სინამდვილეში რატომ არ შეიწყალა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზი გიორგი მამალაძე? მართლა კათალიკოს–პატრიარქმა, ილია მეორემ დაბლოკა მისი შეწყალება? მართლა პატრიარქმა სთხოვა პრეზიდენტს საპატრიარქოში შეხვედრისას, რომ დეკანოზი არ შეეწყალებინა? არადა, გიორგი მამალაძის შეწყალება პრეზიდენტს წმინდა სინოდმა სთხოვა და ყველა ფიქრობდა, რომ მას პრეზიდენტი საახალწლოდ უთუოდ შეიწყალებდა. რა მოხდა? რატომ შეიკავა თავი პრეზიდენტმა? ამ კითხვებზე თავისი პასუხი „ალიას“ წყაროს აქვს:
“პატრიარქს რომ სდომებოდა გიორგი მამალაძის შეწყალების საქმის დაბლოკვა, ამას სხვაგვარად გააკეთებდა. ის წმინდა სინოდის სხდომაზე არ გაატანინებდა დეკანოზის შეწყალების საკითხს. მას ამის უფლება აქვს. ვინც ამბობს, პატრიარქმა დაბლოკა ეს საკითხიო, მათ მინდა ვუთხრა, რომ წმინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქმა მხარი დაუჭირა გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხს, როდესაც ზოგიერთი მეუფე წინააღმდეგი წავიდა. ეს დღემდე არავის უთქვამს. პატრიარქმა ხმა დეკანოზის შეწყალებას მისცა. რატომ არ შეიწყალა პრეზიდენტმა გიორგი მამალაძე, დაზუსტებულად არ ვიცი, მაგრამ პატრიარქი რომ არაფერ შუაშია, ეს ნამდვილად ვიცი. ვინც ყველაზე მეტს ყვირის, რომ პატრიარქმა სთხოვა პრეზიდენტს, არ შეეწყალებინა დეკანოზიო, აი, სწორედ ეს ხალხია წინააღმდეგი, რომ ის არ შეიწყალონ, არ გამოვიდეს ციხიდან არათუ ვადაზე ადრე, საერთოდ ვერ გამოვიდეს. პეტრე ცაავას და მის გუნდა ვგულისხმობ.
მე ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ გიორგი მამალაძეს პეტრე ცაავას, პატრიარქის ძმისშვილის, მეუფე დიმიტრის და სხვათა დავალებით, ციანიდი მიჰქონდა გერმანიაში და იქ ამ გუნდს უნდა მოეკლა პატრიარქი. არ ვამბობ, რომ ამას გიორგი მამალაძე გააკეთებდა, ის „ჩემოდანი“ იყო, ციანიდის ჩამტანი გერმანიაში, სხვა მოწამლავდა პატრიარქს.
თუმცა მამალაძეც შეთქმულია, მან ძალიან კარგად იცოდა, რა და რისთვის მიჰქონდა გერმანიაში. გიორგი მამალაძემ პირი რომ დააღოს, პეტრე ცაავას, მუეფე დიმიტრის, მის სიძეს, პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროსს, სოსო ოხანაშვილს და ბევრს სხვას ჩაითრევს. თავადაც ჩაიძირება და მათაც პასუხისგება მოუწევთ პატრიარქის მკვლელობის მცდელობისთვის, რაც დაგეგმილი იყო რეალურად. თუ ვინმეს არ აწყობს გიორგი მამალაძის გარეთ ყოფნა, ეს სწორედ შეთქმულები არიან. კი, გიორგი მამალაძეს შეუძლია, ციხეშიც დააღოს პირი და დაფქვას ყველაფერი, გვერდით მოისვას რამდენიმე მეუფე და სხვა პირები, ვინც საპატრიარქოში იყვნენ, ამით თავადაც ბრალი დაიმძიმოს, რადგან ჯგუფური დანაშაული უფრო მკაცრად ისჯება. თუმცა, ამაზე ვერ მიდის გიორგი მამალაძე.
მე ასე ვფქირობ. ციხეშია და ვერ რისკავს. გარეთ რომ გამოვიდეს, მოქმედების თავისუფლება ექნება და ცხადია, უფრო საშიში გახდება შეთქმულების მოთავეთათვის. ბოლოს და ბოლოს, პატრიარქმა არ გაწირა გიორგი მამალაძე. მან ყველა ვიდეო, აუდიოჩანაწერი, ყველა სხვა მტკიცებულება ნახა „ციანიდის საქმისა“. ცხადია, პატრიარქი დარწმუნდა, რომ მისი მკვლელობა იგეგმებოდა, მაგრამ მაინც გაჩუმდა, როდესაც გიორგი მამალაძეს ბრალი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის ბრალდების გამო წაუყენეს, გაასამართლეს და სასჯელიც მიუსაჯეს. ცხადია, არ მომწონს, რომ პატრიარქმა უკანონობაში მიიღო მონაწილეობა, გიორგი მამალაძე არ დაისაჯა იმის გამო, რაც ჩაიდინა, პატრიარქის მკვლელობის მცდელობისთვის.
თუმცა, პატრიარქის ქმედებას აქვს ერთი დადებითი მომენტი. ამ ნაბიჯით მან სახალხო რისხვა აარიდა გიორგი მამალაძეს. მის ოჯახსა და შთამომავლობას, პატრიარქის მკვლელობის მოსურნეს, ხალხი არ გაახარებდა და ციხიდან გამოსული გიორგი მამალაძე საქართველოში ვერ იცხოვრებდა. ამაში დარწმუნებული ვარ. ეს მორალური სასჯელია, მაგრამ ეს უფრო მკაცრი სასჯელია, ვიდრე რამდენიმეწლიანი პატიმრობა“– უთხრა წყარომ „ალიას“.
ლევან ჯავახიშვილი
ალია №2
კომენტარები