ევროპარლამენტიდან 16 მაისს დამტკიცებული სამი მილიარდი ევროდან, საქართველოს ოდენ 150 მილიონი შეხვდა. ეს ძალიან ცოტაა იმის გათვალისწინებით, რომ მაგალითად უკრაინას ამ ფულიდან 1.2 მილიარდი ერგო. ზოგადად, საქართველოსთვის მთლიანობაში გამოყოფილი სამ მილიარდამდე დოლარის ბედი ჯერჯერობით უცნობია, რადგან…
„ამ ფულს საჩუქრად არავინ გვაძლევს, ეს არის ვალი, რომელიც მერე უნდა გადავიხადოთ და შესაძლოა, საქართველომ ამ ფულის დიდ ნაწილზე უარი საკუთარი ნებით თქვას, რადგან მომდევნო წლის ბიუჯეტში ვალებზე ძალიან დიდი თანხა წავა, თან საერთო კრიზისის ფონზე არავინ არაფერს გვაპატიებს და გადაგვივადებს. ამიტომ, ხელისუფლება ეცდება, შიდა რესურსით მოიძიოს ის თანხა, რომელიც ეკონომიკას სჭირდება“, – გვეუბნება „ოცნების“ ექსპერტი.
ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ამ თანხის მოძიება იოლი არ იქნება და შესაბამისი სამუშაოები უკვე დაწყებულია. პირველ რიგში, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებასთან ერთად, პარლამენტი აუცილებლად განიხილავს კანონს თამბაქოს შესახებ. უფრო მეტიც, პარლამენტში ეს კანონი უკვე ინიცირებული და ორი მოსმენით განხილულიც კი არის, თუმცა ხმამაღლა ამაზე საუბარს ყველა ერიდება.
თამბაქოს შესახებ კანონის ცვლილების პროექტით, თუთუნის გაყიდვა 50 და 100 გრამიანი შეფუთვების მსგავსად, 15-გრამიანი შეფუთვითაც დაიშვება. როგორ გვითხრეს, თამბაქოს რამდენჯერმე გაძვირების შემდეგ, ეს ინიციატივა იმიტომ მომზადდა, რომ მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო ერთი კოლოფი სიგარეტის დასამზადებლად საჭირო თუთუნი. ამ დროს „თამბაქოს კონტროლის“ კანონის მთავარი მიზანი თამბაქოს ნაწარმზე მოთხოვნილებისა და მისი მოხმარების მნიშვნელოვანი შემცირებაა, ამ ცვლილებით კი თუთუნი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი უნდა გახდეს. ჰოდა, ამ კანონს რომ დაამტკიცებენ, 15-გრამიანი შეფუთვა, დაახლოებით 1.20-1.50 ლარი ეღირება. რაც მთავარია, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თამბაქო გაიაფდება. აქციზის ფასი ისევ გაიზრდება და როცა მწეველები პროტესტს გამოთქვამენ, რა ამბავია კოლოფში ათი ლარის გადახდაო, მათ მარტივად მიუთითებენ სწორედ 15-გრამიან შეფუთვაზე და ეტყვიან, რომ ბაზარზე იაფი სიგარეტიც არის.
საქართველოში პანდემიის დამარცხების პარალელურად, სულ უფრო იმატებს ინფიცირებულ ადამიანთა რაოდენობა მეზობელ რუსეთში. მოგეხსენებათ, რუსეთს 1-ლ ივლისამდე ხორბლის გაყიდვა შეჩერებული აქვს და თუ ასე გაგრძელდა, დიდი ალბათობით, მას არ განაახლებს. ჩვენ კი, ხორბლის მარაგი ივნისის ბოლოს გვეწურება და იმის იმედად ვართ, რომ ივლისში სწორედ რუსეთიდან შემოვიტანთ ხორბალს, რა მოხდება თუ ეს მოლოდინი არ გამართლდება და რუსეთი ხორბლის გასხვისებაზე ისევ უარს იტყვის? არც არაფერი, პურზე ფასი დაახლოებით ათი თეთრით გაიზრდება (საუკეთესო შემთხვევაში) და როგორც გვეუბნებიან, ამას მოსახლეობა ნაკლებად იგრძნობს, რადგან უკვე წინასაარჩევნო კამპანია იქნება გახურებული და არავის ეცლება გაძვირებული ფასებისთვის.
„ყველაფერთან ერთად, ფულის სერიოზულ დაზოგვას ველით იმ პროექტიდან, რომელიც ხელისუფლებამ უკვე გამოაცხადა. საუბარია უსამსახუროდ დარჩენილი ადამიანებისთვის 6 თვის განმავლობაში 200-200 ლარის მიცემაზე. გამორიცხულია, ადამიანების 80%-მა ექვსი თვე უმუშევარი დაჰყოს, ანუ ისინი ერთი კვარტალიც კი ვერ გაჩერდებიან ისე და შესაბამისად, დაანონსებული 350 მილიონის ნაცვლად, ამ პროექტში მაქსიმუმ 150 მილიონი დაიხარჯება. ახლა ხომ ხვდებით, რატომ თქვა სახელმწიფომ, რომ თვითდასაქმებულებს მხოლოდ ერთჯერადად მისცემს 300-ლარიან დახმარებას? ეს იმიტომ, რომ თვითდასაქმებულთა კონტროლი შეუძლებელია და ექვსი თვე რომ ეხადა, ბოლო თეთრამდე მოუწევდა მიცემა. ახლა კი, ერთი კომპენსაციით იშორებს“, – გვეუბნება ექსპერტი.
ასეა თუ ისე, ხელისუფლება მთავარი ინვესტიციის განხორციელებას წინასაარჩევნოდ აპირებს და ამ გზით ხმების მიღებას გეგმავს. იგივე აზრზეა ოპოზიციაც, ოღონდ ისინი ვირტუალურად ცდილობენ მოქალაქეების მოხიბვლას და უანონსებენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, თითოეული მოქალაქე ათას ლარს მიიღებს, ხოლო ბავშვებს 500 ლარს მისცემენ, ანუ ეს ოთხსულიანი ოჯახისთვის მინიმუმ 3-ათას ლარიანი შემოსავალია. ამ თანხას კი ხმების სანაცვლოდ რეალურად ვერავინ გადაიხდის და აკი არც ოპოზიცია იხდის რეალურად, ეს ყველაფერი ფურცელზეა.
ანი დვალიშვილი
ალია №17
კომენტარები