არსებობენ ადამიანები, რომელთაც განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდებათ, უფრო მეტიც, მათი სახელი უამრავი ადამიანის ისტორიას და ცხოვრების ყველაზე ლამაზ და მნიშვნელოვან მომენტებს უკავშირდება. თუმცა, ასეთი ადამიანების სიმრავლით ნამდვილად არ ვართ განებივრებული, დღეს ერთ-ერთ ასეთი განსაკუთრებული, გამორჩეული ცხოვრების წესის, იდეალურად შერწყმული შინაგანი და გარეგანი სილამაზის ქალბატონს – ყველასთვის საყვარელ, გენრიეტა ექიმს ვესაუბრებით.
გენრიეტა გაგოშიძის საოცარი ენერგეტიკა და განუმეორებელი პროფესიონალიზმი, რომლითაც ქმნის ეპოქას თანამედროვე ქართულ მედიცინაში, გულგრილს არავის ტოვებს. უდიდესი წარმატება ბევრი წინააღმდეგობების ფასად მოვიდა, ცხოვრების რთულ გზებზე მხოლოდ საკუთარი თავის იმედად იარა და დღეს უამრავი ადამიანის იმედი და დიდი დასაყრდენია. საქართველოში ყველაზე აღიარებული და მოთხოვნადი გინეკოლოგ–ენდოსკოპისტის დავით გაგუას სამშობიარო კლინიკის წამყვანი რადიოლოგის კაბინეტის კართან უწყვეტ რიგში უნდა ჩადგეთ იმისთვის , რომ გაგიმართლოთ და თქვენც შეაღოთ კარი რომლის იქითაც საოცარი ენერგეტიკის, ქალური სილამაზის, ყველა ღირსეული თვისების და მხოლოდ დიდი საქმეებისთვის დაბადებული გენრიეტა ექიმი დაგხვდებათ და თავისი განსაკუთრებული გულისხმიერი მიდგომითა და საოცარი პროფესიონალიზმით, აუცილებლად მოგნუსხავთ და დაგამახსოვრებთ თავს.
– ქალბატონო გენრიეტა, ძალიან საინტერესო და აქტუალური საკითხია კოვიდპანდემის გავლენა ორსულობაზე, ამიტომ ამ თემის ირგვლივ, და არა მხოლოდ, სასაუბროდ თამამად ვიტყვი, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე საუკეთესო რადიოლოგსა და გინეკოლოგს მოგმართეთ, რომელის მოსაზრებები ყოველთვის სანდო და საინტერესოა…
– ჯერ კიდევ დაკვირვების პროცესში ვართ, რადგან არც ისე დიდი ხნისაა ეს ვირუსი. თუმცა, ჩემს პრაქტიკაში იყო რამდენიმე პაციენტი, რომელთაც კორონავირუსი ორსულობის პერიოდში გადაიტანეს და ორსულობის 12 თვემდე გადატანილმა ვირუსმა უმეტეს შემთხვევაში ორსულობის შეწყვეტა გამოიწვია, მაგრამ მომდევნო ვადებზე როდესაც უფრო მოძლიერებული იყო ნაყოფი, ყოველგვარი გამოვლინების გარეშე მივიდა პაციენტი მშობიარობამდე და სრულიად ჯანმრთელი ბავშვები გაჩნდნენ. საყურადღებოა რამდენიმე პაციენტი, რომელთა შემთხვევაშიც ორსულობის 20 კვირამდე იყო ნაყოფის ზრდაში შეფერხება. 18 წელია ამ სფეროში ვმუშაობ და ჩემს გამოცდილებაში, ძალიან იშვიათია ხოლმე ასეთი შემთხვევები, როდესაც ზრდაში შეფერხებასთან გვაქვს საქმე და როგორც წესი, ეს დაკავშირებულია გენეტიკურ პათოლოგიასთან და გასაგებია მიზეზი, მაგრამ როდესაც ჯანმრთელი ნაყოფი 20 კვირამდე ზრდაში ფერხდება ასეთი შემთხვევები აქამდე არ მქონია და ამას კორონავირუსის გარდა, ვერაფერს ვუკავშირებ.
– ანომალიები გახშირდა?
– წლების მანძილზე, ხშირად მომმართავენ ჟურნალისტები ამ კითხვით და თუ ადრე ვამბობდი, რომ მოიმატა განვითარების მანკებმა, ახლა ამას აღარ ვამბობ, იმიტომ რომ ჩემი პასუხი ვერ იქნება დასაყრდენი, რადგან ჩემთან საქართველოს ყველა რეგიონიდან მიზანმიმართულად მოდიან პაციენტები განვითარების თანდაყოლილი მანკის გამოსარიცხად, ყველა, ვინც რისკის ქვეშაა, ჩემთან იყრის თავს და შესაბამისად, ძალიან მაღალია მათი რაოდენობა. ამიტომ, როდესაც ანომალიების შემთხვევების მომატებასა და დაკლებაზე ვსაუბრობთ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მოწოდებული ინფორმაციით უნდა იხელმძღვანელოთ.
– რა ტიპის მანკებმა იმატა ბოლო პერიოდში და მუცლადყოფნის პერიოდში თუა შესაძლებელი, ოპერაციული მკურნალობა?
– გავრცელების თვალსაზრისით, პირველ ადგილზეა ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარების მანკები. გარკვეული პერიოდულობით დიდი სიხშირით მოდის იშვიათად შემხვედრი მანკებიც, რისი მიზეზების გაანალიზებაც უფრო ეპიდემიოლოგების საქმეა. მაგ: ძალიან რთული და იშვიათი პათოლოგიაა გულის ექტოპეა, შესაძლოა, ექიმს მრავალწლიანი გამოცდილება ქონდეს, მაგრამ მის პრაქტიკაში არ იყოს ეს შემთხვევა, ჩემს პრაქტიკაში ორჯერ იყო გულის ექტოპიას შემთხვევა. საკმაოდ ხშირად მხვდებიან პაციენტები უიშვიათესი დაავადებებით. ჩვენს ქვეყანაში მუცლადყოფნის პერიოდში ოპერაციები არ არის დანერგილი, მაგრამ არის ქვეყნები, სადაც სხვადასხვა ტიპის მანკების შემთხვევაში, მუცლადყოფნისას ხდება კორექცია.
– ემოციურად, რამდენად რთულია, მშობელს აუხსნა მუცლადმყოფი შვილის რთული მდგომარეობა?
– ასეთი თვისება მაქვს, პირველივე წამში მაინცდამაინც იმ განვითარების მანკს ვხედავ, რაც აქვს ნაყოფს. ხშირად მითქვამს, რა ბედი მაქვს, რომ მაინცდამაინც პირველივე წამზე ვხედავ მანკს-მეთქი და ერთხელ ჩემმა ასისტენტმა მითხრა – გენრიეტა ექიმო, ეს ბედი კი არა, გამოცდილებააო, ალბათ მართლაც ასეა. არის ისეთი მანკები რომლის კორექციის შედეგად სრულიად ჯანმრთელი იქნება ბავშვი, ასეთი მანკების შემთხვევაში ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, დეტალურად ვუხსნი დედას სიტუაციას და მაქსიმალურად ვაკვალიანებ, მაგრამ არის მანკები, რომელიც სიცოცხლესთან შეუთავსებელია, ასეთ შემთხვევაში ერთადერთი რითიც შემიძლია მათი გამხნევება, ვეუბნები, რომ კარგია, ადრეულ ვადაზე პრობლემის გამოვლენა და არა მაშინ, როდესაც უკვე სიცოცხლისუნარია ბავშვი და ამითაც ვცდილობ, გავუქარწყლო ეს რთული სიტუაცია.
– ჰიდროცეფალია იკურნება?
– დიახ, ჰიდროცეფალიის ბევრი სახეობა არსებობს, ექვემდებარება მკურნალობას და აბსოლუტურად გამოჯანმრთელებაც შესაძლებელია. არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ დიდებსაც შეიძლება გვქონდეს ამა თუ იმ ხარისხის ჰიდროცეფალიის ნიშნები, მაგრამ აბსოლუტურად სრულფასოვნები და შრომისუნარიანები ვიყოთ.
– თქვენთან მოსახვედრად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, თქვენს კაბინეტთან ქალბატონების რიგი არასდროს წყდება, ძირითადად 12 კვირაზე მოდიან ორსულები თქვენთან, რა ხდება ამ დროს?
– ვიდრე 12 კვირამდე მივალთ, პირველი დიდი საფრთხე ქალისთვის ორსულობის დადგენაა, აუცილებლად უნდა იყოს დაფიქსირებული, ღრუშია თუ არა ორსულობა, თუ ზემოთ ვსაუბრობდით ნაყოფის საფრთხეებზე, აქ უკვე საქმე გვაქვს დედის საფრთხეებთან, დედის სიკვდილიანობა ურთულესი მაჩვენებელია მედიცინაში, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არ გამოიპაროს გარე ორსულობა. მინდა ყველას მოვუწოდო, თუ გარკვეული მიზეზების გამო, ვერ მოხერხდა დიაგნოზის დასმა, ნუ ითაკილებთ, გააგზავნოთ პაციენტი უფრო გამოცდილ სპეციალისტთან, რომელიც დასვამს სწორ დიაგნოზს, ნუ ჩავაგდებთ ქალის სიცოცხლეს საფრთხეში.
რაც შეეხება უშუალოდ თქვენს კითხვას, ძალიან მნიშვნელოვანია, 12 კვირაზე განისაზღვროს რამდენად სრულფასოვნადაა ჩამოყალიბებული ემბრიონი. 12 კვირაზე უკვე ნაყოფია და ამ დროს ხდება კისრის ნაკეცის და გენეტიკური მარკერების განსაზღვრა, რომლის ნომრის ფარგლებიდან გამოსვლის დროს, წინათ, რა თქმა უნდა, მშობლის თამხმობით, აუცილებლად წყდებოდა ორსულობა, დღეს გადაიხედა ეს მიდგომები. პირადად მე, ძალიან ბევრი შემთხვევა დამიგროვდა, როდესაც კისრის ნაკეცი სიგანის განსაზღვრით იყო ნორმაზე მეტი, მაგრამ აბსოლუტურად ჯანმრთელი ბავშვები გაჩნდნენ.
– რა განაპირობებს კისრის ნაკეცის ზომას?
– ჩემი პირადი დაკვირვებით მივხვდი, რომ მშობლების, განსაკუთრებით მამის საყელოს მიერი სივრცის ზონა იყო საკმაოდ დიდი. დადასტურებული არ არის, მაგრამ აზრს მოკლებულია არაა, რომ დედის და მამის შესქელებული კისერი განაპირობებს ამას და არავითარი ქრომოსომულ პათოლოგიასთან არ გვაქვს საქმე.
– საქართველოში ცნობილი ხართ, როგორც სქესის უტყუარი განმსაზღვრელი, რომლის სიტყვაც, გადახედვას არ ექვემდებარება. როგორ ახერხებთ ამას?
– როდესაც უკრაინაში გენეტიკურ ცენტრში ვმუშაობდი, იქ იყო დიდი თურქული დიასპორა და ძალიან ბევრი იყო უახლოესი ნათესაური კავშირები, შესაბამისად ხშირად გვქონდა საქმე სქესთან შეჭიდულ პათოლოგიებთან. მაგ; გოგონები ყველა დაიბადებოდნენ ჰემოფილიის მატარებლები მაგრამ არ იქნებოდნენ ავადმყოფები და ბიჭები აუცილებლად იქნებოდნენ ამ ურთულესი პათოლოგიით დაავადებულები. ამიტომ ასეთ ორსულებს, მშობლების გადაწყვეტილებით, წყვეტდნენ და ტოვებდნენ მხოლოდ ქალის სქესს. ამიტომ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, 12 კვირაზე დაგვედგინა სქესი. ეს გამოცდილება სწორედ იქ მივიღე და საქართველოში რომ ჩამოვედი, სულ სხვა თვალსაზრისით დაინტერესდა ხალხი. მახსოვს, თავიდან მიკვირდა, ნეტავ ასე აქტუალურია ჰემოფილია საქართველოში-მეთქი?
– სელექციური აბორტების კუთხით, რამდენად პრობლემურია სქესის ადრე გაგება?
– ვიტყოდი, რომ ეს პრობლემა მეტნაკლებად დავძლიეთ, საბედნიეროდ, საკმაოდ დიდი ხანია არ შემხვედრია პაციენტი, რომელიც სქესის გამო შეწყვეტდა ორსულობას. ვფიქრობ, დადებითად შეიცვალა ჩვენი მოქალაქეების აზროვნება და უფრო გონივრული მიდგომები გამოჩნდა, გაიზარდა საზოგადოების თვითშეგნებაც და ჩვენს სფეროში მოსახლეობის განათლების თვალსაზრისით დადებითი ტენდენცია გვაქვს. როგორც გითხარით, მოიკლო და ფაქტობრივად, ნულზე დავიდა სქესთან დაკავშირებული სელექციური აბორტები, რაც ძალიან დიდ მიღწევად მიმაჩნია.
– გასათხოვარი გოგონები თუ მოდიან, ეს კულტურა რამდენად გაიზარდა?
– ამ კუთხითაც უკეთესი მდგომარეობაა. იშვიათად, მაგრამ მაინც გვხდება მიდგომა – თუ ქალიშვილია, რა უნდა გინეკოლოგთან, თუმცა, ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ, იმისთვის რომ მაქსიმალურად მივაწვდინოთ ხმა ყველას, რომ მოზარდობის პერიოდში აუცილებლად უნდა მიიყვანოს მშობელმა გოგონა გინეკოლოგიურ გამოკვლევაზე. მნიშვნელოვანია, პირველი მენსტრუაციის შემდეგ, გოგონას ვიზიტი გინეკოლოგთან და ექოსკოპისტთან.
– მომხრე ხართ თუ არა, გოგონების პაპილომა ვირუსზე აცრის სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე?
– აუცილებლად! მეტსაც გეტყვით, თვითშეგნება იქამდე უნდა მივიყვანოთ, რომ ბიჭებიც აიცრან იმისთვის, რომ მათ არ მიუტანოს ვირუსი პარტნიორებს. ვფიქრობ, ეს ალბათ უფრო მაღალი კლასია და იქამდე დრო იქნება საჭირო.
– თქვენ სოციალურ ქსელზე დაკვირვებით ჩანს, რომ იმატა მრავალნაყოფიანმა ორსულებმა, ხელოვნური გზითაა მიღებული თუ ბუნებრივადაც ასე ხდება?
– ნამდვილად იმატა ტყუპების შემთხვევამ და გაზრდილია, როგორც ხელოვნური, ისე ბუნებრივი მიმართულება.
სამი პრინცესა ერთ სამეფოში
– ყველაზე ხანდაზმული ორსული რა ასაკში გყოლიათ?
– მყავდა ბევრი 48 წლის ორსული, მათ შორის ისეთიც, რომლისთვისაც პირველი ორსულობა იყო, სხვათაშორის ბუნებრივი გზით.
– და ბოლოს, არსებობს მოსაზრება, რომ კოვიდვაქცინა იწვევს უშვილობას, როგორია თქვენი დაკვირვება ამ კუთხით?
– ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, ვაქცინაცია ნამდვილად არ იწვევს უშვილობას, მე პირადად არანაირი საბაბი არ მაქვს ამის სათქმელად, ამის საპასუხოდ შემიძლია მოგიყვანთ უამრავი მაგალითი ჩემი პრაქტიკიდან, როდესაც ვაქცინაციიდან ძალიან მალე დაორსულდა ქალი. აუცილებელია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ავიცრათ, რათა დავიცვათ საკუთარი და გარშემომყოფების სიცოცხლე.
ნინო მახარაძე
კომენტარები