომი ვიყავი, ერთი მახსოვს რომ დავიყვირე და ჩემმა დამ დამიძახა, ჩაიკუზეო, თუმცა, მაინც ფეხზე ვიდექი… ალბათ, ვერ გავიაზრე…
კიდევ ის მახსოვს, როცა ამიყვანა ხელში ერთ-ერთმა ბიჭმა, რომ მივეყვანე სასწრაფოს მანქანამდე – სანამ სასწრაფომდე მივიდოდით, ბევრი ხელი გამოვიცვალე, ბევრი ენაცვლებოდა, იმდენად შორს იყო, სასწრაფო დახმარების მანქანები და დიდი ხანი ვიყავი ადამიანების ხელებში… არც ექიმებს აძლევდნენ ახლოს მოსვლის საშულებას…
-ხომ არ დაგხმარებიათ რომელიმე სპეცრაზმელი?
– არა, მსგავსი რამ არ ყოფილა, პირიქით, სანამ მე მომხვდებოდა ტყვია, ერთ გოგოს მოხვდა ფეხში მანამდე და მე და ჩემი და მივედით პოლიციის მანქანასთან, სიტუაცია ავუხსენით და ძალიან უხეშად გამოგგვისტუმრეს… არავინ მოსულა არც მანამდე და არც მერე დახმარებისთვის.
– მანამდე პოლიტიკაში არ იყავი აქტიურად ჩართული, ახლა რა შეიცვალა?
– თუ მანამდე არ ვიყავი ქვეყნის ცხოვრებაში აქტიურად ჩართული, ახლა პირიქით, ვცდილობ, რომ ვიყო ჩართული. რაც შეეხება პოლიტიკას, სიმართლე რომ გითხრათ, არც მანამდე ვიცოდი და ძალიან კარგად, არც ახლა ვიცი, უბრალოდ ვიცი ყველა ის საჭირო ნაწილი, რაც უკვე მივხვდი, რომ ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს.
-პოლიტიკური გემოვნება თუ ჩამოგიყალიბდა?
– სიმართლე რომ გითხრათ, არა. ერთადერთი რაც ყველაზე მეტად მინდა, არის ის, რომ მმართველი პარტიის პარტიის წარმომადგენლებიდან, ვინც იყო მომხდარზე პასუხისმგებელი, დაისაჯოს სათანადოდ.
– გვიან გცნეს დაზარალებულად. რა შეიცვალა ამ სტატუსის მონიჭების შემდეგ?
– დიდხანს არ მაძლევდნენ დაზარალებულის სტატუსს. არაფერი არ შეცვლილა ამის მერე. სტატუსის შემდეგ, გვექნებოდა საშუალება გავცნობოდით საქმის მასალებს, როცა სტატუსი მომენიჭა და მივედი პროკურატურაში საქმის მასალების გასაცნობად, აღმოჩნდა, რომ არაფერიც არ იდო საქმეში, იქ იყო ჩემი ოჯახის წევრების ჩვენებები, სხვა არავისი ჩვენება არ ყოფილა, არც რამე ხელჩასაჭიდი და იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი კამერის ჩანაწერი, სადაც მე არ ვჩანვარ ტყვიის მოხვედრის დროს, მეფარება მემორიალი.
– სპეცრაზმელი?
– არა, იმ კამერის ჩანაწერში 30 მდე სპეცრაზმელია, თუმცა, არც ერთის სახის იდენტიფიცირება არ ხერხდება, როგორც მეუბნებიან.
– ძალიან უცნაურია, წესით, ყველა დანაყოფის ადგილმდებარეობაზე უნდა ჰქონდეთ წვდომა, მათი დაკითხვით მაინც უნდა გაერკვიათ, ვინ სად იდგა და სახის დანახვა არ არის აუცილებელი, იდენტიფიცირებისთვის ბევრი გზა არსებობს. ეს თუ არ შეუძლია პროკურატურას – მაშინ რა საჭიროა საერთოდ?
– სულ მიჩნდებოდა პროტესტის გრძნობა, იმ პოლიციელების საქმეები, რომლებზეც ამბობენ, რომ იყვნენ დაზარალებულები – გამოიძიეს ძალიან მარტივად და ჩვენი, ვისაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა დახმარება, ჩვენი საქმეები თაროზეა შემოდებული და არავის ადარდებს. მე რომ ვუთხარი უამრავი კამერის ჩანაწერი არსებობს, მათ შორის ტელევიზიების ოპერატორების მიერ გადაღებული და თუნდაც, ის ჩანაწერები გამოვიყენოთ-თქო, გამომძიებელმა მიპასუხა, შენ კარგად იცნობ ჟურნალისტებს და თხოვე ჩანაწერებიო, მიპასუხა. ვკითხე – დამცინი-თქო? მართლა გამიჩნდა გრძნობა, რომ დამცინოდა. მე ვთხოვო კამერის ჩანაწერები და მე მოვიტანო სამხილები, ეგ გამომძიებელმა როგორ უნდა მითხრას?
– სპეცრაზმელთა ჩვენებები იყო საქმეში? მათი ჩვენებები დაეხმარებოდათ იდენტიფიცირებისთვის თუნდაც, იმას მაინც განსაზღვრავდნენ ვინ სად იდგა და როდის.
– არა, მე მსგავსი არაფერი მინახავს.
– „ოცნების“ ლიდერები დღემდე ამბობენ, რომ ეს იყო პარლამენტის შენობაზე თავდასხმა, დავუშვათ, თეორიულად, რომ მართლაც დასხმოდნენ თავს პარლამენტის შენობას და შეენგრიათ რკინის ჭიშკარი, შეხვიდოდი პარლამენტში?
-პირველი დაპირისპირების დროს საერთოდ არ ვყოფილვარ რუსთაველზე, მე გავედი, როცა ყველაფერი დამშვიდებული იყო, მეორე დაპირისპირების დროს, ეს შეუძლებელი იყო, ხალხი იმდენად იყო დაცოტავებული. შეუძლებელი იყო შტურმის მიტანა პარლამენტზე. შევიდოდი თუ არა? – ამ გადასახედიდანაც კი, არ ვიცი რას ვიზამდი. მართლა არ ვიცი. თუმცა, ერთი ვიცი, მეორე დღეს ისეთი გაბრაზებული და გამწარებული ვიყავი, მზად ვიყავი, ავმდგარიყავი და მე თვითონ შემენგრია პარლამენტის ყველა კარი.
– ეგ განცდა სრულიად ლოგიკური იყო. შეგეხმიანენ თუ არა სამთავრობო წრეებიდან?
– ეხმიანებოდნენ საავადმყოფოს პერსონალს, თუნდაც ხარჯების საკითხის გასარკვევად, ამას ყველგან ვამბობ, რომ ხარჯები სრულად დაფარა სახელმწიფომ და რა თქმა უნდა, უნდა დაეფინანსებინა კიდეც, ეს იყო ყველაზე, ყველაზე მინიმალური, რაც შეიძლებოდა ჩვენთვის გაეკეთებინათ. ჯანდაცვიდან იყო წარმომდგენელი, ვინც ამ ყველაფერს ჩემთან ერთად გადიოდა თავდაპირველად. შემდეგ უკვე ბილეთებს გვიგზავნიდნენ და თავად მივდიოდით, არავინ გვჭირდებოდა. მეტი არაფერი. ვთქვათ, ვინმე გამოჩენილიყო, ვინც უშუალოდ ისაუბრებდა ჩემთან მომხდარზე, ასეთი არავინ ყოფილა.
-მორალურად ალბათ დაზარალებულად თვლი თავს და გიფიქრია კომპენსაციის მოთხოვნაზე?
– რა თქმა უნდა, ვთვლი. ახლა ვაპირებდი მორალური ზიანისთვის სარჩელის შეტანას. მაგრამ პანდემიის გამო, გადაიწია ცოტათი პროცესმა. ვთვლი თავს მორალურად დაზარალებულად, სრულიად უსამართლოდ, ისე, რომ არ წარმოვადგენდი საფრთხეს, დავკარგე თვალი, მივიღე უდიდესი სტრესი, მივიღე ფიზიკური დანაკარგი, შემიმცირდა შრომისუნარიანობა 35 პროცენტით და უამრავი ფაქტორია კიდევ.
– ამოიწურა სამედიცინო დახმარება? თუ კიდევ გჭირდება ოპერაცია?
– არა, იმას რომ თავი დავანებოთ, რომ წელიწადში ერთხელ უნდა ვიცვალო თვალის პროთეზი, გარდა ამისა, კიდევ დამჭირდება რამდენიმე ოპერაცია.
-პრემიერთან გქონდა კითხვები, პასუხი მიიღე?
– კითხვები მქონდა, ძალიან ბევრჯერ გავაჟღერე, პრემიერმა ბრძანა, რომ ეს ყველაფერი ჩემი შეფასებაა და არა ჩემი კითხვა. ასევე თქვა, მე თავად გავცემ პასუხობსო – ეს ყველაფერი იყო ტყუილი, არასოდეს ჩემთან კომუნიკაციაზე გამოსვლის მცდელობა არ ყოფილა. ახლაც რომ იყოს მცდელობა, კომუნიკაცია, ერთი წამითაც არ დავფიქრდები, რომ მასთან რაიმე სახის დიალოგზე წავიდე.
ერთი წლის მანძილზე უფრო მეტი კითხვა დაგროვდა. ამ ერთ წელიწადში იყო კიდევ მეტი გადაცდომა, დაზარალებულთა საქმეების არ გამოძიება, დამნაშავეთა არ დასჯა და ასე შემდეგ. მთავარი კითხვა რჩება უცვლელი – ვარ ადამიანი, რომელმაც თვალი დაკარგა უსამართლოდ, არც სპეცრაზმელისთვის, არც პარლამენტის შენობისთვის, არც იქ მყოფი ადამიანებისთვის არ წარმოვადგენდი საფრთხეს და რატომ არ არის ის ადამიანი დასჯილი, ვინც მესროლა და რატომ არ ხდება ჩვენი საქმეების გამოძიება?
მერე ამბობდნენ, გახარიას არ გაუცია სროლის ბრძანებაო… მეცინება ამაზე – თუ ბრძანება არ ჰქონდა გაცემული და მისი ბრძანების გარეშე ისროდნენ სპეცრაზმელები, მაშინ რანაირად შეძლებს, რომ იყოს კარგი პრემიერი, თუ ვერ იყო კარგი შს მინისტრი? რატომ არ დაისაჯა ის ხალხი, ვინც, როგორც ამბობენ, ბრძანება დაარღვია? რატომ არ გააჩერა სროლა, რომელიც მისი ბრძანების გარეშე დაიწყო?
– შენ ახლა მთელი საქართველო გცნობს და უამრავ ადამიანს უყვარხარ…
– ყოველ ჯერზე ვგრძნობ ხალხის სიყვარულს. უამრავი ადამიანი დგას ჩემ გვერდით. განსაკუთრებულად გამოვყოფდი „სირცხვილიას“ წევრებს, რომლებმაც ბევრი ტკივილი ჩემთან ერთად გადაიტანეს. თუმცა, ნეგატიური ემოციებიც არის, ორი დღის წინ პარლამენტის წინ ვიყავი, ბლოგს ვწერდი, ვიღაც ქალმა ჩამიარა და საჯაროდ ძალიან გემრიელად გამომლანძღა, სულ „ნაციონალი“ მეძახა და რატომ, მართლა არ ვიცი.
– მე ვფიქრობდი, რომ შენი განცხადებები უფრო მკვეთრი იქნებოდა, თუმცა, სვამ ლეგიტიმურ კითხვას, თავშეკავებულად საუბრობ და არ გადასულხარ აგრესიაზე. ამიტომ, ჩემთვის მართლა გაუგებარია, რატომ უნდა იყოს შენ მიმართ ნეგატიური განწყობა. მე ისიც მომისმენია და ალბათ, შენც გაიგებდი, რომ „ოცნების“ მხარდამჭერები მადლიერებას გიწუნებენ, თვლიან, რომ მადლიერი უნდა იყო, რადგან ოპერაციები დაგიფინანსეს, რაც ჩემთვის სრული მარაზმია.
– კი და ესეც ძალიან სასაცილოა, რატომ უნდა ვიყო მადლიერი მთავრობის, რომელმაც თვალი დამაკარგვინა? ერთი წუთითაც ვერ ვიქნები მადლიერი იმიტომ, რომ რაღაცა მკურნალობას აფინანსებს. თავდაპირველად, როცა გავიგე, რომ ხარჯებს მთავრობა აფინანსებს, უარი ვთქვი, არ მინდა მათი არაფერი-თქო. თუმცა, მერე მივხვდი, რომ პირიქით, რატომ არ უნდა დააფინანსონ?
– ვინმეს უცდია თქვენი გამოყენება და აზრის კარნახი?
-არასდროს, ძალიან ბევრია ადამიანია ჩემ გარშემო და ყველა პირიქით, მაფრთხილებს, რომ არ გავხდე ვინმესთვის გამოყენების საგანი და არასოდეს ყოფილა მსგავსი შემთხვევა, რომ ვინმეს კარნახით მესაუბრა და მეტიც, იმ ადამიანებიდან, ვინც ჩემ გვერდში დგას, არავის უკადრებია, ჩემით მანიპულირების მცდელობაც კი.
– მიუხედავად იმისა, რომ არ იქნა გამოძიებული 20 ივნისის საქმეები, გახარია დააწინაურეს – ელოდები თუ არა სამართლიანობის აღდგენას?
– კი, სანამ ჩემ გვერდით ვხედავ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩემსავით აქვთ კითხვები, სანამ ვხედავ ადამიანებს, რომლებსაც უნდათ დამნაშავეთა დასჯა და სიმართლის დამტკიცება – რა თქმა უნდა, მაქვს იმედი.
ასევე, იმედი მაქვს, 20 ივნისს, აქციის დღეს, გამოვლენ ადამიანები, რომ რეკომენდაციების დაცვით გავაპროტესტოთ ის, რაც მოხდა ერთი წლის წინ და რაც ხდებოდა ერთი წლის განმავლობაში, მე ისევ ადამიანების იმედი მაქვს, კიდევ ერთხელ დავანახოთ სახელმწიფოს – რომ ჩვენ გვაქვს ძალა და ჩვენ გვინდა უკეთესი მომავალი.
თამო კეშელავა, ალია №20
კომენტარები