გუშინ გერმანიაში, რამშტაინის ავიაბაზაზე, აშშ და მისი მოკავშირე 40 სახელმწიფოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ ერთმანეთს. არაერთი ადამიანი დაინტერესდა, რატომ არ იყო საქართველოს თავდაცვის წარმომადგენელი ამ შეხვედრაზე.
“ალია” ამ კითხვით დაუკავშირდა თავდაცვის სამინისტროს, სადაც გვითხრეს:
“მოგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა არ გამართულა ნატოს ეგიდით. მისი განხილვის მთავარი თემა იყო კიევისთვის იარაღის მიწოდება და უკრაინის აღდგენა პოსტსაომარ პერიოდში. საქართველოს როლი კი უკრაინის მტკიცე პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით შემოიფარგლება. ამ მიმართულებით, საქართველოს მთავრობა მომავალშიც გააგრძელებს უკრაინის ურყევ მხარდაჭერას.
რაც შეეხება ნატოს ეგიდით გამართულ შეხვედრებს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ესწრებოდა 17 თებერვალსა და 16 მარტს, მიმდინარე წელს გამართულ ნატო-ს თავდაცვის ორივე მინისტერიალზე. აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში თავდაცვის მინისტრი სამჯერ იყო მიწვეული და მონაწილეობდა თავდაცვის მინისტერიალზე, რისი პრეცედენტიც წინა წლებში არ ყოფილა.”
კომენტარები