კონსტიტუციონალისტმა, უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, ვალერიან ხაბურძანიმ, ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ დაანონსა “ალიასთან”, რომ “ოცნება” წავიდოდა რაღაც ტიპის დათმობაზე.
ნიკა მელია უარს ამბობს გირაოს გადახდაზე და წინააღმდეგია ამნისტიით გამოსვლით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციიდან და მმართველი გუნდიდან ლიდერები ერთი და იმავეს გვიმტკიცებენ, ამნისტია მელიას გამო მოვიფიქრეთო. ევროპარლამენტარები კი ამასობაში აცხადებენ, რომ თავდებად დაუდგებიან ნიკა მელიას, ოღონდ, როგორც კუბილიუსმა თქვა, თავდებად უდგებიან იმიტომ, რომ შეთანხმების შესრულებას შეუწყონ ხელი და ჯერ არ ვიცით, ნიკა მელიას თავდებობით გამოშვების შემდეგაც კი, ამნისტიის კანონზე მუშაობა გაგრძელდება, თუ შეწყდება.
ბატონი ვალერიანს საინტერესო მოსაზრება აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ჩქარობს ამერიკა და ევროპა, რაც შეიძლება მალე მოხდეს ნიკა მელიას ციხიდან გამოშვება.
ვალერიან ხაბურძანია:
ხელისუფლებას აქვს უდიდესი პრობლემა და ეს პრობლემა არის ევროპის და ამერიკის პრობლემაც – დღეს ევროპა და ამერიკა ბელორუსს სანქციებს უწესებს, რადგან მათთან დაკავებულია ოპოზიციური პარტიის მთავარი ლიდერი! რა ხდება ამ დროს საქართველოში რომელიც „დემოკრატიის შუქურაა“ რეგიონში? აქაც დაკავებულია ოპოზიციური პარტიის ლიდერი. მელიას უნდოდა შეჭრა-შემოჭრაო, თუ უნდოდა შეჭრა, შეჭრის ადგილზე უნდა დაეკავებინათ. არჩევნებში მიიღო მაგის მერე მონაწილეობა, დეპუტატი გახდა… ფული რომ არ გადაიხადე, ამის მერე შენი ოფისიდან აგიყვანეო… ხოდა, ევროპას და ამერიკას გამოაცალეს სასაუბრო ლუკაშენკოსთან, მთავარი კოზირი დაუკარგეს…
მელია არის პოლიტპატიმარი, რურუაც, ვის რა აქვს ჩადენილი უნდა ამტკიცონ, მაგრამ როცა მაშინ არ იჭერ როცა დასაჭერია და მერე იჭერ, როცა შენ არ მოგწონს და გიქმნის პრობლემას, აი, ამის გამო, რურუაც პოლიტიკური პატიმარია
შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ ამ ფონზე, მგონია, რომ ეს პარლამენტი ვერ მიიტანს თავს ბოლომდე, ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს, წვიმის წვეთი შეიძლება იქ არ დაეცეს, სადაც უნდა დაცემულიყო და ამაზე შეიძლება ატყდეს მთელი ამბავი.
თამო კეშელავა, ალია
კომენტარები