რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის ოფიციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე ადასტურებს რომ საქართველომ, ყარაბაღში სამხედრო კონტინგენტის გადაყვანის მიზნით, რუსეთს საჰაერო დერეფანი გაუხსნა.
აბაშიძემ კომენტარი “ეხო კავკაზთან” გააკეთა. აბაშიძე ამბობს, რომ საქართველომ გადაწყვეტილება ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მიიღო.
ამ ეტაპზე, საკითხის გადაუდებლობიდან და მშვიდობის დამყარების შეზღუდული დროიდან გამომდინარე, როგორც სომხური, ასევე აზერბაიჯანული მხარეების თხოვნით, რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის ნაწილი, გამონაკლისის სახით, გადაიყვანება დაპირისპირების ზონაში საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით, წინასწარ შეთანხმებული და შეზღუდული ვადით. ამის შესახებ ინფორმირებულები არიან ჩვენი პარტნიორები “ ამბობს აბაშიძე.
მოგვიანებით, ზურაბ აბაშიძემ “მთავართან” სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალებისთვის, მთიან ყარაბაღში განთავსების მიზნით საჰაერო სივრცის გახსნის შესახებ გადაწყვეტილება ორივე მხარის – სომხეთისა და აზერბაიჯანის თხოვნის საფუძველზე მიიღეს.
“ჩვენ თავიდანვე მხარს ვუჭერდით სამშვიდობო პროცესის დაწყებას, გვქონდა კონკრეტული შეთავაზებებიც და მას შემდეგ, რაც ორივე მხარემ მოგვმართა თხოვნით, მივიღეთ გადაწყვეტილება და ესეც, ერთგვარად, ჩვენი წვლილია ამ სამშვიდობო პროცესში”, – თქვა მან “მთავართან” სატელეფონო საუბრისას.
შეკითხვას, საქართველოს მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, პირადად მას სჯერა თუ არა, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალები მთიან ყარაბაღში პოზიტიურ როლს შეასრულებენ, ზურაბ აბაშიძემ მოკლე პასუხი გასცა:
ვერ გეტყვით, რა და როგორ იქნება, ამას მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ ამ გადაწყვეტილების საფუძველი ჩვენი ორივე მეზობლის ერთობლივი თხოვნა გახდა, ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს გეტყვით.
ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების დასრულებას ხელი რუსეთის შუამავლობით 11 ნოემბერს მოეწერა. შედეგად, იქ ახალი რუსული ბაზა განთავსდება და რუსი “სამშვიდობოები” ჩადგებიან.
კომენტარები