ანი დვალიშვილი
ბიუჯეტში ფინანსების სერიოზული პრობლემა რომ არის, „ალიამ“ ადრეც დაწერა. ახლა კი, ცვლილებები რამდენიმე კანონში შევიდა, ოღონდ მინისტრების შიდა ბრძანებებით, ყველაზე მეტად კი ცვლილება ჯანდაცვის სფეროს შეეხო. არ არის საუბარი მხოლოდ იმაზე, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა აღარ არის საყოველთაო და სრულად აღარაფერი აღარ ფინანსდება. საუბარია იმ დახმარებებზე, რომლებსაც შშმ პირები იღებდნენ. ამ დახმარებების გაცემა მარტიდან ზედმეტად გაჭირდება, რადგან ახალი რეგულაციების დაკმაყოფილებას ყველა ვერ შეძლებს და ძალიან ბევრ შშმ პირს, დახმარება სრულად თუ არ მოეხსნება, გაუნახევრდება მაინც. წესითა და რიგით, ამ ყველაფერზე ოპოზიცია უნდა ყვიროდეს, მაგრამ მათ ამისთვის არ სცალიათ. აქტივის გაზრდა დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული და ეს ის შემთხვევაა, როცა მხოლოდ ფინანსებიც არ კმარა. ამიტომ, ოპოზიცია ქვეყნის შიგნით მუშაობის ნაცვლად, ქვეყნის გარეთ მუშაობს, მაგრამ როგორ აიძულებს რომელიმე ევროპარლამენტარი ქართველ ამომრჩეველს საარჩევნო ყუთთან ოპოზიციის სასარგებლო არჩევანი გააკეთოს, ძნელი სათქმელია. ფაქტია, რომ ხელისუფლება არაფრის დათმობას არ აპირებს, არც სააკაშვილის გაშვება იგეგმება (ეს საკითხი გუნდში დახურული და განხილვასაც კი აღარ ექვემდებარებაო, გვითხრა წყარომ), „ოცნებამ“ არ დათმო ცესკო-ს თავმჯდომარე და არ დათმობს არაფერს, რამაც შეიძლება არჩევნებში გამარჯვება ეჭვქვეშ დააყენოს, მანამ სანამ გასდის.
ევროპარლამენტის რეზოლუციას სულზე მოუსწრო სტრასბურგის დასკვნამ, სადაც წერია, რომ 2012 წლამდე, პენიტენციალურ დაწესებულებებში, პატირმების წამება, სისტემური სახის იყო და წამებაზე ხმამაღლა საუბარი პატიმრებმა მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გაბედეს. შესაბამისად, იუსტიციის სამინისტრო მხრებ და ფრთებგაშლილია, ხომ ხედავთ, მაშინ რა იყო და ახლა რა მდგომარეობა გვაქვსო, თუმცა იუსტიციის მინისტრის მთავარი თავსატეხი ეს კი არა, ის გახლავთ, ვის გააქვს „ვივამედიდან“ სააკაშვილის პალატაში გადაღებული კადრები. პერიოდულად, მათ გავრცელებას ოფიციალურად იუსტიციის სამინისტროც ახდენს, მაგრამ ის, რაც ოპოზიციურმა ტელევიზიებმა გაავრცელეს, შიდა ძიება დაწყებულია. რაც მთავარია, ვიდეო-გადაღებას სწორედ იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები აკონტროლებენ, ანუ პულტთან ისინი სხედან, რაც წესით, უნდა გამორიცხავდეს იმას, რომ ჩანაწერი სამედიცინო პერსონალიდან გაიტანა ვინმემ. ისე, ერთი შეხედვით, ძალიან მარტივია იმის გაგება, როდის არის კადრები გადაღებული, ვინ იჯდა იმ დღეს პულტთან და შემდეგ უკვე თითქოს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ეს ერთი შეხედვით. ფაქტი კი ის გახლავთ, რომ იუსტიციის სამინისტრომ „ვირთხას“ ამ დრომდე ვერ მიაგნო და რატი ბრეგაძე ამ თემაზე თურმე ძალიან ნერვიულობს, რადგან დიდი დრო არ არის დარჩენილი, რომ ივანიშვილი თითს დაუქნევს.
კომენტარები