ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფი, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი ნათია დუმბაძე აცხადებს, რომ კლინიკაში ინფრასტრუქტურული და სანიტარული პრობლემებია. ამის შესახებ მან აჭარის ტელევიზიასთან განაცხადა.
„სასმელი წყალი არ გვაქვს, ვერ დავლევთ ონკანის წყალს, ყვითელი ფერის წყალი მოდის. იატაკიც არ იწმინდება, ანტიბაქტერიული ხსნარები არ გვაქვს… ვითხოვე სპირტი, რომელიც რამდენიმე დღის მერე მომაწოდეს ბევრი ხვეწნის მერე. მითხრეს, რად გინდა სპირტი, მაინც დაავადებული ხართ უკვეო,“ – ამბობს ნათია დუმბაძე.
ნათია დუმბაძე ასევე ამბობს, რომ საავადმყოფოში, სადაც კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს მკურნალობენ, ზოგიერთ მედპერსონალს პირბადეც კი არ უკეთია, ორ სართულს კი ერთი სანიტარი ემსახურება. პაციენტის თქმით, კლინიკაში საკმარისი თერმომეტრიც კი არ აქვთ.
ნათია დუმბაძის ნათქვამი დღეს დილით გამართულ ბრიფინგზე კატეგორიულად უარყო აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, რუსუდან შავიშვილმა, თუმცა პრობლემებს აღიარებს თავად ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, სოლომონ ფუტკარაძე.
„ვიღებთ ამ შენიშვნებს და უკვე გამოსწორებულია ეს პრობლემები, ჩვენ ორ დღეში მივიღეთ ერთდროულად 70 პაციენტი, ამისთვის არ ვიყავით მზად, ჩავატარეთ თათბირი და ვამატებთ მედპერსონალს, დეზინფექციაც კეთდება.
ხარისხობრივად ქალაქის წყალია, შემოწმებული უნდა იყოს… ნამდვილად არის ეს პრობლემა და არ ვიცი, ეს „წყალკანალს“ უკავშირდება, თუ იმ კომპანიას, რომელმაც სამუშაოები ჩაატარა. შესაძლოა, მილი დაიჟანგა, რადგან ეს პალატები რამდენი ხანია მოწყობილია და აქამდე არ გამოუყენებია არავის, ამ საკითხს ვსწავლობთ“, – – ამბობს „ბათუმელებთან“ სოლომონ ფუტკარაძე, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი კატეგორიულად მხოლოდ იმას უარყოფს, რომ ექიმებს პირბადეები არ უკეთიათ. სოლომონ ფუტკარაძის განმარტებით, სრულ ეკიპირებას ახალი რეგულაციებით სამედიცინო პერსონალი მხოლოდ მაშინ იყენებს, როცა პაციენტი სხვაგან გადაჰყავთ, ან გამოსაკვლევად გადაჰყავთ ისე კლინიკის კონკრეტულ სამედიცინო კაბინეტში.
სხვა პრეტენზიებთან დაკავშირებით სოლომონ ფუტკარაძემ გვითხრა, რომ ამ ეტაპზე რესპუბლიკურის კლინიკური დირექტორი გია კიკაბიძე ესაუბრება ნათია დუმბაძეს და კლინიკა დეტალურად მოიკვლევს ინფორმაციას პრობლემების შესახებ, რაზეც პაციენტი საუბრობს.
წყარო: ბათუმელები
კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა, არც საგანგებო მდგომარეობის შემდეგ, არც მერე, არ მომზადებულა, ჩვენ რომ სახლში დარჩენას გვთხოვდნენ და გვიმტკიცებდნენ სამინისტროები ვმუშაობთო – ეგაც ტყუილი ყოფილა, არც მაშინ უმუშავით, არც მერე, დღემდე არაფერი გაკეთებული პანდემიის იმ დაანონსებული მეორე ტალღის დასახვედრად. მხოლოდ “მიჰა ჰამოდი”-ს ხუმრობენ გაბმით, ღლიცინებენ და ჩვენ გვაბრალებენ, თქვენ მოდუნდითო და შემთხვევებმა იმატაო.
დაგეტესტათ ივლისში და აგვისტოშიც და ნახავდით, რამდენი უსიმპტომო პაციენტები გეყოლებოდათ, ეგ ერთი და მეორეც – ჩვენ კი არ მოვდუნდით, რეგულაციები მოიხსნა, რეგულაციების მოხსნამდე კი, გვეგონა მზად იყავით! ქვეყანას, რომელსაც 4400 საწოლი აქვს მზად რომ ჰკითხო, 70 პაციენტის მიღებაზე შეექმნა პრობლემა, ქვეყანას, რომელსაც 4400 საწოლი აქვს რომ ჰკითხო, ანუ 4400 ადამიანის მიღება შეუძლია ერთდროულად – თებერვლიდან 8 სექტემბრამდე სულ ჰყავს 1729 პაციენტი და მაინც კრიზისია.
თებერვლიდან დღემდე ჰყავს 1729 პაციენტი და მათი 12-13 პროცენტი (როგორც ამას “ალიას” ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე უყვება) სამედიცინო პერსონალია – ამას ხომ უნდა მოხერხება?
ალია
კომენტარები