„ალიას“ ესაუბრება საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მისიის“ ერთ–ერთი ლიდერი, რამაზ გაგნიძე.
– საპარლამენტო არჩევნებიდან საკმაო დრო გავიდა, მაგრამ მთავარი პოლიტიკური თემა მაინც ეს არჩევნებია. არჩევნები რომ გაყალბდა, ეს ფაქტია. რა ფოკუსი ჩაატარა ბიძინა ივანიშვილმა, რატომ წავიდა ამხელა უსინდისობაზე?
– ბიძინა ივანიშვილისგან აღარაფერი მიკვირს. ჩემამდე როგორც მოვიდა ინფორმაცია, თავიდან იყო გარიგება, რომ არჩევნები უნდა გაყალბებულიყო. „ქართული ოცნება“ დაიწერდა ხმების 55–60 %–ს, „ნაცმოძრაობას“ დაუწერდა 30 %–ს. 85–90% ექნებოდა ამ ორ პარტიას და დანარჩენ ხმებს სხვებს დაუწერდნენ. თუმცა, ისე მოხდა, რომ „ქართულ ოცნებას“ მოსალოდნელზე ბევრად ნაკლები ამომრჩეველი აღმოაჩნდა და ასევე, სხვა ოპოზიციურ პარტიებს მოსალოდნელზე მეტი და ეს გეგმა ბუნებრივია, ჩაიშალა. მერე უკვე ახალი გეგმით გააყალბეს არჩევნები, „ქართულ ოცნებას“ დაუწერეს 48%, „ნაცებს“ 27% და სხვა პარტიებს მოპარეს ხმები. მეტი ხალხი რომ მისულიყო არჩევნებზე, მეტი ხმები რომ მიეღოთ ოპოზიციურ პარტიებს, ამ პარტიებს უფრო მეტს მოპარავდნენ. რაც შეძლეს, მოპარეს, ეტყობა, მეტი ვეღარ მოახერხეს. ყველაზე მეტი ხმები „პატრიოტთა ალიანსს“ – 7–დან 10 პროცენტამდე, „ლეიბორისტულ პარტიას“, ნინო ბურჯანაძეს, „ქართულ მარშს“ და „ქართულ იდეას“ მოპარეს. ყველა პარტიას ერთად, 15–20% მოპარეს. რეალურად, „ქართულ ოცნებას“ 40%–ზე მეტი არ უნდა აეღო, ესეც მაქსიმუმი იყო. „ნაცმოძრაობას“ – 15%. თუმცა, ამ პარტიების ხმები გადაინაწილეს და შესაბამისად, ცესკომ, 48 და 27 პროცენტი დაუწერა ამ პარტიებს. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ კოაბიტაცია გაგრძელებულიყო, ხელისუფლებაში დარჩენილიყო „ქართული ოცნება“ და მთავარ ოპოზიციურ ძალად – „ნაცები“. ხელისუფლებას გაეგრძელებინა ძველი რიტორიკა, ხალხისთვის თვალებში კვლავ ნაცარი შეეყარა – თუ ჩვენს მხარეს არ იქნებით, აგერ, „ნაცები“ დაბრუნდებიან ხელისუფლებაშიო, რომ სხვის დასანახად ელანძღათ ერთმანეთი, ვითომ ერთმანეთის დიდი მტრები არიან და რეალურად, 4 წელი ორივეს განცხრომაში ეცხოვრათ.
– 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები „პატრიოტთა ალიანსმა“ გადაურჩინა „ქართულ ოცნებას“. მათი აქტიურობა რომ არა, სალომე ზურაბიშვილი ვერ მოუგებდა მეორე ტურს „ნაციონალ“ გრიგოლ ვაშაძეს. ამის შემდეგ, რატომ მოექცა ბიძინა ივანიშვილი ასე უმადურად მათ?
– ბიძინა ივანიშვილმა ადამიანის დაფასება არ იცის, მადლიერების გრძნობა არ გააჩნია. მისი ტაქტიკაა, გამოიყენოს ადამიანები თუ პოლიტიკური პარტიები და მერე მოიშოროს. ვაჭრობისა და დახლიდარობის გარდა არაფერი ეხერხება. რომელ მხარესაც კარგად მოივაჭრებს, იქით მხარეს დებს ფსონს. ტიპიური ვაჭარია, რომელიც არის გაძაღლებული და გათახსირებული ცხოვრებით ნაცხოვრები. მთელი ცხოვრება ტყუილზე და ხალხის „გადაგდებაზე“ ააწყო და ახლაც იმავეს აკეთებს. არ არის ეს კაცი პოლიტიკოსი. გაიხსენე, 2012 წლიდან ვინც გვერდში ყავდა, მათგან ერთეულები შერჩა. ყველა მოიშორა ან გაექცნენ. ყველა გამოიყენა რაღაცაში, რაღაც პერიოდის მანძილზე. დღეს მის ოპოზიციაში ძალიან ბევრნი არიან მისი ყოფილი თანაგუნდელები, პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი დამფუძნებლები, ყოფილი დეპუტატები და საკრებულოს წევრები. ყველაზე მეტად დაზარალდნენ ეროვნული ძალები, „პატრიოტთა ალიანსის“ გარდა, არავის აქვს შანსი პარლამენტში შესვლისა. კი, არ შევლენ, ასე ვფიქრობ, მაგრამ რომც შევიდნენ, 5 დეპუტატით რა უნდა გააკეთონ? შალვა ნათელაშვილს და მის პარტიას არ მივიჩნევ ეროვნულ ძალად, მაგრამ ვაღიარებ, რომ მასაც გაუყალბეს არჩევნები, მართლა უნამუსოდ დაუწერეს „ლეიბორისტებს“ 1%. მარტო შალვა ნათელაშვილი ამ 1%–ს დუშეთში აიღებდა. 5–10 % ყოველთვის ჰქონდა ამ პარტიას, როდესაც არ უყალბებდნენ. ახლა იმაზეც ვთქვათ, ეს სხვებისთვის წართმეული ხმები, „ნაცების“ გარდა, ვის გადაუნაწილეს, ცოტ–ცოტა, მაგრამ მაინც მისცეს იმდენი, პარლამენტში რომ მოხვდნენ. „გირჩი“, „ევროპული საქართველო“, „ლელო“, გიორგი ვაშაძის პარტია, ალეკო ელისაშვილის პარტია – ამათ აჩუქა სხვისი ხმები, რადგან ესენი ბიძინას პარტიები არიან. ახლა მიდის საცირკო სანახაობა, რომ ვითომ ეს პარტიები არ შედიან პარლამენტში და არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ.
– როგორ ფიქრობ, როგორ განვითარდება მოვლენები? 90 მანდატი აქვს „ქართულ ოცნებას“ და შეძლებენ 10 დეპუტატის გადაბირებას ოპოზიციიდან, რომ 100 დეპუტატი შესრულდეს და პარლამენტი ფუნქციონალური და უფლებამოსილი იყოს?
– ახლა, ვინც ჩამოვთვალე, ეს პარტიები რომ შევიდნენ პარლამენტში, ეყოფა კიდეც, ბიძინა ივანიშვილს. 100 დეპუტატიც იქნება და ცოტა მეტიც პარლამენტში. არ გამოვრიცხავ, ესეც მოხდეს. თუმცა, ამ პარტიების ლიდერებმა, მათ ვინც მანდატები მოიპოვეს, განაცხადეს, რომ არ შედიან პარლამენტში და აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა. ესეც თამაში მგონია. შესაძლოა, „ქართული ოცნების“ ეს მოკავშირე პარტიები მართლა არ შევიდნენ პარლამენტში, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ მოკავშირეები არ არიან და ხელისუფლების რეალური ოპოზიციონერები არიან. შესაძლოა, ზოგი შევიდეს და ზოგი – არა. ვნახოთ, რა თამაშს ითამაშებს ივანიშვილი. მე მაინც ვფიქრობ, არ გაუჭირდება იმ 10 მანდატის მოგროვება. ამათ გარდა, ინდივიდუალურად მოლაპარაკებას აწარმოებს „ნაცმოძრაობის“ ცალკეულ წევრებთან, ვისაც მანდატი ერგება. ვიცი, რამდენიმე „ნაციონალს“ უნდა პარლამენტში შესვლა. ხმები ხომ აჩუქა იმ პარტიებს, ზემოთ რომ ჩამოვთვალე, არ გამოვრიცხავ, მათ ფულიც მისცეს და შეიყვანოს პარლამენტში. კი ამბობენ, არ შევალთ, არ შევალთო, მაგრამ ეს განცხადებები უფრო ვაჭრობა მგონია. ასევე, არ გაუჭირდება, ცალკეული „ნაციონალების“ მოსყიდვა, რამდენიმე კაცზეა სულ ლაპარაკი და ივანიშვილისთვის მათი მოსყიდვა არ არის პრობლემა.
– ისე, მარტო რომ დარჩეს პარლამენტში „ქართული ოცნება“ კარგი იქნება.
– კი, კარგი იქნება და გაზაფხულზე ვადამდელი არჩევნები ჩატარდება, სხვა გზა აღარ დარჩება „ქართულ ოცნებას“. ისე, არც მაგას გამოვრიცხავ. არ გამიკვირდება „გადააგდონ“ ივანიშვილი, „გადაგდება“ ხომ ქართულ პოლიტიკაში ჩვეულებრივი ამბავია, ვნახოთ, ან ივანიშვილი ან მეორე მხარე, თამაშის რა ტაქტიკას აირჩევს.
– დავუშვათ, არ შევიდა ოპოზიცია პარლამენტში და დაინიშნა ვადამდელი არჩევნები. რას აპირებთ ეროვნული ძალები? კიდეც ცალ–ცალკე გამოხვალთ არჩევნებზე თუ გაერთიანდებით?
– გინდ ვადამდელ და გინდ ხელახალ არჩევნებამდე თუ მიდგა საქმე, იქ ეროვნული ძალებიც მიიღებენ მონაწილეობას. გავერთიანდებით და ისე მივიღებთ მონაწილეობას. ისეთი ხალხის შემოყვანა გვინდა პოლიტიკაში, ხალხს ყოველდღე თვალებში რომ არ ჰყავს გაჩხერილი ტელევიზიებიდან. მართლა ეროვნული, კონსერვატიული ძალები მივიღებთ მონაწილეობას, პატრიოტი, პატიოსანი, ამ ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ ფასად დაეჯახებიან ლიბერალურ ძალებს და ამ ბრძოლაში უკან არ დაიხევენ. არიან ასეთი ადამიანები ეროვნულ–პატრიოტულ ორგანიზაციებში და ცოტა ხანში, კიდევ ბევრნი გამოჩნდებიან. სწორედ ასეთმა ადამიანებმა უნდა აიღონ ხელში ძალაუფლება და გახვეტონ ეს ნაგავი, ეს ლიბერასტული პარტიები, „ქართული ოცნება“, „ნაცმოძრაობა“ და მათი უსახური სატელიტები. თუმცა, ხალხიც უნდა მიხვდეს, რომ ეროვნულ ძალებს უნდა დაუჭირონ მხარი, რომ ეს კრიზისი დასრულდეს ქვეყანაში. 5–5 კილო კარტოფილსა და ხახვზე იყიდებიან და მერე 4 წელი წუწუნებენ, რომ ცუდი ცხოვრება აქვთ, უჭირთ და ხელისუფლება არ ვარგა. 5 კილო კარტოფილის საფასურად მოიყვანე ეს ცუდი და უვარგისი „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში და ახლა სხვას რატომ შესტირი?
– რამაზ, ეროვნულმა ძალებმა, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, სხვა და სხვა მიზეზების გამო, ვერ მოახერხეს გაერთიანება ვერც ერთი არჩევნებისთვის და ცალ–ცალკე იოლად ერევა მათ ხელისუფლება. შენ გეცოდინება, ახლა მაინც თუ არის ეროვნულ ძალებში გაერთიანების რეალური სურვილი და საამისოდ, კონკრეტული ქმედებები ხომ არ დაგიწყიათ?
– ეს თემა დაძრულია ადგილიდან. კონკრეტიკას ამ ეტაპზე მოვერიდები, მაგრამ სხვა და სხვა ეროვნული ორგანიზაციების წარმომადგენლები შევხვდით ერთმანეთს, გვაქვს კონკრეტულ საკითხებზე მოლაპარაკებები. ცხადია, ყველასთან ვერ ვითანამშრომლებთ, ყველასთან ვერ გავერთიანდებით. ეროვნულ ძალებში ზოგ ორგანიზაციას ან კონკრეტულ ლიდერს, სუს–თან აქვს ფესვები გამდგარი, ზოგს „ნაცებთან“ და ზოგს „ქოცებთან“ და ასეთ ხალხს, ორგანიზაციებს, ცხადია, ახლოს არ გავიკარებთ. ეროვნული ძალები დაირქვეს თვითონ და ყველაფერს აკეთებენ ეროვნული ძალების დასასუსტებლად. მათი მთავარი მიზანი სწორედ ის არის, რომ ეროვნული ძალები არ გაერთიანდნენ. ეს დავალება მათ პატრონებისგან აქვთ მიღებული და ისინი აფინანსებენ, ფულს არ იშურებენ, რომ დიდი, ეროვნული გაერთიანება არ შედგეს. ვინც სუფთაა, ვინც ლიბერალებთან არ თანამშრომლობს, მათ ბინძურ დავალებებს არ ასრულებს, ის ძალები აუცილებლად გავერთიანდებით.
– ვინც ამ გაერთიანების მიღმა დარჩება, შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომ ისინი სუს–თან, „ნაცებთან“ და „ქოცებთან“ შეკრულები არიან?
– კი, ბატონო, ასე იქნება. ჩვენ კონკრეტულ ფაქტებს დავუდებთ კონკრეტულ ლიდერებს, ორგანიზაციებს, რომ ისინი სხვის დავალებებს ასრულებენ და ეროვნული ძალების გაერთიანების წინააღმდეგ იბრძვიან. ვინც ჭეშმარიტად ეროვნული და კონსერვატორია, ვინც გულანთებულია, რომ ამ ქვეყნის გადარჩენისთვის იბრძოლოს, ის ხალხი, ის ძალები გავერთიანდებით და მივიღებთ ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობას.
ლევან ჯავახიშვილი, ალია
კომენტარები