საქართველოს სახელმწიფოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს კვლავ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განთავსებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო კონტინგენტი წარმოადგენს,- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული.
„ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაცია ტრადიციულად აქტიურად იყენებს ადგილზე არსებულ „პოლიტიკურ და ეკონომიკურ“ არასტაბილურობას, რაც, ხშირ შემთხვევებში, მის მიერვეა ინსპირირებული და დე ფაქტო რეჟიმს მოსკოვისთვის სასურველი გადაწყვეტილებების მიღებისკენ უბიძგებს. რაც შეეხება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს, მოქმედი დე ფაქტო რეჟიმი ღიად უჭერს მხარს ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანებას.
ანექსიური პოლიტიკის პრიზმაშია განსახილველი ოკუპირებული რეგიონების მაღალი ფინანსური დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციის ცენტრალურ ბიუჯეტზე. არსებული მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში, რუსეთის ფედერაციიდან მიღებული ფინანსური დახმარების წილმა დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო ბიუჯეტში 4,8 მილიარდი რუსული რუბლი (74,4 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა, რაც ე.წ. ბიუჯეტის 47%-ს შეადგენს, ხოლო რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, რუსეთის ფინანსურმა დახმარებამ შეადგინა 7,5 მილიარდი რუსული რუბლი (115 მილიონი აშშ დოლარი), რაც „ბიუჯეტის“ 85,2 %-ია,“- აღნიშნულია ანგარიშში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ დისლოცირებული რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზების ქვედანაყოფებმა, 2019 წელს 100-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის სამხედრო სწავლება ჩაატარეს. აღნიშნულ სამხედრო ბაზებზე ასევე ხორციელდებოდა გეგმური როტაციები, შეიარაღების და სამხედრო-ტექნიკური საშუალებების განახლება.
საოკუპაციო ხაზის სხვადასხვა მონაკვეთზე წარმოებდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, რაც გამოიხატებოდა როგორც მავთულხლართების, ღობეებისა და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლებით, ასევე, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვით და სხვა დესტრუქციული ქმედებებით. საანგარიშო პერიოდში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის დინამიკამ მკაფიოდ აჩვენა, რომ აღნიშნული პროცესი საოკუპაციო ძალების მიერ დე ფაქტო უწყებებთან კარგად არის კოორდინირებული.”
“ალია”: – უკვე თვეებია, საოკუპაციო ხაზთან სოფლებში ჟურნალისტებს და ანტისაოკუპაციო მოძრაობას არ უშვებენ, უკვე წლებია უკანონო ბორდერიზაციაზე და ადამიანების გატაცებაზე წერს “ალია”, არაერთი შემთხვევა იყო, როცა ჯერ “ალიამ” დაწერა და მერე გააკეთა განცხადება სუსმა.
კარგია, თუ ამჯერად მაინც გააკეთა სუსმა დროული განცხადება, თუმცა, უკეთესი იქნებოდა, უფრო დეტალურად აღეწერა რა ხდება ახლა ისეთი, რა კონკრეტული ფაქტები მოხდა, რომ განცხადების გაკეთება გადაწყვიტა?
კომენტარები