გერმანიაში არსებულ ვითარებასა და კორონავირუსის მკურნალობის თავისებურებებზე გერმანიაში მყოფი ქართველი ექიმი ნინო ნაცვალაძე წერს.
„ამ დილით ჩემს კლინიკაში აპარატიდან მოიხსნა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან გავწერეთ, ეპიდემიის პირველი ტალღის, ბოლო პაციენტი… მძიმე კოვიდიანთა მკურნალობის ზედამხედველობა და მენეჯმენტი თავიდანვე ჰქონდა ჩაბარებული ქალს, საბინე პეხერს. როგორც ყველაზე გამოცდილ, მრავლისმნახველ და გამორჩეულ პროფესიონალს.
საბინე დღეს გახარებულიც იყო და ცოტა გულდაწყვეტილიც. შემდეგ ჩემთან, სახლში წამოვედით. ძალიან მაინტერესებდა, ბოლო კვირაში მის მიერ ჩამოყალიბებული, ჩვენი და პარტნიორი კლინიკების ახალ და ჯერ მაინც მცირე გამოცდილებაზე დამყარებული, კოვიდიანი მძიმე პაციენტების მკურნალობის მეთოდები, რჩევები და თავისებურებები. დისკუსიაც გვქონდა. გაოგნებულიც ვიჯექით… ვფიქრობდით, როგორ იცვლებოდა მკურნალობის მიდგომები ყოველ კვირას. რაც თავიდან სწორი გვეგონა, ახლა შეცდომა იყო. რასაც ადრე ვამტკიცებდით, დღეს მცდარი აღმოჩნდა. არც დაავადების მიმდინარეობა ჰგავდა ხშირად დისტერს სინდრომს, რაშიც თავიდან დარწმუნებული ვიყავით.
იყო ბევრი კითხვა, ინდივიდუალური მიდგომები და გადაწყვეტილებები. გვიკვირდა, როგორ თავგზას უბნევდა ეს უჩინარი ვირუსი ჩვენს ცოდნას და გამოცდილებას. გაღიზიანებული წამოვხტი, 3-საათიანი საუბრის შემდეგ, ვერაფერი ვერ გავუგე ამ წყეულს და სულ აირია ყველაფერი თავში.
დამამშვიდა. ნუ ითხოვ პასუხს იმაზე, რაც არავინ იცის... წამაკითხა სმს-ები და მიჩვენა ვიდეოები, როგორ ცდილობდა 27 სხვადასხვა კლინიკის შეფ-ექიმი ამ ერთი თვის განმავლობაში გამოცდილების გაზიარებას და კონსესუსის მოძებნას და ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია ბევრი კითხვა. გამარჯვებამდე დიდი დროა, ზეიმი მართლა ნაადრევია…დღემდე დანაკლისებით, მაგრამ მაინც ორგანიზებულად და გააზრებული ნაბიჯებით შეძლო გერმანიამ ინფექციის შეკავება და მასთან სწორი მიდგომებით ბრძოლა. ჯერ რესურსების 30 %-ია გამოყენებული. ზომიერად დატვირთული და არა გადატვირთული რეჟიმიდან, ძალიან ფრთხილად უბრუნდება გერმანიის კლინიკები ძველი ცხოვრების წესს. ორშაბათიდან ვიწყებთ გეგმიურ ოპერაციებს.
მოწესრიგებული სისტემის და მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გამო, ინფექციის გადაცემის დინამიკა იცვლება. იზრდება, მაგრამ ისე, რომ მრუდი ბლაგვი ხდება. შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნაც დაანონსდა… არ გვავიწყდება მთავარი ვირუსოლოგის, ბატ. ქრისტიან დროსტენის გაფრთხილება: დაინფიცირების პროცესი გაგრძელდება. წელიც და მეტიც. ინფიცირებულების რიცხვი მოიმატებს, 70%-იც გახდება და საჭიროც არის ასეთი დიდი პროცენტით შემხებლობა ვირუსთან. ოღონდ ნელა, ნაკლები დანაკარგებით! მალე გვეყოლება დიდი რაოდენობა ადამიანებისა, რომელთაც გამომუშავებული ექნებათ ანტისხეულები. ადამიანები იმუნურები გახდებიან და კორონაც გაუდგება სხვა კორონავირუსების გზას. ჩვენ მოგვიწევს მასთან ერთად ცხოვრება, თუმცა, ის აღარ იქნება ისეთი საშიში, როგორიც ახლაა. მთავარია ვისწავლოთ საზოგადოებამ მასთან თანაცხოვრება.“
პრაიმტაიმი
კომენტარები