ანი დვალიშვილი
თუ გიფიქრიათ, საქართველოს და რუსეთის ბიუჯეტს შორის როგორი სხვაობაა? შედარებისთვის გეტყვით, რომ რუსეთს უკრაინასთან ომი (სამხედრო ოპერაცია რომ დაარქვეს, სწორედ ის ომი), თვეში 7 მილიარდ დოლარამდე უჯდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთი თვეში საქართველოს ბიუჯეტზე მეტ ფულს მხოლოდ იმ „სამხედრო ოპერაციაზე“ ხარჯავს, რომელიც აგერ უკვე მეხუთე თვეა მიმდინარეობს, ანუ საქართველოს ბიუჯეტის ხუთმაგი ოდენობა რუსეთმა უკვე გაისროლა. ახლა, იმაზე თუ გიფიქრიათ, ლარსის გამშვები პუნქტის გამართული მუშაობა, ქართულ მხარეს უფრო აწყობს თუ რუსულს? ეს ხომ ერთადერთი სახმელეთო საზღვარია რუსეთთან, საიდანაც ოფიციალურად შეიძლება შემოსვლა, თორემ არაოფიციალურად, ენგურის ხიდსა და შიდა ქართლის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიდი-მოდიან…
მოკლედ რომ გითხრათ, გასულ კვირას ლარსის გამშვები პუნქტი იმის გამო დაიკეტა, რომ მეწყერი ჩამოწვა. სხვათა შორის, ქართულმა მხარემ ოპერატიულად მოქმედა და გზის გამწმენდი სამუშაოები მალე დაიწყო. აი, რუსულ მხარეს გაფუჭებული გზა კი მალე არ კეთდება, რადგან ბიუროკრატიული საფეხურებია გასავლელი, ტენდერია გამოსაცხადებელი, ეს ყველაფერი კი საუკეთესო შემთხვევაში ორი თვე გრძელდება და…
„სწორედ ამიტომ, რუსეთის ტერიტორიაზე დაზიანებულ გზის საფარსაც ქართული მხარე აკეთებს ხოლმე. რეალურად, გასაკეთებელი ბევრი არაფერია, გზა არის გასაწმენდი, თუმცა რუსეთისთვის ეს პრობლემაა. საბჭოთა ბიუროკრატია რუსეთის სტრუქტურებში ჩვეულებრივი ამბავია. ამიტომ, მხარეებს ზეპირი მოლაპარაკება აქვთ, გაფუჭდა გზა, საქართველო აკეთებს, თუ არა და ორი თვე გამშვები პუნქტი დაიკეტება და ვინ იზარალებს? სწორია – საქართველო“, – ეუბნება „ალიას“ წყარო.
ის, რომ ქართული ტექნიკა რუსეთის მხარეს დაზიანებული გზის სარემონტო სამუშაოებისთვის გადადის, არაოფიციალურად ადგილობრივებიც ამბობენ, თუმცა ამაში ცუდს ვერაფერს ხედავენ. ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ რუსეთზე ზედმეტად ვართ ჩამოკიდებული თუ დამოკიდებული და ასე განსაჯეთ, აბსოლუტურად ყველა ტვირთი სწორედ ლარსზე გადის. ამიტომ, მისი გაჩერება ქართულ ეკონომიკას სასიკვდილო დარტყმას მიაყენებს. საუბარი მხოლოდ ტვირთებზე არ გვაქვს – ტურისტულ თუ სარესტორნო ბიზნესში ჩართული ადამიანები ერთახმად აღიარებენ, რომ თუ ოდნავ გამოცოცხლება იგრძნობა, ეს სწორედ რუსი ტურისტების დამსახურებაა და ევროპიდან შემოსული ტურისტების ნაკადმა საგრძნობლად იკლო. რუსი ტურისტების ხარჯზე გაძვირდა ბინები, სასტუმროები, ყველა ტურისტული სერვისი და ამის დამალვას აზრიც აღარ აქვს. ბედმა თუ უბედობამ, სწორედ რუსეთი გვარგუნა მეზობლად და ამ ქვეყანას ვერაფრით ჩავეხსენით.
საბედნიეროდ, კარგი ამბავია მათთვის, ვინც ატმის და ვაშლატამას მოსავალს ელოდება. მოთხოვნა ძალიან მაღალია და რაც მთავარია, ფასიც ისეთია, გლეხებს რომ ამოასუნთქებს. ისევ უნდა ვაღიაროთ, რომ ძირითადად მთხოვნა რუსეთიდანაა და ფასიც სწორედ ამის გამო აიწია, თუმცა გაუმარჯოს სიმართლეს და გლეხს, რომელმაც კრედიტი აიღო, ოფლთან ერთად, სისხლიც ჩაანთხია მიწაში, ახლა ის ადარდებს, რომ მოსავალი მაღალ ფასში გაყიდოს და მყიდველი რუსი იქნება თუ ბაიდენის ადმინისტრაცია შეიძენს, მნიშვნელობა აღარ აქვს. ესეც სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ვერ გავექცევით.
ჰო, წელს ელექტროენერგიის გაყიდვის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია. დენს ძირითადად თურქეთსა და სომხეთში ვყიდით, რამაც სახელმწიფოს კიდევ ერთხელ უბიძგა იმისკენ, რომ ახალი ჰესების მშენებლობაზე იფიქროს. დაზუსტებული ინფორმაციით, სვანეთსა და რაჭაში ასაშენებელი ჰესების პროექტები მთავრობაში განხილვის აქტიურ ფაზაშია და რაც მთავარია, სახელმწიფო ნებისმიერ ინვესტორს ოფიციალურად წილში უჯდება, ანუ აშენებულ ჰესს ასპროცენტიან მფლობელობაში არ დაუტოვებს, წილი ექნება და იმ წილიდან მიღებულ ელექტროენერგიას გაყიდის. ექსპერტების დათვლით, თუ ხელისუფლება ამ პროექტებს განახორციელებს, ჰესების ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ, ბიუჯეტში დამატებით რამდენიმე მილიარდი ლარის მოზიდვას მოახერხებს.
სამწუხაროდ, იგივე მთავრობა აქტიურად განიხილავს თამბაქოზე აქციზის გაზრდას და შემოდგომაზე გაზრდილ ფასს მივიღებთ. გვერწმუნეთ, ყველა მწეველმა არამწეველზე უკეთ იცის, რომ მოწევა მავნებელია, თუმცა ამ მავნე ჩვევაზე თავის დანებება ჭირს, მომატებული ფასი კი ჯიბეს ძალიან ურტყამს. მითუმეტეს, როცა თამბაქოს შემომტანები მომატებულ აქციზს თავადაც ერთ იმდენს უმატებენ და საერთო ჯამში, ღირებულება კატასტროფული გამოდის. ორი წლის წინ დაანონსებული ამბავი, 2022 წლის შემოდგომაზე ერთი კოლოფი სიგარეტის საშუალო ფასი 10 ლარი იქნებაო, არარეალურად კი ჩანდა, მაგრამ ამისკენ დიდი ნაბიჯებით მივდივართ.
და ყველაზე მთავარი – ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საქართველოდან ერთი წლის განმავლობაში, მარცვლელულის გატანა აიკრძალა. სიმართლე რომ გითხრათ, მარცვლეული ქვეყნიდან აქამდეც ძალიან მცირე დოზებით გადიოდა და ახლა ესეც აღარ იქნება, რადგან როგორც იქნა, მიხვდნენ, რომ ძალიან დიდია უპურობის გამო, შიმშილის დაწყების ალბათობა. 31 აგვისტოს, რუსეთი იმ ემბარგოს ხსნის, რომელიც ქვეყნიდან ხორბლის გატანის გამო დააწესა და როგორც გვეუბნებიან, მზად არის, ნებისმიერ ქვეყანას დაელაპარაკოს ხორბლის მიყიდვაზე. ჯერჯერობით, საქართველოს მხრიდან არაფერი ისმის, თუმცა ექსპერტების პროგნოზით, მოლაპარაკებების და რუსეთიდან ისევ ხორბლის (და არა მზა პურის ფქვილის) მღების შემთხვევაში, პურის ფასი 20%-ით დაიკლებს, გაიაფდება ქატოც და ფერმერთა მიერ, საშემოდგომოდ დაანონსებული რძის პროდუქტების გაძვირება აღარ მოხდება. თუმცა, დღევანდელ სიტუაციაში, რუსეთთან ნებისმიერი ურთიერთობა, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, აუცილებლად მოინათლება ღალატად და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი სწორედ საქართველოზე მოქმედებს. ჰო, მხოლოდ საქართველოზე, რადგან თურქეთმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ რუსეთიდან მიღებულ ხორბალს ყიდულობს და ეს მაშინ, როცა უკრაინა დასაბუთებულად ამტკიცებს, ეგ ხორბალი ჩვენია, რუსებმა დაპყრობილი ტერიტორიებიდან მოიპარესო. იგივე რომ საქართველომ გააკეთოს…
სხვათა შორის, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ძალიან რომ მოინდომოს და თუნდაც ამ შემოდგომაზე ხორბლის დათესვა პრიორიტეტად გამოაცხადოს, ფერმერებს ხელი შეიწყოს, ადგილზე დაახლოებით იმდენ ხორბალს მოვიყვანთ, წლის განმავლობაში საჭირო ოდენობის 15%-ს გადავაჭარბებთ. ახლა ეს ციფრი 2-3%-ია, რაც ძალიან, ძალიაან ცოტაა. საქართველო კი არა, ისეთი ქვეყნები გადავიდნენ ხორბლის თესვაზე და მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადეს, ეს კულტურა აქამდე მხოლოდ სახელმძღვანელოებსსა და ტელევიზორში რომ ჰქონდათ ნანახი.
კომენტარები