“ალიას” მკითხველს კარგად ემახსოვრება, რამდენიმე თვის წინ პირველებმა ჩვენ დავწერეთ, რომ იყო იმის შესაძლებლობა, დავოსის ფორუმზე გიორგი გახარია ვლადიმირ პუტინს შეხვედროდა. აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე წყარომ დაადასტურა და სხვა გამოცემებმაც დაიწყეს მტკიცება, რომ შვეიცარიული მხარე ასეთ შეხვედრას ამზადებდა, თუმცა არც ჩვენი მოლოდინი გამართლდა და არც მათი. რა მოხდა რეალურად? რატომ არ შეხვდნენ საქართველოს და რუსეთის პირველი პირები ერთმანეთს მაშინ, როცა შეხვედრა მომზადებული იყო და ამისთვის როგორც რუსული, ისე ქართული მხარე მზად იყო.
როგორც გვეუბნებიან, რუსეთის პირველ პირთან შეხვედრისა და მასთან პირდაპირი დიალოგის ინიციატორი გახარია იყო. ინფორმაციამ გაჟონა (ჩვენამდე რომ მოვიდა, შესაბამის სამსახურებს დიდი ხნით ადრე ექნებოდათ). შესაბამისად, გადაწყდა, რომ შეხვედრა არ უნდა შემდგარიყო და იმის მიუხედავად, რომ მმართველ გუნდში არსებულმა დასავლურმა ფრთამ კატეგორიულად მოითხოვა შეხვედრის გაუქმება, გახარია ჯიუტად იმეორებდა, რომ პუტინთან მაგიდას მიუჯდებოდა და პრობლემებზე შუამავლების გარეშე ისაუბრებდა. ამის მერე იყო, გახარიას მოხსნაზე საუბარი რომ დაიწყო და ოპოზიცია ერთ ხმაში ამტკიცებდა, პრემიერი იცვლებაო. უფრო მეტიც, გახარია დავოსში ისე წავიდა, აქ მისი მოხსნის თაობაზე მოარული ხმების პიკი იყო, მაგრამ…
„დასავლელმა პარტნიორებმა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლა განახორციელეს და უთხრეს, რომ ეს შეხვედრა არ უნდა შემდგარიყო. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო საუბარი გახარიას მოხსნაზე, რადგან ივანიშვილმა 2-3 კაცს უთხრა, დასავლეთი გახარიას გაშვებას მთხოვსო. საბოლოოდ, დავოსში ჩასული გიორგი გახარია ერთადერთი იყო იმ პირველ პირებს შორის, რომელმაც რუსეთი ღიად გააკრიტიკა, ოკუპანტი და მტერი ეძახა და შესაბამისად, შეხვედრის შესაძლებლობა განულდა. ამ განცხადების შემდეგ, ოპოზიციიდან ერთ კაცსაც არ უთქვამს, რომ გახარია თანამდებობიდან წავიდოდა, ეს თემა დაიხურა“, – გვეუბნება „ოცნების“ მაღალჩინოსანი. რატომ არ აწყობს დასავლეთს ხელისუფლებამ პირდაპირი დიალოგი რომ დაიწყოს რუსეთთან, ალბათ თავად უკეთ იციან.
ანი დვალიშვილი
ალია №4
კომენტარები