ანი დვალიშვილი
ნამდვილად ვერ გეტყვით, ამ ყველაფრის აღწერა უფრო რბილად როგორ შეიძლება, მაგრამ… 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, მთლიანად ძალოვანი უწყება ჩაატარებს. ამის თქმის საფუძველს კი გასულ კვირაში განხორციელებული მოვლენები გვაძლევს. პოლიტიკოსთა ნაწილი იმაზე მსჯელობდა, სწორად დაასანქცირეს თუ არა ივანიშვილის გარემოცვის წევრები, ნაწილი კი იმას ბჭობდა, კალაძე მაშინ უნდა გადამდგარიყო, როცა დემნა გვასალიას თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მისცა, თუ ახლა, როცა ვაკის პარკში ტრაგედია დატრიალდა. ჰოდა, სწორედ მაშინ, რეგიონებში საინტერესო ამბები ტრიალებდა… სკოლებით დავიწყოთ.
კლასის დამრიგებლებმა მშობლებს სთხოვეს, მიეწერათ, ჰქონდა თუ არა მათ შვილს ინტერნეტი, თუ ჰქონდა, ეს იყო საკაბელო თუ ვაი-ფაი, რომელი მოწყობილობით შედიოდა ინტერნეტში, ლეპტოპით, პერსონალური კომპიუტერით თუ ტელეფონით და რაც ყველაზე მთავარია, რომელი ინტერნეტ-პროვაიდერის მომხმარებელი იყო? აუცილებლია ბავშვის მშობლების სამუშაო ადგილის ცოდნაც და იმის მიუხედავად, რომ მასწავლებლები ამტკიცებენ, არაფერი განსაკუთრებული, ასეთ პორტფოლიოს ყოველწლიურად ვავსებთო, რეალურად იქ არასდროს ყოფილა კთხვები სახლში რომელი პროვაიდერის ინტერნეტი გაქვს და კონკრეტულად, სად მუშაობენ მშობლები და… რა არის ბებია-ბაბუის ჰობი და საყვარელი საქმიანობა. ეგ კიდევ არაფერი… სწორედ რეგიონებში, ერთი-მეორის მიყოლებით იკეტება ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები. ერთ-ერთის მეპატრონე ამის მიზეზებზე გულახდილად გვესაუბრა.
„ვალუტის გადასახურდავებლად მოსულ ადამიანს პასპორტი რომ უნდა გამოართვა და მონაცემები ბაზაში შეიყვანო, ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ახლა ესეც არ გვაკმარეს. თუ პირი 15 ათას ლარზე მეტს ახურდავებს (მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ვალუტაში), ჩვენ გვევალება არათუ იმის მოკვლევა, საიდან აქვს თანხა, არამედ მისი პოლიტიკური კუთვნილებაც უნდა გავარკვიოთ. ხომ წარმოგიდგენიათ, კაცი რომ 5 ათას დოლარს მოიტანს დასახურდავებლად და შენ რომ ეკთხები, საიდან გაქვს და არჩევნებზე ვის აძლევ ხმასო? თუ მოქალაქე თუნდაც 100 დოლარს დაახურდავებს და საპასპორტო მონაცემებს არ ჩავიწერთ, ჯარიმა 7 ათასი ლარია და დღეში შეიძლება, რამდენჯერმე დაგაჯარიმონ. მე ერთ დღეში 5-ჯერ დამაჯარიმეს, ასე ვთქვათ, სანადიროდ იყვნენ ჩვენთან შემოსული და საბოლოო ჯამში, 35 ათასი ლარი გამოვიდა. 35 ათასი წელიწადში არ მრჩება, ამიტომ, ჩემი ჯიხური მივკეტე და ასე ქნა ბევრმა. შეუძლებელია, იმ ადამიანებს უკონტროლო პოლიტიკური სიმპათიები და რაც მთავარია, რატომ უნდა ვარკვევდე მე, ვიღაცას საიდან აქვს ფული…“
ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ყველა მონაცემი, როგორც საბანკო სექტორიდან, ისე სკოლებიდან, მიდის იმ უწყებაში, რომელიც რეალურად წინსაარჩევნოდ სურათს დადებს და იტყვის, რა განწყობაა მოსახლეობაში, ვინ არის შესაჯანჯღარებელი, ვისი მშობელია დასაბარებელი?! ფაქტია, 2024 წლისთვის, მმარველი გუნდი არათუ ხელისუფლებაში აპირებს დარჩენას, არამედ, იმდენად წავიდნენ თავს, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაც სურს. არადა, რეალურად, „ოცნების“ მთავარი მტერი სოციალური მდგომარეობა და ყველაფერზე გაზრდილი ფასები უნდა იყოს. როგორც ადრე დავაანონსეთ, დეკემბერში ტარიფების გადახედვის პერიოდია და აგერ, თბილისის ექს-მერმა, ახლა კი მარეგულირებელის შეფმა (თავის 15 000-იანი ხელფასით) დავით ნარმანიამ განაცხადა, ყველა კომპანიამ შემოიტანა განაცადი ტარიფის მომატებაზე და დეკემბერში განვიხილავთო. ნარმანია კი ამტკიცებს, თუ ეროვნული ვალუტა არ გაუფასურდება და ისევ ამ მდგომარეობაში იქნება, ტარიფს არ გავაძვირებთო, მაგრამ უფლებას ვიტოვებთ, ეს არ დავიჯეროთ. ჯერ ერთი, მიმწიდებლები ამტკიცებენ, რომ მიწოდება გუაძვირდათ, ანუ ტრანსპორტირების ხარჯი გაეზარდათ და მეორეც – რატომღაც არ გვჯერა, რომ ლარის სიმყარე ყველას მოსწონს და ახარებს. ამის საფუძველს კი ის გვაძლევს, რომ ეროვნული ბანკი პერიოდულად ბაზარზე ათეულ მილიონობით დოლარს ყიდულობს და ეს მაშინ, როცა დოლარი რომ გაყიდოს, ლარს კიდევ უფრო გაამყარებს. ექსპერტების თქმით, თუ ეროვნული ბანკი იმ ჭარბი დოლარის ოდენობას, რომელიც ისე შეისყიდა, რომ არაფერში სჭირდებოდა, თუ ისევ ბაზარზე დააბრუნეს, ზუსტად ერთ კვირაში, ლარი 2.50-იან ნიშნულამდე ჩამოვა. ეს იცის ეროვნულმა ბანკმაც, იცის ხელისუფლებამაც, მაგრამ საამისოდ არავინ არაფერს აკეთებს. არადა, სწორედ ახლაა იმის შანსი, რომ ლარის კურსი დასტაბილურდეს და თან ისე, რომ კარგა ხანს შეინარჩნეს ეს სიმყარე და რაც მთავარია, 3.00-იან ნიშნულს არ მიუახლოვდეს.
კომენტარები