ჟურნალისტი, გიორგი თარგამაძე, “ტვ ფორმულას” ეთერში, ამბობს:
“როდესაც დასავლეთის ლანძღვა-გინება იმ სიხშირით და სიმწვავით ისმის, რუსეთში კი არა საბჭოთა კავშირშიც რომ არავის დაესიზმრებოდა, და ეს ყველაფერი მხოლოდ ოცნების “ექსპერტების”, “ხალხის ძალის” თუ მოსკოვის საპატრიარქოს ადგილობრივი სპიკერებისგან კი არა, პრემიერისა და ოცნების ლიდერებისგან მოდის, მგონია რომ დამატებითი არგუმენტების ძიებას აზრი აღარ აქვს.
ამიტომაც მინდა ივანიშვილის და ოცნების ლიდერებს, უფრო სწორად კი მათი მხარდამჭერების ნაწილს, მათთვისვე გასაგებ ენაზე ვუთხრა: რასაც დღეს ქართული ოცნება აკეთებს, ამას, ჩათლახობა კი არა გოთვერნობა ჰქვია.
როდესაც უკრაინის ომამდე, ისრაელის შემდეგ, პირველ ადგილზე იყავი მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე ამერიკული დახმარებით; როდესაც დასავლეთმა ჯამში 10 მილიარდ დოლარამდე დაგახარჯა, სამხედრო ძალების მშენებლობაში ლომის წილი გაიღო, სახელმწიფო სერვისები გაგიმართა, საერთაშორისო რუკაზე ადგილის დამკვიდრებაში დაგეხმარა, რუსეთის მიერ პროვოცირებული სეპარატიზმის არაღიარების პოლიტიკა გაგიმყარა და ევროპული პერსპექტივა გაგიხსნა; როდესაც ერთადერთი სახელმწიფო ხარ რეგიონში, სადაც ამერიკის პრეზიდენტს საერთოდ ფეხი დაუდგამს, და რომელთან მეგობრობითა და სტრატეგიული პარტნიორობითაც წლებია ამაყობს ვაშინგტონი; შენ კი ამასობაში ამერიკისა და ევროკავშირის ლანძღვა-გინებით ცდილობ პუტინის გულის მოგებას და საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას; მეტიც, როდესაც შენი დეპუტატი სწორედ იმ სენატორს უწოდებს ჩათლახს, რომლის უშუალო ძალისხმევამ შეუწყო ხელი საქართველოში ხელისუფლების არჩევნებით ცვლილების პირველ და ჯერჯერობით ერთადერთ პრეცედენტს, რამაც სწორედ ივანიშვილი მოიყვანა ხელისუფლებაში – ამას სხვა არაფერი ჰქვია თუ არა გოთვერნობა. ხოლო ამაზე დიდი მავნებლობა, რასაც ახლა ოცნება აკეთებს, ქართული სახელმწიფოს იდეის თუ ქართველი ერის მომავლისთვის, უბრალოდ წარმოუდგენელია. რადგან, ამით მხოლოდ მიღწეული კი არ გვეყრება წყალში – ის ფუნდამენტი ინგრევა, რაზეც ქართული სახელმწიფო დგას. ვკარგავთ უმნიშვნელოვანესს: წლების განმავლობაში შეძენილ დასავლელ პარტნიორებსა და მეგობრებს, და ვრჩებით მარტო, რუსეთის პირისპირ.
ძველი შენობის აღდგენას ბევრად მეტი დრო, ძალისხმევა და ხარჯი ჭირდება ვიდრე ახლის აშენებას. სწორედ ასეა დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაც. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვითარებას შემოვატრიალებთ, დაკარგული ნდობისა და გაფუჭებული დამოკიდებულების აღდგენა ბევრად რთული იქნება, ვიდრე მათი თავიდან დაწყება. ამიტომ, გაუმჯობესებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, პარტნიორობის ძველ ნიშნულზე მიყვანასაც კი უკეთეს შემთხვევაში წლები და შეიძლება ათწლეულიც კი დაჭირდეს.
ხოლო ის, ვინც თავს იმით იმშვიდებს, რომ ოცნების ხელისუფლება ჯერჯერობით, მხოლოდ დასავლეთის ლანძღვა-გინებით იფარგლება, 1924 წლის აჯანყების ჩახშობის შემდგომი სისხლის კალო არ ტრიალებს და ვაკის პარკში დახვრეტილი კოტე აფხაზისა და მისი თანამებრძოლების ისტორია არ მეორდება, ძალიან ცდება. მომენტის დრამატულობის გასააზრებლად სურათი ამაზე ნათელი და მკაფიო არასდროს გახდება. ჩვენს თვალწინ, მისი ავკარგიანობის მიუხედავად სახელმწიფოს ერთ-ერთ სიმბოლოს – საქართველოს მესამე პრეზიდენტს ნელი სიკვდილით ასალმებენ სიცოცხლეს; ნებისმიერი ვინც ივანიშვილის ხელისუფლებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის ან უკვე ციხეშია, ან კორუმპირებული სასამართლოს ძალით იდევნება; ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ასეთ ადამიანებს ქვეყანაში დარჩენის რესურსი და შანსი მოესპოთ. ასე რომ თავს ნუ დავიბრმავებთ: ცივი სამოქალაქო ომი, რეალურად კი სამამულო ომი, უკვე მიმდინარეობს, რომელსაც რუსეთი ჰიბრიდული მეთოდებით აწარმოებს საქართველოში და მისი მთავარი მებაირახტრე რუსეთის აგენტურა და ოცნების ღიად პრორუსული განყოფილება “ხალხის ძალა” კი არა, თავად დღევანდელი ხელისუფლებაა.
დასაწყისში ვთქვი, რომ ახალი არგუმენტების ძიებას უკვე აზრი აღარ აქვს. აზრი აქვს მხოლოდ ორგანიზებულ ბრძოლას ქართული სახელმწიფოს გადასარჩენად. უკვე მეორეხარისხოვანია ვინ ადრე მიხვდა ივანიშვილის ხელისუფლების რუსულ ბუნებას და ვინ გვიან; ვის რა შეცდომა დაუშვია წარსულში, ან ამ წუთამდე რატომ ვერ გააცნობიერა ვითარების დრამატულობა. მთავარია რომ დღეს დავინახოთ და ცხადად შევიგრძნოთ რეალობა და ყველა ერთად, ისტორიის სწორ მხარეს დავდგეთ. საფრთხე იმდენად დიდია, რომ არაადეკვატური გახდა წარსულში დაშვებული შეცდომების განხილვა, რაც უკვე ისტორიკოსებს შეგვიძლია მივანდოთ. რადგან, თუ დღესვე არ მოხდა საერთო ძალისხმევის სრული მობილიზება, მთელი ოპოზიცია და კრიტიკულად განწყობილი საზოგადოება ერთად არ დადგა და ოცნების რუსული ხელისუფლების მმართველობიდან ჩამოცილების ერთიან სტრატეგიაზე არ ჩამოყალიბდა, შესაძლოა ისე დაზიანდეს და საერთოდაც გადატყდეს ჩვენი სახელმწიფოებრივი ხერხემალი, რომ შემდეგ აღარც წარსულის შეცდომების ანალიზს ჰქონდეს აზრი.”
კომენტარები