“საკუთარი ძალის დემონსტრირებას შეეცდება პატრიოტთა “ალიანსი” და… არ გაგიკვირდეთ, თუ მათ მიტინგზე სიტყვით ზვიად ძიძიგური გამოვა”
ალბათ ძალიან ბევრი გაოცდა, როცა გაერთიანებულმა ოპოზიციამ მთავარი აქციის დღედ 4 აპრილი დაასახელა. გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ეს კრეატივია, 04.04-ში 04-ზე და 2020-იო, მაგრამ… იგივე კრეატივი 03.03-იც შეიძლებოდა, სამ საათზე ანუ მარტში რომ გაემართა ოპოზიციას აქცია, თან 3 მარტი დედის დღეა, დასვენებაა, მაგრამ არა – აქციის თარიღად 4 აპრილი ითქვა და ახლავე გეტყვით, რატომ. მთავარი მიზეზი ის გახლავთ, რომ ოპოზიციას ძალების სრული მობილიზაცია სჭირდება, რათა მასშტაბური აქცია გამოუვიდეს. ამას გარდა, აპრილში უფრო თბილა და… აჯობებს, ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ერთ-ერთ წევრს მოვუსმინოთ.
„მიზეზები რამდენიმეა. პირველ რიგში რაღა თქმა უნდა, მთელი ადამიანური რესურსის თავმოყრა. ადამიანურ რესურსთან ერთად, აუცილებელია ფინანსური რესურსის მოგვარება, ეს არ არის მეორეხარისხოვანი პრობლემა. ბოლო აქციებმა გვაჩვენა, რომ მხოლოდ იდეისთვის ქუჩაში ხალხს დგომა აღარ ეხალისება და გარდა იმისთვის, რომ ფულია საჭირო, თანხა აუცილებელია საკვებისთვის. სიცივეში არავინ ჩერდება და ამიტომ, იმედი გვაქვს, აპრილში შეშა არ დაგვჭირდება, ის შეშა, რომელიც პოლიციამ წინაზე არ შეგვატანინა. 4 აპრილი არის შაბათი, შემდეგ კვირა და სწორედ, ამ შაბათ-კვირას უნდა ამოიქოქოს ტალღა, რომლის მთავარი გაგრძელება, 9 აპრილი იქნება. ხელისუფლება რუსულ რელსებზეა შემდგარი და ამიტომ, 9 აპრილს, სიმბოლურად, უკვე მთელი რესურსით შევეცდებით ხელისუფლებას ვაიძულოთ პროპორციული არჩევნები ჩაატაროს. პარალელურად, ეს თარიღი შეთანხმდა ვანო მერაბიშვილთან“,-გვეუბნება ნაციონალური მოძრაობის წევრი.
რატომ შეთანხმდა მერაბიშვილთან მასშტაბური აქციის თარიღი, ქვემოთ მოგახსენებთ. მანამდე კი – სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა კანონით გამორიცხული რომ არის, ოპოზიციაში კარგად იციან, თუმცა არსებობს ვარიანტი, რომელსაც შერეული, ანუ მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემა პირობითად ერქმევა და რეალურად, ასი პროცენტით პროპორციული იქნება, რა თქმა უნდა, ძალიან საეჭვოა, ხელისუფლებამ ეს ჭამოს, მაგრამ ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის გარდა, ამომრჩევლის იმედიც აქვს, რადგან აპრილიდან ოქტომბრამდე ნახევარი წელია დარჩენილი, ეს კი პოლიტიკური თვალსაზრისით, ძალიან ცოტაა. შედეგად, ოპოზიციის ლიდერები რეგიონებში აქტივისტებს მარტივად დაპირდებიან სამუშაო ადგილებს და თან შეაფუცხუნებენ, თუ გინდათ, რომ ხელისუფლება შეიცვალოს, ერთი ადგილი გაანძრიეთო. სწორედ ამიტომ შეირჩა აპრილი, სითბოს, რესურსის და… 9 აპრილის გამო.
ტელეკამერების წინ, ერთ შეხედვით იდეალური დამოკიდებულების მიუხედავად, ოპოზიციური სპექტრი ერთსულოვანი ნამდვილად არ არის. პირველი ვიოლინოს როლი ისევ ნაციონალურ მოძრაობას აქვს, როგორც ყველაზე მძლავრ ოპოზიციურ პარტიას, მაგრამ საქმე ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი უკვე არამხოლოდ პარტიაში, არამედ ოპოზიციაშიც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. მაგალითად, ნაციონალების რამდენიმე ლიდერი, რესპუბლიკური პარტია და ედპ ღიად აფიქსირებს, რომ სააკაშვილის გარეშე არაფერი გამოვა. დანარჩენები კი ამტკიცებენ, რომ სწორედ სააკაშვილია ის „ბუა“, რომლთაც მოქმედი ხელისუფლება ხალხს აშინებს და მისი ფაქტორის გამო, ოპოზიცია პრაქტიკულად უშანსოდ არის. თუმცა, მიშას ჩაჩოჩება მარტივი კი არა, პრაქტიკულად შეუძლებელი ჩანს. ჯერ ერთი, მას ჰყავს საკმაოდ ძლიერი აქტივი, ჰყავს ახალგაზრდები და აკეთებს შტაბს, რომელიც აქტიურობით ერთ-ერთი ყველაზე (თუ ყველაზე არა) ხმაურიანი იქნება. პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში გამალებული სამუშაოები მიმდინარეობს, იქ კეთდება ქოლ-ცენტრი, კეთდება დიდი ეკრანი, საიდანაც სააკაშვილის სახე ყოველ საღამოს გამოჩნდება და პირდაპირი ჩართვების დროს, მიშა ახალგაზრდებს სამომავლო გეგმებსა და მოქმედების სტრატეგიას დაუსახავს. ამასთან ერთად, მიშას ჩართვები სოციალურ ქსელში გაზიარდება, იქნება პირდაპირი ეთერები და…
„გარდა იმისა, რომ თავად სააკაშვილი კარგი პიარშიკია, მან პირადად, მხოლოდ საკუთარი თავისთვის, დაიქირავა პიარ-კომპანია, რომელიც მის იმიჯზე იმუშავებს, სააკაშვილი სერიოზულად ემზადება ხელისუფლებაში დასაბრუნებლად და შემთხვევით არ უთქვამს, რომ ძველი სახეები უნდა წავიდნენ და ახლები უნდა მოვიდნენ. იგი ამბობს, რომ ახალ მთავრობას სწორედ ამ ბავშვებით დააკომპლექტებს, როგორც თავის დროზე სწორედ ბავშვებს ჩააბარა ხელისუფლება და რეფორმატორის სახელიც მიიღო“, – გვეუბნება ჩვენი წყარო.
სააკაშვილისთვის ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი შეიძლება ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება გახდეს. ჯერჯერობით, არავინ იცის, რას იზამს მერაბიშვილი და იციან მხოლოდ ის, რომ აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს. მერაბიშვილის გათავისუფლება ხელისუფლებასაც არ აძლევს მშვიდი ძილის შესაძლებლობას, რადგან ძალოვან უწყებებში დღემდე არიან შემორჩენილი მისი კადრები და თან მაღალ თანამდებობებზე. პოლიციის მაღალჩინოსნები არც მალავენ, რომ სუფრებზე ვანოს სადღეგრძელო ხშირად ისმევა და ძალიან საეჭვოა, ექსმინიტრმა ძველი კავშირების გამოყენება არ მოისურვოს. ჰოდა, დღეს ოპოზიციაში ხშირად გაიგონებთ მოსაზრებას, რომ კონკრეტული მასშტაბური აქციის დროს, მერაბიშვილს შესაძლებლობა ექნება პოლიციის რომელიმე დანაყოფი საჯაროდ მომიტინგეთა მხარეს გადავიდეს, ფორმა გაიხადოს და ერთგულება ოპოზიციას შეფიცოს. ეს თემა იმდენად აქტუალურია, რომ ხელისუფლება გარკვეულ შიშებშია და ამიტომაც არის, ვითომ შემთხვევით რომ აანონსებენ, მერაბიშვილმა შესაძლოა უგულავას ბედი გაიზიაროს და ისევ ციხეში შებრუნდესო.
მერაბიშვილი ნაციონალურ მოძრაობაში სააკაშვილის შემდეგ განუსაზღვრელი ავტორიტეტითა და ძალაუფლებით სარგებლობდა. ახლა მას შეუძლია ეს ყველაფერი განიმტკიცოს, რადგან მიშასგან განსხვავებით, ის არსად გაქცეულა, სასჯელი მოიხადა, წამებულის მანტიას უპრობლემოდ მოირგებს და რაც მთავარია, ის იქნება საქართველოში, მიშა კი აქ არ არის. ეს იმ შემთხვევაში, თუ მერაბიშვილი ნაციონალურ მოძრაობაში დაბრუნდება, მაგრამ ეს არ სურს სააკაშვილს და არ სურს… ევროპულ საქართველოს. წონიან პოლიტიკოსს ევროპელები თავისთან ექაჩებიან და ადვოკატს რამდენჯერმე დააბარეს კიდეც საკუთარი შეთავაზებები, მაგრამ მერაბიშვილი პასუხს აგვიანებს. მას სურს, გარეთ, თავისუფლებაზე შეაფასოს სიტუაცია და გადაწყვეტილება შემდეგ მიიღოს.
„მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ინტელექტუალური, ადამიანური და ფინანსური რესურსის გარდა, მერაბიშვილს აქვს ადმინისტრაციული რესურსი, ანუ მას რეალურად შეუძლია, ძალოვანი სტრუქტურები აიყოლიოს. აიყოლიოს იმ დონეზე მაინც, რომ საჭირო დროს, რამდენიმე მაღალჩინოსანმა კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღოს. ამიტომ, ვანო აშკარად დიდი ძალაა, მაგრამ თუ ის იმდენად დიდი გახდება, რომ სააკაშვილს დაეტოლება, მიშა აუცილებლად შეეცდება პარტიიდან გარიყოს. ზუსტად ისე, როგორც ეს უგულავას შემთხვევაში მოხდა. უგულავა ციხიდან სხვა ამბიციებით გამოვიდა და როგორც კი მიშამ საფრთხე იგრძნო, ის უკრაინაში დაიბარა, ყური აუწია, მაგრამ როცა ვერაფერი შეასმინა, მშვიდად გაისტუმრა პარტიიდან. რეალურად რომ შევხედოთ, „ევროპულ საქართველოში“ გამორჩეული ლიდერი სწორედ გიგი გახლდათ და ორატორული ნიჭი მას უფრო აქვს, ვიდრე კონსერვატორ ბაქრაძესა და აგრესიულ ბოკერიას“, – გვეუბნება ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი.
ნამდვილად ვერ გეტყვით, რას გადაწყვეტს მერაბიშვილი (ეს ჯერ მხოლოდ მან იცის), მაგრამ ის ხელისუფლებისთვის სერიოზულ თავის ტკივილად რომ იქცევა, ზუსტად შეგვიძლია გითხრათ. ასევე ზუსტად შეგვიძლია გითხრათ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის აქციის პარალელურად, იმავე დღეებში საკუთარი ძალის დემონსტრირებას შეეცდება პატრიოტთა ალიანსი და… არ გაგიკვირდეთ, თუ პატრიოტთა ალიანსის მიერ გამართულ მიტინგზე სიტყვით ზვიად ძიძიგური გამოვა.
ანი დვალიშვილი
ალია №6
კომენტარები