საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია:
“სოჭის ხელშეკრულების საბედისწერო შედეგები და ზვიადის დაბრუნება სამშობლოში. (29 წლის წინ დაიდო სოჭის ხელშეკრულება რუსეთს, საქართველოსა და აფხაზ სეპარატისტებს შორის, რომლის შედეგადაც ქართული მხარე ცალმხრივად განიარაღდა)
***
სოხუმში ქართველ ლტოლვილთა უმეტესობა სოჭის ხელშეკრულების დადების შემდეგ დაბრუნდა, 20 სექტემბერს სკოლებში სწავლის დაწყება იგეგმებოდა, მაგრამ აგვისტოს ბოლოდან გუმისთის მხრიდან ავისმომასწავებელი სიჩუმე ჩამოწვა. რუსულ-კავკასიურ-აფხაზური ფორმირებები თავიდან გამოჩნდნენ რამოდენიმე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილზე სოხუმთან. 16 სექტემბერს სოხუმზე დაიწყო აქამდე არნახული შეტევა რამოდენიმე მხრიდან, ყველანაირი სამხედრო ტექნიკის ჩართულობით. სოხუმს ათასობით შეიარაღებული ჯარისკაცი იცავდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ისინი პრაქტიკულად უიარაღოდ იყვნენ დარჩენილები კბილებამდე შეიარაღებული მოწინააღმდეგის პირისპირ. ლაზარეთი დაჭრილი მეომრებით გადაივსო, რაც უთანასწორო ბრძოლაზე მეტყველებს. რაც შეეხება შექმნილ სამხედრო და პოლიტიკურ სიტუაციას, გენერალი ლევან შარაშენიძე ინტერვიუში ამბობს:
„1993 წლის 15 სექტემბერს გია ყარყარაშვილი, მე – მისი მოადგილე, თამაზ დუმბაძე და ნიკუშა კეკელიძე გრაჩოვს შევხვდით. მას დიდი ხანია ვიცნობ. მაშინ რუსეთის ჯარებს სტატუსი ჯერ კიდევ არ ჰქონდათ. ეს ის დრო იყო, როცა ქობალია დაფნარში იყო. ყარყარაშვილი დაბრუნდა, მე მოსკოვში დავრჩი. სტატუსზე ხელმოწერის შემდეგ, შავი ზღვის ფლოტიდან ძალები უნდა გამოეყოთ, რითაც ქობალია უნდა შეგვეჩერებინა. 16 სექტემბერს არძინბამ სოჭის ხელშეკრულება დაარღვია და ოჩამჩირის მიმართულებით ბრძოლა დაიწყო. შევარდნაძესთან დავრეკე. მითხრა, გამაგებინე, რუსები რას აპირებენო. გრაჩოვი ჰოსპიტალში ვნახე – კენჭის გავლა ჰქონდა. მითხრა, რომ შევარდნაძეს, ყარყარაშვილს და ბათიაშვილს ადლერში უნდა შეხვედროდა – ორ დივიზიას შევიყვანთ, ერთი აზერბაიჯანში უნდა შევიდეს, მეორე იქ დარჩებაო. ბრძოლაში არ ჩავებმებით, მაგრამ, იქნებ სისხლისღვრა შევაჩეროთო. დავურეკე ყარყარაშვილს. ეს საქართველოს ოკუპაცია იქნება, არ დავთანხმდებიო, განმიცხადა. ჩხუბზე გადავედით და ყურმილი დავუკიდე. ადლერის შეხვედრა უშედეგოდ დამთავრდა. გრაჩოვი ძალიან გაღიზიანებული დაბრუნდა. ღამის 11 საათზე კაბინეტში შევხვდი. მითხრა, ყველაფერი მზად იყო, მაგრამ რა ვქნა, არ უნდათ, რაც გინდათ, ის გიქნიათო. შევარდნაძეს დავურეკე – სტატუსი წამოიღე და წამოდიო. სოხუმში ჩავედი. ქვეყანა იქცევა. ხუთი დღე პასუხი ვერ მივიღე. 23-ში შევარდნაძემ მითხრა, გრაჩოვს დაურეკე, თანახმა ვარო. სხვათაშორის, მან მერე აღიარა, შეცდომა დავუშვითო. როგორ შეიძლებოდა, ყარყარაშვილისთვის დაგვეჯერებინა?! დავურეკე გრაჩოვს, მაგრამ მითხრეს, დივიზიას კი არა, ერთ ჯარისკაცსაც ვერ გამოვიყვანთო. მოსკოვში თეთრ სახლთან ის ცნობილი მოვლენები იყო დაწყებული. ასე დავკარგეთ სოხუმი.“ (ალია N 125(295) 11 აგვისტო, 1997 წელი, გვ. 3)
დღეს ძნელი სათქმელია, რამდენად სიმართლის შესაბამისია შარაშენიძის მტკიცება, თითქოს რუსეთის ფედერაციის თავდაცის მინისტრი, არმიის გენერალი პაველ გრაჩოვი მზად იყო, ისეთნაირად აეღო თავის თავზე მშვიდობისმყოფელის მისია, რომ სოხუმი ქართული მხარისთვის დაეტოვებინა. მაშინ გაუგებარი რჩება, რატომ ჩაერთო რუსული მხარე ამ ომში თავიდანვე, ან რატომ მოამარაგა სეპარატისტები იარაღით, ცოცხალი ძალით და სამხედრო სპეციალისტებით. შესაძლოა შარაშენიძე იმჟამად გავრცელებულ ნარატივის გაქარწყლებას ცდილობდეს, რომლის მიხედვითაც ელცინის „დემოკრატიული“ რუსეთი ფიქრობდა ქართველებისთვის სოხუმის შენარჩუნებას, ხოლო რუსეთის „ანტიდემოკრატიულ“ სამხედროებს სურდათ ქართველთა განდევნა იქიდან; ასევე შესაძლოა ცდილობდეს, უფრო უკეთეს შუქჭრილში წარმოაჩინოს თავისი როლი აღნიშნულ მოვლენებში. ასევე მცდარია შარაშენიძის ინფორმაცია, თითქოს ქობალია ამ დროს დაფნარშია. სინამდვილეში ქობალია და ლაკია ამ დროს ოჩამჩირესთან არიან.
ეს ამბავი ჯაბა იოსელიანის მემუარებშიც ნახსენებია: „ამ ორი დღის წინ შევარდნაძე შეხვედრია რუსეთის თავდაცვის მინისტრს, პაველ გრაჩოვს. „მითხრა, არაფერი შემიძლია, აფხაზებმა შეთანხმება დაარღვიეს, ახლა თუ გინდათ, ორ დივიზიას შემოვიყვან და განვალაგებ გუმისთაზე. მერე დასხედით და მოილაპარაკეთო.“ „მერე?“ „არაფერი, უარი ვუთხარი“. „რატომ?“ ‘ყარყარაშვილი და ბათიაშვილი მახლდნენ. მათ თქვეს, თუ ეს მოხდება, ჩვენ გადავდგებით – ეს ანექსია არისო.“ „მე რატომ არ წამიყვანეთ?“ „ისინი მინისტრები არიან“. ირონიულად ვიცინი. სწყინს და მეუბნება. „ხალხი მაინც ვერ გაგვიგებდა“. „ვინ ხალხი ვერ გაგვიგებდა?“ გული მომდის. ოღონდ კი ომი შეწყდეს და ვინ იქნებოდა ამის წინააღმდეგი. „აი, შევკრიბოთ აქაურები, ჯერ ჩვენი გარემოცვა.“ მართლაც სხდომის მაგვარ შეკრებას ატარებს ეგრეთ წოდებულ აქტივთან. მე ჩუმად ვზივარ და ვუსმენ. იგი ინფორმაციის სახით ჰყვება გრაჩოვის წინადადების შესახებ. აქ ეს არავისთვის საიდუმლო არ არის. ამიტომ, რახან დააფასეს და საჭიროდ ჩათვალეს მათი აზრის გაგება, თითქმის ყველანი ურჩევენ, რომ დათანხმდეს და დაუკავშირდეს გრაჩოვს. მე ვერ ვითმენ და ზოგადად, უმისამართოთ ვამბობ: „ანექსია! ვითომც სოხუმში რუსის ჯარი არ არის, ან ბომბორაზე სულ ხევსურები დგანან“. (სამი განზ. გვ. 315) ამ მონათხრობებიდან გამოდის, რომ შევარდნაძემ ისრები ყარყარაშვილზე და ბათიაშვილზე გადაამისამართა, თითქოს მათი კუდაბზიკა რადიკალიზმის და ჯიუტი „სუვერენისტობის“ გამო უთხრა გრაჩოვს უარი. ეს წინადადება ამავდროულად ერთგვარი ultima ratio ანუ „საბოლოო გონივრული გამოსავალი“ იყო შექმნილი კრიტიკული სიტუაციიდან. მერე კი გრაჩოვსაც ჰქონდა საფუძველი უარის სათქმელად – პოლიტიკური კრიზისი თავად მოსკოვში დაიწყო, „თეთრ სახლთან“.
როგორც არ უნდა ყოფილიყო, გროზნოში მყოფი ზვიადი სოხუმთან მიმდინარე დრამატულ განვითარებას ყურადღების მთელი მობილიზებით ადევნებდა თვალს. ტრაგედიის კვანძი იკვრებოდა. აფხაზეთი იკარგებოდა, აფხაზეთის ქართველობა სამშობლო მხარის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე დგებოდა. მეტად ძნელი წარმოსადგენია, ზვიად გამსახურდიას შორიდან ეყურებინა აფხაზეთის მოვლენებისთვის. მიმართვაში, რომელიც მანამდე სოხუმში, ოჩამჩირესა და გალში მყოფი მებრძოლების მიმართ გააკეთა, უკვე დაანონსებულია მისი სურვილი სოხუმში ჩავიდეს, ჩემს ამ ნაბიჯს კი შეეძლება გარდამტეხი ფაქტორის როლი შეასრულოს, თუნდაც საქართველოს მასშტაბით საყოველთაო მობილიზაციას რაც შეეხებაო. (სსხ. lll. გვ. 289-292) საქართველოში დაბრუნების შედეგიდან გამომდინარე, დღემდე მიდის კამათი, უნდა დაბრუნებულიყო თუ არა. გადავხედოთ საქართველოს და ზოგადკაცობრიულ ისტორიას და ასეთი კითხვა დავსვათ:
ვინმეს რომ ეთქვა ილია ჭავჭავაძისთვის პეტერბურგში გამგზავრების წინ: „ბატონო ილია, ნუ გახდებით რუსეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭოს წევრი, რადგან თქვენ სასიკვდილო განაჩენს გამოგიტანენ რევოლუციის ღალატის ბრალდებით და რევოლუციის სახელით.“
ვინმეს რომ ეთქვა ნაპოლეონისთვის ელბას დატოვების წინ: „არც იფიქროთ სირ, პარიზში დაბრუნება. ყველაფერი გაცილებით უარესად მოხდება, ვიდრე წარმოგიდგენიათ,“
ვინმეს რომ ეთქვა ცოტნე დადიანისთვის ანისში გამგზავრების წინ: „პატონისქუა, ნუ წახვალ ანისს. წესი მონღოლთა საზარელ არს და წამებით ამოგხდიან სულს,“
და ბოლოს ვინმეს რომ ეთქვა უფალი იესოსთვის: „რაბი, ნუ შეხვალ იერუსალიმად. ჯვარცმით სიკვდილი არ აგცდება. მეფე ავგაროსს ხომ სურს შენი შეფარება და წარვედ მასთან,“
რა იქნებოდა? ისტორიისთვის ოთხივე შემთხვევაში გადადგმული ნაბიჯები ცნობილია. ამიტომაც მოხდა ის ასეთნაირად და არა სხვანაირად. ასეთი ნაბიჯი არჩევანია და არ ექვემდებარება მცდარის და მართებულის რეგისტრში განხილვას.
როგორც ზვიად გამსახურდიას ერთ-ერთი პირადი მცველი, სოსო თორია იგონებს, 1993 წლის სექტემბრის ერთ საღამოს, გროზნოს რეზიდენციის ბაღში სეირნობისას პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ უთხრა, მოემზადე, საქართველოში მივდივართო. თორია აღწერს იმ გაოგნებას, რომელიც დაეუფლა მას, რამდენადაც მანამდე არსად, არც ერთ ფორმატში საუბარი არ ყოფილა ზვიადის საქართველოში დაბრუნებაზე. (79 ამბავი, გვ. 167-169) ეს იმაზე მეტყველებს, რომ თავად პრეზიდენტს სხვებთან ამ საკითხზე არასოდეს უსაუბრია. აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ 1993 წლის 2 სექტემბერს უზენაესი საბჭოს სესიაზე ზუგდიდში მიღებულ კომუნიკეში ჩაიწერა პრეზიდენტის დაბრუნება, რაც ცხადია, მასთან შეთანხმებით მოხდა. ასევე სიმართლეს არ შეესაბამება ვერსია, თითქოს ზვიად გამსახურდიას მეუღლე, მანანა არჩვაძე წინააღმდეგი იყო მისი დაბრუნებისა. პირიქით, იგი ამ დაბრუნების მომხრე იყო. ალა დუდაევას, ჯოხარ დუდაევის მეუღლის ჩანაწერის მიხედვით, ზვიადი საქართველოში მაშინ დაბრუნდა, როდესაც ხალხმა მოითხოვა მისი დაბრუნება. (79 ამბავი, გვ. 166)
მანამდე ზვიად გამსახურდიამ გროზნოში დაიბარა იმ დროს მოსკოვში მყოფი ვიცეპრემიერი გურამ აბსანძე, (რომელსაც ტელეფონზე საუბრისას მიმართავდა საძახისით „შაქრო“) და დაავალა მას, მოეძებნა კომერციული თვითმფრინავი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა სენაკის სამხედრო აეროპორტში დაჯდომა. გურამმა შეარჩია ორი ჩეჩენი და ორი ქართველი მფრინავი ეკიპაჟისთვის და 100 ათასი დოლარი გადაიხადა თვითმფრინავისთვის, რომელიც რამოდენიმე დღეში მოიძებნა. მანამდე არაერთხელ დარეკა მასთან ზვიადმა და იკითხა საქმის ვითარება. აშკარა იყო, რომ მას ეჩქარებოდა ჩასვლა. არაერთხელ დარეკა თავის მხრივ ზვიადის ცოლმა, მანანა არჩვაძემაც, რომელიც ასევე გააქტიურებული იყო და დაინტერესებული, რაც შეიძლება ჩქარა მოძებნილიყო თვითმფრინავი. ზვიადმა სავარაუდოდ გროზნოს დატოვებამდე კონსულტაციები გაიარა ჯოხარ დუდაევთანაც. ამის თაობაზე თავად პრეზიდენტმა დუდაევმა აღნიშნა 1994 წლის თებერვალში, გროზნოში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომ სამჯერ შედგა საუბარი ამ თემაზე. დუდაევმა აღწერა საკითხები, რომლებიც მათ გაიარეს ამ საუბრებისას, აღნიშნა ისიც, რომ ზვიადის მიერ გადადგმულ ნაბიჯში – იგულისხმება საქართველოში მისი დაბრუნება – ძალიან დიდ რისკებსაც ხედავდა, თუმცა ამ საკითხს მოგვიანებით უფრო დაწვრილებით შევეხებით. ასევე შევეხები მიზეზებს, რის გამო ხედავდა საკითხებს განსხვავებულად.
თუმცა თვალშისაცემი აქ ერთი ამბავია – ზვიადს არ უთქვამს ჯ. დუდაევისთვის, რომ გროზნოს კონკრეტულად ამ დღეს ტოვებს და სამშობლოში ბრუნდება. ასეთ შემთხვევაში სრულიად ლოგიკური იქნებოდა, რომ თვითმფრინავი თავად დუდაევს მიეცა მისთვის, თავის ეკიპაჟთან ერთად და არც თანხის გადახდა იქნებოდა საჭირო. გროზნოში ჩამოსულ გურამ აბსანძეს ზვიადმა უთხრა, მანამდე მინდა საქართველოში ჩასვლა, ვიდრე შევარდნაძე საბოლოოდ ჩააბარებს აფხაზეთსო; ეგებ ეს მოღალატური გეგმა, რომელიც სოჭის ხელშეკრულების შესრულებაში მდგომარეობს, სოხუმში ჩემმა გამოჩენამ ჩაშალოსო. არაფერი იცოდნენ მის ჩამოსვლაზე არც ზუგდიდში – არც ვახტანგ (ლოთი) ქობალიამ, არც იქ მანამდე ჩასულმა პრემიერმინისტრმა, ბესარიონ გუგუშვილმა.
თვითმფრინავი გროზნოს შეიხ მანსურის სახელობის აეროპორტიდან 24 სექტემბერს, დილით აფრინდა. ზვიადმა საბოლოო ჯამში მიიღო გადაწყვეტილება, მხოლოდ ორი პირადი მცველი წაეყვანა. საჰაერო ხომალდმა კავკასიონის მთავარ ქედს გადაუფრინა და გეზი შავი ზღვისკენ აიღო. სალონში ზვიადთან და ვიცეპრემიერ გურამ აბსანძესთან ერთად მისი პირადი მცველები იმყოფებოდნენ, რომელთაგანაც ერთ-ერთი სოსო თორია იყო. როსტოვში განთავსებულმა რადარებმა როგორც კი დააფიქსირეს უცნობი თვითმფრინავი დასავლეთ საქართველოს თავზე, სამხედრო აეროდრომის სიახლოვეს, მათმა პერსონალმა მაშინვე დაიწყო კავშირზე გამოსვლა ამ უცნობი რეისის და მისი დანიშნულების გარკვევის მიზნით, თუმცა მფრინავებმა რადიომიმღები გათიშეს. ამ ცნობიდან ჩანს, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე მიუხედავად იმისა, რომ სსრკ თითქმის ორი წლის წინ დაიშალა, ჯერ კიდევ არ იყო გამოსული საკავშირო საავიაციო კონტროლიდან. თავიდან თვითმფრინავი კინაღამ კოპიტნარში დაჯდა, რომელიც ხუნტის ძალოვანთა კონტროლქვეშ იყო. მოღრუბლულობის გამო მათ ვერ დაინახეს აეროპორტი, თუმცა მიწასთან უფრო ახლოს დაშვების შემდეგ ზვიადმა გურამ აბსანძეს ჰკითხა, კანონიერებისთვის მებრძოლ ჯარებს „მიგები“ (ანუ ავიოგამანადგურებლები) ჰყავთო? შენობასთან, როგორც ზემოდან მოჩანდა, ორი „მიგი“ იდგა. ამაზე აბსანძის პასუხი იყო, „მიგები“ კი არა, ტრაქტორებიც არ ჰყავთო. ამის შემდეგ გეზი დაკორექტირდა და თვითმფრინავმა დაბალ სიმაღლეზე სენაკის სამხედრო აეროპორტის ასაფრენი ზოლის ძებნა დაიწყო.
დისპეჩერს, რომელმაც კოპიტნარიდან იკითხა, საითკენ მიფრინავთო, უთხრეს, ბათუმში ჰუმანიტარული ტვირთი მიგვაქვსო. თვითმფრინავმა ორი წრე დაარტყა, თუმცა უშედეგოდ. მესამე წრეზე ითქვა, თუ არ დავჯდებით, შესაძლოა სიმაღლე ვეღარ ავიღოთ და საავარიო სიტუაცია შეიქმნასო, ამიტომ გამოსავალი ბათუმში დაჯდომა იქნებაო. ამაზე ზვიადს უთქვამს, ბათუმში დაჯდომას ისევ თბილისში დაჯდომა მირჩევნიაო. ამ დროს ზვიადმა ილუმინატორიდან გაიხედა და იცნო ხიდი მდინარე ტეხურზე, მფრინავს უთხრა, ახლოს ვართო. ერთ-ერთმა მფრინავმა, რომელიც სამეგრელოდან იყო, კურსი დააკორექტირებინა და თვითმფრინავმა მოახერხა სენაკის აეროპორტში დაჯდომა. არც ეს დაჯდომა იყო ბოლომდე უხიფათო, რამდენადაც ასაფრენ ზოლზე არაერთი ძროხა და კამეჩი იწვა.
გურამ აბსანძეს აეროპორტის დირექცია გაფრთხილებული ჰყავდა, რომ მეომრებისთვის ჰუმანიტარული ტვირთი მოჰქონდა. თუმცა ყოველი შემთხვევისთვის ასაფრენ ზოლზე გაჩერებული თვითმფრინავი პირველი მან დატოვა და მასში მყოფნი გააფრთხილა: „ჩავალ, დაველაპარაკები, ვნახავ, რა ხდება. თუ რამე არ მომეწონება, განიშნებთ და არ დამელოდოთ, აფრინდით“. ზვიადმა უპასუხა, რომ არსად გაფრენას არ დავაპირებთ, თუ რამეა, ან თავი დავიცვათ, ან მოველაპარაკოთო. თვითმფრინავთან ამასობაში მოვიდა მანქანა და ჯავშანტრანსპორტიორი. აბსანძეს გაფრთხილებული ჰყავდა კანონიერებისთვის მებრძოლი ჯარის ერთ-ერთი მეთაური, პოლკოვნიკი აკაკი ელიავა, რომელიც ჯარისკაცებთან ერთად მოვიდა აეროპორტში. როდესაც ელიავამ იკითხა, სად იყო ჰუმანიტარული ტვირთი, მას უპასუხეს, რომ თავად პრეზიდენტი ჩამოვიდა. ელიავა გაშრა, ენა ჩაუვარდა. ამის შემდეგ ზვიადმა თვითმფრინავი დატოვა. „ღრმად ჩაისუნთქა, გარემოს თვალი მოავლო, კიბეზე ჩავიდა, რამდენიმე ნაბიჯი გაიარა, უეცრად შეჩერდა, დაიჩოქა და მიწას აკოცა“. (79 ამბავი, გვ. 173) ამის შემდეგ მას შეხვდნენ კანონიერების აღდგენისთვის მებრძოლები. მივიდნენ სენაკის შტაბში, სადაც უამრავი ხალხი მოვიდა, გაიგეს რა პრეზიდენტის ჩამოსვლა. ვიდრე ზუგდიდში ჩავიდოდნენ, ზვიადმა გზად მოილოცა სუჯუნის წმინდა გიორგის ეკლესია, ოდიშელი გამსახურდიების სალოცავი.
მანქანების ესკორტმა საღამოსკენ ზუგდიდს მიაღწია.
ხმა დევნილობიდან პრეზიდენტის დაბრუნებაზე საოცარი სისწრაფით გავრცელდა. ათეულ ათასობით ადამიანი გამოვიდა მის შესახვედრად, ზუგდიდის ქუჩები სავსე იყო. პრეზიდენტი ვახტანგ (ლოთი) ქობალიას სახლში დაბინავდა, ზუგდიდის რაიონის სოფელ ოდიშში. მომდევნო დღეს, 1993 წლის 25 სექტემბერს ზვიად გამსახურდიამ გააკეთა პოლიტიკური განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო:
„მე, საქართველოს კანონიერი პრეზიდენტი, დავუბრუნდი სამშობლოს და განვაგრძობ ერის წინაშე ჩემი მოვალეობის შესრულებას. მე ვხედავ საქართველოს უმძიმეს მდგომარეობას, მე არ შემეძლო ასეთ დროს ვყოფილიყავი საქართველოს გარეთ, მე ჩამოვედი არამხოლოდ იმიტომ, რომ შევასრულო ჩემი თანამდებობრივი მოვალეობა, არამედ იმისთვის, რომ სათავეში ჩავუდგე ეროვნული ხსნის მოძრაობას. ძმანო და დანო! ჩვენი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას და ასეთ დროს დიდი დაფიქრება და პასუხისმგებლობა გვმართებს. მე ჩამოვედი არა იმისთვის, რომ გავაჩაღო სამოქალაქო ომი ან დავსაჯო ვინმე, არამედ ჩემი მიზანია ერის გამთლიანება და ეროვნული შერიგება. და თუ მოწინააღმდეგე მხარე შეიგნებს თავის შეცდომებს, შეინანებს თავის დანაშაულს ერის წინაშე, მე მზად ვარ მათაც გავუწოდო ხელი. თუ უკანონო ხელისუფლება გამოიჩენს კეთილგონიერებას და გადადგება, მე მზად ვარ უზენაეს საბჭოსთან შეთანხმებით დავნიშნო ახალი არჩევნები. ყველას მიეცემა ხელშეუხებლობის გარანტია სათანადო პირობების გათვალისწინებით. ალბათ მრავალ თქვენგანს სურს შეიტყოს, თუ რად დაგვიანდა ჩემი ჩამოსვლა. იმის გამო მეგობრებო, რომ მქონდა უამრავი დაბრკოლება, რომელთა დაძლევაც ვერ ხერხდებოდა. მაგრამ აი დადგა ჟამი და ბოლოს მივაღწიე იმას, რომ დღეს თქვენთან ვარ. დღეს საქართველო უნდა დაირაზმოს ერის ხსნისათვის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის, ჩვენი ეკონომიკის აღდგენისათვის, ქართული სულის აღორძინებისათვის. გაუმარჯოს ჩვენს ბრძოლას საქართველოს გადასარჩენად! გილოცავთ კანონიერი ხელისუფლების აღდგენას! („აღგომა“, 28.09.1993, N 32(63))
ამასთანავე მან კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, რომლის მთავარი აზრი იყო, რომ არ უნდა დავუშვათ სოჭის კაპიტულანტური, მოღალატური ხელშეკრულების შესრულება, იმიტომ რომ ეს სოხუმის და მთელი აფხაზეთის დაკარგვას ნიშნავსო. დიახ, ზვიადი დაბრუნდა იმიტომ, რომ სოჭის ხელშეკრულების შესრულებას წინ აღდგომოდა.
კომენტარები