თამო კეშელავა, ალია
„ალიას“ ესაუბრება ზაზა წერეთელი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ჩრდილოეთის განზომილების ჯანდაცვის პარტნიორობის საექსპერტო ჯგუფის კოორდინატორი, ბარენც-ევროარქტიკული საბჭოს „ახალი ტექნოლოგიების და ჯანდაცვის სისტემის მოწყობა მცირედ დასახლებულ ტერიტორიებზე“ პროგრამის კოორდინატორი.
– ჩვენ გვითხრეს, რომ მალე „ფაიზერს“ მივიღებთ და „გვახარეს“ ისიც, რომ აპირებენ, „ფაიზერის“ ვაქცინით 12 წლიდან ზემოთ მოზარდებიც აცრან. იმის გათვალისწინებით, რომ ვაქცინებზე, ზოგადადაც, არ გვაქვს ბევრი კვლევა და მოზარდებში ვაქცინებზე კიდევ უფრო მწირია ინფორმაცია, რამდენად სწორად მიგაჩნიათ ეს გადაწყვეტილება?
– რამდენიმე ქვეყანამ მიიღო ეს გადაწყვეტილება – გამომდინარე იქედან, რომ ახალი შტამი უფრო ახალგაზრდებში გვხვდება და ახალი სასწავლო წლის დაწყებისას, ნამდვილად აღარ სურთ ისევ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდეს სწავლა. სწორედ ამიტომ, რამდენიმე ქვეყანამ გადაწყვიტა არასრულწლოვნებიც აცრას. მე ვთვლი, მაინც კარგი იქნება, ჯერ დავაკვირდეთ, დაველოდოთ მეტ და მეტ კვლევას და მერე გადავწყვიტოთ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი. საქართველოში ხშირად ვიცით, გავიგონებთ რაღაც გადაწყვეტილების შესახებ რომელიღაც ქვეყანაში, ავიტაცებთ, ოღონდ საინფორმაციო კამპანიასაც არ ვიწყებთ, რომ მოსახლეობა იყოს ინფორმირებული. რას ვეუბნებით მშობელს? – ამერიკამ გადაწყვიტა 12 წლის ბავშვის აცრა და მოდი, შენც აცერი შენი 12 წლის შვილიო? მესმის, რომ ამერიკამ გადაწყვიტა, მერე ჩვენ რაო, გეტყვიან. ეს უნდა იყოს არგუმენტებით გამყარებული. გვიჭირავს ჯერ ხელში მყარი არგუმენტები? დაველოდოთ, ვნახოთ ახალი კვლევების შედეგები და მერე გადავწყვიტოთ, მით უფრო, რომ ჯერ ზრდასრული მოსახლეობაც არ გვყავს აცრილი. იმ ქვეყნებს, ვინც ამაზე მსჯელობს, ზრდასრული მოსახლეობის მეტი წილი ჰყავთ აცრილი. ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ გვარგებს, პირიქით, ნაჩქარევი გადაწყვეტილებები უფრო აზიანებს პროცესს.
კომენტარები