“რასაც გიგი უგულავას ედავებიან, იმაში “ქართული ოცნება” თავადაცაა ბრალდებული, მისი ყოფილი ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას მიერ, რომელსაც გადადგომისას წამოცდა, რომ პარტაქტივით გაბერეს სახელმწიფო კომპანიები”, – ასე ეხმაურება მოძრაობა “სირცხვილიას” წევრი შოთა დიღმელაშვილი “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერისათვის, გიგი უგულავასთვის 3 წლით პატიმრობის მისჯას.
“ოპოზიციის ლიდერების წინასაარჩევნო დაჭერები გრძელდება. უგულავა მისსავე ყოფილმა პროკურორმა, თადუმაძემ გაასამართლა, რომელიც ახლა უკვე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა. უგულავამ ჯამში ცხრა წელი უნდა მოიხადოს და რასაც ედავებიან, იმაში „ქართული ოცნება“ თავადაცაა ბრალდებული – არც მეტი, არც ნაკლები, მისი ყოფილი ეკონომიკის მინისტრის, ქობულიას მიერ, რომელსაც გადადგომისას წამოცდა, რომ პარტაქტივით გაბერეს სახელმწიფო კომპანიები.
ამგვარად, პარტაქტივის დასაქმების გამო, უგულავას 50 მილიონამდე ზარალს ედავებიან. ამ დროს, მხოლოდ 2018 წელს სახელმწიფო კომპანიებმა 805 მილიონი ლარით იზარალეს (2013 წელს 150 მილიონის პლიუსით დაასრულეს წელი) და თავად ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა დააბრალა ეს შტატის გაბერვას.
ამისთვის საქმეს არავინ აღძრავს. სამაგიეროდ, პოლიტიკური საჭიროებიდან გამომდინარე იდენტური ბრალდებით, არჩევნების წინ, ოპოზიციასთან საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკების დროს, ოპოზიციის მომდევნო ლიდერს უშვებენ ციხეში. ყველაფერი გასაგებია. საინტერესო პრეცედენტია. გამოადგება მომდევნო მთავრობას”
კომენტარები