ჟურნალისტი, ვახო სანაია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ნავალნიზე მოგახსენებთ ჩემს აზრს.
დავიწყოთ იმით, რომ პუტინს ნავალნისი არ უნდა ეშინოდეს იმ კონტექსტში, რომ ნავალნი მას ჩამოაგდებს და თვითონ დაჯდება იმ სკამზე. ეს არასდროს მოხდება არჩევნების გზით.
ერთადერთი გზა დიდი რყევაა, რადიკალური, რაღაც ისეთი რევოლუციური, რაც მთლიანად ამოაყირავებს რუსეთს. ამ ეტაპზე ამის წინასწარმეტყველებას ნუ დავიწყებთ.
პუტინისთვის ნავალნი საშიშია არა როგორც პიროვნება, რომელუც მას თანამდებობას წაართმევს, არამედ როგორც მოვლენა, პრეცედენტი – მას, ყოვლისშემძლეს, ვიღაცამ რაღაც გაუბედა; რომ ვიღაცას მისი არ შეეშინდა; ვიღაცამ მორსლური უპირატესობა მოიპოვა… ამიტომაც ადგა და დაიჭირა, რაც მოსალოდნელიც იყო და სრულიად ლოგიკურიც. ყველას უთხრა, რომ უკან არ დაიხევს. მკვლელობის მცდელობაც იგივე იყო. საერთოდ, პუტინის სტილია დემონტრაციული დასჯა:
ლიტვინენკო – სისტემიდან გასვლას და ჩემს კომპრომეტირებას არ გაპატიებ;
პოლიტკოვსკაია – არა ხარ გამონაკლისი. ამიტომ ვერ დაწერ. თუ დაწერ, ყველას ვაჩვენენ, რომ ფიზიკურად გაგანადგურებ;
ნავალნი – მოგკლავ. გადამირჩები – დაგიჭერ. თუ დამჭირდა, ისევ მოგკლავ.
მისი სტილია. კი არ ფარავს დანაშაულს, არამედ თავადვე სურს, ყველა მიხვდეს, ვისი ბრძანებითაც კლავენ.
კონკრეტულად ნავალნის პრობლემა ამ ეტაპზე გადაჭრილია. საინტერესოა, ნავალნიზმი თუ აღმოცენდება რუსეთში. მე ამის შანსს თითქმის ვერ ვხედავ. თუ რევოლუციური კატაკლიზმი არ მოხდა, რუსეთის მომდევნო ხელისუფლება ისევ კრემლიდან დაიბადება. სწორედ პუტინის წასვლისა და მისი შემცვლელის მოსვლის შემდეგ, როცა რუსეთში ეს კარიკატურული სტალინიზმი დასრულდება, ალბათ დაიწყება რუსეთის სწრაფი დასუსტება, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდებია და ისტორიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით გამოთქმული აზრი. და თან არ ვიცით, როდის წავა ან გაუშვებენ პუტინს. ეს ყველაფერი ამ ეტაპზე ზედმეტად ბუნდოვანი ამბებია.
ახლა მივუბრუნდეთ იმას, რაც ნამდვილად ვიცით. გეტყვით, რატომ არა აქვს ოპოზიციას შანსი რუსეთში.
1. დასავლეთი რუსეთის მტერია. ნებისმიერი ფლირტი დასავლეთთან, აღიქმება მტრობად. ნავალნი ეჭვმიტანილია ამაში.
2. ნავალნის ფლირტი როგორც ლიბერალებთან, ასევე ნაციონალისტ-შოვინისტებთან. საბოლოოდ, უმრავლესობა ლიბერალობაში სდებს ბრალს. ეს განაჩენია პოლიტიკოსისთვის დღევანდელ რუსეთში, რადგან მტრულ დასავლეთთან კავშირს ნიშნავს. მეორე – ის, რაც აფხაზეთისა და ცხინვალის ნაწილში თქვა ნავალნიმ. არ იყო შემთხვევითი. პოპულისტია. მიხვდა, რომ ლიბერალების მხარდაჭერით ბევრს ვერაფერს მიაღწევდა და შეაბიჯა ნაციონალისტურ, მე ვიტყოდი, რუსულ ნაცისტურ ველზე. ესეც ღრმა შეცდომაა. პუტინზე დიდი ფაშისტი და ნაცისტი ნავალნი ვერ იქნება. ყველასგან რაღაცის წამოღება სცადა და, ჩემი აზრით, უკიდურესად შეცდა.
რა არის ნავალნისა და ყველა სხვა ოპოზიციონერის პრობლემა. ისინი ვერ ქმნიან ალტერნატივას. პუტინისთვის კი ასეთი ოპოზიცია სანატრელი იქნებოდა, რომ არ ჰყოლოდა, უნდა მოეფიქრებინა. მე თუ მკითხავთ, მაგ ოპოზიციის დიდი ნაწილი ისედაც მისი მოფიქრებული და მართულია. მოკლედ, იდეალური მტრის ხატი ჰყავს.
ხშირად მეკამათებიან, როცა ამას ვამბობ, მაგრამ ასე ვფიქრობ და ვერ დავმალავ. ეს არ არის რუსოფობია. რეალობაა – რუსეთის მთავარი პრობლემა რუსი ხალხის აზროვნებაა. ეს ხალხი მონღოლებიდან მოყოლებული დღემდე მონობაში ცხოვრობს. სინამდვილეში ეზიზღებათ, მაგალითად, პეტრე პირველი, რომელმაც გზა გაჭრა ევროპაში. ზედ მიყოლებული ეკატერინეც, რომელიც ეფლირტავებოდა განმანათლებლებს. მათი გაკათებული რეფორმები არ უნდათ, მაგრამ მოსწონთ მათ მიერ გაფართოებული ტერიტორია. მხოლოდ ტერიტორია ! რუსის გონებაში დღეს მყარადაა გამჯდარი, რომ დემოკრატიული რუსეთი მარცხს ნიშნავს. მათი ლოგიკით, ეს სწორიც არის. საერთოდ, რუსეთი მისულია ლპობის იმ სტადიამდე, როცა ეკონომიკური და დემოკრატიული ტრანსფორნაცია შეუძლებელია. მსგავსი ექსპერიმენტი რუსეთის დაშლით დასრულდება. რას ჰპირდება ნავალნი რუსეთს ? ჰპირდება დემოკრატიულ და ეკონომიკურ ცვლილებებს. ანუ, მათი აღქმით, დასავლეთის გამარჯვებასა და რუსეთის მარცხს. აი რუსი კი მშიერი მოკვდება, ოღონდ ველიკოდერჟავული სული შეინარჩუნოს. ამიტომ ახარებთ ცხინვალში მოპოვებული ,,გამარჯვება” . უკრაინის შუაში გახლეჩა, ტრამპის გამარჯვება 2016-ში, რადგან განცდა ჰქონდათ, აი ვაშინგტონში დასვეს პრეზიდენტი.
რუსი სამყაროს უყურებს ასე – მოსკოვი უნდა დაიცვას. ამისთვის სჭირდება ზღუდეები. პირველი – საზღვარი უნდა დაიცვას, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. საჭიროა მეორე გაფართოება – მეზობელი ქვეყნების დამორჩილება და ამით თავდაცვის გაზლიერება და მესამე, გავლენების კიდევ უფრო შორს გავრცელება. ამიტომ კარგავენ ჭკუას იმაზე, რომ მათი მესამე ზღუდე ბერლინში მთავრდებოდა.
ერთი სიტყვით, პრობლემა რუსს ხალხში იმალება. უფრო სწორედ, არ იმალება, ზედაპირზეა.”
კომენტარები